პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება

დღეს ნებისმიერისგან გაიგებთ, რომ ახალ თაობებში თავისუფალი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება თანამედროვე სკოლის უპირველესი მისიაა. ჩვენც, ყველას, გვხიბლავს ამგვარად მოაზროვნე ადამიანები, მაგრამ რას აკეთებს ჩვენი განათლების სისტემა ამ მიმართულებით მოსწავლეთა განვითარებისთვის? განათლების კანონმდებლობასა და მისიებში ნათლად არის გაწერილი ჩვენი სასკოლო განათლების მიზნები, თუმცა ვინც სკოლას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, იცნობს, დამეთანხმება, რომ ზემო ვერტიკალიდან ქვემოთკენ, ადმინისტრაციული ჩარევებით, მიზნებისა და კანონების იმპლემენტაცია რთულია. ვფიქრობ, ყოველმა კონკრეტულმა სკოლამ უნდა შეძლოს რეალურად ხორცშესხმა ამ მიზნებისა, განათლების კანონმდებლობაში ფორმულირებული ყოფაში უნდა გააცოცხლოს.

რა უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას ყველაზე მეტად? როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვიტყვი, რომ ეს უპირველესად ჩვენი, მშობლიური ლიტერატურის მასწავლებლების საკეთებელია, რადგან არაფერი ისე არ უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, როგორც მხატვრული ლიტერატურის ლაბირინთებში ნავიგაცია და ზოგადად ლიტერატურული აზროვნება. მხატვრული ტექსტების აღქმა მოითხოვს ფიქრს, განსჯას, ადამიანში აღიძვრება უამრავი კითხვა, იწყება ჩხრეკის, კვლევა-ძიების პროცესები, რასაც უსათუოდ მოსდევს არგუმენტირებული მსჯელობები, კამათი, დისკუსიები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, აღმოჩენების და მიგნებების სიხარულიც აქვეა ჩასაფრებული და ასე ვითარდება პიროვნების სააზროვნო სისტემები.

კოლეგები ალბათ დამეთანხმებიან, რომ ყოველი კონკრეტული მხატვრული ტექსტის გაცნობისას მოსწავლეები სვამენ უამრავ საინტერესო კითხვას და უამრავი რაკურსით ხედავენ ავტორთა მიზნებს, მხატვრულ სახეთა მისიას, გრძნობენ ნაწარმოების „გემოსა“ და ღირებულებას. მასწავლებლის გამოწვევა ამ პროცესში ისაა, რომ მან ეფექტურად გაართვას თავი ამგვარ „დუღილის ტემპერატურას“ საგაკვეთილო პროცესში, კი არ ჩააცხროს ბავშვებში აღძრული კითხვები და ემოციები, არამედ, პირიქით, მაპროვოცირებელი იყოს, დასვას ინტერესის აღმძვრელი კითხვები, დამაინტრიგებლად წარმოაჩინოს კოლიზიები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვების გონებაში ახალ-ახალი თვალსაზრისების დაბადებას.

ამასწინათ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის უფროსკლასელმა მოსწავლემ, ჩემმა ნაცნობმა, რომელსაც მე არ ვასწავლი, მკითხა, არის თუ არა მიზანშეწონილი, რომ გაკვეთილზე მოსწავლემ ახალი ტექსტზე მუშაობის დროს დასვას კითხვები და ახლებურად წაიკითხოს ნაწარმოები. გამიკვირდა, რომ ამ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს უჭირდა დაშვება ტექსტის გარშემო კამათისა. ის გამოტყდა, რომ მასწავლებელი მათ „ზედმეტი“ კითხვების დასმას უშლის, კატეგორიულად მოითხოვს, რომ მის მიერ შეთავაზებული წაკითხვა მიიღონ ბავშვებმა და მას არ გადაუხვიონ, რადგან, როგორც თავად ამბობს, მას ტექსტების გააზრებები ნასწავლი აქვს კვალიფიციური პროფესორებისგან, თავად ამ საქმის კარგი სპეციალისტია, ბავშვებზე უკეთ იცის, რა როგორ გაიგონ და სავალდებულოა, რომ ყველამ მიიღოს მისეული ახსნა-განმარტებები, რომ ლიტმცოდნეობა მეცნიერებაა და თავისი კანონები აქვს ტექსტების წაკითხვებს და რომ დაუშვებელია უკიდეგანო ფანტაზიით მიდგომა.

– შენ მასწავლი? – გამგმირავი ირონიით უბრუნებს კითხვას მასწავლებელი მოსწავლეს, რომელმაც ტექსტში ისეთ რამ ამოიკითხა, რაც მასწავლებელს არც არასდროს გაუაზრებია, ხოლო კითხვების დასმას დროის უაზრო ფლანგვად მიიჩნევს.

როგორც ამ ბავშვმა მითხრა, მასწავლებელი ხშირად უმეორებს ბავშვებს, რომ ისინი ბევრნი არიან და ამდენ „უაზრო“ კითხვაზე პასუხისთვის მას არ სცალია, ხოლო საჭირო კითხვები სახელმძღვანელოში ტექსტებს თან ერთვის და ბავშვებისთვის სავალდებულოა, რომ იხელმძღვანელონ ამ კითხვარებით.

ამგვარ გარემოში კრიტიკული აზროვნების განვითარება, რასაკვირველია, გამორიცხულია და აკი დაასვა კიდევაც დაღი მასწავლებლის ასეთმა დამოკიდებულებამ მოსწავლეს, რომელიც მრავალმხრივად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანია.

კრიტიკული აზროვნების განვითარება, ჩემი აზრით, იწყება ლიტერატურის გაკვეთილებზე ტექსტებზე მუშაობის პირველ ეტაპზე, რომელსაც ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით წაკითხვა-აღქმა-გააზრების საფეხურს ანუ გაგების პირველ დონეს ვეძახით.  აქ უნდა იმარჯვოს მასწავლებელმა და საბაზო საფეხურის პირველივე წლებიდან მაქსიმალურად შეეცადოს, შეაჩვიოს მოსწავლეები კითხვების დასმას, ტექსტის სხვადასხვა წახნაგებიდან დანახვა-გააზრებას, ხოლო წერითი დავალებები, საკლასოც, საშინაოც და შემაჯამებელი სამუშოების ტესტებიც აუცილებლად უნდა იყოს არა მხოლოდ ტექსტის გაგებასთან, არამედ მის ანალიზთან, სინთეზთან და შეფასებასთან დაკავშირებული. პირველი დონიდან ანალიზის დონეზე გადასვლა ბავშვების მოთხოვნილებად უნდა აქციოს სწორედ მასწავლებელმა. მახსოვს, როცა წლების წინ კერძო სკოლაში ბავშვებს ბლუმის ტაქსონიმია გავაცანი, ისინი ამ სქემას თვითშეფასებისთის აქტიურად იყენებდნენ და სულ მეკითხებოდნენ, ანალიზის ექვსი საფეხურიდან სანამდე ვახერხებ ასვლასო?

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როცა მეხუთე კლასში მომიწია შესვლა, დავიწყე ამ მეთოდებით მუშაობა. თავიდან ბავშვებიც და მშობლებიც დაფრთხნენ, დაიბნენ, ეგონათ, რომ დაწყებით საფეხურზე არ იყვნენ მზად ანალიტიკური აზროვნებისთვის, იფიქრეს, რომ ნაადრევი იყო ტესტების ამგვარად მოდელირება, რომ უჭირდათ წერითი დავალებების დაძლევა, მაგრამ სკეფსისის ეტაპმა მალე გაიარა და სულ მალე, ალბათ ნახევარი სემესტრის პერიოდში, ბავშვებმა დაიწყეს კრიტიკული აზროვნება, მრავალმხრივი ხედვა ტექსტების პრობლემებისა, წერით დავალებად ითხოვდნენ არა ტექსტის გაგებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, არამედ ანალიტიკური უნარების განმავითარებელ ღია ტესტებს, თხზულებების აგებას.

ახლა ეს ბავშვები უკვე მეცხრე კლასში გადავიდნენ და ისინი აღჭურვილნი არიან თავისუფალი, შემოქმედებითი, ანალიტიკური აზროვნების მრავალმხრივი უნარებით, აქვთ კრიტიკული დამოკიდებულება მოვლენებისადმი, მრავალფეროვანი ხედვა, ფართო დიაპაზონები. ნებისმიერ უცხო ტექსტშიც კი მასწავლებლის დახმარების გარეშე აკეთებენ აღმოჩენებს და კითხულობენ ტექსტის იდეასაც, ხსნიან სახეებსაც, არ გამოეპარებათ არცერთი ტროპული ხერხი. ხშირად, როცა ტექსტებზე ვმუშაობთ (და ისინი ითხოვენ უამრავ ტექსტს სასკოლო პროგრამის მიღმაც, ქართული და უცხოური მწერლობიდან), ხშირად მეჩვენება, რომ საქმე არა საბაზო საფეხურის ბავშვებთან, არამედ გამოცდილ ლიტმცოდნეებთან მაქვს.

მხატვრული ლიტერატურის უნიკალური მახასიათებელი ხომ ის არის, რომ ის ცხოვრების მასწავლებელია და მასში ამოკითხული ამბები და მორალი საკუთარ ცხოვრებაზე გადაგვაქვს მკითხველებს. ამიტომ თუკი ადამიანი ტექსტს ინტერესით და ჩაღრმავებებით უდგება, ეს პროცესი არნახულად აფართოებს მის მსოფლმხედველობას. ასეთი მკითხველის ინტელექტი და თვალსაწიერი მაღლდება, ბავშვები ყოველთვის უკავშირებენ ლიტერატურული მოვლენების და გმირების ამბებს სასკოლო ცხოვრებას, მათ პირად სივრცეებს, ადამიანურ პრობლემებს, სულიერ ტკივილს თუ სიხარულს, ტექსტები მათ აძლევს იმპულსებს, რომ გაიაზრონ საკუთარი თავი გარემომცველ სამყაროში. მწერლობა გვზრდის ჰუმანისტებად, გვააზრებინებს საკუთარ მისიას, გვაძლევს ხედვას, გვიხელს თვალს ისე, როგორც სხვა ვერაფერი. ლიტერატურა აძლიერებს ადამიანს, ათავისუფლებს მას სტერილურობის და უძლურების განცდისგან, ამდიდრებს მის ფანტაზიას და ასწავლის რთულ სიტუაციებში გამოსავლის მიგნებას. ამის უკვდავი მაგალითია გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის გმირი ვასიკო კეჟერაძე, რომელიც რუხ და მოსაწყენ საბჭოთა სინამდვილეში, მახინჯ პოლიტიკურ სისტემაში, ცხოვრებას მხოლოდ ლიტერატურით იფერადებს და მიაჩნია, რომ საზოგადოების განვითარებისთვის მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: ვაქციოთ ახალგაზრდები გემოვნებიან მკითხველებად! ვასიკოსეული კარცერ-ლუქსის ექსცენტრული იდეა სწორედ ის „ბომბია“, რომელმაც საბჭოთა დიქტატურა უნდა დაამარცხოს.

მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ლიტერატურის გაკვეთილები არ იყოს მხოლოდ ტექსტის შინაარსის გაგება და კითხვებზე პასუხი, არამედ მასთან დაკავშირებული იყოს სხვა უამრავი აქტივობა: დისკუსიები და პრეზენტაციები, სასწავლო პროექტები და გასვლითი გაკვეთილები მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში, საგანთაშორისი ინტეგრირება, ლიტერატურული კონკურსები და მკითხველთა კლუბები, სხვადასხვა დღესასწაულებისა და ღირსშესანიშნავი თარიღების დაკავშირება სასწავლო თემებთან და მათი აღნიშვნა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით.

საბედნიეროდ, საბჭოთა წარსულში დარჩა დრო, როდესაც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი საფრთხობელა იყო რეჟიმისთვის და პიროვნებისთვისაც საფრთხე იყო ამგვარი მსოფლხედვა, მაგრამ თავისუფალ საზოგადოებას განვითარებისთვის სჭირდება ასეთი ადამიანების სიმრავლე, სამყაროს ინტელექტუალური ადამიანები ავითარებენ, განათლება მათ შემოქმედებითი და ნოვატორული აზროვნების შესაძლებლობებს უფართოებს.

მახსოვს, ერთ წელიწადს სკოლაში, სადაც მე ვასწავლიდი, მერვე კლასში სხვა სკოლიდან მოსწავლე გადმოვიდა, როცა სასწავლო წელი რამდენიმე თვის დაწყებული იყო. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში თავისი სამუშაო რვეული მაჩვენა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ყველა დავალება იყო მხოლოდ სახელმძღვანელოში ტექსტებზე დართულ კითხვებზე პასუხები. მაღალი უნარების მოსწავლეს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა გაენალიზებინა ტექსტი, გაევლო ლიტერატურული პარალელები და გაეაზრებინა ტექსტის ღირებულება. თავიდან მისთვის ჩვენი გაკვეთლები ერთგვარი სტრესი იყო, მაგრამ მალე აუღო ალღო ანალიტიკურ აზროვნებას და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სასწავლო წლის დასასრულს მითხრა: მასწავლებელო, შედარებაც მიჭირს, ვინ ვიყავი სასწავლო წლის დასაწყისში და ახლა ვინ ვარ, როგორ ვხედავდი ლიტერატურულ ტექსტებს და ახლა როგორ ვხედავო.

თუკი მასწავლებლები მხოლოდ ტექსტის შინაარსის გაგებასთან დაკავშირებულ და მეხსიერებაზე ორიენტირებულ კითხვებს, მხოლოდ დახურულ დავალებებს მისცემენ სამუშაოდ ჩვენს ბავშვებს, ეს იქნება თავისუფალი და შემოქმედებითი აზროვნების დასამარება. ეს პრობლემა მარტივი და უმნიშვნელო არაა, მასშტაბური და საყოველთაოა – ჩვენ ვერ მივიღებთ (ვერ ავაშენებთ) ჩვენს განვითარებად ქვეყანაში ცივილიზებულ საზოგადოებას. თავისუფლების, სამართლიანობის, თანასწორობის, სოციალური თანალმობის, ტოლერანტობის, შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების ღირებულებებსა და კომპეტენციებს გვასწავლის უპირველესად მსოფლიო ლიტერატურა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი