ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქალი მტრედით და სხვა ქალები

ქალებს ვეძებ. ვეძებ ყველგან, ქუჩაში, საქმეში, ისტორიაში, ლიტერატურაში, კერძში, გემოში, თავისუფლებაში, მორჩილებაში, დუმილში, სიტყვაში… ეს ჩვევად მექცა, ყოველდღიურ საქმედ, მარადიულ სიყვარულად.

ვეძებ ქალებს,  მათ მოყოლილ ზღაპრებსა და ამბებს, ნამღერ იავნანებს. ქალებს, რომლებიც ინახავენ თავიანთ ენას, ოჯახს, ქვეყანას. ყველა ამბავში ქალებს ვეძებ. როდესაც გადასახლებებისა და მიგრაციების ამბებს ვკითხულობ, ყველაზე ხშირად სწორედ ქალების პორტრეტები და ამბები ამოკრთება ხოლმე.   ასე სხვანაირად იკითხება აკვნის ცოტა ვიწრო არტახები, კაბაზე დამაგრებული ქამრები, მთელ ცხოვრებას რომ ინახავს,   კაბის სამკლაურში დამალული შხამის წვეთები ყოველი შემთხვევისთვის.  გზაში დაკარგული და დამარხული შვილები, არაფრისგან გამომცხვარი ხმიადები, ზედაც ცრემლის დაყოლება.

ყველაფერი სხვანაირად იკითხება, როცა ქალების შრომისგან გაუხეშებულ ხელებს, ნაწნავებში შეპარულ ვერცხლს და მეხსიერებას კითხულობ.

სარა ფერეიდანში თავის ქმართან, ამბაკო ჭელიძესთან,  თავის ერთადერთ, დიდ, მარადიულ სიყვარულთან ერთად მოხვდა. ასეთი სიყვარული იშვიათია ხოლმე, ასეთ ამბებს ხშირად არ წააწყდები. ამბავს 15 წლის გოგოსი, რომელიც ნათესავების წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლად გაჰყვა მასზე უფროს მწერალსა და მთარგმნელს, წაჰყვა და თავის დღიურებში ყველაზე ბედნიერ დღედ სწორედ ის ჩაწერა, მათი ჯვრისწერის დღე.

კითხულობ ამ დღიურებს და გიკვირს, არსად, არცერთ  გვერდზე, სადაც თავის ქმარსა და შეყვარებულზე ლაპარაკობს, სადაც სატრფოს სახელს ახსენებს, არ გამოტოვებს კუთვნილებით ზედსართავს, ამბაკოს „ჩემის“ გარეშე არ ტოვებს, „ჩემი ამბაკო“ – ახსენებს სიყვარულით, ტკივილით, მონატრებით.

ამბაკო ჭელიძე ფერეიდანისა და საქართველოს დიდი ხიდია, თარგმანები, წიგნები, მისი ღვაწლი ფერეიდნულ-ქართული ურთიერთობის აღდგენის საქმეში განუზომელია, მისი მონათხრობი ფერეიდნული ამბები ერთ-ერთი მთავარი კარი იმ ჯერ კიდევ უცნობ სამყაროში.

სარა მეუღლეს ყველა მოგზაურობაში თან ახლდა, ასე იყო ფერეიდანშიც, საოცრად ემოციური, გულღია, მგრძნობიარე ქალის დღიურები სულ სხვა, ქალის პერსპექტივიდან გვანახებს ფერეიდანში მოგზაურობის ამბებს. აკი თვითონაც აქმბობს, პირველი ქალი ვარ, ვინც ფერეიდანში იმოგზაურაო.

სარა ის საერთო მეხსიერებაა, იმ ამბების გმირია, რომელსაც დღემდე ყვებიან ფერეიდნელები, როგორ ჩამოვიდნენ დიდი ხნის წინ პირველი ქართველები საქართველოდან-ამბაკო და მისი ცოლი სარა:

„მე მაგონდების, რო ერთი ყოფილა ამბაკო, ერთი ყოფილა, ერთი ქალი ყოფილა სარა, ერთი ყოფილა ქათინო, იმ [ასეა!] საელჩოჩი ყოფილა. ასი რო ჩემ მამა-დედამ მიამბისყეს ეს. _ანს რო მიამბისყე, ჩემ პაპა ძრიალ ნდომებია, როს ყორვებია საქართველო ძრიალა ჰყორებია, მაგრამ ელა ყოფილა ახალგაზდა, იცი, ორმოზდაორ-სამ წელსა ყოფილა, რო ერთ ემე გამაჲსლია ხახაჩიგა და იმაში თქიანყე დუნა. ანს გამაჲსლია და ძრიალ თავის ნატრვაც ყოფილა, რო წაიდეს, საქართელო დაიაროს.“

“ შეიძლება ამბაკო რო გამოიდა, ამბაკო რო გამოიდა, სარე, თავის ცოლი, იმაშინ და ან სეიფოლა ხანმაც იოსელიანმა ხო გაჲდა საქართველოჩი და გამაიტანა, ზოგებმა ისწავლეს და აი, ეგრე რო ეხლა არა ჴერჴულობენ, იმაშინაც არ იჴერჴეს”.

“ჩემ პაპამ რო გამოჲდა საქართველოჩი, ეგღა რო აიცნეს, გადმოჲდიანყე ქართველები ჩემ პაპასთანა. და ეხლა ქენ კი პაპას დაჲძახით, ჩონ დიდაღას დავძახით. ჩემ დიდაღასთან გადმოჲდიან… ამბაკო იყო, სარა იყო, ბევრები იყნეს და მე არ მაგონდების, რო რა ერქოყე თავით სახელი. ბევრს ხანი იქ იყნეს და იმაშინ გერიმ გადმიოჲდეს თავით მიწა-წყალზე.”

სარას ჰორიზონტიც ყველაზე უკეთ ქალთა სახეებს, მათ ქცევას, სამოსს, ემოციებს, თავისუფლებას აკვიდრება. თავადაც განსაკუთრებული სახეა – შორეული საქართველოდან ჩასული, ულამაზესი, თვალტანადი ქალი, ცხენზე რომ თავისუფლად ჯირითობს, მოშინაურებულმტრედს უვლის, ქალებს დამცველად და შემფარებლად ევლინება, პატარა ბავშვებს ეფერება და უვლის.

ტექსტს აქვს ჯადოსნური უნარი დროსა და სივრცეში გამოგზაუროს,  სარას გულწრფელ და ემოციით სავსე ხელნაწერებს მაშინვე სულ სხვა, ცოცხალ, განსაკუთრებულ გარემოში გადაჰყავხარ:

„ჩვენი ქალები ჯგუფ-ჯგუფად გვხვდებოდნენ თავიანთი ხშირი, ნაჭრიანი წითელ-ყვითელი კადრებით“…

პირველი კადრი სეიფოლა იოსელიანის ოჯახში სტუმრად მისვლა და იქაური ქალების დახვედრაა. ეფერებიან, სამოსს და ხელებს უკოცნიან, ტირიან. აი, რამდენიმე საოცარი მარგალიტი გამოკრთება, ულამაზესი გოგო, ღარიბულ ჩადრში გახვეული, სოფელი რომ პატრონობს და ქმრის ამორჩევასაც თავის თავზე იღებს, არასასურველი ქმრის.  გოგონას საქართველოდან ჩამოსული ცოლ-ქმარი შეიფარებს და ამ თავსმოხვეულ ქორწინებასაც გადაარჩენს.

მეორე, ასევე მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა და ამიტომაც მის ქმარს სხვა ქალზე უნდა ექორწინა. სთხოვე, ასე არ მომექცესო – ისე შეეხვეწა თითქმის უცნობ სარას, თითქოს გადამრჩენელი იპოვა.

საერთოდ, ეს საოცარი, გულუბრყვილო რწმენა მთელ მათ მოგზაურობას ახლდა თან. ერთი მიწურიდან ქალი გამოეგებათ, შვილი მიკვდება და მომირჩინეთო, გულუბრყვილო, მიამიტი, სიყვარულითა და ნდობით სავსე რწმენა.

კიდევ ერთი, უხუცესი ქალი, რომელსაც ყველანი პატივს სცემენ, დარბაისელი, თბილი ქალი, რომელიც გულში იკრავს სარას.

პაწაწინა გოგო, ნიჭიერი, მსახიობი, ვინც ყველანაირად ცდილობს სტუმრების ყურადღება და სიყვარული დაიმსახუროს.  ეს ეპიზოდი განსაკუთრებით ფერადი და ცოცხალია:

„ერთობ ცოცხალი ბუნებისა იყო ფაიდა, რომელიც ერთი წუთით არ ისვენებდა, ვის წყალი შეასხა, ვის მიწიანი ბალახი შაყარა თავ-პირში,  ისე სხვადასხვანაირად ამოძრავებდა თვალებს, რომ ძალიან მაკვირვებდა მე.

უთუოდ ამ გოგონაში  სასცენო ნიჭი გამოსჭვიოდა, რომელსაც საიმისო გარეგნობაც უწყობდა ხელს. შავთმიანი, შავთვალება იყო და ოდნავ ველური მზერა ჰქონდა“…

ისეთი ფერადია ეს მოგონება, ისეთი ცოცხალი. ცხენზე ამხედრებული ქალის ნახვით გაკვირვებული ადგილობრივები, ფერეიდნულ ვენახში მოცეკვავე ქალები, ერთმანეთს რომ ცეკვას ასწავლიან,  ცრემლიანი მისალმება და დამშვიდობება,  სადილისთვის, სპეციალურად ფლავის საჭმელად გამოთლილი კოვზი სტუმრისთვის, რომელიც ხელით ჭამას ვერ ახერხებს, ქალები, რომლებიც სიცილ-კისკისით ახურებენ თავიანთ ჩადრებს სტუმარს და ბოლოს, საუკეთესოს, აბრეშუმისას ურჩევენ…

„არც დღე და არც ღამე არ ისვენებდნენ და არცმე მასვენებდნენ – წერს სარა- ჩვენ მათ უმანკო სიყვარულით ვუყვარდით, ისევე, როგორც ჩვენ გვიყვარდა ისინი“…

აი, გარდაიცვალა ამბაკო და ცალად დარჩა მისი სარა, დაივალა მეუღლის ნაწერებზე მზრუნველობა, მოწესრიგება, გამოცემა. მისი საოცრად სენტიმენტალური დღიურებიდან ფერეიდნის ბედნიერი დღეების მსუბუქი ათინათები ჩანს, ბედნიერი დღეები ახალ, ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც დარდითა და მონატრებით იგონებს სარა ჭელიძე, ამბაკო ჭელიძის თანამეცხედრე და პირველი ქალი საქართველოდან, რომელმაც ფერეიდანი მოინახულა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი