პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ გავხდე მასწავლებელი: გზამკვლევი

უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენო. დღეს ამ ,,ძალაუფლების“ მოხვეჭას არც თუ ისე ბევრი ადამიანი ცდილობს. ძველად, როცა განათლება ფუფუნების საგანი გახლდათ, მასწავლებლის პროფესია საზოგადოებაში აღფრთოვანებასა და მიუწვდომლობის განცდას აღძრავდა. დღეს განათლების მიღება ფორმალურთან ერთად, არაფორმალური გზით, დამოუკიდებლადაც შეიძლება და განათლების სფეროს მიმართ დამოკიდებულების შეცვლაც ბუნებრივ პროცესად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მასწავლებლის გავლენა წლიდან წლამდე მცირდება, ამას ემატება პროფესიაში არსებული სხვა სირთულეებიც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს  მასწავლებლის პროფესიის არჩევის წილს სხვა პროფესიებთან მიმართებაში.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში შვიდ მოსწავლეზე ერთი მასწავლებელი მოდის, რაც  TALIS-ის საშუალოსთან (12) შედარებით საკმაოდ დაბალია. ასევე პრობლემას წარმოადგენს რეგიონებში კადრების არათანაბარი გადანაწილება, ურბანულ სკოლებში მოსწავლე-მასწავლებლის შეფარდება სულ სხვა შედეგს გვაძლევს. საქართველო მასწავლებლის ხელფასების შედარებისას ბევრ ქვეყანას და ასევე  ქვეყნის შიგნით სხვა პროფესიების ადამიანთა ანაზღაურებასაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამ თუ სხვა მიზეზებით განპირობებული ახალი კადრების სიმწირე კი იწვევს პროფესიის ,,დაბერებას“ (TALIS-ის ქვეყნებს შორის ხანდაზმული მასწავლებლების წილი ყველაზე მაღალი საქართველოშია).

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბრობენ პროფესიაში შესვლის დაბალ ბარიერზე, ბევრს მასწავლებლობისკენ მიმავალი გზა გადაულახავ რუბიკონად ეჩვენება. საინტერესოა, რა გზა უნდა გაიაროს მომავალმა პედაგოგმა, რომ მისი პროფესიული კომპეტენცია თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

 

2013 წელს მასწავლებლის პროფესიულ გამოწვევებთან დაკავშირებით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა  ჩაატარა კვლევა ,,მასწავლებლებზე არსებული და მომავალში მოსალოდნელი მოთხოვნის განსაზღვრა საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში“, რომლის მიზანიც მომავალ მასწავლებელთა მოსალოდნელი ნაკადის გამოვლენა გახლდათ.  კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, უნივერსიტეტების  კურსდამთავრებულთა რამდენი პროცენტი წარადგენს საკუთარ კანდიდატურას მასწავლებლის პოზიციაზე. კვლევაში ჩართეს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ორივე სამიზნე ჯგუფის უმრავლესობამ დადებითად შეაფასა ბოლო წლებში განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმები.  რესპონდენტები ასევე მხარს უჭერდნენ სერტიფიცირების მოთხოვნას და თვლიდნენ, რომ მასწავლებლის გამოცდები სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა სერტიფიცირებული კადრები აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ უფრო მეტი პრივილეგიით, ვიდრე ამ ეტაპზე გააჩნიათ.

გამოკითხული რესპონდენტების პასუხებს თუ დავეყრდნობით, მასწავლებლის პროფესიისადმი საკმაოდ დადებით დამოკიდებულებას ვიღებთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები  ე.წ. სიმბოლური კაპიტალის პროდუქტია. საკუთარი მომავლის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირების შემთხვევაში კი ზემოთ აღწერილი სურათი იცვლება. კვლევის მონაწილეები აღიარებენ, რომ მასწავლებლის პროფესია ნაკლებად კონკურენტუნარი და დაბალანაზღაურებადია. კვლევის შედეგების თანახმად, ხელფასის მომატება მასწავლებლობის მსურველთა რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ ეტაპზე კი  მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რეალურ კანდიდატებად სტუდენტების – ჩვიდმეტი და კურსდამთავრებულთა ცამეტი პროცენტი  მოიაზრება.

ფინანსური საკითხის გარდა, მასწავლებლის მუდმივი პროფესიული გამოწვევებიც ბევრ კანდიდატს ,,აფრთხობს“.  პროფესიული სტანდარტის ცვლილებას მოსდევს განახლებული მოთხოვნები, რომელსაც მასწავლებელთა დიდი ნაწილი ვერ ,,ერგება“. ამას გარდა, შეიცვალა პროფესიაში შესვლის პროცესიც. ადრე საქართველოში მომავალ მასწავლებლებს პედაგოგიური უნივერსიტეტი და ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი (მეორადი სპეციალობა) ამზადებდა. როგორც ვიცით, 2005 წლიდან პედაგოგიური უნივერსიტეტი აღარ ფუნქციონირებს და პროფესიაში შესვლისკენ მიმართული რეგულაციებიც შეიცვალა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის თქმით, მომავალი მასწავლებელი სკოლისკენ მიმავალი ოთხი გზიდან ერთ-ერთს უნდა დაადგეს.

  • მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებთ, თუ უმაღლესი სასწავლებლის კვალიფიკაციას ფლობთ და თან კომპეტენციას შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდითაც დაადასტურებთ. მასწავლებლის კვალიფიკაციის მქონე პედაგოგი საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შემდეგ სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევა.
  • თუ დიპლომით განსაზღვრული მასწავლებლის კვალიფიკაცია არ გაგაჩნიათ, მაგრამ საგამოცდო ბარიერის გადალახვას შეძლებთ, ერთწლიანი მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის (60 კრედიტი) გავლა მოგიწევთ.
  • უნივერსიტეტებს დაემატა ე.წ. 300 კრედიტიანი (საგნობრივი ჯგუფის, მასწავლებლის მომზადების, თავისუფალი კომპონენტის და სასკოლო პრაქტიკის/პრაქტიკის კვლევის მოდულები) პროგრამები, რომელთა გავლის შემდეგაც საგნობრივი ჯგუფის მაგისტრის წოდება გენიჭებათ. ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა პასუხისმგებელია სკოლისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდებაზე.
  • სკოლაში შესვლას ყველაზე ადვილად დოქტორის ხარისხის მოპოვების შედეგად შეძლებთ და ამ შემთხვევაშიც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოგენიჭებათ.

ზემოთ აღნიშნული მასწავლებელთა მოსამზადებელი საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიის პოპულარიზაციის და ხარისხის ამაღლების მიზნით, საუნივერსიტეტო პროგრამების ჩამონათვალს 2015 წლიდან დაემატა. იგი პროფესიაში შესვლის ყველაზე მოკლე გზად აღიქმება. ილიას უნივერსიტეტის ე.წ. 60 კრედიტიან პროგრამის სილაბუსში ნათლადაა ასახული მისი მიზანი, სტრუქტურა და სწავლების მეთოდები. პროგრამის მთავარ მიზანს საგნის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების განვითარება წარმოადგენს. პროგრამა შედგება პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური, საგნობრივი მეთოდიკისა და სასკოლო პრაქტიკის მოდულებისგან. რაც შეეხება სწავლების მეთოდებს, სასწავლო პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: ლექციას, დისკუსიას, სიტუაციის ანალიზს (Case Study), პროექტულ სწავლებას, პედაგოგიურ პრაქტიკას, მასზე დაკვირვებას, ანალიზსა და რეფლექსიას, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, ლაბორატორიულ მუშაობას და სხვ.

ფორმალური განათლების მიღების გარდა, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტიც არსებობს.

მაძიებლობის საპილოტე პროგრამის განხორციელება 2007 წლიდან დაიწყო და 2014 წლამდე თითქმის მთელ საქართველოში დაინერგა.  პროგრამის მიზანი ახალგაზრდა კადრების მასწავლებლის პროფესიაში შემოყვანა გახლდათ. აღნიშნული ინიციატივა პოტენციურ პედაგოგებს კომპეტენციის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას უადვილებდა. როგორც ვიცით, მაძიებლის პროგრამა დროებით შეაჩერეს და მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. 2019-2020 წლიდან ზემოაღნიშნული პროექტის ისევ  დაიწყება. ამჯერად ,,მაძიებელი“ სკოლაში მუშაობის პარალელურად პროფესიულად განვითარებას მაძიებლის პროგრამის დახმარებით გააგრძელებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის – სოფიკო ლობჟანიძის თქმით, განახლებული პროგრამა ითვალისწინებს მაქსიმუმ ორწლიან თანამშრომლობას მასწავლებლის პროფესიაში შესვლით დაინტერესებულ ადამიანებთან. პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მაძიებლები მოიპოვებენ სკოლაში დარჩენის უფლებას უფროსი მასწავლებლის სტატუსით, წარუმატებლობის შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, შეუწყდებათ სკოლასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება.

განათლების სფეროს წარმომადგენლები მაძიებლის პროგრამას მასწავლებლის პროფესიაში შესვლის და სქემაში ჩართვის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილ გზად მიიჩნევენ. იგი ზოგადი განათლების შესახებ კანონში დეტალურადაა აღწერილი:

,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა…“

ამას წინათ საგანმანათლებლო სივრცეში გაჟღერდა კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის თანახმდაც სკოლას შეეძლება, მოიწვიოს პროფესიული ნიშნით წარმატებული ადამიანები მოსწავლეებისთვის საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად. სავარაუდოდ, ისინი არასრული დატვირთვით იმუშავებენ და გათავისუფლდებიან სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის განკუთვნილი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობისგან.

იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოაღნიშნული ინიციატივები სკოლას მრავალფეროვანი და კვალიფიციური კადრებით გაამდიდრებს, რაც პროფესიისადმი დამოკიდებულებასაც დადებითად შეცვლის და ზოგადი განათლების ხარისხსაც გააუმჯობესებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გორგოძე, სალომე. 2018. რა ბარიერებს აწყდებიან დამწყები მასწავლებლები. ლიბერალი.

იხ. შემდეგ ლინკზე https://liberali.ge/articles/view/35315/ra-barierebs-atsydebian-damtsyebi-mastsavleblebi

 

  1. შერგილაშვილი, ცისანა. 2018. მაძიებლობის პროგრამა – მასწავლებლის პროფესიაში შესვლის კიდევ ერთი გზა და მისი ამოქმედების ვადები. განათლება. იხ. შემდეგ ლინკზე https://edu.aris.ge/news/madzieblobis-programa-maswavleblis-profesiashi-shesvlis-kidev-erti-gza-da-misi-amoqmedebis-vadebi.html

 

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმი. იხ. შემდეგ ლინკზე https://iliauni.edu.ge/ge/ajax/downloadFile/46452/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90.pdf

 

  1. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი. 2013. კვლევა – მასწავლებლებზე არსებული და მომავალში მოსალოდნელი მოთხოვნის განსაზღვრა საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში. იხ. შემდეგ ლინკზე

 

https://issa-georgia.com/files/Reports/TPDC/mascavlebelta_mosalodneli_nakadis_kvleva_-_sakartvelos_umaglesi_sascavleblebis_studentta_da_kursdamtavrebulta_gamokitxvis_shedegebi.pdf

 

  1. ზოგადი განათლების შესახებ კანონი. 2019. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. იხ. შემდეგ ლინკზე

https://matsne.gov.ge/document/view/29248?publication=78

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი