შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ლიტერატურა და მოძრაობა

„მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვია, შვილნი სოფლისა“, – აქვს ასეთი ძალიან ზუსტი ფრაზა ნიკოლოზ ბარათაშვილს, ფრაზა, რომელიც ბევრ რამეს, დრამატულსაც და ტრაგიკულსაც, გვიიოლებს. მათ შორის – ისეთ მნიშვნელოვან პრობლემასაც, რომელზეც ეკლესიასტე წერდა თავის დროზე: „ამაოება ამაოებათა. ყოველივე ამაოა“. რა საჭიროა რამის კეთება, რა საჭიროა მოქალაქეობრივი შეგნება – ხვალ ხომ დავიხოცებით? ლოგიკა მძლავრია, მაგრამ უძლურია ბარათაშვილის სიტყვებთან. ის არ გვამხნევებს, უბრალოდ, ამბობს: ადამიანები ვართ. დავიბადეთ. ვცოცხლობთ. და უნდა ვაკეთოთ. და ამას მოჰყვება „მერანი“ – ამბავი, რომელიც გულისხმობს რაღაც დიდისა და შეუცნობლისთვის თავის გაწირვას. ჭირსაც წაუღია ყველაფერი, – იტყვის მავანი, – თუკი მე აღარ ვიქნები! აქაც იქნება ლოგიკა. მაგრამ ბარათაშვილი გვეუბნება, რომ ეს ლოგიკები, რეალურად, მარცხდება სადღაც. და ეს არის ადამიანად ყოფნის ნიშანი.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაო, მაგრამ არსებობენ სხვაგვარი ადამიანებიც, რომლებიც დაკვირვებას და ლოდინს ამჯობინებენ. ერთი ქართული ლექსია, ხალხს ციხესიმაგრეში შესვლა უნდა და კარს ვერ პოულობს: „მერმე თქვეს, დროი მოვალის, კარ გაიღების თავადა“. იმ ჩინური სიბრძნისა  არ იყოს, რომელიც გვასწავლის, რომ თუ მდინარის პირას დაჯდები, წყალი ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოატარებს მტრის გვამს. მაგრამ რამდენად სწორია ეს გზა ქართული საზოგადოებისთვის? ილია ჭავჭავაძე მეორე გზას მყინვარს ადარებდა, პირველს – თერგს. ჩვენი ქვეყნის ყოფა თერგობას გვაიძულებს – უნდა ვიმოძრაოთ. ეს მოძრაობა გულისხმობს ძალიან უცნაური მარშრუტით სვლასაც – მოგეხსენებათ, თერგი პირიქით მიედინება – და ტკივილსაც – მდინარე ქვებს ეხეთქება. ჩვენი გზა ასეთია. მეორე გზაც საინტერესოა, მაგრამ არა საჩვენო. ამაზე ბრეხტი ასეთ რამეს ჰყვება: ერთი ლექტორი, გვარად კოინერი, ძალადობის საწინააღმდეგო ლექციას ატარებდა. უცბად შეამჩნია, რომ ლექციაზე მსხდომი სტუდენტები შეშინებულები წამოდგნენ და ოთახიდან გასვლა დაიწყეს. კოინერმა მიიხედა და დაინახა, რომ ზურგს უკან ძალადობა ედგა. ძალადობამ მუქარით ჰკითხა: რაზე ლაპარაკობდი ახლა? – და კოინერმა ათრთოლებულმა მიუგო, ძალადობის სასარგებლოდ ვსაუბრობდიო. ძალადობას ლექტორის გულწრფელობა დიდად არ ადარდებდა, მისთვის მთავარი იყო, დაშინებით შეეცვალა კოინერის სიტყვების შინაარსი. როცა კმაყოფილი ძალადობა წავიდა, სტუდენტებმა ლექტორს უსაყვედურეს: „ორი წუთის წინ სულ სხვა რამეს ამბობდი; როგორ შეიძლება, ორ წუთში თუნდაც დიდმა შიშმა მთლიანად გარდაგქმნას?“ კოინერმა კი უპასუხა: „მე უნდა გავძლო უფრო დიდხანს, ვიდრე ძალადობამ“, – და ასეთი იგავი გაიხსენა: „აგენტების დროს ცხოვრობდა ვინმე ბატონი ეგე, პატიოსანი კაცი, არჩართული ავი ყოფის ორომტრიალში. ეს აგენტები კი სასტიკი და ავისმოქმედი ადამიანები იყვნენ. ერთხელ ეგესთან ერთ-ერთი აგენტი მივიდა და მკაცრად ჰკითხა: – იქნები ჩემი მონა?! ეგეს ხმა არ ამოუღია, ჩამოართვა აგენტს ქურთუკი, დაუფერთხა, გაყვა სახლში, დაულაგა, საჭმელი გაუკეთა, ლოგინი დაუგო… ასე გაგრძელდა შვიდი წელი. შვიდი წლის თავზე აგენტი გარდაიცვალა. ბატონმა ეგემ მისი ცხედარი სუდარაში გაახვია, უფსკრულში გადაუძახა და მიაძახა:  – არა! ასეთი პასუხებიც არსებობს. მაგრამ რამდენად შეესაბამება ისინი ჩვენი საზოგადოების გამოწვევებს, ამაზე მე და თქვენ ერთად უნდა ვიფიქროთ. ჩვენ არ გვაქვს ლოდინის ფუფუნება – კონტექსტების ამბავია. ილია ჭავჭავაძემ ზუსტად შენიშნა ეს. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ. უნდა ვიმოქმედოთ. მთავარი დაბრკოლება კი ჩვენ თვითონვე ვართ. ამიტომაც დაწერა ილიამ „კაცია, ადამიანი?!“ – ამბავი იმაზე, როგორ უნდა ვებრძოლოთ და ავმაღლდეთ საკუთარ თავზე. ასე სხვის დანახვას და გათვალისწინებასაც შევძლებთ.

საზოგადოდ, წიგნები ალბათ გზის მანიშნებლები უფრო არიან, ვიდრე ამ გზაზე დამყენებლები. ამ გზაზეც ჩვენვე უნდა დავაყენოთ საკუთარი თავი. ჩვენ უნდა მივხვდეთ და გავიაზროთ, საით მივდივართ და როგორ მივდივართ. ამ აზრით წიგნები გვეხმარებიან მხოლოდ. სოლომონ ბრძენს, ლეგენდის მიხედვით, ჰქონდა ბეჭედი, რომელზეც ეწერა: „ესეც გაივლის“. ჩვენთვის წიგნებია ეს ბეჭედი. გადმოვატრიალებთ მეხსიერებაში ამ წიგნებს და ზუსტად გვეცოდინება, რომ ესეც გაივლის. ცუდიც და კარგიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი