სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

VaKE მეთოდი და მისი გამოყენება სწავლების დაწყებით საფეხურზე

დღეს, ღირებულებათა გადაფასების ეპოქაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ჯანსაღი დისკუსიის უნარების განვითარებას; ისეთ კომუნიკაციას, რომელიც გამორიცხავს ურთიერთშეურაცხყოფას და საფუძვლად უდევს ღირებულებითი განათლება, ფასეულობებზე დაფუძნებით ცოდნის კონსტრუირება.
,,ცოდნა და ღირებულებითი განათლება“ – VaKE – (Values and Knowledge Education) როგორც მას უწოდებენ, სწავლა-სწავლების ინოვაციური დიდაქტიკური მეთოდია, რომელიც კონსტრუქციულ საფუძველზე ცოდნისა და ღირებულებების დაკავშირების საშუალებას იძლევა. ის ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ჟან-ლუკ პატრის ( Jean Luc Patry) მიერ შემუშავდა. პროფესორი პატრი იზიარებს სწავლების კოლბერგისეულ ტრადიციას და სწავლების პროცესში დილემის შეტანის გზით ცდილობს ერთმანეთს დაუკავშიროს ცოდნის შეძენის პროცესი და ღირებულებითი საკითხები.  ის თავის გუნდთან ერთად წლებია მუშაობს ამ ინსტრუმენტის საგანმანათლებლო სისტემაში დანერგვაზე. საქართველოში ცოდნა და ღირებულებითი განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თამარ მოსიაშვილისა და ეკატერინე შავერდაშვილის მიერ დაინერგა.
ცოდნისა და განათლების კონსტრუირებას ღირებულებებზე დაფუძნებით, ვფიქრობ, ადრეულ ასაკშივე უნდა ჩაეყაროს საფუძველი, რათა მოსწავლეს მოზარდობის ასაკში უკვე ჰქონდეს საკუთარ გამოცდილებასა და ფასეულობებზე დაფუძნებული ღირებულებათა  სისტემა, რომელიც მის აზროვნებასა და კრიტიკულ მსჯელობას სწორი მიმართულებით განავითარებს ახალი იდეებისა და შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად.
ცხადია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო მასალის სწორად შერჩევას, მით უფრო დაწყებით საფეხურზე, მაგრამ თუ მიზნად დავისახავთ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარებას ღირებულებათა ჭრილში, შესაფერის მასალასაც აღმოვაჩენთ სახელმძღვანელოში ან საბავშვო ლიტერატურაში.
სადემონსტრაციოდ გთავაზობთ ჩემ მიერ მე-4 კლასში ამ მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილს აქტივობების თანმიმდევრობით.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თემა: ი. ჭავჭავაძის ,,მოძღვარი“ (ნაწყვეტი)
გაკვეთილის მიზანი: მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება დილემაზე არგუმენტირებული მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე.
კავშირი ესგ-სთან: ქართ. დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
გაკვეთილის დასაწყისში თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ ვაყალიბებთ შეფასების ინსტრუმენტებს. გაკვეთილის მიზნიდან და VaKE-ის მეთოდური თავისებურებიდან გამომდინარე სასურველია, მოსწავლე შეფასდეს დისკუსიაში შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
•       მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
•       ასაბუთებს მოსაზრებას, მოჰყავს მაგალითები, აკეთებს დასკვნას;
•       იცავს დისკუსიის წესებს;
•       პატივს სცემს სხვის აზრს.
მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს. შემდეგ ხდება დილემის გამოყოფა და მისი განხილვა VaKE -ის ფაზების მიხედვით.
•       დილემის მომზადება: ზაქარიას ძმასთან უთანხმოება აქვს. მოძღვარი მას საყვედურობს ცუდი საქმეების გამო. კიცხავს, რომ, როგორც ჭარმაგ ადამიანს, არ შეშვენის მსგავსი საქციელი. ზაქარიას თავი უდანაშაულოდ მიაჩნია და ყველაფერს ძმას აბრალებს. მოძღვარი აფრთხილებს: თუ ერთმანეთის პატივი არ გექნებათ, ტაძარში არ შემოგიშვებთო.
•       დილემის წარდგენა: ზაქარიამ ან უნდა მოაგვაროს ურთიერთობა ძმასთან და შეურიგდეს მას, ან უნდა შეწყვიტოს ტაძარში სიარული.
•       დილემის განხილვა/კითხვები: რა პრობლემა დავინახეთ ამ ტექსტში? რითი იმართლებს ძმა თავს?  სწორად იქცევა ზაქარია, როცა პრობლემას თავის ძმას აბრალებს? ძმის ყოველგვარ საქციელზე თვალი უნდა დავხუჭოთ და ყველაფერი ვაპატიოთ? რა კავშირი აქვს ძმათა შორის უთანხმოებას ტაძარში შესვლასთან?
•       რეფლექსია: მოსწავლეები ფიქრობენ: 1) ზაქარიამ უნდა აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა, გაარკვიოს ურთიერთობა ძმასთნ და შეურიგდეს მას; 2) დარჩეს თავის პოზიციაზე, არ მოაგვაროს ურთიერთობა მასთან და შეწყვიტოს ტაძარში სიარული; 3) მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. მასწავლებელი ფიქრისათვის აძლევს რამდენიმე წუთს.
•       პირველადი გადაწყვეტილება: მოსწავლეები საკლასო ოთახში მერხებს განალაგებენ სამ  ჯგუფად და განაწილდებიან სამ პოზიციაზე.
•       პრეზენტაცია: მოსწავლეები მსჯელობენ ჯგუფებში და ტექსტზე დაყრდნობით გამოაქვთ დასკვნები, აკეთებენ პრეზენტაციას, ასაბუთებენ შეხედულებას.
•       დამატებითი ინფორმაციის მოძიება: მასწავლებელი კლასს უჩვენებს ანიმაციურ ფილმს ,,ორნი ძმანი“ (სულხან-საბა ორბელიანის ამავე სახელწოდების იგავის მიხედვით), სთხოვს, დაუკვირდნენ პერსონაჟების ქცევას, ჩაწვდნენ ავტორის სათქმელს. ასევე ,,დიახ“ და ,,არას“  გასამყარებლად დამატებითი არგუმენტებისათვის აკრავს დაფაზე ფორმატს ანდაზებით, მაგ:
o       ,,ძმა თუ არ გყავდეს, სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა“;
o       ,,ძმამ ძმას ანგარიში უყო და ისევ ძმებად დარჩნენო“;
o       ძმაცა მყავს და ძმობილიც, მაგრამ ძმა ძმაც არის და ძმობილიც“;
o       ,,ძმა ძმისთვისაო – შავი დღისთვისაო“;
o       ,,ძმებს სიმინდი რომ შემოელევათ, მაშინ გაიყრებიანო“.
(დაწყებით საფეხურზე დასაშვებია, მასწავლებელმა შესთავაზოს დამხმარე მასალა საკითხთან დაკავშირებით).
•       რეფლექსია: მოსწავლეები ისევ დაფიქრდებიან, ხომ არ შეეცვალათ წარმოდგენა საკითხზე?
•       მეორადი გადაწყვეტილება: მასწავლებელი სვამს კითხვას: ისევ იმ აზრზე ხართ? თუ ვინმე პოზიციას შეიცვლის, გადაინაცვლებს შესაბამის ჯგუფში.
•       პოზიციის არგუმენტირება: მოსწავლეები დაასაბუთებენ არჩევანს: რითი ახსნით, რამ განაპირობა არჩევანის ცვლილება? შესაძლოა, ფილმთან ერთადა გუმენტებად ანდაზებიც მოიყვანონ, ან მოიშველიონ ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
•       გენერალიზაცია და ტრანსფერი: მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შეაჯერებენ სათქმელს და რჩევის სახით ჩამოაყალიბებენ დასკვნას. შემდეგ კი გაიხსენებენ, სმენიათ თუ არა მსგავსი შემთხვევის შესახებ.
მინდა აღვნიშნო, რომ გაკვეთილის ბოლოს მიღწეულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. როდესაც თემის დამუშავება დავიწყე, ვფიქრობდი, შესაძლოა, დისკუსია არც კი შემდგარიყო. ცხადია, ამ შემთხვევაში, მეთოდი ვერ იმუშავებდა და საკითხის განხილვაც ვერ შედგებოდა ღირებულებით ჭრილში. მაგრამ, შევძელი და დილემა ისე წარვუდგინე ჩემს მოსწავლეებს, რომ ეჭვი არ შეჰპარვიათ: მე არ მქონდა პასუხი ამ კითხვაზე და მათი დახმარება მჭირდებოდა საბოლოო დასკვნის მისაღებად. ასევე იმასაც ვვარაუდობდი, რომ პირველ ეტაპზე შესაძლოა არ გამოკვეთილიყო მესამე ჯგუფი, რომელსაც ცალსახა პოზიცია არ ექნებოდა. მაგრამ ეს ვერსიაც გამოირიხცა, გამოჩნდნენ მოსწავლეები, რომლებიც ძმის, ერთი შეხედვით, უწყინარ საქციელში პრობლემას ვერ ხედავდნენ. ასე რომ, ჩვენი დისკუსია შედგა და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა.
მე, როგორც მასწავლებელს, არ დამჭირვებია ზედმეტი ჩარევა, ვიყავი მხოლოდ ფასილიტატორი, მეთოდის ფაზების მიხედვით ვაძლევდი მიმართულებას მოსწავლეებს.
საბაზო და საშუალო საფეხურზე მასალის მოცულობისა და სირთულის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რამდენად აქტუალურია დასმული დილემა, რა ფაქტები და მტკიცებულებები მოიპოვეს მოსწავლეებმა საკუთარი პოზიციების ასახსნელად, არგუმენტირებისა და მსჯელობის ჩამოსაყალიბებლად, მიზანშეწონილია გაკვეთილზე გაიწეროს მეთოდი 2 – პირველ გაკვეთილზე მომზადდეს დილემა და ჩატარდეს ფაზები: დილემის წარდგენა, განხილვა, ვალიდური ღირებულებების განსაზღვრა, რეფლექსია, პირველადი გადაწყვეტილება, პრეზენტაცია. სახლში მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია, ხოლო მეორე გაკვეთილზე ჩატარდეს ფაზები: რეფლექსია, მეორადი გადაწყვეტილება, პოზიციის არგუმენტირება, გენერალიზაცია და ტრანსფერი:
გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა VaKE-ის მეთოდით სწავლებისას:
•       სწორადაა თუ არა შერჩეული თემა ამ მეთოდით სწავლებისას?
•       სწორადაა თუ არა გამოკვეთილი დილემა?
•       ნათელია თუ არა ჩემი მოსწავლეებისათვის საგაკვეთილო მიზანი – რისი მიღწევა გვსურს?
•       გასაგებად არის თუ არა სტრუქტურირებული ჩემ მიერ დაგეგმილი პროცესი?
•       საკმარისია თუ არა მოძიებული დამხმარე მასალა საკითხის მრავალმხრივი განხილვისათვის?
•       გათვალისწინებულია თუ არა მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარები?
•       საკმარისია თუ არა გამოყოფილი დრო საკითხის დასამუშავებლად?
•       შეესაბამება თუ არა მიღწეული შედეგი დასახულ მიზანს?

 
გამოყენებული ლიტერატურა:
1)      https://www.vake.eu/;
2)      სამეცნიერო კონფერენცია: ,,ღირებულებები და განათლება“-თბილისი, 30 სექტემბერი, 2017წ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი