პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფანჯარა ღიაა

კრემლი ოსტატურად ცდილობს, ფრაზა: „რუსეთი ოკუპანტია“, – ჯერ ინტონაციურად შეგვარბილებინოს, მერე ჩურჩულით გვათქმევინოს და ბოლოს საერთოდ პირში ჩაგვაგუბებინოს სიმართლე.

„კარგი, რად გინდათ ახლა ამის ყვირილი – ხომ ხედავ, ფრენა აკრძალეს, ტურისტი აღარ ჩამოვა, ხალხი ბიზნესს დაკარგავს და მერე, რა იცი, რას იზამს, საერთოდ არ დაგვბომბოს!“

და რატომ უნდა დაგვბომბოს? რატომ უნდა დაგვიწყოს ომი? მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი დეპუტატი ვერ ავიტანეთ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ხანდახან ერთმანეთს და დანარჩენ სამყაროს ვახსენებთ ოკუპაციის ამბავს?

ვინმეს თავს დავესხით, მოვკალით ან მივიტაცეთ?

ჩვენ მაღალ კულტურულ ტრადიციას ვატარებთ – არც ერთ რუს ადამიანს ღერი თმა არ ჩამოვარდნია და არ ჩამოუვარდება. მათთვის ფასების აწევის თითო-ოროლა მცდელობაც ჩვენვე დავგმეთ.

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც სოხუმი და ცხინვალი მხოლოდ ფოტოებზე უნახავს. მოგვეცით უფლება, ამ შეხსენების გადაძახილით მაინც შევინარჩუნოთ ემოციური რწმენა, რომ იქ დავბრუნდებით. ნუ გადაგვძალავთ ჩვენებური ოცდაათი ვერცხლით – ოცდაჩვიდმეტი მანეთით.
ის ხალხი კი, ვისაც ტაო-კლარჯეთი მონასტერი ჰგონია და იშხანი – თევზი, სხვა ქვეყნების ოკუპაციას რატომ არ ახსენებო, ამის ყიჟინით ნუ დაიღლის თავს. რუსეთი არა დამპყრობლური ომების, არამედ მათივე თანხმობით დადგენილი გაეროს საზღვრების ეპოქაში დაგვესხა თავს. და რაც აქ და ახლა ხდება, მოდი, ის ვაპროტესტოთ ჯერ. არ დავივიწყოთ!

ერთი მეგობარი მიყვებოდა, აფხაზეთიდან დევნილი – სადღაც იმ სახლის ახალ ფოტოს გადააწყდა, ბავშვობაში რომ ცხოვრობდა. დედას დაუძახა, დედამ შეხედა და წამოიძახა: უი, ქარი ჩანს და ფანჯარაა ღიააო! ეს წამოძახილი ნებისმიერ სხვაზე ათასჯერ ტრაგიკულია. ტრაგიკულია, როცა სახლზე, სადაც შენი ემოციების უდიდესი ნაწილი დატოვე, ინსტიქტურად ისევ ზრუნავ. სახლზე, სადაც ახლა სხვა ცხოვრობს და ის ფანჯარაც მან გამოაღო. ის ქარიც მისია ახლა.

დიდ და ჭკვიან ხალხს უთქვამს – ადამიანი საკუთრების არსებაცაა, ამითაც იმყარებს თავისუფლებას. და განა მხოლოდ საკუთრება, განა მხოლოდ მიწა – ამდენი გარდაცვლილი ადამიანი და მკვდარი ოცნება!
ამას მოუყევით ხალხს, ვინც „რუსეთი ოკუპანტია“-ს მერე „მაგრამ“-ს მოიმარჯვებს ხოლმე. იმ ქალის ნაცვლად მოუყევით. ფანჯარა ღიაა, ოღონდ სხვა ფანჯარა – მთავარია, ავდგეთ და გავიხედოთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი