ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
15 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2026

„მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა“

„მერანის“ იდეის სწავლებისათვის

დიმიტრი უზნაძის სიტყვები – „ბარათაშვილის მთელი სალიტერატურო შემოქმედება მხოლოდ ოდისეაა მისი თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სულისა“, (უზნაძე, 1993:246) – არის სწორედ ის უმთავრესი ფორმულა-გასაღები, რომელიც პოეტის სულიერი თავგადასავლის ყველა უმნიშვნელოვანეს კოორდინატს გვაძებნინებს და გვაზუსტებინებს. ამ სალიტერატურო შემოქმედების სწავლების პროცესში ჩანს, რომ თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სული განსაკუთრებულ სიმაღლეს ავლენს ლექსში „მერანი“.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის, ობოლი სულის პოეტის, ლექსი „მერანი“ არაერთი კვლევისა და ანალიზის ობიექტი გამხდარა, ნაწარმოებში წარმოჩენილი პრობლემატიკა დღესაც აღძრავს ბევრ საფიქრალსა და შეკითხვას.

ამ პრობლემატიკაზე მუშაობისათვის საშუალო საფეხურის მე-11-კლასელებს რამდენიმე სახის წყაროს, კრიტიკულ ნააზრევსა თუ კვლევას ვთავაზობთ. მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ კარგა ხანია, სალიტერატურო კრიტიკა ერთხმად აღიარებს, როგორ ენათესავება XIX საუკუნის დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ბარათაშვილის ლირიკული შედევრი „მერანი“ XII საუკუნის გენიოსი პოეტის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ავთანდილის ანდერძს და ერთგვარ მემკვიდრეობით ღირებულებას იძენს მასთან მიმართებით.

მათ საგანგებოდ ვახსენებთ ავთანდილის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ყველაფრის დაკარგვისა და გაცამტვერებისა, თუნდაც სიცოცხლის მსხვერპლშეწირვისა და განადგურებისა ახლობელთაგან შორს, მისთვის ყველაზე ძვირფასი და სასურველია „მკვიდრი მამულის“, ანუ სულისათვის ზეციური საუფლოს დამკვიდრება:

„მომცეს მკვიდრივე მამული, მუნ ჩემი სასურვალები“.

ლექსის იდეაზე სამუშაოდ მოსწავლეებს ვაცნობთ და ვაანალიზებინებთ ბარათაშვილის წერილებს. „ჩვენი არსებობის მიზნის მიუწვდომლობამ, ადამიანის სურვილთა უსაზღვროებამ და ყოველივე ამქვეყნიურის ამაოებამ საშინელი სიცარიელით აღავსეს ჩემი სული“ (პოეტის წერილი ბიძის ზაქარია ორბელიანისადმი 1844 წლის15 აპრილს), წერს ნიკოლოზ ბარათაშვილი და ყოველი გონიერი ადამიანის საზრისთან მიახლოებას რომანტიკული პოეზიის მეოხებით ცდილობს.

მოსწავლეები ამ განცდას ლექსის სტროფებში აკვირდებიან. დიდი ტალანტი ლექსს აწერინებს, ცის სილურჯით თუ საყურის აელვარებით აღაფრთოვანებს, ღამით ვარსკვლავებს აძებნინებს სულის მალამოდ და წარმოსახულ სამყაროში აცხოვრებს, თუმცა ამავდროულად სტანჯავს კიდეც. ეს ყმაწვილური იდეალიზმი, ეს რომანტიკული აღქმა, სასურველის ვერმიღწევა და არსებულის ვერმორგება, – საბოლოო ჯამში იმ მწარე იმედგაცრუებად შემობრუნდება, რომელიც გამოსჭვივის ბარათაშვილის წერილებსა და ლექსებში, განსაკუთრებული სრულყოფით კი „მერანის“ მებრძოლი და განწირული მხედრის მონოლოგში:

„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,

ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;

შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,

და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,

ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!

გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,

თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!“

სხვადასხვა საანალიზო მასალაზე მუშაობისას მოსწავლეებისათვის ძალზე ღირებული ხდება დიმიტრი უზნაძის შეხედულება, რომლის მიხედვით ბარათაშვილის ფენომენი ორი სტიქიონური ძალისაგან შედგება: შემოქმედი გონებისა და ძლიერი გრძნობებისაგან. საგაკვეთილო მუშაობისას ხაზგასმით აღინიშნება, რომ ორივე ამ საწყისს დიდი ფსიქოლოგი, „მერანის“ მიხედვით, ხედავს მერნისა და ყორნის მხატვრულ სახეებში. შემოქმედი გონება (მერანი) მიისწრაფვის აბსოლუტისაკენ, სრულყოფილისაკენ, უნივერსუმისაკენ (ღვთაებრივისაკენ), ხოლო ძლიერი გრძნობები ამაოსაკენ, დროებითის, ნაცადისა და წარმავალისაკენ (ყორანი). ამ ძალთა შორის დაპირისპირება რომანტიკოსი პოეტის არსებაში, მკვლევრის რწმენით, ქმნის კიდეც სულიერ დრამას, გამუდმებულ დაპირისპირებასა და წინააღმდეგობას.

ამავდროულად, თავისუფლებისა და ბედისწერის მხატვრული სიმბოლოების, ერთი მხრივ, მერნისა და, მეორე მხრივ, „თვალბედითი შავი ყორნის“ დაპირისპირების მიღმა განფენილია კიდევ უფრო არსებითი – თავისუფლებისაკენ სწრაფვა და სიკვდილი. სიკვდილს სამშობლოში, დამარხვას წინაპრების საფლავების ახლოს, ახლობლების მიერ დატირებას უპირისპირდება სიკვდილი უცხო, უკაცრიელ და უდაბურ გარემოში. აქ სიკვდილი რომანტიკულადაა წარმოჩენილი და ტრადიციული წეს-ჩვეულებებით აღჭურვილ სიკვდილს ენაცვლება. ასეთი სიკვდილი კი მოასწავებს ადამიანის სრულ გაქრობას სამყაროდან – მის გმირულ დაღუპვას მოწმე, თანამგრძნობი და დამფასებელი ერთი შეხედვით, ლექსის მიხედვით, არავინ ჰყავს. უცხოობასა და მარტოობაში სიკვდილის შედეგად ამ ადამიანისაგან ამქვეყნად კვალიც არ რჩება.

მოსწავლეები ითავისებენ, სრულიად ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, როგორ აცნობიერებს პოეტი, რომ სიკვდილის შემდგომ მისი ხორციელი არსების წარმავლობასთან შეერთება გარდაუვალია. მაგრამ სრულიადაც არ ანაღვლებს სიკვდილის შემდგომ სხეულებრივი გარსის ბედი, რაც მატერიალურზე რომანტიკული სულის ამაღლებაზეც მიანიშნებს. რასაკვირველია, ბიბლიური და ქრისტიანული დოგმატიკის მცოდნე პოეტის აზროვნებას შთააგონებს სულის სხვა განზომილებისაკენ ლტოლვისა და მისწრაფების ერთგვარი მისტერიაც. ბუნებრივია, ეს არის ერთგვარი საფუძველი პოეტის შთაგონებული ბრძოლისა მატერიალიზებული ამაოების სამყაროს მიმართ. მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობთ შეხედულებას: „რომანტიზმის ძირეულ საფუძველსაც სწორედ დაპირისპირება, წინააღმდეგობა შეადგენს – ეს არის წინააღმდეგობა რეალობასა და იდეალს შორის. რომანტიზმში აღბეჭდილი ყველა სხვა წინააღმდეგობა მისგან მოდის. ასეთი წინააღმდეგობებია დაპირისპირება სულსა და სხეულს, ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივს, სასრულ-შეზღუდულსა და უსასრულო-აბსოლუტურს შორის“ (ვასაძე, 2024:24). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „მერანში“ მიწიერ ცხოვრებაზე ზრუნვა წარმოდგენილია როგორც მსხვერპლის გაღება ამქვეყნიური ამაოების დაძლევისათვის, ამქვეყნად თავისუფლების დამკვიდრებისა და მიუღწეველი ჭეშმარიტების თუნდაც სხვა განზომილებაში მიღწევისათვის.

„ლექსში აღიბეჭდება უდიდესი, გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე მოვლენა – ადამიანის სრულ ანიჰილაციას უპირისპირდება და აქარწყლებს ლირიკული გმირის შეერთება უსასრულობასთან, მის მიერ უკვდავების მოპოვება მსხვერპლგაღების წყალობით, რომელიც მომავალი თავისუფლების დაუსაზღვრელ პერსპექტივას ხსნის, მომავალში ბედისწერით, სიკვდილით აღმოუფხვ­რელ თავისუფლებას ამკვიდრებს“ (ვასაძე, 2024:26). ამგვარ მომავალთან მსხვერპლგაღებით მოპოვებული თანაზიარობით „მერანის“ გმირი არსებითად სიკვდილის, წარმავლობის მიმართ შეუვალი ხდება: იგი სამუდამო წილს დაიდებს ადამიანთა სამყაროში მარად მიმდინარე, უწყვეტად განგრძობად, აღუკვეთელ პროცესში – თავი­სუფლებისთვის ბრძოლაში და ასე მაღლდება წარმავლობაზე:

„ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება“.

დიდი ტალანტის, ინტუიციური წვდომის, „მსოფლიო სევდის“, მარტოობისა და ობოლი სულის პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი პოეზიაში ბედისწერას ებრძვის და თავისუფლებას ეტრფის. „მერანში“ პოეტის ცნობიერს სძლევს ინტუიცია – ლექსის დაწერის საბაბად ხომ ლეკთა მიერ დატყვევებული ბიძამისის მონოლოგი და ოცნება იქცევა, მაგრამ თხზვის პროცესში შთაგონება დგება ემპირიულ ფაქტებზე მაღლა და პოეტის სულის ღელვას გარდაქმნის თავისუფლების ჰიმნად. მართალია, ბარათაშვილმა ლექსს დაარქვა „თავგანწირული მხედარი“, რაც თითქოსდა ზღუდავს აზროვნების მასშტაბს. თუმცა იგი მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მართებულად შეცვალეს „მერნით“, რომელიც მითოსურ პეგასს გულისხმობს. ეს სახელი კი სულის უნაპირო ქროლასთან, ფრთოსანი რაშის მიერ უმაღლესი სანახების მოხილვის შესაძლებლობასთან ასოცირდება.

მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია კრიტიკოსის შემდეგი შეხედულების გაცნობა: „ქართული სევდა იყო ის ნიადაგი, რომელზეც იდგა ბარათაშვილის პოეზია, მთაწმინდა – სევდის სადგური, ღამე და საღამო – მეგობარი, ვარსკვლავები _ მესაიდუმლენი, ქროლა – თავისუფლება. ბოროტი სული ის ბედისწერა და გარემო იყო, რომელიც გულს უკლავდა, მისი სიმბოლო კი – შავი ყორანი, როგორც ედგარ პოს ნევერმორე (არასოდეს)“ (სიგუა, 2022:73). კრიტიკოსის აზრით, ბედისწერასთან შეურიგებელი მხედარი მიცკევიჩის ფარისს ჰგავს, ამაოება კი მუდმივად ებრძვის ზეცისაკენ მიმსწრაფ სულებს. რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენასო, – შემთხვევით არ დაწერს საუკუნე-ნახევრის შემდეგ ზვიად გამსახურდია. მართლაც, როგორ შეიძლება ხრწნადი წარმავლობა ამჯობინოს მებრძოლმა სულმა სულიერი სრულყოფილებისაკენ მიმავალ გზასა და უსაზღვროებისაკენ სულის სწრაფვას.

მოსწავლეები ლექსის გაანალიზების შედეგად ასკვნიან, რომ „მერანის“ დაუღალავი და შეუდრეკელი მებრძოლი ლირიკული გმირიც არად მიიჩნევს ახლობელთაგან, სატრფოსაგან შორს მყოფობასა და სიკვდილსაც კი, თუ თავის ნანატრ მიზანს აისრულებს. შავი ბედისწერისაგან შემოსაზღვრულ მოჯადოებულ წრებრუნვაში ჩანთქმულ გმირს სწადია გაარღვიოს, გადალახოს „ბედის საზღვარი“, რომლის მიღმა ელოდება აღთქმული მხარე – ვარსკვლავთა სამყარო.

ლექსის უმთავრესი იდეაც, ვფიქრობთ, სწორედ ამ სიტყვებით გამოიხატება:

„მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო..“

ეს არის სწორედ თეოზისის, პოეტური სულის განღმრთობისა და იდეალთან შერწყმის საიდუმლო.

კრიტიკული ნააზრევის შესახებ მსჯელობისას მოსწავლეთათვის თვალსაჩინო ხდება ის ფაქტი, რომ პოეტი, რომელიც მუდმივად ეძებდა ნუგეშსა და სევდის განმაქარვებელ ადგილს, თავის მისადრეკსა და ძვირფასი ადამიანის გულს ნავთსაყუდელად, ვერასდროს ვერ პოულობს მას და მხოლოდ ზეციურ სანახებში დაიგულვებს ამგვარ სივრცესა და თავშესაფარს. მას ხომ სწამს, რომ მხოლოდ ზეციურ, ღვთაებრივ მამულში პოვებს გულის მესაიდუმლეს.

მოსწავლეებს პრობლემის დასაძლევად ასევე ვთავაზობთ და ვაცნობთ მსოფლიო რომანტიზმის რჩეულ წარმომადგენელთა, განსაკუთრებით ჯაკომო ლეოპარდის „აზიაში მოხეტიალე მწყემსის ღამეულ სიმღერას“, ჯორჯ ბაირონის „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობას“, ჯონ ქითსის „იმედს“ და ადამ მიცკევიჩის „ფარისს“, რომელთა იდეური არსის გაანალიზებისას ხელშესახებად და მკაფიოდ სწორედ ბარათაშვილისეული ზესთა სამყაროსთან მყოფობის იდეალს ვხედავთ.

„ო, რომ შემეძლოს უმძლავრესი ფრთებით ავფრინდე

და გავლივლივდე ღრუბლების იქით,

და ვარსკვლავების უსასრულო სრბოლას ვუჭვრეტდე…

…მე ვიქნებოდი ბედნიერი“, – წერს ჯაკომო ლეოპარდი. (ლეოპარდი, 1985:32)

ვფიქრობთ, სასურველია, მოსწავლეებისათვის ცნობილი გახდეს, როგორ ავლენს მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაში ამ ლტოლვასა და მისწრაფებას დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონი, რომელსაც ტრანსცენდენტურში ინტერვენცია უკვე ჩვეულ გზად გადაქცევია და მისთვის მოძრაობის, სულიერი თავგადასავლის ორგანულ ტრაექტორიად ისახება – „ზევით თუ სამარეში“. ამ მიზნით ისინი კითხულობენ გალაკტიონის ლექსს „ვარსკვლავია“ და აზუსტებენ, როგორ ეთანაბრება იგი არა მხოლოდ ეტიმოლოგიურად, არამედ არსობრივად ბარათაშვილის „მერანის“ იდეას. მაშინ, როცა დიდი პოეტის აზრით, ყველა, ყველაფერი მიდის, უდაბნოში, ზეცაზე კვლავ ცხოველმყოფლად ანათებს ვარსკვლავი (აბსოლუტი). როცა ყველაფერი სიბნელეში ინთქმება, ადამიანები უმაღლეს ნათელს, გამუდმებით ადამიანთა სულისა და გულის გამათბობელ-განმანათლებლად მოვლენილს, ანუ უფალს ვერც კი ხედავენ, ვერც აღიქვამენ და ცხოვრების მთავარ ორიენტირად არ აქცევენ:

„ნეტა არსებობდეს სიტყვა ქვეყანაზე  ამის ამხატავი,

ნეტა არსებობდეს გული ქვეყანაზე ამის შემგრძნობელი

ნეტა არსებობდეს აზრი ქვეყანაზე ამის შემცნობელი..“.

…ამიტომაც წუხს და განიცდის გალაკტიონი: „გასაოცარია, გასაოცარია… ძლიერ საოცია“, – აცხადებს იგი.

„როცა ყოველივე,

ყველა, ყველაფერი

არის გაჩენილი ამაოებისთვის,

მხოლოდ შენ ანათებ!“.

ამგვარი ინტერტექსტუალობის ელემენტების გაცნობისა და გააზრების საფუძველზე მოსწავლეები ასკვნიან, რომ თუ ვინმემ სულიერ მოყვასთაგან შეძლო ბარათაშვილის სულიერ იდეალს არა მხოლოდ მიახლოებოდა, არამედ ეღიარებინა თანამავალ ვარსკვლავად და თავისი გულის საიდუმლოც გაეზიარებინა, დიდი გალაკტიონია.

„ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი“ (გალაკტიონი) – იდეათა ნათესაობისა და მსგავსების საფუძველზე აღმოცენდება უმაღლესი იდეალის ამსახველი პოეტური შედევრები.

საანალიზო მსჯელობის შემდგომ ეტაპზე მოსწავლეები აყალიბებენ შეხედულებას, რომ ბარათაშვილის მსგავსი სულიერი კონსტრუქციის ადამიანებს მართლაც გაეკვალა გზა ამ უმაღლესი იდეალისაკენ. ტყუილად ხომ არ მიიკვლევდა რომანტიკოსი პოეტი ვარსკვლავთა სამყაროსაკენ სავალს ისე, რომ ამ გზაზე მის მოყვასსაც შესძლებოდა სვლა:

„და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს“.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ პოეტის თანამედროვეობას მისი მსგავსი რომანტიკოსი მოაზროვნე არა ჰყოლია. და იმის კატეგორიული მტკიცება, რომ პოეტი თავისი ლექსის მთავარ კონცეპტად მხოლოდ მოყვასის მსახურებას გვთავაზობს, ლექსის დინამიკის საფუძველზეც კი ვერ დასაბუთდება.

ლექსის პრიორიტეტული იდეების კლასიფიცირებისას მოსწავლეებისათვის სავსებით ნათელი ხდება, რომ, უპირველესად, ბარათაშვილისათვის სიცოცხლისა და მოძრაობის ორიენტირი უნდა გამოკვეთილიყო. ჯერ მისთვის ის ვარსკვლავი უნდა გამობრწყინებულიყო, რომლისკენაც სწრაფვის აუცილებლობა და მიმართულება თავადაც გაეთავისებინა თუნდაც მსხვერპლშეწირვით. მხოლოდ შემდეგ აღმოჩნდებოდა ეს „უვალი გზა“ ადვილად გასავლელი პოეტის სულიერ მოყვასთათვის, ანუ იმ ადამიანებისათვის, რომელთა ცხოვრებაში უმაღლესი ზნეობრივი ორიენტირი ღვთაებრივი ძალა, იგივე „თანამავალი ვარსკვლავია“.

მოზარდები სავსებით მართებულად აფასებენ „მერანის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ ასპექტითაც როგორც ქართული საზოგადოებრივი თვითშეგნების, ასევე, ჩვენი პოეტური კულტურის ისტორიისათვის. ეროვნული თვითშეგნების ამ მხატვრულმა სიმბოლომ ხომ ძლიერი ბიძგი მისცა ქართულ პოეტურ შემოქმედებას. სრულიად ლოგიკურად მიიჩნევა „მერანი“ მე-19 საუკუნის ახალი ქართული პოეზიის საწყისად და ქართული პოეტური კულტურის განვითარების ახალ საფეხურად.

ამიტომაც დასკვნით ეტაპზე იდეების კლასიფიკაციის პროცესში მოსწავლეებთან ერთად გამოვხატავთ პრინციპულ პოზიციას, რომ „მერანის“ მთავარი იდეა მხოლოდ მოძმეთათვის გზის გაკვალვა არაა. დასაშვებად მიგვაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქვეიდეა, ისიც მას შემდეგ, რაც მიღწეულია მიზანი, ანუ დასახულია სამოქმედო ორიენტირი სულის საბოლოო ნავსადგურის (ვარსკვლავთა სამყარო) სახით. თუ იმ შეხედულებასაც გავითვალისწინებთ, რომ ბარათაშვილის თანამედროვეობას მისი სულიერი ნათესავები, ანუ მისი მსგავსი მოაზროვნენი არ ჰყოლია, მაშინ, ცხადია, ობოლი სულის პოეტის მიერ გაკვალული გზა მხოლოდ მოგვიანებით მოემსახურებოდა მისი სულის მონათესავე მოყვასს, გახდებოდა ერთგვარი სულიერი პარადიგმა პიროვნული თავისუფლების ძიების გზაზე შემდგარი მოძმეებისათვის, უმაღლესი იდეალების მისაახლებლად – კოსმოსურ სამშობლოში, მკვიდრ მამულში ანუ ვარსკვლავთა საუფლოში მოსახვედრად.

 ლიტერატურა:

  1. ვასაძე თ., – ბარათაშვილის პოეზიის ანტითეზები, ჰუმანიტარული განათლება სკოლაში N1, – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა ,2022.
  2. თაქთაქიშვილი ლ. – „ნიკოლოზ ბარათაშვილი“(თხზულებათა სრული კრებული),თბილისი, პეგ, 2005, გვ.47
  3. ლეოპარდი  ჯ. – ლირიკა, თბილისი, გამომცემლობა „განათლება“,1985, გვ.29
  4. ნარიმანიძე ს. – „ლექსები, ბედი ქართლისა, წერილები“, კრებული, თბილისი, გამომცემლობა „მერანი“,1993
  5. სიგუა ს. – ქართული კულტურის ისტორია IV, ტექნიკური უნივერსიტეტი კულტუროლოგიის ინსტიტუტი, „განწირული მხედარი“, თბილისი, 2024, გვ.73.
  6. უზნაძე დ. – ბარათაშვილის შემოქმედების განვითარება, „ლექსები,ბედი ქართლისა, წერილები“, კრებული, თბილისი, 1993, გვ.246-274

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“