პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიები

„ყოველ ახალ სიტუაციაში ახალი ადამიანი ვარ. ასე რომ, მივეჩვიე, ვიყო პიონერი“.

ჰაბენ გირმა

 

 

ეს 31 წლის ჰაბენ გირმას ფოტოა მისივე წიგნის გარეკანზე – ადამიანისა, რომელმაც სმენა-მხედველობის უქონლობის მიუხედავად, წარმატებით დაასრულა ჰარვარდის სამართლის სკოლა და დღეს სხვების უფლებებს იცავს. გარდა ამისა, ჰაბენი სპორტსაც აქტიურად მისდევს. მისი ცხოვრება მაგალითია იმისა, რომ განათლებით ცხოვრებას იმედის სხივად ვაქცევთ, და არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც.

ჰაბენი დაბადებიდან სმენა-მხედველობის არმქონეა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, წარმატებით ესწავლა სკოლაში ბრაილის ციფრული ტექნოლოგიით. მისი თქმით, ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა იმპულსია მიღწევებისა და მიგნებებისთვის. თუმცა ასე არ ფიქრობენ ჩვენში, სადაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო სმენა-მხედველობის დარღვევის ხსენებისას იმედზე მეტად შიში იპყრობთ. არადა, ჰაბენის, ჰელენ კელერისა და მსგავსი ადამიანების არსებობა შთაგვაგონებს, რომ თუ ჩვენ გვერდით სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვი გამოჩნდა, არ შეგვეშინდეს, პირიქით, ოპტიმიზმით განვეწყოთ და მონდომებით ვაკეთოთ საქმე, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

სმენა-მხედველობის დარღვევები ან ადრეული ბავშვობიდან მოჰყვებათ, ან ცხოვრების შემდგომ პერიოდებში იძენენ. ამ განსხვავების მიუხედავად, ასეთ  ადამიანებს აერთიანებთ მეტი შეზღუდვა და შეგრძნებათა კომპენსირების ნაკლები შესაძლებლობა მათთან შედარებით, ვისაც მხოლოდ მხედველობა ან მხოლოდ სმენა აქვს დაკარგული. დღესდღეობით სმენა-მხედველობის დარღვევის შემდეგ ტიპებს/კატეგორიებს გამოყოფენ:

  • ერთდროულად მსუბუქი სმენადაქვეითება და მცირემხედველობა;
  • ერთდროულად უსინათლობა და სმენის დარღვევა;
  • ერთდროულად მხედველობისა და სმენის მძიმე დარღვევა;
  • ერთდროულად სმენა-მხედველობის უქონლობა.

ასეთ ბავშვებთან მუშაობისას ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო, მაგრამ თუ ჩვენს სასწავლო დაწესებულებაში რომელიმე ამ დარღვევის მქონე მოზარდი გამოჩნდა, სამი ძირითადი რამ მაინც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ესენია:

  • სათანადო ენა-მეტყველების ნორმებისა და წესების შერჩევა/სწავლება;
  • გარემოს შესაფერისად მოწყობა;
  • სივრცეში ორიენტირების წესების სწავლება.

სმენა-მხედველობის შეზღუდვის მქონე მოსწავლის კოგნიტიური განვითარებისა და განათლების უმთავრეს ასპექტად ენასა და მეტყველებას მიიჩნევენ, რამდენადაც ამ ტიპის დარღვევის მქონე ბავშვების განათლების უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს კავშირის დამყარება გამოცდილებას, მეტყველებასა და მთლიან კოგნიტიურ განვითარებას შორის. საკომუნიკაციოდ იყენებენ დაქტილს, ლორმს, ბრაილს და ჟესტს.

მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისას უნდა გვახსოვდეს, რომ მათი კოგნიტიური განვითარების ყველაზე რთულ სფეროებს წარმოადგენს: სამყაროს ფიზიკური აღქმა (საგნების მოძრაობა, მიზეზშედეგობრიობა), სივრცის აღქმა (სივრცე და დრო), გარშემო მყოფ ადამიანთა სოციალური როლების და ურთიერთობების აღქმა, ცნებების ფორმირება და მათი გამოყენება.

მხედველი, მხედველობის დარღვევის მქონე და სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვები დიდი განსხვავებით აღიქვამენ სიტყვათა მნიშვნელობებს, ამიტომ მათი განვითარების სტიმულირებისთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებს შეუძლიათ სიტყვების მნიშვნელობისა და ცნებების კატეგორიების ჩამოყალიბება მათ მიერ შეგრძნებებით (შეხება, ყნოსვა, ნარჩენი სმენა ან მხედველობა, ინტეროცეფცია და პრეპიოცეფცია) აღქმული გამოცდილების საფუძველზე. ისინი განსხვავებულად აზოგადებენ ინფორმაციას და განსხვავებულად ავრცობენ სიტყვათა მნიშვნელობებს სხვადასხვა სიტუაციაში; მათი სწავლებისას მნიშვნელოვანია შემდეგი ინსტრუქციების დაცვა:

  • ჩვეულებრივად გამოვიყენოთ ტერმინები: „შეხედე“, დაინახე“; მივუთითით ამა თუ იმ ფერზე.
  • ვესაუბროთ. მათ განსაკუთრებით სჭირდებათ მეტი დიალოგი და საგნების მეტი, უფრო ზუსტი აღწერა (აუდიოდესკრიფცია);
  • კოგნიტიური განვითარებისთვის აუცილებელია უფროსისა და ბავშვის მუდმივი ურთიერთობა, ინსტრუქციების, სტიმულირების, დაინტერესებისა და მოტივირების, კითხვებისა და საუბრის გზით.
  • მნიშვნელოვანია არა აქცენტის დასმა ახალი სიტყვების სწავლებასა და გამოთქმის სრულყოფაზე, არამედ მოსწავლის ინტერესის აღმოჩენა და ამ საკითხზე მისი ინფორმირება, აზრის გამოხატვის შესაძლებლობის მიცემა.
  • მივაწოდოთ ინფორმაცია გარემოში არსებული საგნების, მოვლენების, მსგავსებისა და განსხვავებების შესახებ, რის საფუძველზეც შემდგომში ხდება ცნებების ჩამოყალიბება.
  • ბავშვებს უნდა ავუხსნათ მეტაფორის არსი, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი ფრაზების მნიშვნელობა, ხოლო ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით, სასურველია, ვასწავლოთ ერთი სიტყვის მრავალი სინონიმი, ანტონიმი და, რაც მთავარია, გამოვიყენოთ სიტყვები სხვადასხვა კონტექსტში.

მხედველობის ან სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების პროცესში არასასურველად მიიჩნევა:

  • ბავშვისთვის სიტყვის მიუცემლობა ან გაწყვეტინება;
  • ბავშვის ნაცვლად ლაპარაკი;
  • არასაკმარისი დროის მიცემა პასუხის გასაცემად;
  • დიალოგის დომინანტურად წარმართვა;
  • იმ კითხვების კიდევ და კიდევ დასმა, რომელთა პასუხიც დიდი ხანია, იცის;
  • დაგეგმილი ლექსიკის ან გრამატიკის სწავლება საგანგებოდ, კონტექსტისგან განცალკევებით. მაგალითად: „დღეს ჩვენ ვისწავლით იმ ნივთების სახელებს, რომლებიც საკლასო ოთახში გვხვდება“;
  • ისეთი კითხვის დასმა, რომლის პასუხიც უკვე იცის ბავშვმა. მაგალითად: „რა ფერისაა საქართველოს დროშა?“
  • ბევრი ღია კითხვის დასმა, მაგალითად: „რა გააკეთეთ ამ შაბათ-კვირას?“
  • პასუხის დაძალება ან მისი მრავალჯერ გამეორებინება;
  • ბგერის ან სიტყვის მრავალჯერ გამეორებინება გამოთქმის გამოსასწორებლად: მაგალითად: „აბა, უკეთ გამოთქვი ბგერა „ს“;
  • ისეთი მექანიკური კითხვებისა და პასუხების გამეორება, რომლებიც ინტერესს უკარგავს ბავშვებს.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ენობრივი განვითარებისა და დახვეწის პროცესი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ახერხებს უფროსი, დაეხმაროს სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვს არა მხოლოდ კონკრეტული, არამედ აბსტრაქტული ცნებების დაუფლებაშიც. სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ და-ძმები და თანატოლები. ისინი ეხმარებიან, რეალურ სიტუაციებში გამოიყენოს და განავრცოს მიღებული ცოდნა. იმისთვის, რომ სხვა ბავშვები აქტიურად ჩავრთოთ აღნიშნულ პროცესში, სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვები უნდა წავახალისოთ, თავად გახდნენ ურთიერთობის ინიციატორები.

ბავშვთან ეფექტური დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელია:

  • წინასწარ განვსაზღვროთ დიალოგის თემა;
  • გავუზიაროთ ერთმანეთს შთაბაჭდილებები;
  • განვიხილოთ ბავშვისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები;
  • გავუკეთოთ კომენტარი ბავშვის სწავლის პროცესს;
  • დავინტერესდეთ იმით, რასაც ბავშვი აკეთებს, დავეხმაროთ მისთვის საინტერესო თემების გავრცობაში, დავუკავშიროთ ისინი მის უშუალო გამოცდილებას;
  • ვესაუბროთ, მივაწოდოთ მოვლენათა სხვადასხვა ინტერპრეტაცია და აღწერილობა;
  • გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აზრის გაზიარება და ხედვის გათვალისწინება;
  • წავახალისოთ ბავშვი, გამოიჩინოს ინიციატივა და თავად დასვას კითხვები;
  • მოვუსმინოთ, მივცეთ ნება, წამოჭრას ახალი თემები; დავაკვირდეთ მის ინტერესებსა და მიდრეკილებებს;
  • საუბრისას გამოვიყენოთ ე.წ. სოციალური ინტერაქციის წამახალისებელი ფრაზები, მაგალითად: „ოჰ, ეს მართლაც საინტერესოა“;
  • დავაზუსტოთ, განვავრცოთ და პერიფრაზით ხელახლა ჩამოვაყალიბოთ ბავშვის მიერ გამოთქმული აზრი;
  • საუბრიას ნუ ვეცდებით დომინანტობას, რიგრიგობით ვილაპარაკოთ;
  • მოვუყვეთ ბავშვს ჩვენი პირადი გამოცდილების შესახებ, მაგალითად: „დღეს საკვირველი რამ შემემთხვა“.

არსებითია, ძალისხმევა მოვახმაროთ მოსწავლის გააქტიურებას და გარე სამყაროთი დაინტერესებას. მუდამ ვეცადოთ, ერთმანეთს დავუკავშიროთ გარეშე მოვლენები და ბავშვის გამოცდილება.

სწავლებისა და ინტერაქციის დირექტიული (საკუთარი აზრის თავს მოხვევის) სტილი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება მშობლებისა და მასწავლებლების მისწრაფებიდან, განუვითარონ ბავშვს მდიდარი ლექსიკა და ასწავლონ რაც შეიძლება მეტი საგნისა და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა. შინ თუ სკოლაში სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებს არ უნდა ასწავლიდნენ საგნების მშრალ დასახელებას – თითოეული საგანი მათთვის კარგად უნდა აღიწეროს და დახასიათდეს, შეედაროს რამეს, რათა ამა თუ იმ სიტყვის/ცნების შესახებ უფრო ფართო წარმოდგენა შეექმნათ. მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ, მაგალითად, ახალი სათამაშოს გაცნობისას გაცილებით ნაყოფიერი იქნება, მხოლოდ სათამაშოს სახელი კი არ უთხრან ბავშვს, არამედ ვრცლად აღუწერონ მისი გარეგნული სახე, აუხსნან მისი დანიშნულება. ასევე სასურველია, ბავშვი აქტიურად იყოს ჩართული ყოველდღიურ საოჯახი საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის ინტერესს გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ. მოკლე განმარტებებისა და ინსტრუქციების მიწოდების შემთხვევაში სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებს ხშრად არასწორი წარმოდგენა უყალიბდებათ ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შესახებ.

ძლიერი შეზღუდვის დროს აუცილებელია, ბავშვი ხელით შეეხოს საგანს, დაყნოსოს, თუ საკვებია – დააგემოვნოს, ჩაერთოს ისეთ პროცესებში, როგორიცაა, მაგალითად, ხილის კრეფა, დაჭრა, მისგან დესერტის მომზადება. ამ გზით ბავშვის ცნობიერებაში ჩამოყალიბდება ატრიბუტიკა, რომელიც ამა თუ იმ სიტყვას უკავშირდება.

სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა კოგნიტიური განვითარების ზემოთ მოყვანილი სირთულეების დაძლევა შესაძლებელია მშობლებისა და სკოლის მასწავლებლების ერთიანი ძალისხმევით. ენობრივი გარემო შინ თუ სკოლაში შეიძლება იყოს ინტენსიური და მრავალმნიშვნელოვანი, რაც უფროსებსაც და მოსწავლეებსაც მისცემს შესაძლებლობას, სიამოვნება მიიღონ ურთიერთობით და აზრების ურთიერთგაზიარებით.

ახალ სასწავლო წელს, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის სკოლაში პირველად მისვლას სასურველია წინ უძღოდეს მოსამზადებელი ვიზიტი, რომლის დროსაც ბავშვი გაეცნობა სკოლის შენობას და შიდა მოწყობას. შენობის შესასვლელ-გასასვლელებთან, ასევე კიბის პირველ და ბოლო საფეხურებზე, მოაჯირების საწყისებსა და სასრულებში, აუცილებელია ფერადი (ყვითელი ან ნარინჯისფერი) ზოლების, დერეფნებში კი ისრების დამაგრება იმ მხარის საჩვენებლად, საითაც ამა თუ იმ საჭიროების სივრცეა (რესურსოთახი, ტუალეტი, სასადილო, ბიბლიოთეკა…) განთავსებული.

არსებობს უნივერსალური წესები და რეკომენდაციები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ სმენა-მხედველობის დაქვეითების მქონე ბავშვებთან საურთიერთობოდ:

  • მისალმებისას უსინათლო ან მცირედ მხედველ მოსწავლეს წარუდგინეთ თქვენი თავი, ფრთხილად შეახეთ ხელი მის ხელს და უთხარით, ვინ ხართ. თუ მძიმე დარღვევა აქვს, ხელისგულზე ლორმით ან დაქტილით გამოუსახეთ თქვენი სახელი ან ხელი შეახებინეთ რომელიმე ნივთზე, რომელსაც მუდმივად ან ხშირად ატარებთ.
  • შეატყობინეთ, რა როდის მოხდება.
  • მოახდინეთ რეაგირება სწრაფად და ხალისით.
  • ოთახში შესვლისას და ოთახიდან გასვლისას, ყოველთვის გააფრთხილეთ უსინათლო მოსწავლე, რომ მან იცოდეს, ვისთან ერთად იმყოფება; წარუდგინეთ მას ყველა იქ მყოფი ადამიანი.
  • ყოველთვის მიმართეთ უსინათლო ან მცირედ მხედველ მოსწავლეს სახელით, სანამ კითხვას დაუსვამთ ან რამეს ეტყვით. სასურველია, ყველა სხვა იქ მყოფსაც სახელებით მიმართოთ, რათა სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლემ იცოდეს, ვის ესაუბრებიან.
  • სიტუაციისა და საჭიროებების გათვალისწინებით ცვალეთ საკომუნიკაციო მეთოდები (სიტყვიერი მეთოდი, ჟესტების ენა, ლორმის ანბანი, ჟესტები და სხვა ტაქტილური სიგნალები, ზურგზე შეხებით მინიშნება ან კონკრეტული ობიექტის ჩვენება).
  • ჩვეულებრივ გამოიყენეთ სმენა-მხედველობასთან დაკავშირებული სიტყვები და ფრაზები, ეს დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს ამ დარღვევების მქონე ადამიანს.
  • ნუ გადააადგილებთ სმენა-მხედველობის დაქეითების მქონე ადამიანის გარემოში არსებულ საგნებს მასთან შეუთანხმებლად. მისი პირადი ნივთები აიღეთ მხოლოდ ნებართვის აღების შემდეგ და ყოველთვის დააბრუნეთ თავდაპირველ ადგილზე ან მიაწოდეთ პატრონს ხელში.
  • დარწმუნდით, რომ ნამდვილად სჭირდება თქვენი დახმარება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მოქმედება.
  • მიმართულებები აუხსენით კონკრეტულად, მიეცით მისთვის ადვილად გასაგები და ნაცნობი მითითებები. გამოიყენეთ გზად არსებული საორიენტაციო პუნქტები.
  • არასდროს დატოვოთ გაშლილ სივრცეში მარტო, უახლოესი საორიენტაციო პუნქტის მითითების გარეშე.
  • სკამზე დაჯდომისას ხელი დაადებინეთ სკამის საზურგეზე ან უთხარით, მისგან რომელ მხარეს დგას თავისუფალი სკამი.
  • როდესაც უხსნით, როგორ მივიდეს რომელიმე საკლასო ოთახამდე ან სხვა ადგილამდე, უმჯობესია, ზუსტად მიუთითოთ, მერამდენე შესახვევში შეუხვიოს ან მერამდენე კარში შევიდეს.
  • სივრცეში საორიენტაციოდ გამოიყენოთ საათის პრინციპი. საორიენტაციო პუნქტი შეიძლება იყოს: სკამი, ბოძი, ნაგვის ურნა, შადრევანი, შენობის კედელი და ასე შემდეგ.
  • თუ ატყობთ, რომ მოსწავლეს ერიდება დახმარების თხოვნა, შეგიძლიათ, უფრო დაჟინებით შესთავაზოთ დახმარება. მაგალითად, „მოდი, მე მოგეხმარები“, „მოდი, ერთად გავიდეთ ეზოში, მომკიდე ხელი“, „მოდი, მე დაგასრულებინებ სამუშაოს“.
  • ყოველთვის ჰკითხეთ თავად მას, როგორ დაეხმაროთ ან რა ფორმით მიწოდებული (ახსნილი) მასალა უფრო გასაგებია მისთვის. ის თავისი მდგომარეობის მთავარი ექსპერტია.

კარგი იქნება, თუ მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვს ეყოლება მეგობარი, რომელიც მას პირველ თვეებში დაეხმარება გარემოსთან შეგუებაში. შემდომ კი მას დახმარებას გაუწევენ კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც კარგად ფლობენ ლორმის ქართულ ან შესაბამისი ენის ანბანს, დაქტილს, ბრაილს, იციან სივრცეში ორიენტაციის ტექნიკა და სმენა-მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან მუშაობენ თანმიმდევრულად, მოთმინებით და მონდომებით. ბევრი მათგანი საკმაოდ ნიჭიერია და ყველაფრის კარგად დასწავლაც შეუძლია.

ნახეთ ფილმი და ამაში თავად დარწმუნდებით! https://www.youtube.com/watch?v=4pFf9-id3V4

 

გამოყენებული რესურსები:

  1. მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება, საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, თათია პაჭკორიას საერთო რედაქციით, 2012
  2. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პოლონური ორგანიზაციების: Human Doc და TPG – მიერ მომზადებული ფლაერი „სმენა- და მხედველობადაქვეითებულ პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“
  3. https://www.sense.org.uk/get-support/information-and-advice/conditions/deafblindness/
  4. https://www.youtube.com/watch?v=4pFf9-id3V4

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი