საკვანძო კითხვა: როგორ უწყობს ხელს სამოქალაქო განათლება, ადრეული ეკოგანათლება და სასკოლო პრაქტიკა ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და მწვანე მეწარმეობის განვითარებას?
სამოქალაქო განათლებისა და სასკოლო კლუბური მუშაობის გადაკვეთაზე ჩნდება პრაქტიკული ინიციატივები, რომლებიც მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი გოგონებს, რეალური ცვლილებების ინიციატორებად და მწვანე აგრობიზნესის მომავალ ლიდერებად ყალიბებს.
როდესაც სკოლაში მოსწავლეთა ეკოკლუბი იწყებს პროექტულ სწავლებას, პირველი ნაბიჯი პრობლემის იდენტიფიცირებაა. სამოქალაქო განათლების ჭრილში მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ გლობალური პრობლემა კი არა, ადგილობრივი თემის წინაშე არსებული სამოქალაქო პასუხისმგებლობაც არის.
ამ პროცესში ყველაზე ღირებული კომპონენტი გოგონათა ეკონომიკური და სოციალური ემანსიპაციაა. აგროსექტორი ყოველთვის აღიქმებოდა სფეროდ, სადაც ქალის როლი უხილავ შრომასთან ასოცირდებოდა. სასკოლო ეკოკლუბისა და სამოქალაქო კლუბის მოდელი ამ სტერეოტიპს ამსხვრევს.
იმისთვის, რომ ინიციატივას სისტემური ხასიათი ჰქონოდა, პროექტის დაწყებამდე სკოლის 1200 მოსწავლეს შორის (I-XII კლასები) ჩატარდა სადიაგნოსტიკო კვლევა და საჭიროებების ანალიზი. სამიზნე ჯგუფები ასე გადანაწილდა:
დაწყებითი საფეხური – აქცენტი დაისვა ეკოცნობიერების ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი კვების ჩვევების კვლევაზე მშობელთა ჩართულობით.
საბაზო საფეხური – გამოიკვლიეს პრაქტიკული უნარების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის მზაობა.
საშუალო საფეხური – შეფასდა მოსწავლეთა, განსაკუთრებით კი გოგონათა, ლიდერული პოტენციალი, ფინანსური წიგნიერება და მწვანე მეწარმეობისადმი ინტერესი.
საწყისმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ VIII–XII კლასის გოგონათა მხოლოდ 18% განიხილავდა აგრობიზნესსა და მეწარმეობას მომავალ პროფესიად, ხოლო 74% აცხადებდა, რომ აკლდათ პრაქტიკული გამოცდილება აგრობიზნესის დაგეგმვასა და პროექტების მართვაში.
სწორედ ამ კვლევითი მონაცემების საპასუხოდ შეიქმნა UNICEF-ის ჯანსაღი კვების კონკურსის პროექტი – კონკურსი „იმოქმედე ჯანმრთელობისთვის“. მოსწავლეებმა შექმნეს ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი – ემულგატორებისა და ხელოვნური დანამატების გარეშე მომზადებული ქართული ეკონუგბარი „ჩამიჩირი“.
ერთმანეთში არეული თაფლის, ნიგვზის, ქლიავის ჩირის, გარგარის ჩირის, ლეღვის ჩირის, ქიშმიშის მასას აძლევენ ბურთულების ფორმას, სეზამის მარცვლებში ამოავლებენ და ხის ჩხირზე იყო წამოაცვამენ.
იდეის ავტორები არიან მარი დენოსაშვილი და ანა შეკიშვილი.
პროცესში ჩაერთნენ მშობლები, ხოლო სკოლაში გაიმართა გამოფენა-გაყიდვა მასტერკლასით, სადაც მოსწავლეებმა სტუმრებსა და თემს იქვე აუხსნეს დამზადების ტექნოლოგია.
მოსწავლეებმა თავად შექმნეს პროდუქტის ლოგო და ციფრული რეკლამაც, რამაც მათ პროექტს II ადგილი და გრანტი მოუტანა. კვებითი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვითა და ოფიციალური შეთანხმებით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა კაფემ ეკონუგბარი სარეალიზაციოდ მიიღო.
ეს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება სასკოლო იდეა რეალურ აგრობიზნეს–მოდელად. პროექტს სათავეში ედგა ორი ლიდერი გოგონა, რამაც, პრაქტიკულად, დაამტკიცა, რომ ადრეული ასაკიდანვე შესაძლებელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სტიმულირება.
სასკოლო ინიციატივები სკოლის კედლებში არ უნდა დარჩეს – ჩვენს დროში გლობალური და ადგილობრივი პარტნიორობა გოგონებს აძლევს შანსს, სასკოლო ეკოპროექტები რეალურ ბიზნესსტარტაპებად აქციონ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების ეკონომიკური გაძლიერებისკენ. ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა მეწარმეობის განვითარებას მწვანე ეკონომიკასა და აგრობიზნესში.
UN Women-ისა და პარტნიორების მიერ ორგანიზებული ჰაკათონები და სტარტაპ-კონკურსები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ საწყისი დაფინანსება თავიანთი ინოვაციური ეკოპროექტებისთვის. მოსწავლე გოგონებს საშუალება აქვთ, დაუკავშირდნენ წარმატებულ ქალ აგრომეწარმეებს, მიიღონ პრაქტიკული რჩევები და დაინახონ რეალური მაგალითები იმისა, თუ როგორ იქცევა იდეა მომგებიანი და მდგრადი ბიზნესის საწყისად.
ამიტომაც აუცილებელია, სწორედ განათლების სფეროდან მოხდეს პოპულარიზაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების 7 პრინციპისა, რომლებიც 2010 წელს ჩამოყალიბდა. დღეს საქართველოში უკვე 350-ზე მეტი კომპანია აწერს ხელს ამ პრინციპებს. აგრობიზნესში ქალთა მონაწილეობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის აუცილებელი პირობაა.
როგორ ვაქციოთ იდეები რეალურ საქმედ
(კონკრეტული პრაქტიკული ინსტრუმენტები სასკოლო პრაქტიკიდან, რომლებიც იდეის რეალიზებას ხელს შეუწყობს)
გოგონებისთვის მოტივაციის ძლიერი წყაროა ცოცხალი მაგალითები. მაგალითად, რეგიონში წარმატებულ ქალ აგრომეწარმეთა საჯარო ლექციები, მენტორთა საათი ან ვორქშოფები, სადაც ისინი პრაქტიკულ გამოცდილებას (ფინანსებზე წვდომა, გამოწვევების გადალახვა) გაუზიარებენ მოსწავლეებს.
ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ მწვანე მეწარმეობა დღეს მხოლოდ ფიზიკურ შრომას არ გულისხმობს ის მოიცავს ციფრულ გადაწყვეტილებებსაც. მაგალითად, ეკოლაბორატორიაში ან სათბურში შესაძლებელია მარტივი „Smart“ ტექნოლოგიის გამოყენება – ნიადაგის ტენიანობის კონტროლი ავტომატური სენსორებით, წვეთოვანი მორწყვის მართვა მობილური აპლიკაციით. ეს გოგონებში საინჟინრო და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოაწყვეს როლური სიმულაციები, როლებზეც პრაქტიკულად გაითამაშეს გაეროს 7 პრინციპის დანერგვა ბიზნესგარემოში. მათ გაიაზრეს, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ მომავალში:
- ბიზნესში თანასწორობა და ინკლუზიურობა – გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე თანაბარი ჩართულობით;
- ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემო, ჯანსაღი, სამართლიანი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი პირობები;
- პრევენცია და პროფესიული განვითარება, რომ სამუშაო ადგილზე განსაკუთრებული ყურადრება ექცეოდეს სტერეოტიპების, უთანასწორობისა და სეგრეგაციის პრევენციას, ქალთა უნარების მუდმივ ხელშეწყობას.
ამ სიმულაციებმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, გაეაზრებინათ, რომ მწვანე აგრობიზნესი არის მხოლოდ პროდუქტის წარმოება – ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური მოდელი, სადაც თანასწორობა, ინკლუზიურობა და ღირსეული შრომის პირობები წარმატების მთავარი განმსაზღვრელია.
სასკოლო ეკონუგბარის წარმატება აჩენს აგრობიზნესისადმი ინტერესს და გზას უხსნის მომავალ ინიციატივებს, მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი, თავად შეისწავლონ და მოიყვანონ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, მოუარონ ფუტკარს და აწარმოონ საკუთარი თაფლი, ინტერესდებიან იმითაც, შესაძლებელია თუ არა პროდუქციის შესაფუთად ბიოდეგრადირებადი ან მრავალჯერადი მასალების გამოყენება, როგორ შეამცირონ ნარჩენები და ტრანსპორტირების ემისია.
სასურველია, სკოლებს ჰქონდეთ მცირე შიდა საგრანტო კონკურსები ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესსექტორის ან თემის ჩართულობით, სადაც მოსწავლეებს და განსაკუთრებით გოგონათა გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა, საწყისი მცირე კაპიტალი მიიღონ თავიანთი ეკოიდეებისთვის და რეალურად გამოსცადონ ბიზნესპროცესები.
საუკეთესო იდეაა სკოლის ბაზაზე მცირე აგროსათბურის ან ეკოლაბორატორიის მოწყობა, სადაც გოგონები სხვებსაც გაუზიარებენ გამოცდილებას. ასეთი პრაქტიკული გამოცდილება გოგონებს შეძენს რწმენას, რომ მათ შეუძლიათ მწვანე ეკონომიკის სექტორში საკუთარი ბიზნესის წამოწყება, ინოვაციური პროექტების მართვა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.
მსგავს პროექტებში მშობელთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ოჯახი და სკოლა ერთად ამსხვრევენ იმ სტერეოტიპს, რომ აგრობიზნესი მხოლოდ მამაკაცების საქმეა. მშობელთა კლუბი შეიძლება იქცეს პლატფორმად, სადაც ოჯახები მხარს დაუჭერენ გოგონების ინიციატივებს და მათ პირველ ნაბიჯებს მეწარმეობაში.
გოგონების აგრობიზნესის ლიდერებად ჩამოყალიბება არ არის მხოლოდ პროფესიული არჩევანის საკითხი ; ეს არის საზოგადოების მდგრადი განვითარების, ეკონომიკური თანასწორობისა და მწვანე მომავლის შენების ფუნდამენტური წინაპირობა. სკოლა წარმოადგენს იმ პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან სივრცეს, სადაც იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები და ყალიბდება მომავალი მეწარმის თვითრწმენა.
სამოქალაქო განათლების, ადრეული ეკოგანათლებისა და პრაქტიკული სასკოლო პროექტების კავშირი ქმნის მყარ პლატფორმას ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. სამოქალაქო განათლება მოსწავლეებს აძლევს საკუთარი უფლებების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სამოქალაქო მონაწილეობის ინსტრუმენტებს; ეკოგანათლება უვითარებს მათ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და მწვანე აზროვნებას, ხოლო სასკოლო პრაქტიკა თეორიულ ცოდნას რეალურ სამეწარმეო გამოცდილებად გარდაქმნის.
როდესაც გოგონები ადრეული ასაკიდანვე ერთვებიან აგროინოვაციებსა და მწვანე მეწარმეობაში, ისინი სწავლობენ არა მხოლოდ რესურსების ეფექტიან მართვას, არამედ ლიდერობას, რისკების შეფასებასა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებასაც. შედეგად, სკოლა ტოვებს ტრადიციული, პასიური სწავლების ჩარჩოებს და ინკლუზიური ეკონომიკური ტრანსფორმაციის ჰაბად ყალიბდება.
ამრიგად, გოგონების მწვანემეწარმეობრივ განათლებაში ინვესტიცია ნიშნავს ინვესტიციას ადგილობრივი თემების გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის მდგრადობაში. სწორედ საკლასო ოთახში დანერგილი ინოვაციური პედაგოგიკითა და პრაქტიკული მხარდაჭერით ეყრებათ საფუძველი ახალი თაობის ქალ ლიდერებს, რომლებიც ხვალინდელ აგრობიზნესს უფრო თანასწორს, ინოვაციურსა და გარემოსადმი მეგობრულს გახდიან.
მსგავსი პროექტები მოსწავლეს უყალიბებს ორ მთავარ კომპეტენციას: ის ხდება პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, რომელიც გარემოსდაცვით გამოწვევებს ხედავს, და კრეატიული მეწარმე, რომელსაც ამ გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნა შეუძლია.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბლიაძე, მ. მდგრადი განვითარების მიზნები. თბილისი, 2020
- ბლიაძე, მ. ინტეგრირებული სწავლება და გარემოსდაცვითი გამოწვევები სკოლაში. 2019
- გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება სოფლად. გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში. თბილისი, 2022
- ბიზნესისა და ქალთა უფლებების პრინციპები (UN Women & UN Global Compact). ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი ბიზნესგარემოში
- საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო. სამოქალაქო განათლების საგნობრივი სტანდარტი. ეროვნული სასწავლო გეგმა და პროექტული სწავლების მეთოდოლოგია


