ურთიერთობის როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

რამდენიმე თვის წინ 4 წლის დათუნას დედამ მომმართა თხოვნით, დავხმარებოდი შვილთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდამდე არანაირი სერიოზული სირთულე არ შეხვედრია ბავშვთან ურთიერთობაში. პატარამ ლაპარაკი დროულად დაიწყო, თითქოს განვითარებაც ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ამჯერად გაურბოდა გარშემომყოფებთან ურთიერთობას და ლაპარაკითაც არავის ელაპარაკებოდა. როგორც დედამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებული მოუცლელობის გამო, პატარა დათუნასთან თითქმის ვეღარ ახერხებდა ურთიერთობას, რის გამოც მისი მიხედვა, მასზე მზრუნველობა და ყურადღება თავის უფროს ქალიშვილს, დათუნას სტუდენტ დაიკოს, ნინის დააკისრა, რომელიც, ასევე მოუცლელობის გამო, ვერ ახერხებდა ბავშვთან ურთიერთობას და ხელი რომ არ შეეშალა მისთვის მეცადინეობაში, სმარტფონით აჩერებდა. ტექნიკის პირისპირ მარტოდ დარჩენილი და ახლობლებთან ცოცხალ ურთიერთობას მოკლებული დათუნა, მართალია არავის აწუხებდა,  მაგრამ, მოგვიანებით, როცა დედამ თავისი პრობლემები მოაგვარა და ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა სცადა, პატარამ არა მხოლოდ ლაპარაკი შეწყვიტა გარშემომყოფებთან, არამედ ჭამაზეც უარს ამბობდა, თუ მის საყვარელ „სათამაშოს“  – სმარტფონს არ მიაწვდიდნენ და სხვადასხვა სახის კომპიუტერული თამაშებით არ დაკავდებოდა. გარდა აღწერილი, მეტყველებასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულისა, გარშემომყოფებთან ურთიერთობის დეფიციტის  და ურთიერთობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მომავალში ჩვენ შეიძლება ბავშვთან დაკავშირებული უამრავი სხვა პრობლემაც შეგვხვდეს. დიდი ალბათობით, ასეთი ბავშვი იქნება შფოთიანი, აგრესიული, ნევროზული, ექნება შეფერხება, როგორც სოციალურ და ემოციურ, ასევე კოგნიტურ განვითარებაშიც.

ურთიერთობის მოთხოვნილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური მოთხოვნილებაა. ბავშვის ურთიერთობა უფროსთან საკმაოდ ადრეული ასაკიდან წარმოადგენს მთავარ და გადმწყვეტ პირობას მის ფსიქიკურ და პიროვნულ განვითარებაში – მისი აზროვნების, მეტყველების, თვითშეფასების, ემოციური სფეროსა და წარმოსახვის ფორმირებაში. ურთიერთობაზე, მის ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად იქნება აღჭურვილი ბავშვი მომავალში, როგორც პიროვნული, სოციალური, ასევე კოგნიტური უნარებით, როგორი ხასიათი ექნება მას და საერთოდ როგორი იქნება მისი მომავალი. ბავშვის პიროვნება, მისი ინტერესები, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობისა და გაგების უნარი მხოლოდ ურთიერთობაში შეიძლება განვითარდეს. ბავშვი ვერ ჩამოყალიბდება სრულფასოვან ადამიანად ახლობელი უფროსი ადამიანების მხრიდან ყურადღების, სიყვარულის და გაგების გარეშე. ყურადღების, სიყვარულისა და გაგების დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ურთიერთობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა უარყოფითად აისახება ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე და მის ფსიქიკურ განვითარებაზე.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეები ავიცილოთ თავიდან. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში ყოველ ასაკობრივ საფეხურზე კონკრეტული ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი და თუ ჩვენ ბავშვის განვითარების რომელიმე ეტაპისთვის სპეციფიკური პრობლემების გადაწყვეტას სამომავლოდ გადავდებთ იმ იმედით, რომ პატარა წავა საბავშვო ბაღში, სკოლაში და იქ დაეხმარებიან სირთულეების დაძლევაში, ჩვენ შეიძლება მომავალში გართულებული და გადაუწყვეტი პრობლემების წინაშეც კი აღმოვჩნდეთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვერც საბავშვო ბაღი და ვერც სკოლა ოჯახს ვერ ჩაანაცვლებს. ვერცერთი პედაგოგი, როგორი მაღალკვალიფიციური და ძლიერი სპეციალისტიც არ უნდა იყოს ის, ვერასოდეს ჩაანაცვლებს დედას და ვერ გააკეთებს იმას, რაც ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში დედას უნდა გაეკეთებინა.

ურთიერთობის მოთხოვნილება თანდაყოლილი არ არის. ბავშვი ამ ქვეყანაზე არ მოდის, არ იბადება ურთიერთობის მზა მოთხოვნილებით. თავდაპირველ;ად ახალშობილ ბავშვს უფროსი მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში დასახმარებლად ესაჭიროება. ასე რომ, თუ მას არ შია, არ სწყურია და თბილ საწოლში წევს, შეიძლება ის ურთიერთობის არანაირ სურვილს არ გამოხატავდეს. თუმცა, ძალიან მალე დგება მომენტი, როდესაც პატარას არ შია, არ სწყურია, არც სითბო აკლია, მაგრამ ტირის, ჭირვეულობს და თავისი ქცევით უფროსს უხმობს.  საკმარისია ასეთ დროს დედა მიუახლოვდეს, დაელაპარაკოს, გაუღიმოს და პატარა მაშინვე ჩერდება, პასუხად თავადაც იღიმება და სიხარულით ხელ-ფეხს იქნევს. უკვე 3-4 თვის ასაკში არა მხოლოდ დედის, არამედ ნებისმიერი ნაცნობი ადამიანის დანახვაზე ბავშვი გამოხატავს სიხარულს, აქტიურად იწყებს მოძრაობას, ღუღუნს და ასეთი ქცევით ცდილობს უფროსის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ, თუ ეს უკანასკნელი მას ყურადღებას არ აქცევს და თავის საქმეზე მიდის, განაწყენებული პატარა ტირილით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას. ყველაზე შეურაცხმყოფელი ბავშვისთვის, რომელსაც უკვე აქვს ურთიერთობის მოთხოვნილება, ის არის, რომ უფროსი ვერ ამჩნევს მას. ხშირად ამ ასაკის პატარა უფროსის უკმაყოფილებას და რისხვასაც კი სიხარულით აღიქვამს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში უფროსი ყურადღებას გამოხატავს და მიმართულია მისკენ. არის შემთხვევები, როდესაც პატარა, როგორი მშიერიც არ უნდა იყოს ის, ჭამის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეც კი ამბობს უარს, თუ ამ პროცესს მისი თანმხლები, მისთვის ჩვეული დედის ალერსი, საუბარი და მის მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა მოაკლდება. ერთი ახალგაზრდა დედიკო იხსენებდა, თუ როგორ ელაპარაკებოდა, ეალერსებოდა, უღიმოდა თავის პატარას სისტემატურად ძუძუთი კვების პროცესში. მაგრამ, ერთ დღეს, სასწრაფოდ შესასრულებელი საქმის გამო, დედამ ერთი ხელით პატარა მკერდზე მიიხუტა, რომ ძუძუთი გამოეკვება, მეორე ხელით კი წიგნის ფურცვლა და კითხვა დაიწყო, რაზეც ბავშვმა პროტესტი ტირილით გამოხატა და მანამდე არ გააგრძელა ძუძუს წოვა, სანამ დედამ წიგნის კითხვას თავი არ მიანება და მასთან ურთიერთობა და მისი ალერსი არ დაიწყო.

ჩვილობის პერიოდში ყურადღების მოთხოვნილება ერთადერთი სოციალური მოთხოვნილებაა და მისი დაკმაყოფილება არც ისე რთულია. საჭიროა უბრალოდ ხშირად გავუღიმოთ პატარას, ველაპარაკოთ და მოვეფეროთ მას. ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ეს სრულიად არასაჭირო და საზიანოც კია, რადგანაც ასეთი დამოკიდებულება გაანებივრებს ბავშვს. ისინი, როგორც წესი, სიყვარულის გამომჟღავნების და ალერსის გარეშე ასრულებენ მშობლის მოვალეობას – საათობრივად აჭმევენ პატარას, უცვლიან საფენებს, აცმევენ, ასეირნებენ და ა. შ. ჩვილობის პერიოდში ამგვარი, ყოველგვარი გრძნობებისგან დაცლილი ურთიერთობა პატარასთან, შეიძლება მომავალში ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. საქმე ის გახლავთ, რომ უფროსებთან მრავალფეროვანი, დადებითი ემოციური ურთიერთობის პროცესში ბავშვი უბრალოდ ურთიერთობის მოთხოვნილებას კი არ იკმაყოფილებს, არამედ საფუძველი ეყრება მისი პიროვნების ფორმირებას, მის დამოკიდებულებას გარემომცველ სამყაროსთან, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან. ის, თუ როგორი ხასიათი აქვს დედა-შვილის ურთიერთობას ამ პერიოდში, ბევრად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი პიროვნება ჩამოყალიბდება მისგან მომავალში. თუ ბავშვი სიცოცხლის პირველ წელს რაიმე მიზეზით (დედისაგან მოწყვეტა, მშობლების დაკავებულობა და ა.შ.) არ იღებს საკმარის ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს ახლობელი ადამიანებისაგან, ეს აუცილებლად შეგვახსენებს თავს შემდგომში. ასეთი ბავშვები მომავალში, როგორც წესი, ან ძალიან პასიურები, შებოჭილები, საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან, ან პირიქით – სასტიკები, აგრესიულები, შფოთიანები და ნევროზულები. ადრეულ პერიოდებში დაშვებული შეცდომების მოგვიანებით, განვითარების შემდგომ ეტაპზე გამოსწორების ყოველგვარი მცდელობა ხშირად უშედეგოდ მთავრდება. ამიტომ, გავითვალისწინოთ, თუ რა მნიშვნელოვანია ჩვილი ბავშვისთვის ახლობელი ადამიანების მხრიდან ყურადღება, სიყვარული, კეთილგანწყობა და ნუ მოვაკლებთ მას პატარას. ამ პერიოდში, იმის გამო, რომ ბავშვი ვერ გამოყოფს ადამიანის ცალკეულ თვისებებს, მისთვის სულერთია საყვარელი ადამიანის ცოდნისა და უნარების დონე, მისი სოციალური და ქონებრივი მდგომარეობა, ისიც კი, თუ როგორ გამოიყურება ის და რა აცვია.  პატარას იზიდავს უფროსი ადამიანის მხოლოდ პიროვნება და მისი დამოკიდებულება მასთან. ამიტომ, მიუხედავად ასეთი ურთიერთობის პრიმიტიულობისა, ის აღძრულია პიროვნული მოტივებით, როდესაც უფროსი ბავშვისთვის არის არა ხერხი, საშუალება რაიმე მოქმედების განსახორციელებლად, არამედ უბრალოდ ძალიან საყვარელი, თბილი და ძვირფასი ადამიანი. თუმცა, ორი წლის ასაკიდან, ნორმალური განვითარების პირობებში, ბავშვისთვის უკვე საკმარისი აღარ არის უფროსების ყურადღება, მისი კეთილგანწყობა. ამ დროიდან პატარას იზიდავს არა იმდენად თავისთავად უფროსი ადამიანი, რამდენადაც მასთან დაკავშირებული საგნები. თუ ამ ასაკის ბავშვს ხელში ავიყვანთ და შევეცდებით მასთან ემოციური ურთიერთობის დამყარებას   (გავუღიმებთ, მოვეფერებით, ვეტყვით ალერსიან სიტყვებს), რასაც ის რამდენიმე თვის წინ აღფრთოვანებით იღებდა, შეიძლება ძალიან იმედგაცრუებული დავრჩეთ, რადგან პატარა დაიწყებს წინააღმდეგობის გაწევას, ხელს სტაცებს და ათვალიერებს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება – ჩვენს თმებს, სათვალეს, საათს, სამკაულს და შეიძლება არც უპასუხოს ჩვენს ღიმილს. ურთიერთობის ეს ფორმა ადრინდელისაგან იმით განსხვავდება, რომ უფროსი საჭირო და საინტერესოა ბავშვისთვის არა თავისთავად, არა მისი ყურადღების და  კეთილგანწყობილი გამოკიდებულების გამო, არამედ იმით, რომ მას აქვს სხვადასხვა სახის საგნები და შეუძლია მათთან შეხება. როგორც წესი, ამ პერიოდში პატარა იმ საგნებისკენ და სათამაშოებისკენ იწევს, რომლებსაც მას ჩვენ, უფროსები ვუჩვენებთ. ბავშვის ოთახში შეიძლება იყოს ბევრი საინტერესო სათამაშო, მაგრამ ის მათ არ მიაქცევს ყურადღებას და შეიძლება მოიწყინოს კიდეც სათამაშოების ასეთ სიმრავლეში. მაგრამ, როგორც კი ჩვენ, უფროსები ავიღებთ ერთ-ერთ სათამაშოს და ვუჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ამ სათამაშოთი თამაში, ბავშვი სწორედ მისკენ გაიწევს, ის გახდება მისთვის ყველაზე საჭირო და საინტერესო. ეს სრულიადაც არ არის შემთხვევითი, ვინაიდან ბავშვისთვის უფროსი ამ პერიოდშიც კვლავ უპირატესობით სარგებლობს და მისთვის მიმზიდველი, მომხიბვლელი და საჭირო ხდება ყველა ის საგანი, რომელსაც უფროსი შეახებს ხელს, რომელიც უფროსის ხელშია. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სმარტფონით ბავშვის დაინტერესება და გატაცება, ვინაიდან ის ყველაზე ხშირად სწორედ სმარტფონს ხედავს უფროსის ხელში.

იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ამა თუ იმ საგნის გამოყენება, ან კონკრეტული სათამაშოებით თამაში, ჩვენ, უფროსებმა აუცილებლად თავად უნდა ვუჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ბავშვის თამაში შინაარსიანი და გააზრებული. ამასთან, ვუჩვენებთ რა ამა თუ იმ მოქმედებას საგნებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შევასრულოთ ის, არამედ მუდმივად მივმართოთ ბავშვს, ვესაუბროთ, ვუყუროთ მას თვალებში, მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ მისი სწორი, დამოუკიდებელი მოქმედებები. ასეთი ერთობლივი თამაშები საგნებით წარმოადგენს სწორედ ბავშვის საქმიან ურთიერთობას უფროსთან. ურთიერთობის ამ ფორმის მნიშვნელობა ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის უზარმაზარია. ასეთი ურთიერთობისას ბავშვი, პირველ რიგში, ეუფლება საგნობრივ მოქმედებებს, საყოფაცხოვრებო საგნების მოხმარებას, ჩაცმას, გახდას, ხელ-პირის დაბანას და ა.შ. გარდა ამისა, ასეთ დროს, გამოვლენას იწყებს ბავშვის აქტიურობა და დამოუკიდებლობა. მანიპულირებს რა საგნებით, ის პირველად აღიქვამს საკუთარ თავს უფროსისაგან დამოუკიდებლად და გრძნობს თავისუფლებას საკუთარ მოქმედებაში, ის ხდება საკუთარი მოქმედების სუბიექტი და დამოუკიდებელი პარტნიორი ურთიერთობაში. დაბოლოს, უფროსთან სიტუაციურ-საქმიან ურთიერთობაში ჩნდება ბავშვის პირველი სიტყვები, იმისათვის, რომ ბავშვმა უფროსს საჭირო ნივთი სთხოვოს, აუცილებელია, რომ მან დაასახელოს ის, წარმოთქვას სიტყვა. სიტუაციურ-საქმიან ურთიერთობაში ჩვენ, უფროსები მუდმივად ვაყენებთ პატარას წინაშე სამეტყველო ამოცანას – ვუჩვენებთ რა მას ახალ საგანს, ვთავაზობთ დაასახელოს ეს საგანი, წარმოთქვას მისი სახელწოდება. ასეთი ურთიერთობის შედეგად აღმოცენდება და ვითარდება ურთიერთობის, აზროვნებისა და თვითრეგულაციის მთავარი, სპეციფიკურად ადამიანური საშუალება – მეტყველება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ურთიერთობის როლი და მნიშვნელობა ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში განუზომელია. ამასთან ერთად, ურთიერთობის სწორად განვითარების შემთხვევაში ჩვენ სამომავლოდ შეიძლება ძალიან ბევრი სირთულე ავიცილოთ თავიდან.

 

 

 

 

კომენტარები

comments