პროექტებით სწავლება – საინტერესო და სასარგებლო

დიმიტრი უზნაძე გვასწავლის: სწალაში ირიადი მნივნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსი მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ განსაზვრული მიმართულებით მოსწავლის ალების განვითარებას”. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.

სასწავლო პროექტს ერთ კონკრეტულ განმარტებას ვერ მოვუძებნით, თუმცა შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი აქტივობა იმ აქტივობებს შორის, რომელიც 21-ე საუკუნის პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ ღირებულ ადგილს იკავებს.

XXI საუკუნის უნარებს შორის გამოვყოფდი კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიკაცია-მოგვარების, შემოქმედებითი-კრეატიული აზროვნების, მიზნობრივი კითხვების ფორმულირებისა და დასმის, ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღების, საერთო მიზნის მისაღწევად კომპრომისისათვის მზადყოფნისა და დემონსტრირების უნარს.

ყველა ეს უნარი ისეთია, რომ მათი ჩამოყალიბება, განვითარება და დახვეწა სწავლებაში პროექტ-მეთოდის გამოყენების დროს ხდება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ყოველივე ეს რისთვისაა საჭირო? პასუხი ერთია – მათ გარეშე შეიძლება ცხოვრებაც კი გაჭირდეს (გლობალური დათბობა, ბუნებრივი რესურსების მკვეთრი შემცირება, მძაფრი რეგიონული დაპირისპირება პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ ნიადაგზე და სხვა), რაც ჩვენი ქვეყნისათვის აშკარა საფრთხის შემცველია. ამიტომ საჭიროა მოსწავლეებს ვასწავლოთ მოულოდნელ სიტუაციაში გარკვევისა და გამოსავლის პოვნის უნარი.

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია:

,,აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ“.

ქიმიის სწავლება გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერებების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენოს როგორც პროფესიული წინსვლისა და წარმატების, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ და სასარგებლოდ.

ქიმია ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინაა, რომლის შესწავლა ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ ადგილი გარე სამყაროში, თავიანთი ნააზრევით სრულყონ და გაამრავალფეროვნონ სამყარო, ხელი შეუწყონ ბუნების დაცვას, რომლის ნაწილსაც თვითონ წარმოადგენენ.

სწორედ ამიტომ ესგ-ით გათვალისწინებული საკითხების სწავლებისას ძალიან ეფექტურად ვიყენებ სწავლების ახლებურ მიდგომებს, რომელთა მეშვეობით იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, საგნისადმი ინტერესი, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ყველა დანარჩენ სტრატეგიას შორის გამოვყოფდი პროექტებით სწავლებას.

სასწავლო პროექტი ძირითადად ოთხ ეტაპს მოიცავს:

  1. იდეის ჩამოყალიბება (პროექტის დაგეგმვა);
  2. მომზადება;
  3. განხორციელება;
  4. შედეგების წარდგენა.

პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ თუ პროექტ-მეთოდით პირველად ვმუშაობ კლასთან, მე ვაყალიბებ პროექტის იდეას, ვგეგმავ, ვსახავ მიზნებს, ამოცანებს მიზნის მისაღწევად და მათი გადაჭრის გზებს, რომლებსაც ვაცნობ მოსწავლეებს. ვქმნი მოსწავლეთა ჯგუფებს, ერთობლივად, მოსწავლეთა ჩართულობით ვანაწილებთ დავალებებს. პროექტის დასრულებისას მოსწავლეები აუდიტორიას წარმოუდგენენ პრეზენტაციას.

როცა მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება, ვაძლევ არჩევნის თავისუფლებას თავად ჩამოაყალიბონ იდეა, დაგეგმონ, განახორციელონ, გააანალიზონ პროექტი და მისი შედეგი, მე ვარ გვერდში მდგომი – ფასილიტატორი. გარკვეული პერიოდულობით ვხვდები მოსწავლეებს მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.

სანამ პროექტზე მუშაობას გადავწყვეტთ, ვფიქრობთ და ვაყალიბებთ პროექტის მიზანს, რა შედეგზე გავალთ განხორციელების შემდეგ, რა ამოცანებს დავსახავთ და როგორ გადაჭრის გზებს მოვიფიქრებთ. ვინ იქნებიან შემსრულებლები, გვეყოფა ჩვენი რესურსი თუ დაგვჭირდება დახმარება?

ყოველივეს სრულყოფილად წარმართვაში მეხმარება ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება, ტრენინგები, რომლებიც გავიარე, როგორც სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრმა, ,,ეტვინინგის“ პროექტების მონაწილემ, შეფასების ჯგუფის წევრმა – ფასილიტატორმა.

პროექტებზე მუშაობამ, რომლებიც განვახორციელე ჩემს მოსწავლეებთან ერთად, განავითარა და გაამრავალფეროვნა ჩემი პრაქტიკა:

„წყალი და მისი ანალიზი – რა პრობლემა შეიძლება წარმოქმნას დაბინძურებულმა წყალმა“;

„მჟავა წვიმები, გამომწვევი მიზეზები, პრობლემები და გადაჭრის გზები“;

„პური და ორცხობილა, როგორი ხარისხის პურს მივირთმევთ“;

„ჰაერის დაბინძურების წყაროები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“;

„პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ნახშირწყალბადების მოხმარებისას“;

„ცილა, როგორც სიცოცხლის საწყისი და სიცოცხლე, როგორც ადამიანის დანიშნულება“;

„ვიტამინების როლი ადამიანის ორგანიზმისათვის – რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მათმა ნაკლებობამ? სიჭარბემ?“;

„შოკოლადი, მისი სახები – რა სარგებლის ან ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისათვის“;

„ღიმილი სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს – კბილის პასტის შედგენილობა, დამცავი ფუნქცია და პრობლემები…“;

„პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში, მათი გადაჭრის გზები“;

„პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ნავთობპროდუქტების გამოყენების პროცესში, მათი გადაჭრის გზები“;

„მეტალურგიული მრეწველობის განვითარება საქართველოში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გადაჭრის გზები“;

„ორგანიზმისათვის საჭირო მაკრო და მიკროელემენტ მეტალების (Ca, K, Na, Mg, Fe, Zn,) მნიშვნელობა“.

წარმოგიდგენთ ახლახან განხორციელებული პროექტის გეგმას:

პროექტის სახელწოდება ნავთობპროდუქტების გამოყენება და პრობლემები. რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას მათი გამოყენების პროცესში, პრობლემების გადაჭრის გზები.
კლასი XI2

 

პრობლემის განსაზღვრა, აქტუალობა ნავთობპროდუქტების გამოყენება პრობლემას უქმნის დედამიწასა და მის ატმოსფეროს. დედამიწის ზედაპირზე მცხოვრებ ცოცხალ თუ არაცოცხალ ბუნებას. დაბინძურებული ნიადაგი, ჰაერი და წყალი საშიშროებას წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმებისათვის (როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის). დედამიწა ჩვენი სახლია, ხოლო სუფთა ჰაერის გარეშე ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია.
პროექტის მიზანი მოსწავლე შეძლებს, მოიძიოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნავთობპროდუქტების შესახებ, დაახარისხოს, იმსჯელოს, ნავთობპროდუქტების გამოყენების შედეგად წარმოქმნილ დადებით და უარყოფით შედეგებსა და პრობლემებზე, რომელებიც წარმოიქმნება მათი გამოყენების პროცესში. შეძლებს პრობლემის გადაჭრის მისეული გზის მიგნებას.
შესაბამისობა სტანდარტთან

მოსალოდნელი შედეგი

კვლ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და მისი ეტაპები.

კვლ.XI.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი  პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

კვლ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ქიმ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნაერთების დახასიათება, მათი  მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.

ი) სოციალური კომპეტენცია. სოციალური კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება…

მიზნობრივი ჯგუფები პროექტის მუშაობისათვის შეიქმნა სამი ჯგუფი:

პირველი – ბენზინის გამოყენება მაზუთის გადამუშავება;

მეორე – დიზელის საწვავის და სხვა ნავთობპროდუქტების გამოყენება;

მესამე – ბუნებრივი აირისა და ნავთობის თანმხლები აირების გამოყენება.

ამოცანები 1.      პრობლემის გამოკვეთა;

2.      ინფორმაციის მოძიება;

3.      გამოკითხვის ჩატარება სკოლაში პედაგოგებსა და უფროს კლასელებთან;

4.      ბროშურის შექმნა;

5.       პრეზენტაციისა და კედლის გაზეთის მომზადება;

6.      პრეზენტაცია.

ამოცანის განხორციელების გზები 1.    პრობლემის გამოკვეთა

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწავლების დროს, მოსწავლეებს შევთავაზე გვემუშავა პროექტზე. მოსწავლეებში გაჩნდა იდეები, ვიმსჯელეთ და შევჯერდით, დაგვეგეგმა და განგვეხორციელებინა პროექტი ,,ნავთობპროდუქტების გამოყენება და პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას მათი გამოყენების პროცესში“.

2.    ინფორმაციის მოძიება

მოსწავლეებმა მოიძიეს თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დაახარისხეს და გაინაწილეს ჯგუფების მიხედვით.

3.    გამოკითხვის ჩატარება სკოლაში პედაგოგებსა და უფროს კლასელებთან

მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, სკოლის საზოგადოება რამდენად იცნობს აღნიშნულ პრობლემას და როგორ შეიძლება მოგვარდეს იგი

4.    ბროშურის შექმნა

მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციისა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით შექმნეს ბროშურა, რათა გაევრცელებინათ.

5.    პრეზენტაციისა და კედლის გაზეთის მომზადება

მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი და პრეზენტაციები POWER POINT -ის პროგრამის გამოყენებით, არსებული პრობლემის, მისი მოგვარებისა და საკუთარი მუშაობის შესახებ.

6.    პრეზენტაცია

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე მოიწვიეს სკოლის საზოგადოება, მოსწავლეები, დირექცია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრები და წარუდგინეს საკუთარი ნამუშევარი, დაურიგეს ბროშურები.

პროექტის განხორციელების ვადა 2019 წლის 25 იანვრიდან 28 თებერვლამდე.
რესურსები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, მე-11 კლასის სახელძღვანელო, ქიმია (გაღრმავებული კურსი სხვადასხვა ავტორებით), ბროშურა ნავთობის შესახებ, სამუშაო ფურცლები, ფორმატები კედლის გაზეთების გამოსაშვებად.
შესაძლო რისკები ჯგუფის წევრის წარმოსადგენი ინფორმაციის არცოდნა (რადგან შესაძლებელია პრეზენტაციის მომენტისათვის ზოგიერთ მოსწავლეს გაუცდეს გაკვეთილი);

ტექნიკური შეფერხება (ელექტროენერგიის გამორთვა, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა);

გადაჭრის გზა – აუცილებლობა ყველა მოსწავლემ იცოდეს ჯგუფის მიერ წარმოსადგენი მასალა;

გადაჭრის გზა – გენერატორისა და სათადარიგო ტექნიკის მომზადება.

მონიტორინგი თემის შერჩევის, პრობლემის გამოკვეთისა და პროექტზე მუშაობის დაწყების შემდგომ პირველი კვირის განმავლობაში მითითება ლიტერატურის და ლიტერატურით უზრუნველყოფა.

პირველი მონიტორინგი 13 თებერვალს.

ნაშრომების მიხედვით განმავითარებელი შეფასების მიცემა მოსწავლეთა ჯგუფებისათვის.

მეორე მონიტორინგი 21 თებერვალს.

ბროშურის შექმნის სწავლება და განმავითარებელი შეფასების მიცემა კედლის გაზეთის ან პოსტერის გამოშვებასთან დაკავშირებით.

მესამე მონიტორინგი 26 თებერვალს.

საპრეზენტაციო მზაობის შემოწმება.

შეფასება პრეზენტაციისა და პრეზენტაბელურობის შეფასების რუბრიკების შექმნა.  მოსწავლეთა თვითშეფასება.

 

 

პრეზენტაციის შეფასება
კრიტერიუმები კომენტარები
1.      რამდენად გამოკვეთილად იყო ჩამოყალიბებული თეზისი.  
2.      რამდენად ნათლად და მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული არგუმენტები.  
3.      რამდენად გამყარებული იყო მსჯელობა კონკრეტული მაგალითებითა და ფაქტებით.  
4.      რამდენად საინტერესო და ორგანული იყო საპრეზენტაციო თემა.  
5.      რამდენად დაგვიტოვა პრეზენტაციამ საკითხზე სამომავლოდ ფიქრის სურვილი.  
შეფასება კრიტერიუმების მიხედვით. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებენ მოსწავლე გადის და აკეთებს თვითშეფასებას.
კრიტერიუმები კომენტარები
1.      რამდენად მოიპოვა პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღება.  
2.      რამდენად ჰქონდა თვალით კონტაქტი აუდიტორიასთან.  
3.      რამდენად სძლია პრეზენტატორმა პარაზიტ შორისდებულებს (მმმ…ნუ…ისა…).  
4.      რამდენად სძლია პრეზენტატორმა ნერვიულობის ზოგად ფონს.  
5.      რამდენად იყო პრეზენტატორი მომზადებული ზეპირი მეტყველებისათვის, მიეჯაჭვა თუ არა იგი ბარათებს, ფურცლებს, მასალას.  
6.      ძლიერი მხარეები.  
7.      სუსტი მხარეები.  
კეთდება კომენტარები. ამუშავებს პრეზენტატორი და ახდენს თვითშეფასებას, რა უნდა გამოასწოროს და სახავს სამომავლო გეგმას. სამომავლო პრიორიტეტები.

როცა კარგად არ ფლობს თემას, ეჯაჭვება მასალას და არ ხდება თვალით კონტაქტი.

პრეზენტაბელურობის შეფასება

 

 

პროექტის განხორციელების პროცესში

დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში.  
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია.  
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ.  
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი.  
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი.  
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორ­ციელების პროცესმა მოსწავლეთა თანამშრომლობის ხარისხზე (თუ _ კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები).  

 

პროექტის შეფასება მოსწავლეთა მიერ

  1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით? რაიმე ახალი ისწავლე?

ა) ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;

ბ) ვისწავლე;

გ) ნაკლებად ვისწავლე ახალი;

დ) ახალი არაფერი მისწავლია.

  1. როგორი გახდა ამ პროექტზე მუშაობით ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა?

ა) ბევრად უკეთესი;

ბ) უკეთესი;

ბ) დარჩა ისეთივე როგორიც იყო;

დ) ურთიერთობა გაუარესდა.

  1. შენთვის ნათელი იყო, საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად და შედეგის მისაღწევად?

ა) სრულიად ნათელი იყო;

ბ) ძირითადად ნათელი იყო;

გ) ნაკლებად იყო ნათელი;

დ) სრულიად გაურკვეველი იყო.

  1. პროექტმა მიჩვენა გზა თანამშრომლობისა და ცოდნის ზრდისაკენ.

ა) სრულიად ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

  1. როდესაც მე მხარში დგომა მჭირდებოდა, მეგობრები ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ.

ა) სრულიად ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

  1. პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ.

ა) სრულიად ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

  1. განსაკუთრებით რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?

 

შექება:

 

 

კრიტიკა:

 

გამოყენებული წყარო:

 

 

კომენტარები

comments