შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ABBA

ორიათასიანების დასაწყისია. სტუდენტობის პროლოგი. თვეში ერთხელ ვაგზლის მოედანზე ავტობუსს ვხვდები და მძღოლს „გამოტანებულს“ ვართმევ: ჭადი, მოხარშული ქათამი და 30 ლარი. ჭადი, შებოლილი ყველი და 40 ლარი. კიდევ – დედაჩემის გრძელი წერილები, სადაც დიდწილად ჩემი ლანძღვაა, რომ უვარგისი გამოვდექი – აბა, ამდენი ხანი ტელევიზორში რაფერ არ ვჩანავარ ამფერი ნიჭიერი ბაღანა. ან ვხალტურობ, ანდა აფერი ნიჭიერი თურმე მე არ ვყოფილვარ – ეს უკანასკნელი, ეტყობა, „აგდების“ თავისებური ხერხი იყო.

ჰოდა, ეს დროა მეთქი, ცუდი დრო, და თან შეყვარებული დამშორდა. დეპრესიების და ვალების ნაკლებობას მანამდეც არ ვუჩიოდი, მაგრამ ორივე გაორმაგდა. პირველი „მე“ მაიძულებს, დავწვე, საბანი წავიფარო და ვიფიქრო, რომ ყველაზე ბანძი ვარ. პირველი „მე“ დეპრესიების პარტიას უჭერს მხარს. მეორე მეუბნება, რომ რასაც დავპირდი, ის აუცილებლად, აუცილებლად უნდა ავასრულო. მეორე ვალების პარტიის გულშემატკივარია. და ვისესხე ასი ლარი. და დინამოზე ვიყიდე მობილური ტელეფონი, სონი-ერიკსონ რაღაცა. და გავუგზავნე.
მოვიდა ვალის გადახდის დრო. ვისთან არ მივედი, არავის ჰქონდა. არც სამსახურის კონტურები ჩანდა და არაფერი. ჩემებს იმ ოცდაათი ლარის გამოგზავნაც უჭირთ და ახლა შევუთვალო, რომ ასი მინდა, არ გამოდის. უნდა ჩავიდე და ავუხსნა. ეგებ იქ ვისესხოთ სადმე ან რამე. დავიმატე ვალად კიდევ 11 ლარი, გზის ფული, და წავედი.

 

ცხოვრებაში ბევრი დრამატული სცენა ყოფილა. უამრავი. მაგრამ ეს მთავართაგანია. დედაჩემმა ტირილი დაიწყო. მამაჩემმა უხმოდ შემოდო კაჭკაზე უკანასკნელი თხილი და ჩასაბარებლად წაიღო. ღამით ქვევით დავრჩი. ოდნავ ციოდა. გარეთ – გაფითრებული მთვარე და რაღაც მეჩხერი ქარი, ხან რომ დაიწუვლებს და ხან დუმს. ზევით დედაჩემი ამბობდა, რომ დაიქცა ოჯახი. მამაჩემი არაფერს ამბობდა. მეგონა, გული გამისკდებოდა. უცებ შუქი მოვიდა. ვერ ვიძინებდი. რაღაც ხომ უნდა მექნა და ძველი მაგნიტოფონი ჩავრთე. კასეტაც ინერციით ჩავდე. სულ ოდნავ, თუ მოინდომებდი – შეუმჩნევლადაც, წელავდა. ABBA. I Have A Dream. არ ვიტყუები და არც ვაპოეტურებ ამბავს – მართლა ეს ჩაირთო, ყველაფერს გეფიცებით. სიტყვები ნორმალურად არც მესმოდა, უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი. ვტიროდი და თან საიდანღაც ვგრძნობდი ახალ ძალას, რომლითაც ეს სამყარო უნდა გადამელახა – უფულო, უშეყვარებულო, უიმედო მშობლებით და გაზეთში გახვეული ჭადით.

იმ დღის შემდეგ მე სახლიდან არაფერი მომითხოვია. იმ სიმღერის შემდეგ, რომელიც თავისთავად და ცალკე შეიძლება არც არაფერია, მაგრამ ფრთხილ მთავრესთან, ქართან, ოდნავ სიცივესთან და ხმებთან, მშობლების და კაჭკის ბორბლების ხმებთან ერთად ყურებში ახლაც ჩამესმის. ცხოვრება შემთხვევითობების ჯაჭვია. ასეთი შემთხვევითი და სხვისთვის გაუგებარი ბიძგებით.

საგანგებოდ არასდროს, მაგრამ როცა წავაწყდები ან თვითმფრინავის მენიუში, ან მანქანაში, ვრთავ და ვუსმენ. ვუსმენ და იქ ვბრუნდები, იმ ოთახში. და ვგრძნობ – ყველაფერი, რასაც მივაღწიე, საკუთარ თავზე შურისძიებით მოხდა და აწიც ასე იქნება. იმ უცნაური საუნდტრეკით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი