ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
19 ოქტომბერი, ორშაბათი, 2026

მელანო – აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ მიხედვით

მხატვრული ტექსტების უმთავრესი ღირსება სახეობრიობაა. დიახ, რასაკვირველია, კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებმა მკითხველს უნდა მიაწოდოს საკაცობრიო მნიშვნელობის იდეა, თანაც ახლებურად და ახალი რაკურსით, თუმცა ყოველი იდეის რეალიზაციის გზა პერსონაჟის სახეა. თუ მწერალი დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ვერ ხატავს, მკითხველი ადვილად ივიწყებს ნაწარმოებს და ის ვერც დაიმკვიდრებს ადგილს კლასიკურ მწერლობაში. მკითხველი ყოველთვის პერსონაჟით არის დაინტერესებული, ამაღლებულ გმირშიც და მორალურად დაცემულშიც ის საკუთარ თავს ხედავს, სინჯავს, ჩხრეკს, აკვირდება პერსონაჟსაც და საკუთარ თავსაც. ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის „ეჯიბრება“ მხატვრული ტექსტებისა თუ ფილმების გმირებს, ავლებს ძაფებს მასა და საკუთარ თავს შორის. ეპიკური ტექსტები და მხატვრული ფილმები ჩვენთვის პერსონაჟებით ხდებიან საინტერესო, მათი ცხოვრებაა ჩვენი ფიქრისა და დაკვირვების ობიექტი.

ეპიკურ ტექსტებს ჰყავთ მთავარი და მეორეხარისხოვანი (ეპიზოდური) პერსონაჟები. მთავარი გმირი ყველაზე საინტერესოა, თუმცა არიან ეპიზოდური პერსონაჟებიც, რომელთაც უბრალოდ ვერ დაივიწყებ, ისინი თავიანთი ღირებულებით არ ჩამოუვარდებიან მთავარ გმირებს. თუ მწერალი ოსტატურად ხატავს ეპიზოდურ პერსონაჟს, ეს მის განსაკუთრებულ ნიჭიერებაზე მეტყველებს.

სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე მრავალი ეპიკური ტექსტი ისწავლება. პერსონაჟის სახის სწორად წაკითხვას, დეკოდირებას, მივყავართ ავტორისეული იდეის სწორად ამოცნობისკენ და ეს უნარი ტექსტების ანალიზის გზაზე უმნიშვნელოვანესია. ავტორის მიზანდასახულობასა და აქცენტებზე ვერ იმსჯელებ, თუკი პერსონაჟის სახეს არ ჩაუღრმავდი. ხშირად მწერლები ქმნიან სახეებს, რომლებიც რეალურ ადამიანებზე არანაკლებ ამახსოვრდება მკითხველს.

ანა კალანდაძემ თავის უკვდავ ლექსში „საქართველოო ლამაზო“ ჩვენი ქვეყნის მშვენიერება, მისი ბუნების მომაჯადოებელი სილამაზე უმდიდრესი პოეტური ფერებით აღწერა და სამშობლოს გრძნობის კიდევ უფრო გასამძაფრებლად მეცხრამეტე საუკუნის მწერლების შემოქმედებიდან ალუზიებს მოუხმო, ახსენა პერსონაჟები და ლირიკული მხატვრული სახეები, რომლებიც ისევე დაუვიწყარია ქართველი ხალხისთვის, როგორც გმირი მეფეები, წმინდანები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. ბარათაშვილის მერანი, აკაკის სულიკო, ვაჟას ალუდა ქეთელაური და ლელა ბაჩლელი, ყაზბეგის ტრაგიკული გმირი ონისე – ვინ იტყვის, რომ ეს სახეები ოდესმე შეიძლება დავიწყებას მიეცეს?

„ბაში-აჩუკი“ სასკოლო პროგრამით მერვე კლასში ისწავლება და მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. მთავარი გმირები მონუმენტური ფიგურები არიან: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ზაალ ერისთავი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, მწერლის ფანტაზიით გაცოცხლებული უნიკალური გმირები: ბაში-აჩუკი და აბდუშაჰილი, პირიმზისა და პირმთვარისა. ძნელიც კია გაარჩიო, რომელი მთავარი გმირია და რომელი – ეპიზოდური. მოთხრობაში, მოგეხსენებათ, ცნობილი ისტორიული მოვლენაა ასახული – 1659 წლის კახეთის აჯანყება. მწერალმა რეალისტურად დახატა ეროვნული სინამდვილე და გააცოცხლა როგორც სამშობლოს ხსნისთვის თავგანწირული, ამაღლებული გმირები, ისე მოღალატე, ანგარებიანი, თვალთმაქცი, უზნეო პერსონაჟებიც: ძმისშვილების გამყიდველი და ოჯახის გამანადგურებელი კიკო ბაქრაძე, მედროვე თავადი მაყაშვილი, ბიძინა ჩოლოყაშვილის ამორალური და უპრინციპო ბიძა ჯანდიერი, ფულზე სულგაყიდული ტერტერას ქვრივი თიმსალ-მაკო, საკუთარი კეთილდღეობისთვის სხვათა გამწირველი თავადები – აბაშიძე და წერეთელი და სხვები.

აკაკი მოთხრობის დასაწყისშივე ამბობს, რომ ამ ეპოქაში საზოგადოება რუსთველის პოემის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო: „ტყუილად არ სჩიოდა ძველად სამღვდელოება, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სახარებაზე უფრო გაუტკბა ქვეყანასაო; საუკუნეების განმავლობაში, დიდი და პატარა, ყველა იმას ეწაფებოდა; კაცები ტარიელ-ავთანდილსა ჰბაძავდნენ, ქალები ნესტან-თინათინობას სცდილობდნენ, მეფე და კარისკაცები როსტევან-სოგრატობაზე სდებდნენ თავს, მსახურნი შერმადინობდნენ და მოახლე-გამდელები კი ასმათობას სჩემობდნენ“.

როგორც ჩვენი წერილის სათაურიც ამბობს, ამჯერად ჩვენი ყურადღების ობიექტია აკაკის „ბაში-აჩუკის“ ეპიზოდური პერსონაჟი მელანო თევდორაშვილი. ის სულ სამიოდე ეპიზოდში ჩანს, მაგრამ დაუვიწყარია და მეტად შთამბეჭდავი. თუ აკაკის დავუჯერებთ, რომ ქართველობა შოთას პოემის გმირებს ბაძავდა, მელანოს სახეზე ფიქრისას თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ფატმან-ხათუნს მოგვაგონებს. თევდორაანთ მელანო მოთხრობის მეშვიდე თავში მოულოდნელად გამოჩნდება. აკაკი მას ჩვეული სისხარტით, სიმსუბუქითა და ლაკონიური ენით გვაცნობს: „თევდორაანთ მელანო თელავის მახლობლად, ერთ პატარა სოფლის განაპირას, ტყის პირად ცხოვრობდა ორი პატარა შვილით; ქმარი თათრის ჯარში ჰყავდა ჩაფრად შესული, თვითონ ორ-ორ თვეობით თვალით ვერა ხედავდა. სილამაზით ნაქები იყო და, ცოტა არ იყოს, სახელიც გატეხილი ჰქონდა“.

თითქოს დაიმსახურა მელანოს ქმარმა მეუღლის ღალატი, რადგან თათრის ჯარში საკუთარი ნებით ჩაფრად შესული ქართველი ნამდვილად გასაკიცხია. მელანო კახეთის გასათავისუფლებლად იმერეთიდან გადმოხვეწილი მთავარი გმირის, ბაში-აჩუკის საყვარელია. როცა ბაში-აჩუკის თავი ყიზილბაშების მმართველმა ფეიქარ-ხანმა ათას ოქროდ დააფასა, საღერღელი აეშალა თიმსალ-მაკოს. ამ ბოროტმა ჯადოქარმა ადვილად გამოიცნო, რომ ბაში-აჩუკის ამბავი თუ ვინმეს ეცოდინებოდა – უპირველეს ყოვლისა, მელანოს.

დავაკვირდეთ და შევადაროთ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტში ფატმანისა და „ბაში-აჩუკში“ მელანოს ამბები. ორივე ქმარშვილიანია, ორივე ლამაზი და გულკეთილი. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ფატმანი მდიდარი ვაჭრის ცოლია, ხოლო მელანო – ღარიბი გლეხის, თუმცა მსგავსება უხვად დაიძებნება. ავთანდილი ტარიელის დაკარგული სატრფოს ძებნას მიჰყავს გულანშაროში, ხოლო ბაში-აჩუკი კახეთის გასათავისუფლებლად ჩამოდის იმერეთიდან. ორივე ზეკაცი და გმირია და ორივე ამაღლებული მისიით ცხადდება ამ ქალებთან. ორივეს გული დაპყრობილია და ორივე ეთაყვანება თავის სატრფოს: ავთანდილი – თინათინს, ხოლო ბაში-აჩუკი – წერეთლის ქალიშვილს. ორივეს თავისი პატრონის ასული შეჰყვარებია, ორივე მათი შთაგონებით მიდის საგმირო-სარაინდო საქმეზე. ორივე გონებამახვილი და სხარტია. ავთანდილიც იოლად ხვდება, რომ ვაჭართა ქალაქში ყველაზე მეტად სწორედ ფატმან-ხათუნის თანადგომა გააძლიერებს. ბაში-აჩუკსაც მელანო არა მხოლოდ საყვარლად, არამედ თანამებრძოლად ჰყავს, რასაც მოწმობს ეპიზოდი, როცა მელანო გავარდნილების გამოქვაბულში მიდის სადილით ხელდამშვენებული, ამბის მიმტანიც არის და აჯანყებულთა მესაიდუმლეც.

რაინდულ ისტორიებში ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ხანგრძლივი მოგზაურობის ჟამს რაინდი ხანმოკლე რომანებით ირთობდა თავს, შვებასა და ნუგეშს პოულობდა მამაც, თამამ, იდუმალ და ვნებიან ქალთან სიახლოვეში. საიდუმლო თავგადასავალი და აკრძალული ხილიც თავისებურად იზიდავდა რთული მისიისთვის თავგამეტებულ რაინდებს.

შევადაროთ ერთმანეთს ფატმან-ხათუნი და მელანო ხასიათის თვისებებით. ისინი უღალატო და ერთგული ადამიანები არიან, თუმცა მეუღლეებს ღალატობენ იმის გამო, რომ ეს ადამიანები მათ ერთგულებას არ იმსახურებენ. თავად ეს ღრმა სულიერებისა და მაღალი მორალის მქონე ქალები კი ნამდვილი სიყვარულის მაძიებელი ნატურები არიან. არიან შეგნებული, გამგები პარტნიორები, ქალური კაპრიზებითა და ეგოისტური ინტერესებით არ აწუხებენ მიჯნურს, არ ჭირვეულობენ, ადვილად ეგუებიან იმას, რომ მათი ურთიერთობა დროებითია და მიუხედავად იმისა, რომ თავად უდიდეს სიყვარულს ატარებენ სატრფოსადმი, განშორებას ღირსეულად და თავშეკავებით იტანენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არიან ბედნიერები, მათთვის უცხოა შური და ბოღმა და თავდაუზოგავად იბრძვიან სხვისი ბედნიერებისთვის. ფატმან-ხათუნი ნესტანისადმი გულუხვობით, სიყვარულითა და თავგანწირვით აღგვაფრთოვანებს. „შევეკვეთე, გავესულე“, – ამბობს ის ნესტანზე. ასევე იქცევა მელანო პირიმზისასთან, მხარს უჭერს მას თავისი ძმის, აბდუშაჰილის სიყვარულში, ლოცავს და ეფერება. ამ ქალებმა კარგად იციან ქალური სოლიდარობის ძალა.

რა უნდა ვუწოდოთ ფატმან-ხათუნსა და მელანოს? განა შეიძლება, მათნაირი პერსონაჟი გაიმეტო და მრუშად, მეძავად მოიხსენიო? ისინი მოგვაგონებენ ბიბლიურ მარიამ მაგდალინელს, ცოდვით დაცემულ, მაგრამ სულით მაღალ მეგობარს ქრისტესას. დიახ, მარიამი იესოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, ერთგული და დასაყრდენი მეგობარი იყო მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. მისი სახე ქრისტიანულ ტრადიციაში, ხელოვნებასა და ისტორიაში მრავალმხრივი და კომპლექსურია. მან ყველაზე მეტად უერთგულა ქრისტეს განსაცდელის ჟამს. როდესაც იესო მოწაფეების უმეტესობამ მიატოვა, მარიამ მაგდალინელი ჯვარცმისას ბოლომდე იესოს გვერდით დარჩა. სახარების მიხედვით, მარიამი იყო პირველი, ვისაც მკვდრეთით აღმდგარი იესო გამოეცხადა. სწორედ მან მიუტანა აღდგომის ამბავი სხვა მოწაფეებს, რის გამოც ეკლესიამ მას „მოციქულთა მოციქული“ (Apostola Apostolorum) უწოდა.

გავიხსენოთ კულმინაციური მომენტები ფატმანისა და მელანოს თავგადასავლებიდან. როცა ავთანდილზე გაგიჟებით შეყვარებულ ფატმან-ხათუნს სატრფომ გაუმხილა, რომ სინამდვილეში თავისი პატრონის ასულზე იყო შეყვარებული, მას კი ნესტან-დარეჯანის საიდუმლოს გასაგებად დაუახლოვდა და ნესტანისა და ტარიელის ამბავს მოუყვა, მის ადგილას ქალების უმეტესობა ალბათ გაბოროტდებოდა იმის გამო, რომ მისი ერთი შეხედვით ნანატრი სიყვარული ილუზია აღმოჩნდა, მიეცემოდა მოტყუებული ქალის სასოწარკვეთას… ფატმანმა კი როგორ უპასუხა ავთანდილის აღსარებას? არავითარი საყვედური, ცრემლები და დრამა; მხოლოდ სიტყვები: „საქმენი მომხვდეს, მო-, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“ (1277-წ სტროფი, ნოდარ ნათაძის რედაქცია). აქ ფატმანის სულგრძელობა და კეთილშობილება აღმაფრთოვანებელია. იგი არამცთუ არ საყვედურობს ავთანდილს, არამედ უფალს მადლობას სწირავს, რომ ამ ღვთაებრივი ადამიანების საიდუმლო გაიგო და როცა ავთანდილს სამუდამოდ ემშვიდობება (რაინდს უჭირს ძვირფას მეგობართან განშორება, თანაც სინდისი ქენჯნის, რომ შეყვარებული ქალი მოატყუა, რაც რაინდულ კანონებს ეწინააღმდეგება), ფატმანი მას იქით ამხნევებს (სტროფი 1322, ნოდარ ნათაძის რედაქცია):

„ხათუნმან უთხრა: „ჰე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,

მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;

ისწრაფე, ჩემი ნუ გგავა, – ხელი ეგრეცა ხელდების,

თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების“.

მელანოს ბაში-აჩუკთან მხოლოდ დროებითი ურთიერთობა აკავშირებს და როცა აბდუშაჰილი მისი ამბის გასაგებად მოდის, მელანოს რეაქცია გამაოგნებელია. აბდუშაჰილი თავს ბაში-აჩუკის მოსისხლე მტრად მიიჩნევს: გარდა იმისა, რომ ის აჯანყებულთა მთავარი დამრტყმელი ძალაა და საფრთხეა ყიზილბაშებისთვის, მან აბდუშაჰილი ჭიდაობისას სამარცხვინოდ დასცა ძირს, პატივი აჰყარა ყიზილბაშთა უძლეველ ფალავანს. აბდუშაჰილი მელანოსთან მიდის ცალ ხელში ოქროთი სავსე ქისით და მეორეში – ხმლით და ჰპირდება, რომ თუ ბაში-აჩუკს დააჭერინებს, მისი თავისთვის დაწესებული ათასი ოქროც მას შეხვდება, ხოლო თუ მის გაცემაზე უარს იტყვის, ხმლით აკუწვა არ ასცდება. მელანო დაუფიქრებლად ირჩევს სიკვდილს! აბდუშაჰილისთვის ეს სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელია: სახელგატეხილი გლეხის ქალი ნამდვილ სიყვარულს სიცოცხლის ფასადაც არ ღალატობს. აბდუშაჰილის რეაქცია ასეთია: „გეხუმრე, შენ სასიკვდილოდ გასამეტებელი არა ხარ! აფერუმ, დედაკაცო, სიყვარულიც გცოდნია და მეგობრობაც! ბევრი რამ გამეგონა ქართველ ქალებზე, მაგრამ ნახევარიც არ მეჯერა, ახლა კი გამოგცადე და დავრწმუნდი!“

მელანოს სახე შესანიშნავი მასალაა საბაზო და საშუალო საფეხურზე პერსონაჟის სახის დეკოდირების, სინთეზისა და ანალიზისთვის. ასევე ღირებული პერსონაჟია საიმისოდ, რომ კლასმა მოამზადოს თეატრალიზებული წარმოდგენა ან როლური თამაში.

გაგიზიარებთ გამოცდილებას: ჩემმა მერვეკლასელებმა გასულ სასწავლო წელს დაწერეს სცენარი როლური თამაშისთვის და ინტერსაკლასო სასკოლო კონკურსზე გაიტანეს მინისპექტაკლი სათაურით „მელანო“, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. თუ მოისურვებთ, თქვენც გააცოცხლოთ აკაკის ეს უნიკალური პერსონაჟი, ბავშვების ნებართვით გაგიზიარებთ ამ სცენარს:

მ ე ლ ა ნ ო

(სცენარი როლური თამაშისთვის აკაკი წერეთლის “ბაში-აჩუკის” მიხედვით)

მოქმედი გმირები: მთხრობელი, მელანო, თიმსალ-მაკო, ბაში-აჩუკი, ალი-ყული-ხანი, აბდუშაჰილი, მეთაური, პირიმზისა)

მიზანსცენა  I (თიმსალ-მაკო, მელანო და ბაში-აჩუკი)

მთხრობელი: 1659 წლის კახეთის აჯანყება. ერის ერთიანობის ამაღელვებელი ამბავი. მთელი საქართველო დაიძრა, რათა კახეთი სპარსული ოკუპაციისგან ეხსნათ. გაერთიანდნენ საქართველოს მთიელები, თუშ-ფშავ-ხევსურები და დადგნენ კახეთის გმირებთან. ახმეტის მთავრის ბიძინა ჩოლოყაშვილის მიერ შექმნილ აჯანყებულთა რაზმებს, გავარდნილებს, იმერეთიდან, საწერეთლოდან გადმოსული ბაში-აჩუკი შეუერთდა. ის იმდენად საშიში მტერი იყო სპარელთა მეთაურის, ალი-ყული ხანისთვის, რომ მისი თავი ათას ოქროდ შეაფასა. ამხელა ფულის სურვილმა საღერღელი აუშალა თიმსალ-მაკოს. ეს იყო თელავში მცხოვრები ტერტერას ქვრივი, ჭკუითა და მოხერხებით განთქმული; უიმისოდ არც ჭირი იქნებოდა და არც ლხინი. თანაც განთქმული მაჭანკალი იყო. ატყდებოდა თუ არა სადმე ახალგაზრდებში ტრფობის ცეცხლი, ის მაშინვე იქ გაჩნდებოდა; ყველას იცნობდა, ყველა ოჯახში შინაური იყო, მაგრამ არავის უყვარდა. გაიგო თუ არა, ბაში-აჩუკის თავი ათას ოქროდ დააფასესო, ანგარებამ აიტანა და ამბობდა გუნებაში:

თიმსალ-მაკო: ხუმრობა არ არის ამდენი ფული! ჩემი ხერხიანობა და ამდენი ფული ქვეყანას, გინდა, წაღმა დაატრიალებს და, გინდა, უკუღმა. ბაში-აჩუკი როგორმე მე უნდა ჩავიგდო ხელში! როგორ შეიძლება, რომ მისი ბინა და ვინაობა ხალხში არავინ იცოდეს? მარტო ის ხომ არ არის გავარდნილი, მასთან ერთად, ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდებია? როგორ დავიჯერო, რომ ერთ მათგანს მაინც აქაურ სოფლელებთან კავშირი არა ჰქონდეს?

მთხრობელი: თიმსალ-მაკო საქმეს შეუდგა. სადაც კი მოჰკრავდა ყურს, ამა და ამ სოფელში ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი არისო, იმდენს ეცდებოდა, რომ გასცნობოდა და დამეგობრებოდა. ზოგიერთ ოჯახში ნათელმირონიც კი შეიტანა, მაგრამ ვერას გახდა, ვერა გაიგო რა, მხოლოდ ეს კი აიღო აზრად, რომ, თუ ვინმემ იცის მათი ამბავი, თევდორაანთ მელანომ უნდა იცოდესო და დაუხშირა იმასთან სიარულს. თევდორაანთ მელანო თელავის მახლობლად, ერთი პატარა სოფლის განაპირას, ტყის პირას ცხოვრობდა ორი პატარა შვილით; ქმარი თათრის ჯარში ჰყავდა ჩაფრად შესული, თვითონ ორ-ორ თვეობით თვალით ვერა ხედავდა. სილამაზით ნაქები იყო და, ცოტა არ იყოს, სახელიც გატეხილი ჰქონდა. თიმსალ-მაკომ ერთხელ, სტუმრად რომ მივიდა მასთან, სახეზე უსიამოვნება შეატყო და განგებ იგვიანებდა წასვლას, სანამ მოსალოდნელმა ავდარმა მართლა არ მოასწრო. შეიქნა ერთი ჭექა-ქუხილი და თავსხმა. ასე რომ სტუმარი უნდა დარჩენილიყო მელანოსთან. მასპინძელს შფოთვა თანდათან უფრო ეტყობოდა და ვახშმის მზადებას დაუჩქარა; თიმსალ-მაკოს ღვინო გამოუტანა.

მელანო: დალიე, ღმერთმა შეგარგოს, და ტკბილად დაგეძინება!

თიმსალ-მაკო (სიცილით): ჩემო ნათლიდედავ, ეგ რომ არ დავლიო, ისეც ტკბილად დამეძინება. მისთანა წამალს დავაყრი ხოლმე ვახშმად ჩემს საჭმელს, გათენებამდის ზარბაზნებიც რომ თავზე მახალონ, მაშინაც ვერას გავიგებ; მხოლოდ ფერად-ფერადი სიზმრები, თითქო სასუფეველში ვიყო, ისე დამტრიალებს თავს; ერთხელ რომ სინჯო, შენც, ჩემი არ იყოს, მერე ხელს ვეღარ აიღებ.

ამოიღო ჯიბიდან პატარა გამოკრული პარკი, გაშალა და ფხვნილი შეჭამანდს მოაყარა:

თიმსალ-მაკო: ხაშხაშისაგან შეზავებული ძილის წამალია; შენ კი ვერ გირჩევ, ჩემო ნათლიდედავ, ბალღების პატრონი ხარ და ღამე ბევრჯერ გამოღვიძება დაგჭირდება; მე კი, რომ დავეგდები რუმბივით, გათენებამდე ვეღარას გავიგებ, მკვდრის ძილი წამიღებს.

მოუკრა თავი პარკს და ჩაიდო ისევ ჯიბეში. ჯერ შუა ჭამამდე არ იყვნენ მისული, რომ თიმსალ-მაკოს მთქნარება დააწყებინა და თვალები მოეპრუწა; ერთი-ორი წამოილუღლუღა გაუგებრად და ჩაჰკიდა თავი… ძილი მოეკიდა; მელანომ ძლივს მიათრია კუთხისკენ, მიაწვინა ლოგინზე და საბანი გადააფარა. სტუმარი გადაბრუნდა კედლისკენ და ამოუშვა ხვრინვა.

მელანო (ღიმილით): მეორედ მოსვლამდისაც ნუ გამოგღვიძებია!

მელანო გამოტრიალდა სუფრისკენ და ხელახლა დაუწყო გაწყობა; მიდგა თაროზე, გადმოიღო იქიდან ცივად მოხარშული დედალი, ყველი, მოხარშული კვერცხები, ხელადით ღვინო, გააწყო სუფრა და ხელ-პირი დაიბანა, თმა დაივარცხნა, წითელი ბაღდადი მოიხვია თავზე და კოპწიაობა დაიწყო. რამდენჯერმე მოიხედა თიმსალ-მაკოსკენ, მაგრამ ის ვერას ხედავდა: პირშექცეული კედლისკენ ეგდო უძრავად და ხვრინავდა. მელანომ მიიტანა თავისი ძველი თავსაფარი და თავზე გადააფარა, გამობრუნდა, დაჯდა ცეცხლთან სამფეხა სკამზე და კარებისკენ იწყო ყურება. დიდ ხანს აღარ გაუვლია, რომ ეზოში ძაღლმა დაიყეფა და შეუტია ვიღაცას, მაგრამ მალე გაკმინდა ხმა, წუწკუნი დაიწყო; მელანო ზეზე წამოვარდა და მიაშურა კარებს გასაღებად; თავმომძინარებულ თიმსალ-მაკოს გულმა დაუწყო ძგერა. მაგრამ არ განძრეულა. სახლში შემოვიდა ბაში-აჩუკი, მოიხსნა სველი ნაბადი და მიაყუდა კედელზე, მოიხადა ყაბალახი, უკან ზურგისკენ გადაიგდო ფაფანაკი, თოფი იქვე მიაყუდა, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი ტანზევე გაისწორა და ღიმილით გადაეხვია მელანოს. ქალი წურბელასავით ჩამოეკიდა კისერზე; ახალმოსულს უცბად ხვრინვა შემოესმა და შეკრთა.

მელანო: ნუ გეშინია, ჩემო სიცოცხლევ, ჩემი ნათლია არის, ტერტერას ქვრივი, ხაშხაშნაჭამია და სძინავს. დილამდე მაგას ძაღლის ყეფაც კი ვერ გამოაღვიძებს.

ბაში-აჩუკი მაინც ეჭვით აქნევდა თავს. თავის სიმართლის დასამტკიცებლად მელანომ ჯინჯღარი დაუწყო მძინარს, ხან ფეხებში მოავლო ხელი, ხან თავი აუწია: ბევრი აცოდვილა, მაგრამ ვერ გამოაღვიძა. ერთხელ კი წაიჭუჭყუნა მძინარმა და ამოუშვა ისევ ხვრინვა.

ბაში-აჩუკი: თავი დაანებე, ნუღარ აწვალებ! სანამ ეგ გამოიღვიძებდეს, მე აქედან შორს ვიქნები!

მიუჯდა სუფრას და საყვარელიც გვერდში მოისვა. დიდხანს იჭიკჭიკეს ისე, როგორც შეყვარებულთა წესია.

მელანო: ერთი მითხარი, სულ მინდა გკითხო, ბაში-აჩუკს რად გეძახიან?

ბაში-აჩუკი: ეს აქ დამარქვეს თათრებმა: ფაფანაკით რომ მხედავენ, უქუდო ვგონივარ, თავმოხდილი, და მათებურად ბაში-აჩუკი თავმოხდილს ნიშნავს.

მელანომ და ბაში-აჩუკმა ივახშმეს, ნავახშმევს ცოტა მოიალერსეს… მამლის ყივილზე ვაჟი გამოესალმა ქალს.

ბაში-აჩუკი: დღეის სწორამდის ნუღარ დამელოდები, მელანო!

მთხრობელი: ბაში-აჩუკი წავიდა. ტერტერას ქვრივს ერთი სიტყვაც მათი ნალაპარაკევი არ გამოჰპარვია, მაგრამ დილას მზე უკვე კარგად იყო ამოსული, რომ გამოეღვიძა და ისე წამოდგა, თითქო წუხელი სიზმარიც არ ენახოსო.

თიმსალ-მაკო: შენ გაიხარე, მელანო, რომ წუხელ იმ თავსხმაში ფეხით არ გამიშვი. ვერც მივაღწევდი სახლამდე.

მელანო: კარგად გეძინა, თიმსალ?

თიმსალ-მაკო: მკვდარივით, არაფერი გამიგია. მშვიდობით, ნათლიდედ!

მელანომ გაიღიმა და კარისკენ გააცილა სტუმარი.

 

მიზანსცენა II (ალი-ყული ხანისა და აბდუშაჰილის შეხვედრა)

მთხრობელი: ალი-ყული ხანმა იმ დღეებშივე დაიბარა აბდუშაჰილი და უთხრა:

ალი-ყული ხანი: ერთგულების გამომჩენი, როგორც ჩვენებში, ისე სხვისიანებშიაც, ბევრი მყავს, მაგრამ ამ საიდუმლოს შენს მეტს მაინც ვერავის გავანდობ!

აბდუშაჰილმა მორჩილების ნიშნად შუბლზე მიიდო ხელი და მოახსენა:

აბდუშაჰილი: ბაშ უსტა, მბრძანებელო!

ალი-ყული ხანი: იმ ტარტაროზ, ჩვენს ჯაშუშ თიმსალ-მაკოს ხომ კარგად იცნობ? მისგან გავიგე, რომ ბაში-აჩუკი თევდორაანთ მელანოს საყვარელი ყოფილა და ღამღამობით მასთან დაიარება თურმე. ამასწინათ თიმსალ-მაკო შესწრებია მელანოს სახლში ბაში-აჩუკის სტუმრობას. საყვარლისთვის დაუბარებია, კვირის თავზე ისევ გესტუმრებიო. ახლა შენ იცი, ცხენოსნები წამოიყვანე დანიშნულ დღეს, შემოარტყი გარს მელანოს სახლს, ის ქალიც და ბაში-აჩუკიც გაკოჭილები აქ მომგვარე!

აბდუშაჰილი: ბაშ უსტა, მბრძანებელო! წავალ და ვეცდები დავალების შესრულებას!

აბდუშაჰილი წამოვიდა ალი-ყული ხანისგან და გზაში ფიქრობდა:

აბდუშაჰილი (თავისთვის): მარტო რომ სადმე შევყროდი და სამაგიერო გადამეხდევინებინა, ის იქნებოდა კარგი, თორემ კაცს უდროოდ და უადგილოდ მივასწრო, ჯარი დავახვიო და დავიჭირო, ეს რა კაცობაა და რა საკადრისია?

მიზანსცენა III (აბდუშაჰილის მოულოდნელი სტუმრობა მელანოსთან)

მთხრობელი: საღამოს აბდუშაჰილი მელანოს სახლს მიადგა და თათრის დანახვით შეშინებულ მელანოს უთხრა:

აბდუშაჰილი: ნუ გეშინია! სამოყვროდა ვარ მოსული და არა სამტროდ!

მელანო: კურთხეულ იყოს თქვენი მობრძანება!

ყელმოღერებით უთხრა, მორცხვად კავები გაისწორა და სკამი დაუდგა. თათარმა მიიხედ-მოიხედა, კარი გადაკეტა და ხანჯალი ამოიღო, ქალი შეკრთა და უთხრა:

მელანო: რა საჭიროა ძალადობა იქ, სადაც ისედაც გნებდებიან, ჩემო ბატონო?

თათარმა, ვითომ ვერც კი გაიგონა ეს სიტყვები, ჩაიყო მეორე ხელი ჯიბეში და სავსე ქისა ამოიღო.

აბდუშაჰილი: აი, ხომ ხედავ? ერთ ხელში ხანჯალი მიჭირავს, მეორეში – ოქრო. რომელიც გინდა, აირჩიე! თუ ჩემს სურვილს შეასრულებ, გაგამდიდრებ, თუ არა და ამ ხანჯალზე აგაგებ ახლავე!

მელანო (მორცხვად): ნურც ხანჯალს გარჯი და ნურც ოქროს დახარჯავ, მე შენს ვაჟკაცობასაც დავჯერდები!

აბდუშაჰილი (მკვახედ): ცდები! შენ რომ ფიქრობ, მე იმ განზრახვით არ მოვსულვარ! მე ვიცი, რომ შენთან ბაში-აჩუკი დადის და ის როგორმე ხელში უნდა ჩამაგდებინო!

ამის გამგონე მელანო გაფითრდა და კანკალი აუვარდა.

მელანო: არა, ბატონო, ვფიცავ მაღალ ღმერთს, ბაში-აჩუკთან მე რა საქმე მაქვს? ნანახიც არ მყავს, მისი სახელი მხოლოდ სხვებისგან გამიგონია!

აბდუშაჰილი: არა, აქ ფიცი აღარ გაგივა, დაწვრილებით ვიცი, როგორც არის საქმე! აჰა! წაიღე ამჯერად ეს ქისა და მერე, როცა იმას ხელში ჩამიგდებ, ის ათასი ოქროც შენთვის დამითმია! ნუ გეშინია, არც მოღალატეობას გაგიმხელ, ალლაჰი მომიცია თავდებად!

აბდუშაჰილი დიდხანს ურჩევდა, მაგრამ გაკერპებული ქალი ჯიუტად იქნევდა თავს უარის ნიშნად. ის უკანასკნელად მიუბრუნდა ქალს და შესძახა:

აბდუშაჰილი: მაშ, ახლა კი გამოეთხოვე სიცოცხლეს!

ქალი ჩაიკეცა და სიკვდილის მომლოდინემ თვალებზე ხელი მიიფარა; კაცმა ხელები მოავლო, წამოაყენა ზეზე და დამშვიდებით უთხრა:

აბდუშაჰილი: გეხუმრე, შენ სასიკვდილოდ გასამეტებელი ქალი არა ხარ! აფერუმ, დედაკაცო, სიყვარულიც გცოდნია და მეგობრობაც! ბევრი რამ გამეგონა ქართველ ქალებზე, მაგრამ ნახევარიც არ მეჯერა, ახლა კი გამოგცადე და დავრწმუნდი!

მელანო მუხლებზე მოეხვია და დაუწყო კოცნა.

აბდუშაჰილი (თავისთვის): აი, საოცრება! ამით აიხსნება ის საიდუმლო, რომ ამდენი ხანია ქართველები ვერაფრით დაიმორჩილა უძლეველმა შაჰმა!

აბდუშაჰილი (მელანოს): მე ვიცი, რომ ამა და ამ დღეს ბაში-აჩუკი შენთან იქნება; მეც ნაბრძანები მაქვს, რომ ჩემი ცხენოსნებით შემოვერტყა გარს შენს სახლს და დავიჭირო, მაგრამ გააფრთხილე, რომ აქ არ დამიხვდეს!

გაოცებულმა მელანომ უცბად შეჰკივლა:

მელანო: მაშ, შენ მეგობარი ყოფილხარ ბაში-აჩუკის?

აბდუშაჰილი: არა, მტერი, დაუძინებელი მტერი! ან ის უნდა იყოს და ან – მე! ან უნდა მოვკლა, ან უნდა შევაკვდე, მაგრამ უნდა შევხვდე სადმე და პირდაპირ უნდა მივიდეთ ერთიმეორეზე ისე, როგორც ვაჟკაცის წესია და არა ქურდულად, ღალატით, როგორც ნაბრძანები მაქვს!.. ხომ გესმის? ესეები ყველა გადაეცი ბაში-აჩუკს! ახლა კი მშვიდობით და გამარჯვებით.

მთხრობელი: გადაუგდო ოქროებით სავსე ქისა და გაიარა კარი. დანიშნულ ღამეს აბდუშაჰილი მართლა შემოერტყა გარს მელანოს სახლს, მაგრამ სახლში შეშინებული ქალისა და მძინარე ბავშვების მეტი ვერავინ ნახეს. იმავე დროს შიგ თელავში ავარდა ალი და თიმსალ-მაკოს სახლი ისე გადაიბუგა, რომ ვეღარაფერი გადაარჩინეს, გარდა ადამიანებისა.

მიზანსცენა IV (გავარდნილების გამოქვაბული ტყეში. მეთაური, მელანო, ბაში-აჩუკი, პირიმზისა და აბდუშაჰილი)

მთხრობელი: შუაგულ ტყეში, ერთ თითქმის მიუვალ ნაპრალში, გამოქვაბულში, ისხდნენ ახალგაზრდა ბიჭები ცეცხლის წინ და მწვადებს აშიშხინებდნენ. იქვე გრძელი სუფრა ედგათ, მაგრამ ცარიელი, ზედ არც პურები ეწყო, არც ღვინო და არც საჭმელი. გარედან ფეხის ხმა მოისმა და შემოვიდა ქალი მოზრდილი კალათით.

მეთაური: ოჰ, მელანო, შენ ხარ?

მელანო: მე ვარ, სანდო ვერავინ ვიშოვნე, რომ გამომეტანებინა და მეტი რაღა გზა მქონდა? მოვდიოდი, მაგრამ შიშით კი მუხლები მიკანკალებდა. მალე დამიცალეთ!.. მძინარე ბალღები მარტო დავყარე შინ!

მელანომ გადასცა სანოვაგით სავსე კალათა.

მეთაური: დაიცა, ვახშამს დავამთავრებთ და კიდეც გაგატანთ ვინმეს სამშვიდობომდის!

მელანო წყნარად მიჯდა კუთხეში თავისთვის. კალათიდან პურები ამოალაგეს, ხელადით ღვინო, ქოთნით სადილი დააწყვეს სუფრაზე.

მეთაური: გაუმარჯოს მეძღვნეს! სამაგიეროდ ჩვენც ჩვენი დღევანდელი ნანადირევი გავუნაწილოთ! ბიჭებო, მოუჭერით შვლის ხორცი ჩვენს ერთგულ მელანოს!

დათანხმდა ყველა და დაჭრილი შვლის ხორცი ჩაუწყვეს კალათში მელანოს. უცბად ზარნაშომ დაიკივლა; წამოცვივდნენ სუფრიდან, მოავლეს იარაღს ხელი და გავარდნას აპირებდნენ კარში, რომ ზარნაშოს ხმა არ შეწყდა და წრომმა დაიწყო წივილი. შემობრუნდნენ ისევ.

მეთაური: ალბათ მეთვალყურენი შეცდნენ, მაგრამ რა ხუმრობაა? ჩვენ კი გული გადაგვიტრიალდა და!

შემოვიდა პირიმზისა და სიცილით თქვა:

პირიმზისა: ვაითუ, შეშინდით! მეთვალყურე შეცდა, კარგად ვერ გაარჩია სიბნელეში, ჩემი ტყვე მტრად მიიღო და ნიშანი მოგცათ. კიდევ კარგი, რომ მალე გავაგებინე და სამშვიდობოზე გადავიდა.

მეთაური: ვინ ტყვე მოგვგვარე, პირიმზისა? რას გვეუბნები, ვერ გამიგია!

პირიმზისა: დიახ! მოგიყვანეთ დამორჩილებული! იარაღიც არ ამიყრია, რომ ვაჟკაცისათვის სირცხვილი არ მეჭმია. მიიღეთ, როგორც სტუმარი! საწყენი არაფერი ჰკადროთ!

სწრაფად გავიდა გარეთ და შემოიყვანა აბდუშაჰილი. წამოცვივდნენ სუყველა ზეზე და მიაჩერდნენ. აბდუშაჰილი შემოსასვლელშივე შეჩერდა და გაოცებით დაიძახა:

აბდუშაჰილი: ბაში-აჩუკ!

პირიმზისა: დიახ, აბდუშაჰილ, ეს ბაში-აჩუკია და მე მისი და ვარ!.. კურთხეულ იყოს თქვენი შეყრა და ფეხბედნიერი – აქ შემოსვლა!

ჩამოვარდა სიჩუმე. ყველა გაოცებული უყურებდა ერთმანეთს. აბდუშაჰილმა ხელები ააპყრო მაღლა და თქვა:

აბდუშაჰილი: დაილოცა, ღმერთო, შენი უცნაური განგება! ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარეს!

ბაში-აჩუკმა გაიცინა და უპასუხა:

ბაში-აჩუკი: ჩემი სათქმელიც ეგ არის!.. შენ სტუმარი და ჩვენ მასპინძელი!

მივიდა, გადახვია ხელი, წამოიყვანა და მოისვა გვერდით.

ბაში-აჩუკი:მოულოდნელად ღვთის მოცემულო სტუმარო, ნუ დაგვიწუნებ სუფრას! ღარიბია, მაგრამ მხიარული! აბდუშაჰილ, აქ ყველამ ერთმანეთის ამბავი იცის. შენც მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი ამ გაუგებრობაში?

შემოუსხდნენ სხვებიც გარს. პირიმზისა თავდახრილი იჯდა.

აბდუშაჰილი: თავდაპირველად მე იმას გეტყვით, თუ როგორ აღმოვჩნდით აქ ერთად მე და პირიმზისა. ერთ დღეს შუამთის მონასტრის მიმდებარე ტყეში ვსეირნობდი. თავის შველთან ერთად მონასტრიდან გამოსულ პირიმზისას წავაწყდი. მისმა სილამაზემ გამაოგნა. ერთი ნახვით შემიყვარდა. ხეს ვეფარებოდი და ვუთვალთვალებდი. ის ვერ მხედავდა. მერე გამოვეცხადე გასაცნობად, მაგრამ თათრის დანახვაზე პირიმზისას შიშისგან გული წაუვიდა. ხელში ავიყვანე და გადავწყვიტე, რომ მონასტერში მიმეყვანა. მონასტრის კარი ჩაკეტილი იყო. ქალი წინა კართან დავაწვინე და ტაძარს გარს შემოვუარე, მაგრამ სანამ უკან მოვბრუნდი, ის აღარ დამიხვდა. როგორც ჩანს, გონს მოვიდა და დამემალა. იმ დღიდან მოყოლებული, სულ შუამთის ტყეში დავდიოდი, რომ როგორმე ისევ მომეკრა თვალი, მაგრამ ის არ ჩანდა. იმ საზარელ დღეს, როცა ჩემიანებმა შუამთა აიკლეს, ისევ მივედი მონასტერთან, რომ ჩემი ანგელოზის ამბავი შემეტყო. ტყეში ხანჯლით განგმირული იწვა ჩემი სიყვარული. ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. დავიტირე მთელი გულით, დავმარხე ძვირფასი ცხედარი და მის საფლავზე ყოველღე ავდიოდი. თურმე ის პირიმზისას ტყუპისცალი პირმთვარისა ყოფილა. პირიმზისამ შენიშნა, როგორ დავტიროდი მის დას. მიხვდა ყველაფერს. დღეს გამომეცხადა და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე გამითენდა. ჩვენ ფიცი დავდეთ, რომ რადგან ჩვენი რჯული სიყვარულსა და ქორწინებას გვიკრძალავს, დაძმურად ვიყოთ. მართალია, თქვენი მტრის სამსახურში მიწევს ყოფნა, მაგრამ პირიმზისას მფარველი ვიქნები ყოველთვის. ისე კი თათრებთან ყოფნა მეც უკვე ვეღარ ამიტანია! ვიცი, რომ წარმოშობით ქართველი ვარ, მაგრამ ფესვებს ვეღარ ვპოულობ, თანაც თათრების ამდენი ბოროტება ყელში მაქვს ამოსული. ქართველი ხალხი ძალიან მეცოდება და მიჭირს მტრობა. მე ერთი უთვისტომო კაცი ვარ: არ ვიცი, ვინ იყო ჩემი მამა-პაპა და საიდან მოვხვდი არდალანში. ძლივს მაგონდება და ოდნავ მახსოვს, რაც საბრალო დედაჩემისაგან გამიგონია!.. ოდესღაც ჩემს სოფელს ლეკები დასცემიან, აუკლიათ მთელი სოფელი, ჩვენი ოჯახიც ამოუწყვეტიათ, მე დავრჩენილვარ ძუძუმწოვარი და დედასთან ერთად ტყვედ წავუყვანივართ; მყოლია ერთი უფროსი და, მაგრამ ის სხვა სოფელში ყოფილა გაბარებული მღვდელთან და გადარჩენილა. ამის მეტი არა ვიცი რა…

მელანო სულგანაბული უგდებდა ყურს. თვალები უფართოვდებოდა, მღელვარება იპყრობდა. უცებ შეჰყვირა:

მელანო: კეფაზე ხალი ხომ არა გაქვს, აბა, მაჩვენე!

აბდუშაჰილი (იბნევა, შემდეგ აშტერდება მელანოს): ჰოოოო… შეეეენნნნ… მელლლაააანოოოოო….

მელანო (მივარდა, გადაეხვია ძმას და დაიწყო ქვითინი): ღმერთს არ სდომებია ჩვენი ერთმანეთისთვის დაკარგვა, ძმაო!

გაოცებული მაყურებლები პირჯვარს იწერდნენ, ღმერთს მადლობას სწირავდნენ და ულოცავდნენ ახალშეყრილებს. აბდუშაჰილმა აღარ იცოდა, რა ექნა! ჩამოვარდა სიჩუმე. პირიმზისა მიუბრუნდა აბდუშაჰილს:

პირიმზისა: მეც მომილოცავს!.. ახლა, რადგან ნამდვილი და გამოგიჩნდა, ჩვენი დაძმობა აღარაფერი საჭიროა.

აბდუშაჰილი (შეშინებული): როგორ! მაშ, დღეიდან აღარაფერი ვიქნებით ერთმანეთისათვის?

პირიმზისა: ნაცნობები, ისე, როგორც ქრისტიანი და მაჰმადიანი!

აბდუშაჰილი: არა! აქ მაჰმადიანი აღარ არსებობს! ხომ გაიგონე, რომ ქრისტიანად ვყოფილვარ დაბადებული! დღეს განგებამ მოინდომა, რომ საკუთარ ფესვებს დავბრუნებოდი! დღეიდან მეც თქვენი რჯულის აღმსარებელი და თაყვანისმცემელი ვარ. ბაში-აჩუკ! მიმიღეთ თქვენს გუნდში, რომ ამიერიდან მეც თქვენი ჭირი და ლხინი გავიზიარო!..

ამ გულწრფელმა სიტყვებმა ყველა აღტაცებაში მოიყვანა და დიდი სიხარული დატრიალდა.

ბაში-აჩუკი: აბდუშაჰილ! დიდია ღმერთი და განგება მისი – მიუწვდომელი! შენ შეგიძლია, რომ ჩვენს ქრისტიანობას დიდი სამსახური გაუწიო. მოვალეცა ყოფილხარ და ნუ აჩქარდები!.. რაც მოხდა, გარკვეულ დრომდე ყველაფერი უნდა საიდუმლოდ დაიმარხო გულში, მიხვიდე ისევ შენს ჯარში და ისე დაიჭირო თავი, რომ ცვლილება არაფერი გეტყობოდეს. დაარწმუნე ყველა, ბაში-აჩუკი მოვკალი-თქო; ნიშნად წაიღე ეს ჩემი ფაფანაკი და სისხლში მოსვრილი მიართვი უფროსებს. დაგიჯერებენ და ჩვენც აღარსად გამოვჩნდებით, გულდამშვიდებული ხანი წყალობით აგავსებს. ახლა ასეა საჭირო ჩვენი საერთო ბედნიერებისათვის. მეტს აღარას გეტყვი. დაწვრილებით მაშინ გაიგებ ყველაფერს, როცა ჩოლოყაშვილთან ერთად მოვილაპარაკებთ!

მივიდა, გადაეხვია და გადაკოცნა ძმურად, მოიხადა ფაფანაკი და გაუწოდა. აბდუშაჰილმა მოიძრო თავისი ჩალმა, ძირს დაახეთქა და ბაში-აჩუკის ფაფანაკი დაიხურა თავზე.

მელანო: ახლა ჩემი შვილებიც გებრალებოდეთ, მარტო დავყარე! დროა ჩემი წასვლის! გამცილებელიც ხომ ღმერთმა მაშოვნინა, სხვა საჭირო აღარავინ არის, ჩემი ძმაც მიმიყვანს!

თქვა და ჩაჰკიდა ხელი აბდუშაჰილს. პირიმზისამ თითქოს შურით გააყოლა თვალი, წარბშეჭმუხვნით შეხედა; მელანომ შენიშნა და ცბიერი ღიმილით უთხრა:

მელანო (პირიმზისას): ღამე მშვიდობისა და ძილი ნებისა, ჩემო რძალო! გულით გისურვებ ტკბილი სიზმრების კეთილად ახდენას!..

გავიდა აჩქარებით და თან გაიყვანა აბდუშაჰილიც. ყველანი გადიან და ბრუნდებიან სცენაზე მაყურებლის ტაშის დროს მადლობის

სათქმელად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“