პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
16 ოქტომბერი, პარასკევი, 2026

ერთი კითხვა, რომელიც გაკვეთილს ცვლის

თანამედროვე გაკვეთილზე მოსწავლის ყურადღების მოპოვება და მისი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალ კლასებს, სადაც სასწავლო მასალა რთულდება, იზრდება აბსტრაქტული აზროვნების საჭიროება და მოსწავლეს ხშირად უჩნდება კითხვა: „სად გამომადგება ეს ცოდნა?“

გაკვეთილის გამოწვევის ფაზა ის მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც მოსწავლის ყურადღება სასწავლო საკითხისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მასში სწავლის სურვილი აღიძრას. აქ უნდა იყოს გამოყენებული ისეთი ეფექტური პედაგოგიური ინსტრუმენტი, რომელიც შეძლებს, შეცვალოს მოსწავლის დამოკიდებულება საგაკვეთილო პროცესისადმი: გააღვივოს ცნობისმოყვარეობა, გააქტიუროს წინარე ცოდნა, წარმოშვას პრობლემის გადაჭრის სურვილი და ის სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე გახადოს. გამოწვევის ფაზის მთავარი მიზანი ინტერესის, ყურადღების და შემეცნებითი საჭიროების გაჩენაა. ამ პროცესში განსაკუთრებული ძალა აქვს ერთ სწორად შერჩეულ კითხვას.

 

  1. კითხვა, რომელიც ძიების გზას ხსნის

ყველა კითხვა არ ქმნის გამოწვევას. კითხვა: „რა არის კვადრატული ფუნქცია?“ მოსწავლის ცოდნას ამოწმებს, მაგრამ უცილობლად არ უჩენს მას კვლევის სურვილს. „შეიძლება თუ არა, პარაბოლის გრაფიკის აგების გარეშე განვსაზღვროთ, რამდენ წერტილში გადაკვეთს ის x-ღერძს?“

ამ შემთხვევაში მოსწავლე ხვდება, რომ პასუხისთვის არსებული ცოდნა შესაძლოა საკმარისი არ იყოს. სწორედ აქ ჩნდება ახალი ცოდნის მიღების ბუნებრივი საჭიროება. გამოწვევის კარგი კითხვა მოსწავლეს არ ეუბნება: „აი, რა უნდა ისწავლო. ის უბიძგებს: „მინდა გავიგო, როგორ მივიღო პასუხი“.

 

  1. მათემატიკური პარადოქსი — ინტერესის წყარო

განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი კითხვების გამოყენება, რომლებიც მოსწავლის ინტუიციას ეწინააღმდეგება. მაგალითად, ალბათობის შესწავლისას შეიძლება დაისვას კითხვა: „თუ მონეტის აგდებისას ზედიზედ ხუთჯერ ამოვიდა საფასური, მეექვსე აგდებისას რომელ მხარეს აქვს მეტი შანსი?“

 

მოსწავლეების პასუხები, როგორც წესი, განსხვავებულია. ზოგი ფიქრობს, რომ ახლა მეორე მხარის ამოსვლის შანსი გაიზარდა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ალბათობა კვლავ იგივეა. მასწავლებელი ამ მომენტში პასუხს არ აცხადებს. ან „შეიძლება თუ არა, მართკუთხედის ფართობი ჯერ გაიზარდოს, შემდეგ კი შემცირდეს ისე, რომ მისი პერიმეტრი არ შეიცვალოს? თუ ეს შესაძლებელია, როდის მიიღებს მართკუთხედის ფართობი მაქსიმალურ მნიშვნელობას?“ მოსწავლეს აუცილებლად უჩნდება წინააღმდეგობის განცდა: პერიმეტრი უცვლელია, მაგრამ ფართობის რატომ უნდა იცვლებოდეს? სწორედ ეს არის გამოწვევის არსი — შექმნილი ინტელექტუალური დისკომფორტი უნდა გადაიქცეს კვლევის მოტივაციად.

 

  1. „სად არის შეცდომა?“

მნიშვნელოვან შედეგს იძლევა შეცდომის აღმოჩენის მეთოდი. მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს თითქოსდა სწორ მათემატიკურ მსჯელობას და ეკითხება: „ყველა ნაბიჯი სწორია. თუ საბოლოო პასუხი მცდარია, რომელ ეტაპზე არის დაშვებული შეცდომა?“ მოსწავლეები იწყებენ თითოეული ნაბიჯის შემოწმებას, მსჯელობასა და არგუმენტირებას. ამ დროს შეცდომა აღარ არის მხოლოდ უარყოფითი შედეგი. ის ხდება სწავლის რესურსი. ჯობს, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს უბრალოდ არ უთხრას, სად არის შეცდომა. გაცილებით ეფექტურია კითხვა: „რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს?“ ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს არა მხოლოდ სწორი პასუხის მიღებას, არამედ მათემატიკური არგუმენტაციის განვითარებას.

 

  1. „არსებობს თუ არა სხვა გზა?“

მათემატიკის სწავლებისას ხშირად მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოსწავლე ერთი სწორი ალგორითმის გამოყენებას ეჩვევა. ამ ჩვევის შესაცვლელად ძალიან ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს კითხვა: „შეგიძლია ამ ამოცანის ამოხსნა სხვა გზით?“ მაგალითად, ერთი და იმავე ამოცანის ამოხსნა შესაძლებელია ალგებრული გარდაქმნით, გრაფიკული წარმოდგენით ან გეომეტრიული მსჯელობით. მოსწავლე ამ დროს აღმოაჩენს, რომ მათემატიკაში ერთი პასუხი შეიძლება რამდენიმე განსხვავებული გზით მიიღოს. ამგვარად, მოსწავლე მხოლოდ ამოცანას კი არ ხსნის, არამედ აფასებს საკუთარ სტრატეგიას.

 

  1. „რა მოხდება, თუ…?“

მოსწავლეებისთვის საინტერესოა პირობების ცვლილებაზე დაფუძნებული კითხვებიც. მაგალითად: „რა მოხდება, თუ კვადრატულ განტოლებაში თავისუფალ წევრს შევცვლით?“ ან: „რა შეიცვლება ფუნქციის გრაფიკზე, თუ მისი კოეფიციენტის ნიშანს შევცვლით?“ ასეთი კითხვები მოსწავლეს აჩვევს მათემატიკური ობიექტის არა მხოლოდ შესწავლას, არამედ ცვლადების ურთიერთდამოკიდებულების აღმოჩენას.

 

  1. ფოკუს-კითხვა:

წარმატებული გამოწვევის ფაზა არ ნიშნავს ბევრი კითხვის დასმას. პირიქით, ზოგჯერ ერთი მიზნობრივი კითხვა უფრო ეფექტურია, ვიდრე ათობით წინასწარ დაგეგმილი აქტივობა. განვიხილოთ მაგალითი:

 

კლასი -X

გაკვეთილის თემა – „კვადრატული ფუნქცია და მისი გრაფიკი“.

გამოწვევის ფაზაზე მასწავლებელი სვამს კითხვას: „ვთქვათ, გაქვთ 40 მ სიგრძის მავთულბადე და გსურთ მართკუთხა ფორმის სათბური შემოღობოთ. როგორი უნდა იყოს მისი გვერდების სიგრძეები, რომ მაქსიმალურად დიდი ფართობი და რაც შეიძლება მეტი მოსავალი მივიღოთ?“

 

მოსწავლე იწყებს ვარაუდს, მსჯელობას და სხვადასხვა ვარიანტის გამოცდას. უჩნდება კითხვები:

 

  • რა ზომები უნდა ჰქონდეს ნაკვეთს?
  • საკმარისია თუ არა პერიმეტრის ცოდნა?
  • რომელი მართკუთხედი მოგვცემს უდიდეს ფართობს?
  • როგორ დავასაბუთოთ პასუხი?

 

ხომ არ დააფრთხობს მოსწავლეს დასაწყისშივე პრობლემის წინაშე დაყენება? თუ პრობლემა მისთვის ძალიან რთული, გაუგებარი ან მიუწვდომელია, მართლაც შესაძლებელია თავი დაუცველად იგრძნოს და ჩართულობის ნაცვლად უარის თქმის სურვილი გაუჩნდეს. თუმცა, სწორად შერჩეული კითხვა საპირისპირო შედეგს იძლევა. ამიტომ მნიშვნელოვანია, პრობლემა იყოს სირთულისა და მიღწევადობის ბალანსში ისეთი, რომელიც გარკვეულ გამოწვევას ქმნის, მაგრამ არ აჩენს განცდას, რომ ამოცანის გადაჭრა შეუძლებელია.

 

პრობლემური სიტუაცია მოსწავლეს არ აწვდის მზა წესს ან ფორმულას – ის უჩენს კითხვას: რა უნდა გავიგოთ, როგორ მივიდეთ პასუხამდე და რომელი მათემატიკური ცოდნა დამეხმარება? შედეგად, იზრდება ჩართულობა, ინტერესდება ამოცანის გადაჭრით და ახალი ცოდნის მიღება ბუნებრივად უკავშირდება წინარე გამოცდილებას.

 

  1. მასწავლებელი — აზროვნების არქიტექტორი

 

გამოწვევის ფაზაში მასწავლებლის როლი იცვლება. ის აღარ ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოს მოსწავლე სწორ პასუხამდე. მისი მთავარი ამოცანაა სწორი კითხვის დასმა და მოსწავლის აზროვნების პროცესის მართვა.

მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს კითხვები:

 

– „რატომ ფიქრობ ასე?“

– „რის საფუძველზე აკეთებ ამ დასკვნას?“

– „შეგიძლია საწინააღმდეგო მაგალითი მოიფიქრო?“

– „ყოველთვის იქნება ასე?“

– „არსებობს სხვა გზა?“

– „რა შეიცვლება, თუ პირობას შევცვლით?“

 

ეს კითხვები მოსწავლეს პასუხის დამახსოვრებიდან მათემატიკურ მსჯელობაზე გადაჰყავს. მოტივაციის გაღვივება ყოველთვის არ იწყება თამაშით, ტექნოლოგიით ან უჩვეულო აქტივობით. ზოგჯერ საკმარისია ერთი კარგად შერჩეული კითხვა.

 

  • კითხვა, რომელიც მოსწავლეს აოცებს;
  • კითხვა, რომელზეც პასუხი მაშინვე არ ჩანს;
  • კითხვა, რომელიც კამათს იწვევს;
  • კითხვა, რომელიც მოსწავლეს აიძულებს, საკუთარი ცოდნის საზღვრები დაინახოს.

 

სწორედ ასეთი კითხვა შეიძლება გახდეს გაკვეთილის გარდამტეხი. კარგი კითხვა არ არის მხოლოდ ცოდნის შემოწმების საშუალება — ის შეიძლება გახდეს აღმოჩენის დასაწყისი.

 

მათემატიკის გაკვეთილზე ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათემატიკური ცოდნის ღირებულება მხოლოდ ფორმულის ან წესის დამახსოვრებაში არ მდგომარეობს. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეძლოს დასმული პრობლემის გააზრება, კანონზომიერების აღმოჩენა, სხვადასხვა შესაძლო გზის განხილვა და საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირება. ერთი კითხვა კი შესაძლოა სწორედ ამ პროცესის დასაწყისი გახდეს. მოტივაციის გაღვივება არის სწავლების პროცესში ჩადებული გააზრებული პედაგოგიური არჩევანი. როდესაც მასწავლებელი მოზარდებს აძლევს ფიქრის, ძიების, მსჯელობისა და აღმოჩენის შესაძლებლობას. გამოწვევის ფაზის მთავარი მიზანი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს – მივცეთ მოსწავლეს აღმოჩენის შესაძლებლობა.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“