თანამედროვე სამყაროში მედია ბავშვის სოციალიზაციის, ინფორმირებულობისა და სამყაროს აღქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოა. თუმცა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მედიის პასუხისმგებლობა ბავშვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაუმჯობესდა. თუ ტრადიციული ტელევიზიისა და ბეჭდური მედიის ეპოქაში ბავშვი ძირითადად ინფორმაციის მიმღებად განიხილებოდა, თანამედროვე ციფრულ გარემოში იგი ერთდროულად არის ინფორმაციის მომხმარებელი, შემქმნელი, გამავრცელებელი და ონლაინ კომუნიკაციის აქტიური მონაწილეც.
სწორედ ამიტომ დღევანდელ მოცემულობაში ბავშვისა და მედიის ურთიერთობის განხილვა მხოლოდ კითხვით „რა ზიანს აყენებს მედია ბავშვს?“ არასაკმარისია. უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი კითხვები: როგორ არჩევს მოზარდი ინფორმაციას? როგორ აფასებს მის სანდოობას? როგორ რეაგირებს დეზინფორმაციაზე, ძალადობრივ ან მანიპულაციურ კონტენტზე? რა იცის საკუთარი ციფრული კვალისა და პირადი მონაცემების შესახებ? რამდენად შეუძლია ციფრულ გარემოში დამოუკიდებელი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება?
ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მედიაწიგნიერებას და მის როლს მოსწავლეთა განვითარებაში.
ბავშვის უფლებებიდან მედიაწიგნიერებამდე
ბავშვისა და მედიის ურთიერთობის საკითხი ახალი არ არის. ჯერ კიდევ 1999 წელს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მედიის პროფესიონალები, ახალგაზრდები და ბავშვის უფლებათა სპეციალისტები შეიკრიბნენ და ჩამოაყალიბეს ე.წ. „ოსლოს გამოწვევა“, რომელშიც ხუთი მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა: ბავშვის უფლება მედიაზე წვდომაზე, მედიის შესახებ ცოდნის მიღებაზე, მედიაში მონაწილეობაზე, მავნე ზემოქმედებისაგან დაცვაზე და მედიის პასუხისმგებლობა ბავშვის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის პროცესში. ამ ხედვის მნიშვნელოვანი თავისებურება ის იყო, რომ ბავშვი ერთსა და იმავე დროს განიხილებოდა როგორც დაცვის საჭიროების მქონე პირი და როგორც აქტიური მონაწილე.
ეს მიდგომა დღესაც აქტუალურია. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლები ბავშვს ანიჭებს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის, ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლებას. მე-17 მუხლი კი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელობას ბავშვის სოციალური, მორალური და ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას უკავშირებს. თანამედროვე ციფრულ გარემოში ეს უფლება კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს. ბავშვი ყოველდღიურად ხვდება სოციალურ ქსელში, ვიდეოპლატფორმებზე, საძიებო სისტემებში, ონლაინ თამაშებში და უკვე ხელოვნური ინტელექტის სისტემებშიც. ამიტომ ინფორმაციის მიღების უფლება უნდა უკავშირდებოდეს ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების შესაძლებლობასაც. აქ მედიაწიგნიერება ხდება ბავშვის უფლებების პრაქტიკული განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
მედიაწიგნიერების თანამედროვე გაგება უკავშირდება პაულო ფრეირეს კრიტიკული პედაგოგიკის იდეებს. თავის ცნობილ ნაწარმოებში „ჩაგრულთა პედაგოგიკა“ ფრეირე აკრიტიკებდა ე.წ. „საბანკო განათლების მოდელს“, სადაც მასწავლებელი ცოდნის მატარებელია, ხოლო მოსწავლე – მისი პასიური მიმღები. ამის საპირისპიროდ, იგი გვთავაზობდა დიალოგურ განათლებას, რომლის დროსაც მოსწავლე თავად სწავლობს კითხვების დასმას, რეალობის გააზრებას და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას, ვინაიდან, ავტორის თქმით, „მასწავლებელი მოსწავლეების მაგივრად ვერ იფიქრებს და ვერც თავის ფიქრს მოახვევს თავს, ავთენტური აზროვნება, რომელიც რეალობას უკავშირდება, იზოლაციაში ვერ იარსებებს, მას მხოლოდ კომუნიკაცია აცოცხლებს“ (Freire, P. (2000).
ფრეირესთვის წიგნიერება მხოლოდ ტექსტის წაკითხვა არ არის – ის გულისხმობს „სამყაროს წაკითხვის“ უნარსაც, მაშასადამე, იმის დანახვას, როგორ ყალიბდება სოციალური რეალობა, ვინ ქმნის მნიშვნელობებს და როგორ მოქმედებს ძალაუფლება ადამიანთა შეხედულებებზე. ციფრულ ეპოქაში ეს იდეა შეიძლება ასე განვავითაროთ: თანამედროვე მოსწავლეს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ტექსტის, არამედ მედიის, ალგორითმების და ციფრული ნარატივების წაკითხვა და მათი კრიტიკული ანალიზიც. მაგალითად, მოსწავლეს უნდა შეეძლოს შემდეგი კითხვების დასმა:
- ვინ შექმნა ეს ინფორმაცია?
- რა მიზანს ემსახურება?
- რა მტკიცებულებას ეფუძნება?
- რატომ მაჩვენა პლატფორმამ სწორედ ეს მასალა?
- ვინ არის წარმოდგენილი და ვისი ხმა არ ჩანს?
- შესაძლებელია თუ არა, ინფორმაცია სწორ ფაქტებს ეფუძნებოდეს, მაგრამ მაინც მანიპულაციურად იყოს წარმოდგენილი?
ასეთი კითხვები მედიაწიგნიერებას მხოლოდ ტექნიკურ უნარად აღარ ტოვებს – შესაძლებლობას გვაძლევს, განვიხილოთ ის როგორც კრიტიკული პედაგოგიკის პლაცდარმი ან როგორც ხიდი კრიტიკულ ცნობიერებასა და ციფრულ გარემოში პასუხისმგებლობიან მოქმედებას შორის.
მედიის გავლენიდან ციფრულ მდგრადობამდე
ნიშანდობლივია, რომ ციფრული გამოცდილება ყველა მოზარდზე ერთნაირად არ მოქმედებს – მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასაკი, პიროვნული თავისებურებები, სოციალური გარემო, ოჯახის მხარდაჭერა და თავად მოზარდის ციფრული კომპეტენცია, ამიტომ თანამედროვე კვლევებში მნიშვნელოვანი გახდა ცნება online resilience – ე.წ. ონლაინ მდგრადობა. იგი გულისხმობს მოზარდის უნარს, ამოიცნოს ციფრულ მასალასთან დაკავშირებული რისკი, გაუმკლავდეს პრობლემურ გამოცდილებას, გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგია და საჭიროების შემთხვევაში შეძლოს დახმარების წყაროს მოძიება. Vissenberg, D’Haenens და Livingstone-ის (2022) სისტემატურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ციფრული წიგნიერება და ონლაინ მდგრადობა შესაძლოა მნიშვნელოვანი დამცავი რესურსები იყოს ახალგაზრდების ონლაინ კეთილდღეობისთვის. თუმცა, ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ ციფრული წიგნიერების მაღალი დონე ბავშვს ყველა შესაძლო საფრთხისგან ავტომატურად არ იცავს. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, თუმცა მედიაწიგნიერება არ ცვლის მშობლის, სკოლის, სახელმწიფოს ან ტექნოლოგიური პლატფორმების პასუხისმგებლობას. პირიქით, იგი ამ პასუხისმგებლობებს ავსებს და აძლიერებს.
მედიაწიგნიერება და მოზარდის კეთილდღეობა
ბოლო წლებში უკვე ცალკე კვლევით მიმართულებად ჩამოყალიბდა მედიაწიგნიერებასა და კეთილდღეობას შორის კავშირის შესწავლა. ამის საილუსტრაციოდ Gordon et al.-ის (2025) სისტემატურმა მიმოხილვამ და მეტაანალიზმა მედიაწიგნიერებასა და კეთილდღეობას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დადებითი კავშირი გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ კავშირი მიზეზობრივ ეფექტს ავტომატურად არ ადასტურებს, შედეგი აჩვენებს, რომ მედიაწიგნიერების მაღალი დონე შეიძლება ასოცირებული იყოს უკეთეს ფსიქოსოციალურ შედეგებთან. ამის ახსნა რამდენიმე მიმართულებით შეიძლება. კერძოდ, მედიაწიგნიერი მოზარდი უკეთ აცნობიერებს, რომ სოციალურ ქსელში წარმოდგენილი ცხოვრება ხშირად შერჩეული და რედაქტირებულია. მან შესაძლოა უფრო ადვილად ამოიცნოს რეკლამა, ემოციური მანიპულაცია, ყალბი ინფორმაცია ან გაზვიადებული სათაური. ასევე უკეთ შეუძლია გაიაზროს, რომ პოპულარობა ან ვირუსული გავრცელება ინფორმაციის სანდოობის საზომი სულაც არ არის.
ამასთან, მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია კიბერბულინგის, ონლაინ თაღლითობის, პირადი მონაცემების დაცვის და დეზინფორმაციის შემთხვევაშიც. Eyal და Te’eni-Harari-ის (2024) სისტემატურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ სკოლაში განხორციელებული ციფრული მედიაწიგნიერების ინტერვენციები უკავშირდებოდა მედიის შინაარსის უკეთ გაგებას, კრიტიკული მიდგომის გაძლიერებას, კომპეტენტურობის განცდის გაძლიერებას და ზოგ შემთხვევაში – სარისკო მედიის გამოყენების შემცირებას, ამიტომ სკოლისთვის მნიშვნელოვანი კითხვა აღარ არის მხოლოდ „როგორ დავიცვათ მოსწავლე ინტერნეტისგან?“ უფრო მართებულია, როგორ მოვამზადოთ იგი ინტერნეტში დამოუკიდებლად და პასუხისმგებლობიანად მოქმედებისთვის.
ბავშვის ხმა და ბავშვების ასახვა მედიაში
ძველ საერთაშორისო მონიტორინგებში ბავშვები მეტწილად მსხვერპლის როლში ჩანდნენ. ბავშვებიც აკრიტიკებდნენ იმას, რომ უფროსები მათ ნაცვლად საუბრობდნენ, მათ ნათქვამს საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევდნენ და ახალგაზრდებს ერთიან „პრობლემურ ჯგუფად“ წარმოაჩენდნენ. ეს საკითხი დღესაც მედიაწიგნიერების მნიშვნელოვანი ნაწილია. კრიტიკული მედიაწიგნიერება მოსწავლეს არა მხოლოდ ტყუილისა და სიმართლის გარჩევას ასწავლის, არამედ ინფორმაციის სხვა კონტექსტში ან სხვა პერსპექტივიდან დანახვის შესაძლებლობასაც აძლევს. მაგალითად, მედიაწიგნიერების გაკვეთილბზე, ახალი ამბების ანალიზისას, დეზინფორმაციის გამოსავლენად მოსწავლეს შეიძლება დავუსვათ კითხვები:
- როგორ არის ბავშვი წარმოდგენილი – როგორც აქტიური პიროვნება თუ მხოლოდ მსხვერპლი?
- ვინ საუბრობს და რა სიტყვებია გამოყენებული მის დასახასიათებლად?
- რომელი ფოტო ან ვიდეო შეარჩია ჟურნალისტმა?
- რა შეიცვლებოდა, იგივე ამბავი ბავშვის პერსპექტივიდან რომ ყოფილიყო მოთხრობილი?
ასეთი აქტივობა ერთდროულად ავითარებს მედიაწიგნიერებას, კრიტიკულ აზროვნებას და ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც უწყობს ხელს.
საინტერესოა, რომ 2008 წელს, UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევაში „ბავშვთა საკითხების გაშუქება და მედიაეთიკა საქართველოში – სიტუაციური ანალიზი“ ჩანს, რომ არცთუ ისე შორეულ წარულში ქართულ მედიაში პრობლემას წარმოადგენდა ბავშვთა საკითხების სტერეოტიპული და ზოგ შემთხვევაში არაეთიკური გაშუქება. ეს პრობლემა თანამედროვე ციფრულ გარემოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ონლაინ გამოქვეყნებული ინფორმაცია ხშირად დიდხანს რჩება ხელმისაწვდომი. ბავშვის სახელი, ფოტო, ვიდეო ან ტრავმული ისტორია შესაძლოა წლების შემდეგაც მოიძებნოს ინტერნეტში. ამიტომ ბავშვის დაცვის საკითხი დღეს უკვე ციფრული კვალის დაცვასაც გულისხმობს. საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოვლინდა. კერძოდ, 2025 წლისთვის მედიაწიგნიერება არჩევით საგნად ისწავლებოდა უკვე 293 სკოლაში, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მდებარეობდა. ოფიციალური მონაცემებით, იმ დროისთვის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 2,600 პედაგოგი იყო გადამზადებული (Communications Commission, 2025).
მასწავლებელი როგორც კრიტიკული მედიატორი
მედიაწიგნიერების სწავლებისას მასწავლებლის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ციფრულ ეპოქაში მასწავლებელი ვერ იქნება ინფორმაციის ერთადერთი წყარო. მოსწავლემ შესაძლოა ტექნიკური თვალსაზრისით უკეთ იცოდეს კონკრეტული პროგრამა ან აპლიკაცია, მაგრამ ტექნიკური ცოდნა კრიტიკულ აზროვნებას არ უდრის, ამიტომ მასწავლებლის როლი იცვლება – ინფორმაციის მიმწოდებლიდან იგი კრიტიკული დიალოგის ორგანიზატორი და ფასილიტატორი ხდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. AI-ს მიერ შექმნილი ტექსტი შეიძლება ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ შეიცავდეს შეცდომას ან არარსებულ წყაროს, ამიტომ მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ, რომ ენობრივი გამართულობა ინფორმაციის სიზუსტის მტკიცებულება არ არის. ამის უზრუნველსაყოფად მასწავლებელმა მას შეიძლება ჰკითხოს:
- საიდან ვიცით, რომ AI-ს პასუხი სწორია?
- შეგვიძლია მოცემული წყაროს არსებობის გადამოწმება?
- რომელი ინფორმაცია არ უნდა გავუზიაროთ AI სისტემას?
- ვინ არის პასუხისმგებელი საბოლოო გადაწყვეტილებაზე – ტექნოლოგია თუ მომხმარებელი?
ასეთი სწავლება მნიშვნელოვან კორელაციაშია ფრეირეს კრიტიკულ პედაგოგიკასთანაც, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
საერთაშორისო პრაქტიკა – UNESCO MIL
მედიაწიგნიერების გლობალური განვითარების კარგი მაგალითია UNESCO-ს Media and Information Literacy (MIL) პროგრამა. UNESCO-ს მიდგომა აერთიანებს მედიაწიგნიერებასა და ინფორმაციულ წიგნიერებას და მოქალაქეს ასწავლის ინფორმაციის მოძიებას, შეფასებას, კრიტიკულ გააზრებას, შექმნასა და ეთიკურ გავრცელებას. 2021 წელს განახლებული UNESCO-ს სასწავლო ჩარჩო უკვე მოიცავს დეზინფორმაციას, ციფრულ მოქალაქეობას, პლატფორმებს და ხელოვნურ ინტელექტსაც (Grizzle et al., 2021).
პროგრამის მნიშვნელობა განსაკუთრებით მის სისტემურ მიდგომაშია: UNESCO მედიაწიგნიერების განვითარებას მხოლოდ მოსწავლეს არ უკავშირებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებაზე ამახვილებს.
დასკვნა
ბავშვისა და მედიის ურთიერთობის შესახებ დისკუსია ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრინდელი მიდგომა ძირითადად მედიის გავლენისა და ბავშვის დაცვის პრობლემაზე იყო ორიენტირებული, თანამედროვე ციფრულ სამყაროში კი ეს აღარ არის საკმარისი. მოზარდი დღეს თავად ქმნის და ავრცელებს საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობს სოციალურ ქსელებში და ეფექტურად იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს. ამიტომ ბავშვის უსაფრთხოების საუკეთესო სტრატეგია აკრძალვა ან გარედან კონტროლი ვერ იქნება. საჭიროა კრიტიკული კომპეტენციის განვითარება, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება.
ფრეირეს კრიტიკული პედაგოგიკა ამ პროცესს საინტერესო თეორიულ ჩარჩოში აქცევს. თუ, მისი იდეით, განათლება ადამიანს „სამყაროს წაკითხვას“ ასწავლის, თანამედროვე მედიაწიგნიერება მას ციფრულად გაშუქებული სამყაროს მრავალგანზომილებიანი წაკითხვის უნარს უყალიბებს. ამ პროცესში კი განსაკუთრებული როლი ენიჭება მასწავლებელს, რომლის ამოცანაა, ასწავლოს მოსწავლეს, როგორ დასვას დამაზუსტებელი კითხვები, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია, დაინახოს პრობლემა სხვა პერსპექტივიდან და პასუხისმგებლობიანად იმოქმედოს.
სწორედ ამ უნარებით შეიძლება, მედიაწიგნიერება არა მხოლოდ ჩვეულებრივ სასკოლო საგნად დარჩეს, არამედ ჩამოყალიბდეს ბავშვის ციფრული კეთილდღეობის და უსაფრთხოების მნიშვნელოვან რესურსად.
გამოყენებული ლიტერატურა
- Communications Commission. (2025). Media literacy to be taught by 300 schools in Georgia in 2025. Communications Commission of Georgia.
- Eyal, K., & Te’eni-Harari, T. (2024). Systematic review: Characteristics and outcomes of in-school digital media literacy interventions, 2010–2021. Journal of Children and Media, 18(1), 8–28. https://doi.org/10.1080/17482798.2023.2265510
- Freire, P. (2000). Pedagogy of the oppressed (30th anniversary ed., M. B. Ramos, Trans.)
- Gordon, C. S., Ferber, K., Notley, T., Rodgers, R. F., Bradshaw, E., Basarkod, G., Anderson, J., McLean, S. A., Mizzi, S., Jarman, H. K., Dickson, J., Sanders, T., Slater, A., Pearson, E., & Dicke, T. (2025). The relationship between media literacy and well-being: A systematic review and meta-analysis. Educational Research Review, 49, 100731. https://doi.org/10.1016/j.edurev.2025.100731
- Grizzle, A., Wilson, C., Gordon, D., Tuazon, R., Cheung, C. K., Lau, J., Fischer, R., Akyempong, K., Singh, J., Carr, P. R., Stewart, K., Tayie, S., Suraj, O., Jaakkola, M., Thésée, G., Gulston, C., Andzongo Menyeng, B. P., & Zibi Fama, P. A. (2021). Media and information literate citizens: Think critically, click wisely! Media and information literacy curriculum for educators and learners. UNESCO.
- ქორიძე, ზ. (2008). ბავშვთა საკითხების გაშუქება და მედიაეთიკა საქართველოში – სიტუაციური ანალიზი. UNICEF Georgia.
- United Nations Committee on the Rights of the Child. (2021). General comment No. 25 (2021) on children’s rights in relation to the digital environment.
- Vissenberg, J., D’Haenens, L., & Livingstone, S. (2022). Digital literacy and online resilience as facilitators of young people’s well-being? A systematic review. European Psychologist, 27(2), 76–85. https://doi.org/10.1027/1016-9040/a000478


