საშუალო საფეხურზე მოსწავლეების ჩართულობის შესანარჩუნებლად უკვე შეიძლება, ენერჯაიზერს უფრო გააზრებული ფუნქცია ჰქონდეს. ამ ასაკში მოსწავლეს შეუძლია, არა მხოლოდ სწრაფად უპასუხოს კითხვას, არამედ დაასაბუთოს კიდეც საკუთარი პოზიცია, ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა მოსაზრება, შეაფასოს არგუმენტის სიძლიერე და ნაცნობ საკითხზე განსხვავებული პერსპექტივით იმსჯელოს. ამიტომ საშუალო საფეხურზე ენერჯაიზერი შეიძლება იყოს მოკლე დისკუსია, არგუმენტის სწრაფად ჩამოყალიბება, პრობლემური სიტუაციის შეფასება, გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი დავალება, რომელიც მოსწავლეს უკვე ნასწავლი ცოდნის ახალ კონტექსტში გამოყენებას სთხოვს.
მნიშვნელოვანია, აქტივობა არ გადაიქცეს სრულფასოვან დისკუსიად ან გაკვეთილის ცალკე ნაწილად. მისი მიზანი მოკლე დროში მოსწავლის ყურადღების, აზროვნებისა და მონაწილეობის გააქტიურებაა, რის შემდეგაც ის ძირითად სასწავლო საქმიანობას უბრუნდება.
- „დაიცავი ეს მოსაზრება“ – მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს კონკრეტულ მოსაზრებას და სთხოვს, ერთი წუთის განმავლობაში მოიფიქრონ არგუმენტი, რომლითაც ამ მოსაზრებას დაიცავენ. მოსწავლე არ არის ვალდებული, ეთანხმებოდეს მოცემულ პოზიციას. მთავარია, არგუმენტის ჩამოყალიბება შეძლოს.
პრაქტიკული მაგალითები
ისტორია: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა შინა პოლიტიკური მდგომარეობა იყო“.
ლიტერატურა: „პერსონაჟის გადაწყვეტილებას გარემო უფრო მეტად განსაზღვრავს, ვიდრე მისი პირადი არჩევანი“.
სამოქალაქო განათლება: „საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს როლი“.
მათემატიკა: „ამოცანის ამოხსნისას ყველაზე ეფექტური ყოველთვის ის გზაა, რომელიც ყველაზე მოკლეა“.
გეოგრაფია: „ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გეოგრაფიული მდებარეობა უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ბუნებრივი რესურსები“.
ბიოლოგია: „ორგანიზმის განვითარებაზე გარემო პირობები ისეთივე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორსაც მემკვიდრეობითი ფაქტორები“.
ფიზიკა: „ტექნოლოგიური პროგრესისთვის ფიზიკის კანონების ცოდნა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკული გამოცდილება“.
ქიმია: „ქიმიური რეაქციის შედეგის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ნივთიერებების შეცვლით“.
უცხო ენა: „უცხო ენის კარგად შესასწავლად ყოველდღიური პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გრამატიკის წესების ზეპირად ცოდნა“.
შემდეგ მოსწავლე მოკლედ წარადგენს საკუთარ არგუმენტს. შეიძლება, მეორე მოსწავლეს დაევალოს იმავე მოსაზრების საპირისპირო არგუმენტის მოფიქრება.
- „რომელი არგუმენტია უფრო ძლიერი?“ – მოსწავლეებს ეძლევათ ერთი საკითხი და მასთან დაკავშირებული ორი განსხვავებული არგუმენტი. მათი ამოცანაა, განსაზღვრონ, რომელი არგუმენტია უფრო დამაჯერებელი და ახსნან, რის საფუძველზე გააკეთეს არჩევანი.
პრაქტიკული მაგალითები
სამოქალაქო განათლება:„სოციალური ქსელები მოქალაქეების ინფორმირებულობას ზრდის, რადგან ინფორმაციის მიღება სწრაფად არის შესაძლებელი“ ან „სოციალური ქსელები ზრდის მოქალაქეების ინფორმირებულობას, რადგან იქ უამრავი ინფორმაცია ქვეყნდება“.
ისტორია: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გარე სამხედრო საფრთხეებმა, რადგან ქვეყანას რამდენიმე მხრიდან უწევდა საფრთხესთან გამკლავება“ ან „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მხოლოდ იმიტომ დამარცხდა, რომ სახელმწიფოს საკმარისი სამხედრო ძალა არ ჰქონდა“.
ლიტერატურა: „პერსონაჟის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს როგორც მისი პირადი არჩევანი, ისე გარემოებები, რომლებშიც მას მოქმედება უწევს“ ან „პერსონაჟის ქცევას მთლიანად გარემო განსაზღვრავს და მის პირად არჩევანს მნიშვნელობა არ აქვს“.
გეოგრაფია: „ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენას ახდენს მისი გეოგრაფიული მდებარეობა, რადგან ის დაკავშირებულია სავაჭრო და სატრანსპორტო შესაძლებლობებთან“ ან „ქვეყანა მხოლოდ მაშინ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკურად, თუ მას ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს“.
ბიოლოგია: „მცენარის ზრდაზე გავლენას ახდენს როგორც სინათლე, ისე წყალი, ტემპერატურა და ნიადაგი“ ან „მცენარის ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყალია, რადგან მის გარეშე მცენარე ვერ გადარჩება“.
მათემატიკა: „ერთი და იმავე ამოცანის ამოხსნისთვის ზოგჯერ რამდენიმე განსხვავებული გზა არსებობს და მათი ეფექტიანობა ამოცანის პირობებზეა დამოკიდებული“ ან „ნებისმიერი მათემატიკური ამოცანისთვის ამოხსნის მხოლოდ ერთი სწორი გზა არსებობს“.
ფიზიკა: „ხახუნის ძალა ზოგ შემთხვევაში მოძრაობას აფერხებს, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში ის აუცილებელია მოძრაობისთვის ან წონასწორობისთვის“ ან „ხახუნის ძალა ყოველთვის ხელს უშლის მოძრაობას“.
ქიმია: „ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ტემპერატურამ, კონცენტრაციამ, ზედაპირის ფართობმა და სხვა პირობებმა“ ან „ქიმიური რეაქციის სიჩქარე მხოლოდ ნივთიერების რაოდენობაზეა დამოკიდებული“.
უცხო ენა: „უცხო ენის შესასწავლად გრამატიკის ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა ცოდნის განმტკიცებას ხელს უწყობს პრაქტიკულ კომუნიკაციაში მისი გამოყენება“ ან „უცხო ენის კარგად შესასწავლად გრამატიკის წესების ცოდნა საკმარისია“.
ეს მაგალითები მოსწავლეს დაანახვებს, რომ ყოველთვის ის არგუმენტი არ არის უფრო ძლიერი, რომელიც უფრო კატეგორიული ჩანს. მნიშვნელოვანია, რამდენად ზუსტია მტკიცება, რამდენად აქვს მას საფუძველი და ხომ არ შეიცავს ზედმეტ განზოგადებას. მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ არა მხოლოდ იმას, რომელი მოსაზრება მოსწონთ, არამედ არგუმენტის სიზუსტეს, დასაბუთებასა და გამოყენებულ სიტყვებს.
ეს აქტივობა განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა მოსწავლეები მსჯელობას სწავლობენ და საჭიროა ფაქტის, მოსაზრებისა და დასკვნის ერთმანეთისგან გარჩევის უნარის გააქტიურება.
- „ერთი პრობლემა, სამი გამოსავალი“ – მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს პრობლემას და სთხოვს, მოკლე დროში მისი გადაჭრის სამი განსხვავებული გზა მოიფიქრონ. შემდეგ მოსწავლეები ირჩევენ ერთ ვარიანტს და ხსნიან, რატომ მიიჩნევენ მას შესაძლებლად.
პრაქტიკული მაგალითები
გეოგრაფია: „ქალაქში საცობების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. რა გზები შეიძლება არსებობდეს პრობლემის მოსაგვარებლად?“
ბიოლოგია: „ტბაში თევზების რაოდენობა თანდათან მცირდება. რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მიზეზების შესამცირებლად?“
სამოქალაქო განათლება: „სკოლაში მოსწავლეების ნაწილი საერთო ღონისძიებებში არ მონაწილეობს. რა გზებით შეიძლება მათი ჩართულობის ამაღლება?“
ისტორია: „ქვეყანას სამხედრო და პოლიტიკურ საფრთხეებთან ერთდროულად გამკლავება უწევს. რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას სახელმწიფომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?“
ლიტერატურა: „პერსონაჟი რთული არჩევანის წინაშე დგას და თითოეულ გადაწყვეტილებას შეიძლება განსხვავებული შედეგი მოჰყვეს. რა გზები შეიძლება აირჩიოს მან?“
მათემატიკა: „მოსწავლემ ამოცანის ამოხსნისას პასუხამდე ვერ მიაღწია. რა განსხვავებული გზები შეიძლება გამოიყენოს მან იმის გასარკვევად, სად დაუშვა შეცდომა?“
ფიზიკა: „სახლში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. რა გზები შეიძლება არსებობდეს ენერგიის მოხმარების შესამცირებლად?“
ქიმია: „ლაბორატორიულ პირობებში ქიმიური რეაქცია მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს. რა ფაქტორების შეცვლა შეიძლება განვიხილოთ რეაქციის სიჩქარის გასაზრდელად?“
უცხო ენა: „მოსწავლეს უცხო ენაზე საუბრისას უჭირს აზრის გამოხატვა. რა შეიძლება დაეხმაროს მას მეტყველების პრაქტიკის გაუმჯობესებაში?“
აქ მნიშვნელოვანია არა ერთი „სწორი“ პასუხის პოვნა, არამედ მითითებულ დროში პრობლემის გადაჭრის სამი განსხვავებული გზის მოფიქრება, შემდეგ კი ერთ-ერთი ვარიანტის არჩევა და დასაბუთება.
- „ფაქტი, მოსაზრება თუ დასკვნა?“ – მასწავლებელი კითხულობს რამდენიმე მოკლე წინადადებას, მოსწავლეებმა კი სწრაფად უნდა განსაზღვრონ, მოცემული წინადადება ფაქტია, მოსაზრება თუ დასკვნა. მაგალითად, „2024 წელს სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა“; „მოსწავლეების რაოდენობის ზრდა სკოლის განვითარებაზე დადებითად მოქმედებს“; „თუ მოსწავლეების რაოდენობა კიდევ გაიზრდება, სკოლას დამატებითი სივრცე დასჭირდება“. შემდეგ ერთ ან ორ მაგალითზე მოსწავლეები ხსნიან, რატომ მიაკუთვნეს წინადადება კონკრეტულ კატეგორიას.
პრაქტიკული მაგალითები
ისტორია: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელს გამოცხადდა“; „საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო“; „ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა უფრო სტაბილური რომ ყოფილიყო, დამოუკიდებლობის შენარჩუნება უფრო ადვილი იქნებოდა“.
სამოქალაქო განათლება: „საქართველოს მოქალაქეს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“; „არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა“; „თუ მოქალაქეების პოლიტიკური ჩართულობა გაიზრდება, გაიზრდება საზოგადოებრივ გადაწყვეტილებებზე მათი გავლენაც“.
ლიტერატურა: „პერსონაჟმა გადაწყვეტილება რთულ ვითარებაში მიიღო“; „პერსონაჟის გადაწყვეტილება მცდარი იყო“; „პერსონაჟს სხვა არჩევანი რომ ჰქონოდა, შესაძლოა, მოვლენებიც სხვაგვარად განვითარებულიყო“.
გეოგრაფია: „საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს“; „შავი ზღვის პირას მდებარეობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა“; „თუ პორტების შესაძლებლობები გაიზრდება, შესაძლოა, ქვეყნის სატრანსპორტო მნიშვნელობაც გაიზარდოს“.
ბიოლოგია: „მცენარეები ფოტოსინთეზის დროს სინათლის ენერგიას იყენებენ“; „საკმარისი სინათლის მიღება მცენარის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“; „თუ მცენარემ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიიღო საკმარისი სინათლე, მისი ზრდა, სავარაუდოდ, შეფერხდება“.
ფიზიკა: „ხახუნის ძალა მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს“; „ხახუნი ყოველთვის არასასურველი მოვლენაა“; „თუ ზედაპირის ხახუნი მნიშვნელოვნად შემცირდა, ადამიანის გადაადგილება შესაძლოა გართულდეს“.
ქიმია: „ტემპერატურის მომატებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ქიმიურ რეაქციაზე“; „მაღალი ტემპერატურა ყველა ქიმიურ რეაქციას აჩქარებს“; „თუ რეაქციის პირობები შეიცვალა, შესაძლოა, მისი მიმდინარეობის სიჩქარეც შეიცვალოს“.
მათემატიკა: „ამ სამკუთხედის ორი გვერდი ერთმანეთის ტოლია“; „ამოცანის ამოხსნის ეს გზა უფრო მარტივია“; „თუ იმავე მეთოდს მსგავსი ამოცანების ამოხსნისას გამოვიყენებთ, პასუხს უფრო სწრაფად მივიღებთ“.
უცხო ენა: „ინგლისურ ენაში ზმნის ზოგიერთი ფორმა დროს გამოხატავს“; „გრამატიკის წესების ცოდნა საუბრისას აზრის სწორად გადმოცემას აადვილებს“; „თუ მოსწავლე ყოველდღიურად გამოიყენებს ახალ სიტყვებს საუბარში, მათი დამახსოვრება უფრო მეტად გაუადვილდება“.
მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ მოყვანილი ზოგიერთი მაგალითი პირდაპირ ადასტურებს ფაქტს, ზოგ შემთხვევაში მოსწავლე შეფასებას გამოთქვამს, ხოლო ზოგ შემთხვევაში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლო შედეგს ვარაუდობს.
ამ აქტივობის დროს მოსწავლე წინადადებების კატეგორიებად დაყოფით არ შემოიფარგლება. ის სწავლობს იმაზე დაკვირვებას, რა ტიპის მტკიცებასთან აქვს საქმე, რაზეა დაფუძნებული მოცემული ინფორმაცია და რამდენად დასაბუთებულია დასკვნა. სწორედ ეს აქცევს მოკლე დავალებას სწრაფ სააზროვნო აქტივობად და ეხმარება მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში.
- „შეცვალე ერთი პირობა“ – მოსწავლეებს ეძლევათ უკვე ნაცნობი სიტუაცია, ამოცანა ან მოვლენა, მაგრამ ეცვლებათ ერთი პირობა. მათ უნდა ივარაუდონ, რა შეიძლება შეიცვალოს ამის შედეგად.
პრაქტიკული მაგალითები
მათემატიკა:„თუ სამკუთხედის ერთ-ერთი გვერდის სიგრძე შეიცვალა, როგორ შეიძლება შეიცვალოს მისი ფართობი?“ ან „თუ ამოცანაში მოცემული ერთ-ერთი რიცხვი ორჯერ გაიზარდა, როგორ იმოქმედებს ეს საბოლოო პასუხზე?“
ფიზიკა: „რა შეიცვლებოდა სხეულის მოძრაობაში, ხახუნის ძალა მნიშვნელოვნად რომ გაზრდილიყო?“
ბიოლოგია: „რა შეიცვლებოდა ეკოსისტემაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობა რომ გამქრალიყო?“
ისტორია: „რა შეიძლება შეცვლილიყო ისტორიული მოვლენის განვითარებაში, ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სხვაგვარად რომ მიღებულიყო?“
გეოგრაფია: „რა შეიცვლებოდა ქალაქის ცხოვრებაში, მდინარის წყლის დონე მნიშვნელოვნად რომ დაწეულიყო?“
ქიმია: „რა შეიცვლებოდა ქიმიური რეაქციის მიმდინარეობაში, რეაქციის ტემპერატურა მნიშვნელოვნად რომ შეცვლილიყო?“
ლიტერატურა: „როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო ნაწარმოების სიუჟეტი, პერსონაჟს გადამწყვეტ მომენტში სხვა გადაწყვეტილება რომ მიეღო?“
სამოქალაქო განათლება: „რა შეიძლება შეიცვალოს საზოგადოებაში, თუ მოქალაქეების მონაწილეობა ადგილობრივ გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვნად გაიზრადა?“
უცხო ენა: „როგორ შეიცვლებოდა ტექსტის შინაარსი, ერთ-ერთ მთავარ მოვლენას სხვა დრო ან ადგილი რომ ჰქონოდა?“
მთავარია, მოსწავლემ მხოლოდ მოსალოდნელი შედეგი კი არ დაასახელოს, არამედ ახსნას, რა შეიცვალა საწყის პირობებში, რა შედეგს ელოდება ამის გამო და რატომ მიაჩნია ასე.
ამ აქტივობის მთავარი ღირებულება სწორედ ის არის, რომ მოსწავლე ნაცნობ სიტუაციას უკვე სხვა თვალით უყურებს. ერთი პირობის შეცვლა მას აიძულებს, დაფიქრდეს მიზეზსა და შედეგზე, ივარაუდოს შესაძლო ცვლილება და თავისი აზრი დაასაბუთოს. ამ გზით მოკლე ენერჯაიზერი მცირე, მაგრამ საინტერესო სააზროვნო გამოწვევად გადაიქცევა.
- „აირჩიე პოზიცია და შეცვალე არგუმენტი“ – მასწავლებელი სვამს სადისკუსიო საკითხს. მოსწავლეები სწრაფად ირჩევენ ერთ პოზიციას და მოჰყავთ ერთი არგუმენტი. შემდეგ მასწავლებელი ამატებს ახალ პირობას ან ინფორმაციას, რის შემდეგაც მოსწავლე უნდა დაფიქრდეს, შეინარჩუნებს თუ არა თავდაპირველ პოზიციას.
პრაქტიკული მაგალითები
სამოქალაქო განათლება: „მობილური ტელეფონების გამოყენება გაკვეთილზე აკრძალული უნდა იყოს“. შემდეგ მასწავლებელი ამატებს პირობას: „მობილური ტელეფონი გამოიყენება მხოლოდ სასწავლო დავალების შესასრულებლად“. მოსწავლემ უნდა განმარტოს, იცვლება თუ არა მისი პოზიცია და რატომ.
ისტორია: „ისტორიული მოვლენების შედეგებზე ყველაზე დიდ გავლენას პოლიტიკური გადაწყვეტილებები ახდენს“; „ამავე პერიოდში ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემებიც ჰქონდა“.
ლიტერატურა: „პერსონაჟის გადაწყვეტილება გამართლებულია, რადგან მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა“; „პერსონაჟს სხვა გამოსავალიც ჰქონდა, მაგრამ მასზე თავად თქვა უარი“.
გეოგრაფია: „ქალაქის განვითარებისთვის ავტომობილებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემა აუცილებელია“; „ქალაქში მოსახლეობის სიმჭიდროვე მნიშვნელოვნად გაიზარდა“.
ბიოლოგია: „ერთ-ერთი სახეობის გაქრობა ეკოსისტემაზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს“; „გაქრობამდე ეს სახეობა ეკოსისტემაში ინვაზიურად მიიჩნეოდა“.
ფიზიკა: „ხახუნის ძალის შემცირება მოძრაობას ყოველთვის აადვილებს“; „ადამიანი ყინულოვან ზედაპირზე გადაადგილდება“.
მათემატიკა: „ამოცანის ამოსახსნელად ყველაზე ეფექტური ყოველთვის ყველაზე მოკლე გზაა“; „ამოცანის მოკლე გზით ამოხსნისას რამდენიმე შუალედური ნაბიჯი გამოტოვებულია“.
ქიმია: „ქიმიური რეაქციის სიჩქარის გასაზრდელად ტემპერატურის მომატება ეფექტური გზაა“; „რეაქცია მიმდინარეობს ნივთიერებასთან, რომელიც მაღალი ტემპერატურის პირობებში იშლება“.
ამ აქტივობაში მნიშვნელოვანი მხოლოდ პოზიციის შეცვლა არ არის – მოსწავლემ უნდა შეძლოს იმის ახსნა, რა ახალი ინფორმაცია გახდა მისთვის მნიშვნელოვანი, რატომ შეინარჩუნა ან შეცვალა პოზიცია და როგორ შეიცვალა მისი არგუმენტი. სწორედ ამ გზით სწავლობს ის, რომ არგუმენტირებული მსჯელობა მზა პასუხის დაცვას კი არ გულისხმობს, არამედ ახალი ინფორმაციის გათვალისწინებას და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი მოსაზრების გადახედვას.
- „დაასრულე არგუმენტი“ – მასწავლებელი იწყებს წინადადებას, ხოლო მოსწავლემ უნდა დაასრულოს ისე, რომ აზრი ლოგიკურად გამართული და დასაბუთებული იყოს.
პრაქტიკული მაგალითები
ისტორია: „ამ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო… რადგან…“
ლიტერატურა: „ამ პერსონაჟის გადაწყვეტილება შეიძლება გავიგოთ, თუ გავითვალისწინებთ…“
გეოგრაფია: „ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ მის განვითარებაზე გავლენა მოახდინა, რადგან…“
ბიოლოგია: „ეკოსისტემაში ერთი სახეობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს… რადგან…“
ფიზიკა: „ხახუნის ძალის შემცირება ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოა, რადგან…“
ქიმია: „ქიმიური რეაქციის სიჩქარე შეიძლება შეიცვალოს, თუ…“
მათემატიკა: „ამ ამოცანის ამოხსნისას ამ გზის გამოყენება მოხერხებულია, რადგან…“
სამოქალაქო განათლება: „მოქალაქის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, რადგან…“
უცხო ენა: „უცხო ენის შესწავლისას მხოლოდ გრამატიკის წესების ცოდნა საკმარისი არ არის, რადგან…“
აქტივობის დროს შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვაგვარი გაგრძელების მოსმენაც. ამ შემთხვევაში მოსწავლეები ხედავენ, რომ ერთი დასაწყისიდან შეიძლება სხვადასხვა, მაგრამ ლოგიკურად გამართული და დასაბუთებული მოსაზრება განვითარდეს.
ამრიგად, აქტივობა საინტერესოა იმითაც, რომ მასწავლებელს შეუძლია, ერთსა და იმავე წინადადებაზე რამდენიმე განსხვავებული პასუხი მიიღოს, მოსწავლეებისთვის კი ეს კარგი შესაძლებლობაა, მოკლე დროში ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი და ის მიზეზით, მაგალითით ან შედეგით გაამყარონ.
- „რა აკლია ამ პასუხს?“ – მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს არასრულ ან ზედაპირულ პასუხს და სთხოვს, დაადგინონ, რა აკლია მას იმისთვის, რომ უფრო ზუსტი, დამაჯერებელი და არგუმენტირებული გახდეს. მოსწავლემ შეიძლება მიუთითოს საჭირო ფაქტზე, მაგალითზე, მიზეზზე ან ახსნაზე. მაგალითად: „კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს გარემოზე“. მოსწავლემ უნდა დაასახელოს, რისი დამატება სჭირდება ამ მოსაზრებას იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი გახდეს.
პრაქტიკული მაგალითები
ისტორია: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდი რთული იყო“. მოსწავლემ უნდა მოიყვანოს მაგალითი, რომელიც გააძლიერებს ამ პასუხს.
ლიტერატურა: „პერსონაჟმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო“. მოსწავლემ უნდა მიუთითოს, რომელი ეპიზოდი ან პერსონაჟის რომელი ქცევა ადასტურებს ამ შეფასებას.
გეოგრაფია: „გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის განვითარებაზე გავლენას ახდენს“. მოსწავლემ უნდა დაასახელოს, რით გამოიხატება ეს გავლენა.
ბიოლოგია: „ტემპერატურა მცენარის ზრდაზე მოქმედებს“. მოსწავლემ უნდა ახსნას, რით შეიძლება გამოვლინდეს ეს ზემოქმედება.
ფიზიკა: „ხახუნი ზოგჯერ სასარგებლოა“. მოსწავლემ უნდა მოიყვანოს კონკრეტული მაგალითი და ახსნას, რატომ არის ამ შემთხვევაში ხახუნი აუცილებელი.
ქიმია: „ტემპერატურა გავლენას ახდენს ქიმიური რეაქციის მიმდინარეობაზე“. მოსწავლემ უნდა მიუთითოს, რა იცვლება რეაქციის დროს და როგორ შეიძლება ამის დასაბუთება.
მათემატიკა: „ამ ამოცანის ამოხსნის ეს გზა უკეთესია“. მოსწავლემ უნდა განმარტოს, რატომ მიიჩნევს ამ გზას უკეთესად და აჩვენოს შესაბამისი ნაბიჯები.
სამოქალაქო განათლება: „მოქალაქეების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია“. მოსწავლემ უნდა მოიყვანოს კონკრეტული მაგალითი და ახსნას, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მოქალაქეთა ჩართულობას.
უცხო ენა: „უცხო ენის ცოდნა დასაქმებაში ეხმარება ადამიანს“. მოსწავლემ უნდა ახსნას, როგორ შეიძლება აისახოს ენის ცოდნა დასაქმების შესაძლებლობაზე.
მოსწავლეებს შეიძლება დაუსვათ კითხვები: „რა აკლია ამ პასუხს?“; „რომელი ფაქტი გააძლიერებდა მას?“; „რა მაგალითის მოყვანა იქნებოდა საჭირო?“; „რას დაამატებდი, რომ პასუხი უფრო დამაჯერებელი გამხდარიყო?“
ეს აქტივობა ღირებულია იმით, რომ მოსწავლე მხოლოდ პასუხის გაცემას კი არ სწავლობს, არამედ აფასებს უკვე მოცემული პასუხის ხარისხს და ხვდება, რა აქცევს მოსაზრებას უფრო დამაჯერებელ არგუმენტად. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა არგუმენტირებული წერითი დავალებებისა და დისკუსიისთვის მომზადებისას.
- „ერთი წუთი, ერთი გადაწყვეტილება“ – მოსწავლეებს ეძლევათ მოკლე სიტუაცია, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მათ უნდა აირჩიონ მოქმედების ერთი ვარიანტი და მოკლედ განმარტონ, რატომ აირჩიეს სწორედ ის. წინასწარ განისაზღვრება დრო, მაგალითად, 1-2 წუთი, რათა აქტივობა ხანგრძლივ მსჯელობაში არ გადაიზარდოს.
პრაქტიკული მაგალითები
სამოქალაქო განათლება: „გაიგე, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება მცდარი იყოს. როგორ მოიქცევი მის გაზიარებამდე?“
ბიოლოგია: „ამჩნევ, რომ სკოლის ტერიტორიაზე მცენარეების ნაწილი ზიანდება. რა იქნება შენი პირველი ნაბიჯი?“
ლიტერატურა: „პერსონაჟს შეუძლია ორნაირად მოიქცეს. რომელ გადაწყვეტილებას მიიჩნევ უფრო დასაბუთებულად და რატომ?“
ისტორია: „წარმოიდგინე, რომ ისტორიული მოვლენის დროს გადაწყვეტილების მიმღები პირის მრჩეველი ხარ. ორი შესაძლო მოქმედებიდან რომელს შესთავაზებდი და რატომ?“
გეოგრაფია: „ქალაქში წყლის რესურსის შემცირების საფრთხე გაჩნდა. უპირველეს ყოვლისა, რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას?“
მათემატიკა: „ამოცანის ამოხსნის ორი გზა გაქვს. რომლით დაიწყებ და რატომ?“
ფიზიკა: „საჭიროა მძიმე ნივთის გადაადგილება. საამისოდ იცი ორი გზა. რომელს აირჩევდი ძალის უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის და რატომ?“
ქიმია: „ლაბორატორიაში ჩატარებული ცდის შედეგი მოსალოდნელს არ დაემთხვა. რომელი მოქმედებით დაიწყებდი მიზეზის გარკვევას?“
უცხო ენა: „უცხო ენაზე საუბრისას უცნობ სიტყვას წააწყდი. რას გააკეთებდი იმის გასაგებად, რას ნიშნავს ეს სიტყვა?“
აქ მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მხოლოდ კი არ აირჩიოს, არამედ მოკლედ დაასაბუთოს კიდეც თავისი არჩევანი, რაც აქტივობას უბრალო სწრაფი პასუხისგან განასხვავებს.
ერთი წუთის გადაწყვეტილება მოსწავლეს აჩვევს, სწრაფად გააანალიზოს სიტუაცია, შეაფასოს შესაძლო მოქმედებები და საკუთარი არჩევანი მოკლედ, მაგრამ არგუმენტირებულად წარმოადგინოს.
- „ერთი წუთის ექსპერტი“ – მასწავლებელი ასახელებს უკვე შესწავლილ ცნებას, მოვლენას ან საკითხს და მოსწავლეს აძლევს ერთ წუთს, რათა მან ისე აუხსნას კლასს ეს საკითხი, თითქოს მისი ექსპერტია. მოსწავლემ უნდა შეძლოს მთავარი ინფორმაციის გამოყოფა, მისი ლოგიკურად დალაგება და თანაკლასელებისთვის გასაგებად გადმოცემა.
პრაქტიკული მაგალითები
ბიოლოგია: „ფოტოსინთეზი“. მოსწავლემ უნდა ახსნას, რა არის ფოტოსინთეზი, რა პირობებია საჭირო მისთვის და რითია ის მნიშვნელოვანი.
ისტორია: „დიდგორის ბრძოლა“. მოსწავლემ უნდა გამოყოს მოვლენის ძირითადი ფაქტები და ახსნას მისი მნიშვნელობა.
გეოგრაფია: „კლიმატური სარტყელი“. მოსწავლემ უნდა ახსნას მისი ძირითადი მახასიათებლები და მოიყვანოს შესაბამისი მაგალითი.
ფიზიკა: „ინერცია“. მოსწავლემ უნდა ახსნას ცნება და მოიყვანოს მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ქიმია: „ქიმიური რეაქცია“. მოსწავლემ უნდა ახსნას, რა ხდება რეაქციის დროს და რა ნიშნებით შეიძლება მისი ამოცნობა.
მათემატიკა: „კვადრატული განტოლება“. მოსწავლემ უნდა განმარტოს, რა არის კვადრატული განტოლება და რა გზებით შეიძლება მისი ამოხსნა.
ლიტერატურა: „პერსონაჟის სახე“. მოსწავლემ უნდა ახსნას, როგორ ვლინდება პერსონაჟის ხასიათი მის ქცევაში, გადაწყვეტილებებსა და ურთიერთობებში.
სამოქალაქო განათლება: „მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“. მოსწავლემ უნდა განმარტოს ცნება და მოიყვანოს მისი გამოვლენის ერთი კონკრეტული მაგალითი.
უცხო ენა: „Present Perfect“. მოსწავლემ უნდა ახსნას, როდის გამოიყენება ეს დრო და მოიყვანოს ერთი ან ორი მაგალითი.
სურვილის შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია დაავალოს მოსწავლეს, ახსნის დასასრულს ერთი შეკითხვაც დაუსვას კლასს. ამით მოსწავლე მხოლოდ ინფორმაციის გადმომცემი აღარ არის – ის თანაკლასელების ჩართვაზეც ფიქრობს.
ერთი წუთი საკმარისია იმისთვის, რომ მოსწავლემ მთავარი გამოყოს და ზედმეტი ინფორმაციის გარეშე, გასაგებად გადმოსცეს. მასწავლებელსაც კი ეს აქტივობა აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად დაინახოს, რამდენად კარგად აქვს მოსწავლეს გააზრებული კონკრეტული ცნება ან საკითხი.
რას მივაქციოთ ყურადღება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურზე
სკოლის საშუალო საფეხურზე ენერჯაიზერის შერჩევისას მნიშვნელოვანია, აქტივობა მოსწავლეების ასაკობრივ შესაძლებლობებს, ინტერესებსა და გაკვეთილის მიზანს შეესაბამებოდეს. ამ ასაკში ენერჯაიზერი მხოლოდ ფიზიკურ გააქტიურებას არ გულისხმობს. ხტუნვა, ტაშის დაკვრა, ადგომა-დაჯდომა თუ სხვა მოძრაობები ენერჯაიზერის მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა. ზოგჯერ მოსწავლის გააქტიურებისთვის გაცილებით ეფექტურია ერთი საინტერესო კითხვა, სწრაფი არჩევანი, განსხვავებული მოსაზრების მოსმენა ან პრობლემის ახალი კუთხით დანახვა.
ხანმოკლე არ ნიშნავს ზედაპირულს. 2-5- წუთიანმა აქტივობამაც შეიძლება მოსწავლეს არგუმენტირებისკენ, არჩევანის გაკეთებისკენ ან პრობლემის შეფასებისკენ უბიძგოს.
მოსწავლემ უნდა იცოდეს, რატომ ასრულებს აქტივობას. თუ დავალება მხოლოდ დროის გასაყვანად გამოიყენება, ის სწრაფად დაკარგავს ენერჯაიზერის ფუნქციას.
პასუხზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი დასაბუთება. კითხვები „რატომ მიგაჩნია ასე?“ ან „რა არგუმენტით შეგიძლია ამის ახსნა?“ მოკლე პასუხს უფრო გააზრებულ მსჯელობად აქცევს.
სხვადასხვა მოსაზრება აქტივობის ნაწილია. საშუალო საფეხურზე მოსწავლეს უკვე შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, არამედ სხვისი არგუმენტის მოსმენა და მასზე რეაგირებაც.
დრო წინასწარ უნდა განისაზღვროს. საინტერესო მსჯელობა ადვილად შეიძლება ფართო დისკუსიაში გადაიზარდოს, ამიტომ ენერჯაიზერს მკაფიო დასაწყისი და დასასრული უნდა ჰქონდეს.
სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეიძლება დაემატოს მოძრაობაც. მაგალითად, „დაიცავი ეს მოსაზრება“ აქტივობის დროს ოთახის ერთი მხარე შეიძლება ნიშნავდეს: „ვეთანხმები“, მეორე – „არ ვეთანხმები“, ხოლო შუა სივრცე – „დარწმუნებული არ ვარ“. მოსწავლეები შესაბამის ადგილას დგებიან და საკუთარ არჩევანს ერთი არგუმენტით ხსნიან. ასევე შესაძლებელია, „ერთი პრობლემა, სამი გამოსავლის“ დროს თითოეულ ვარიანტს ოთახის სხვადასხვა ადგილი შეესაბამებოდეს და მოსწავლეებმა საკუთარი არჩევანი გადაადგილებით გამოხატონ.
მთავარი პრინციპი: მოძრაობა შეიძლება იყოს ენერჯაიზერის ნაწილი, მაგრამ მისი აუცილებელი პირობა არ არის. თუ მოძრაობას ვიყენებთ, ის აქტივობის მიზანს, მოსწავლის პასუხს, არჩევანს ან მსჯელობას უნდა დაუკავშირდეს და მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშად არ უნდა დარჩეს.
სკოლის საშუალო საფეხურზე ენერჯაიზერი მხოლოდ ყურადღების გადართვის საშუალება აღარ არის – მისი დახმარებით მოსწავლე შეიძლება დაფიქრდეს, მოკლე დროში მოძებნოს არგუმენტი, გააკეთოს არჩევანი, პრობლემა სხვაგვარად დაინახოს ან საკუთარი პოზიცია გადააფასოს.
ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ენერჯაიზერი მოსწავლეს უკვე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით ახალი კავშირის, ახალი არგუმენტის ან ახალი გადაწყვეტილების შესაძლებლობას აძლევდეს. ამიტომ მისი შერჩევისას მთავარი კითხვაა არა „რომელი თამაში ჩავატარო?“ არამედ „რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახლა: სწრაფი რეაქცია, აზრის ჩამოყალიბება, არგუმენტირება, მოძრაობა, კომუნიკაცია თუ უბრალოდ გონებრივი გადართვა?“


