პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ხმამაღალი კითხვა ნებისყოფის განსავითარებლად

 

„მტკიცე ნებისყოფის აღზრდა პედაგოგიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“.

დიმიტრი უზნაძე

 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან და შვილებთან ურთიერთობამ დამარწმუნა, როგორი მნიშვნელოვანია წინასასკოლო განათლებაზე ზრუნვა. პირველ კლასში ადვილად ამოსაცნობია, ვის უკითხავდნენ სახლში ან უამბობდნენ და ვის – არა. ჩემი დაკვირვებით, ბავშვებს, რომლებსაც ხმამაღლა უკითხავდნენ, წერა-კითხვის სწავლა გაცილებით უადვილდებათ და მაღალი აკადემიური უნარ-ჩვევებითაც გამოირჩევიან. გაწაფულ მკითხველად ჩამოყალიბებაც  პირდაპირ კავშირშია ხმამაღალ კითხვასთან.  ხმამაღალი კითხვის მნიშვნელოვნებაზე განსაკუთრებულად მაშინ დავფიქრდი, როცა საკუთარი თავი ერთ რამეში გამოვიჭირე, კერძოდ, აღმოვაჩინე, რომ თავდაპირველად ჩემს შვილებს ხმამაღალა ვუკითხავდი ვალდებულების მოხდის მიზნით. თავიდან ასე დავიწყეთ. რამდენიმე წელი დამჭირდა, სანამ ხმამაღალი კითხვის შესახებ პირადი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდებოდა და საკუთარი შეხედულებების სტატიად გადაქცევას გადავწყვეტდი.

ხშირად მეკითხებიან მშობლები რჩევას, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ბავშვები  კითხვით.  ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეთი რამ ხდება: როდესაც საუბარს ვიწყებ, ვგრძნობ, რომ არ მისმენენ. მე ხან ჯიუტად ვაგრძელებ საუბარს, ხან დიდი სიფრთხილით ვარჩევ სათქმელს, მაგრამ იშვიათად, ძალიან იშვიათად მაქვს განცდა, რომ ჩემი საუბარი მათ გულებამდე აღწევს. მიზეზების ძიებამ რამდენიმე ვარაუდი გამოავლინა:

1. ადამინებს გვაფრთხობს ის, რაც არ ვიცით;

2. არ ვართ დარწმუნებულები, ჩვენც ისევე კარგად გავართმევთ თავს, როგორც ეს რჩევის მომცემმა შეძლო;

3. არ ვიცით, როგორ ან საიდან დავიწყოთ.

არადა, კვლევები საგანგაშო შედეგებს გვიზიარებენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების წიგნიერების მიმართულებით. ფაქტია, რომ  ბავშვებს უჭირთ კითხვა, არ კითხულობენ წიგნებს და, შესაბამისად, მწირი ლექსიკური მარაგი, დაბალი აკადემიური მიღწევები აქვთ და მაღალი სააზროვნო უნარებიც არ გააჩნიათ.

რადგან ბავშვები საკუთარ თავს ვერ უშველიან, ამიტომ ცვლილებებისთვის მათზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა ვიმოქმედოთ. პირველ რიგში, მშობელთა ცნობიერებაა ასამაღლებელი. ბევრი უნდა ვისაუბროთ და ვწეროთ წინასასკოლო განათლების შესახებ, რომ ერთმანეთს ხმა მივაწვდინოთ. თითოეულ დღეს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის. როგორც ტანსაცმლით, საკვებით, უსაფრთხო გარემოთი უზრუნველვყოფთ ბავშვებს, ასეთივე ვალდებულებით უნდა მოვეკიდოთ მათი წიგნიერებისთვის ზრუნვას.

ძველად ადამიანები ერთმანეთს უამბობდნენ დღის მთავარ ამბებს, მშობლები ყვებოდნენ ზღაპრებს, ლეგენდებს, თქმულებებს, ლექსებს, ბავშვები ისმენდნენ ლოცვებს, შელოცვებს, მრავალფეროვანი სიტყვები ხმიანდებოდნენ და პატარა ადამიანებში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ილექებოდნენ. აჩქარებული დროის გამო ყოველდღიური მეტყველება გაღარიბდა, ტექნოლოგიებთან დიდი დროის გატარებამ კი ნებისყოფის მოდუნება გამოიწვია, ამიტომ ხმამაღალი კითხვა არის არაჩვეულებრივი გზა არა მარტო ფანტაზიისა და ლექსიკური მარაგის განსავითარებლად, დროის ერთად გასატარებლად, შემეცნებითი სამყაროს გასაფართოებლად, არამედ ამგვარად ნებისყოფის განმტკიცებაც შესაძლებელია.

სანამ ხმამაღალ კითხვას ნებისყოფის სიმტკიცეს დავუკავშირებთ, მანამ ნებელობის შესახებ დიმიტრი უზნაძის მოსაზრებას გავეცნოთ. იგი თვლის, რომ ნებელობა იმგვარი ფსიქოლოგიური აქტივობაა, რომელიც მომავლის მოქმედებას გულისხმობს. მაგალითად მოჰყავს იმპულსური ქცევა, როდესაც ადამიანს წყალი მოსწყურდება, ის დგება და სვამს წყალს. ნებელობით განპირობებული ქცევა კი მომავლის აქტივობაა, რადგან იმპულსური ქცევისგან განსხვავებით მის შესასრულებლად ამჯერად ადამიანის ტვინმა და სხეულმა რამდენიმე ფაზა უნდა გაიაროს. როცა ჩვენ ცივ ოთახში გამოგვეღვიძება, ადგომისგან თავს ვიკავებთ. ბოლოს თავს ძალას ვატანთ და ვდგებით. ამ დროს სიზარმაცის დასამარცხებლად ნებელობის აქტი განხორციელდა (უზნაძე, გვ. 177).

„ნებელობის პროცესი სამ პერიოდს მაინც შეიცავს, 1) გადაწყვეტილების მოსამზადებელ პერიოდს, რომელიც არკვევს თუ რა მოსაზრებით, რა უნდა გადაწყდეს; 2) თვითონ გადაწყვეტილების პერიოდს და, ბოლოს, 3) გადაწყვეტილების შესრულების პერიოდს“.1

სწავლის პროცესს რომ დავუკვირდეთ, ბავშვს მუდმივად ნებელობის  სამფაზიანი პროცესის გავლა უწევს. ვთქვათ, მერხთან ზის და ყურადღებით ისმენს, წერის დროს რვეულსა და კალამს ამზადებს, იწერს წიგნიდან, დაფიდან, ქმნის თავისუფალ თემებს, კითხულობს – ნებისმიერ ქმედების შესასრულებლად ის ჯერ უნდა განეწყოს, შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ბოლოს კი უნდა განახორციელოს. უზნაძე თვლის, რომ განხორციელება ნებელობის ყველაზე რთული აქტია, რომელსაც მტკიცე ნებისყოფა სჭირდება. როგორც ვხედავთ, ბავშვი სკოლაში წასვლამდე გაწაფული უნდა იყოს ნებისყოფის სიმტკიცეში.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შემდეგმა შეხედულებამ: „ნებელობა ჩვენი თანდაყოლილი ბიოლოგიური თვისება კი არ არის, არამედ უფრო მაღალი კატეგორიის მოვლენაა, რომელსაც თვითონ ბიოლოგიურის, საკუთარი ნერვული სისტემისა და მისი თანდაყოლილი ტენდენციების შეცვლისა და წარმართვის ძალა შესწევს. ნებისყოფის სიმტკიცე, ამის მიხედვით, რასაკვირველია, ვერავითარ შემთხვევაში თანდაყოლილ თვისებად ვერ ჩაითვლება: იგი პირადი ცხოვრების მიმდინარეობაში აქვს ადამიანს შეძენილი, და ამიტომ მტკიცე ნებისყოფის აღზრდა პედაგოგიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“.2

სტატიის დაწერა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, ეს მოსაზრება რომ ამოვიკითხე და ჩემი, როგორც მასწავლებლის, პასუხისმგებლობა გაასმაგდა. უზნაძის მიხედვით, ნებისყოფა თანდაყოლილი თვისება არ არის და მის გამოსამუშავებლად გამიზნული ქმედებაა საჭირო.

ნებისყოფის განსამტკიცებლად ხმამაღალი კითხვა საუკეთესო მეთოდად რომ შეიძლება ვაქციოთ, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ჩემი 6 წლის ბიჭის ყურადღების შენარჩუნება წიგნის ხმამაღალი კითხვისას თანდათან  იზრდებოდა.

ხმამაღალი კითხვით ბავშვების დაინტერესებას მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება პირადი მაგალითის ძალაზე. როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენე, თავდაპირველად მოვალეობის მიზნით ვუკითხავდი ჩემს შვილებს. ხშირად თავად მეფანტებოდა ყურადღება კითხვისას. ეს ბოლო ხანია, რაც ჩემთვისაც დიდ სიამოვნებად იქცა ხმამაღალი კითხვის პროცესი, რის გამოც ყოველი საღამოს მოახლოება დიდ მოლოდინად და სიხარულად იქცა.

ყველაფერი რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძულიდან“ დაიწყო. ერთ-ერთი მწერალი იხსენებდა, როგორ უკითხავდა დედა სწორედ ამ რომანს ბავშვობაში და წიგნის სიყვარულსაც ამ პერიოდს უკავშირებდა. ამან მიბიძგა თავადაც წამეკითხა ჩემი გოგონასთვის „განძის კუნძული“ და ერთად განგვეცადა პირველადწაკითხვის სიამოვნება.

საკმაოდ რთული სიუჟეტისა და ჭარბი ფრაზეოლოგიზმების გამო თავდაპირველად გაგება გაუჭირდა, რის გამოც დროდადრო ვუბრუნდებოდით წაკითხულს და ვუღრმავდებოდით მოვლენებს. ფერადი ფანქრებითა თუ კალმებით არშიებზე, საწოლი ოთახის კედელზე ვუხატავდი ზვირთებს, გემებს, რომის ბოთლებს, ვხაზავდით უცხო სიტყვებსა და ლამაზ წინადადებებს.

საგანგებოდ შევქმენი კედლის პოსტერი, რომელზეც დავხატე ფუნდუკი „ადმირალი ბენბოუ“, ჩამოვწერე პერსონაჟთა სახელები და უცხო სიტყვები. მოვიფიქრე სახალისო აქტივობები, მაგალითად: შეადგინე იმდენსიტყვიანი წინადადება, რამდენი ასო-ბგერისგანაც შედგება ეს სიტყვა; ლექსიკონში მოძებნე განმარტება; სიტყვაში შემავალი ასოებისგან ააწყვე ახალი სიტყვა (ფუნდუკი – კუდი, კუ, უი); მოიფიქრე ჩემთვის ამგვარი თამაშები;  კედელზე გაკრული პოსტერი სკოლიდან მოსულს დავახვედრე. რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა და ინტერესი გაუმძაფრდა. კითხვის პარალელურად პოსტერი ეპიზოდების მიხედვით შექმნილი ნახატებით შეივსო. ერთ საღამოს ამოვიკითხეთ, რომ ერთერთი მეკობრე ლილიბულეროს მღეროდა. Youtube-ში მოვძებნეთ და ისეთი მხიარული მელოდია გაჟღერდა, დასაძინებლად მომზადებულები აგვაცეკვა. რამდენიმე თავის შემდეგ 6 წლის ბიჭის ყურადღებაც მივიზიდეთ და ახლა ჩვენზე კარგად ახსოვს კაპიტან სმოლეტისა თუ ყველაზე ცბიერი და მოხერხებული მეკობრის, სილვერის სახელები.

ხმამაღალი კითხვა, რომელსაც სხვადასხვა თამაში დავუკავშირეთ, ერთგვარ რიტუალად იქცა. ჩუმად კითხვისგან განსხვავებით ხმამაღალი კითხვა ერთიანობის განცდას ბადებს, კითხვის პარალელურად ჩნდებოდნენ ამბები, რომლებიც მხოლოდ  ჩვენ გადაგვხდა, ასევე, საერთო საუბრის მიზეზიც გამოვიგონეთ; ვიზუალურად გაცოცხლებული მოვლენები ღრმა შთაბეჭდილებად დაგვრჩა; გავიმდიდრეთ ლექსიკური მარაგი, შევიტყვეთ სხვადასხვა ფულის ერთეულისა და მეკობრეების ალმის სახელი – „მხიარული როჯერი“; რომანის მოქმედ გმირებთან ერთად გვეშინოდა, გვიხაროდა, ვწუხდით, გვტკიოდა; განვიხილავდით სიუჟეტის სავარაუდო განვითარებას; ვსაუბრობდით მათი ქცევის შესახებ; ვმღეროდით ერთად –   „მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა… იო-ჰო-ჰო-ჰო, და ბოთლი რომი!..“ და წამდაუწუმ ვამბობდით მეკობრეთა სიბრაზის გამომხატველ ფრაზას – „მეხის მადლმა!“

წიგნის დასრულების შემდეგ  მულტფილმი მოვძებნეთ და გადავწყვიტეთ, ერთ დღეს „განძის კუნძულის“ პერსონაჟების მსგავსად გამოვეწყოთ. პასუხგაუცემელ კითხვად დაგვრჩა, თუ რატომ აღარ ახსენა მწერალმა  ჯიმ ჰოკინზის დედა, რომელიც ერთადერთი ქალი პერსონაჟი აღმოჩნდა წიგნში.

სწორედ ამ დაუვიწყარი საღამოებისას აღმოვაჩინე, რომ ბავშვების ნებისყოფა, რომელსაც მოსმენის დროს ავლენდნენ, დღითიდღე უმჯობესდებოდა. ნებელობის ფსიქოლოგიურ ხასიათს  რომ დავუბრუნდეთ, დავრწმუნდებით, რომ ხმამაღალი კითხვა ნამდვილად მომავლის აქტივობაა. რომ მოვუსმინო, ჯერ უნდა განვეწყო, მერე გადავწყვიტო და მერე განვახორციელო.  წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად მოსმენისთვის გაღებული ძალისხმევა როგორ გამოაწრთობს ბავშვების ნებისყოფას, რომელზეც  მომავალ ქმედებებს დააშენებენ. აქვე უნდა ვახსენოთ, როგორი დიდი მონდომება გვმართებს ბავშვების ხმამაღალი კითხვით დაინტერესებისთვის. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვსიამოვნებდეს და განვიცდიდეთ, რასაც ვუკითხავთ, შემდეგ პატარ-პატარა ხრიკებით მათი ყურადღება მუდმივად უნდა გავააქტიუროთ, ბოლოს დავანახოთ კავშირი, რომ რაღაც ძალიან კარგი ხდება ჩვენს თავს.

ყოველივე ამის გამო ხმამაღალმა კითხვამ, რომელსაც აქამდე  წიგნიერების დონის ასამაღლებელი მეთოდად ვიცნობდი, კიდევ უფრო ღრმა დატვირთვა შეიძინა – ბავშვის ნებისყოფის განმტკიცება. წინ ზაფხულია, ერთმანეთს ხმამაღლა ვუკითხოთ წიგნები და გამოვიგონოთ თამაშები, რომლებიც დაუვიწყარ თავგადასავლებს გვაჩუქებენ. ხმამაღლა ვიკითხოთ ეზოში, სახლში, აგარაკზე, ზღვაზე. ვუკითხოთ შვილებს, შვილების მეგობრებს, მოსწავლეებს, ძმისშვილებსა და დისშვილებს, და თუკი, მოზარდის დაუფიქრებელმა ქცევამ გაგვაღიზიანა, წარმოვიდგინოთ, როგორ დავჯებოდით მასთან ერთად, მოვუდუღებდით ცხელ შოკოლადს და წავუკითხავდით რომელიმე საყვარელ ლექსს, მოთხრობას, იაპონურ ტანკას ან პირად წერილს.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. უზნაძე დიმიტრი.  ზოგადი ფსიქოლოგია, „საქართველოს მაცნე“, 2006
  2. უზნაძე დიმიტრი, ზოგადი ფსიქოლოგია, ნებელობა, გვ. 183
  3. უზნაძე დიმიტრი, ზოგადი ფსიქოლოგია, ნებელობა, გვ. 202

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი