პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მშობლის როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში

ბავშვის აღზრდა  დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად არის აწყობილი სკოლის, ოჯახის, მშობლების ურთიერთობა. სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის გაღვივებასა და განვითარებაში წამყვანი როლი კლასის დამრიგებელს ენიჭება, რომლის მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად აცნობიერებს ოჯახი სკოლის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

მშობლისა და პედაგოგის თანამშრომლობას ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემის, მხარდაჭერის, დახმარების, მოთმინებისა და ტოლერანტობის პრინციპები უნდა ედოს საფუძვლად.

სკოლისა და მშობლის ურთიერთობა ჩვენს სინამდვილეში პრობლემას წარმოადგენს. ორივე მხარე სავსებით დასაბუთებულად გამოთქვამს საკუთარ პრეტენზიას.

  • მასწავლებლები უჩივიან მშობლების ინერტულობასა და ნაკლებჩართულობას შვილების სასკოლო ცხოვრებაში.
  • მშობლები მიუთითებენ მასწავლებლების პასიურობასა და მათ გულგრილობაზე, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათი ასეთი დამოკიდებულება ბავშვთა სასკოლო გარემოში არასასურველი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზეზი ხდება.

როდესაც მშობელი ჩართულია შვილის  განათლების პროცესში, მას უკეთესი მიღწევები აქვს, კერძოდ:

  1. მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია სასწავლო პროცესებში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას, სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობებიც აქვს;
  2. მოსწავლე უფრო დადებითად არის  სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც  აქვს;
  3. მოსწავლეს მეტად შეუძლია ქცევის მართვა, მეტად მოტივირებულია და ჩართულია საგაკვეთილო პროცესებში;
  4. სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლის შვილს უფრო კარგი ურთიერთობები აქვს როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან.

 

აქედან გამომდინარე, თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ან არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების მოტივაციაც და ჩართულობაც ნაკლებია, შესაბამისად,  აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისგან განსხვავებით  უფრო დაბალია.

როგორც კლასის ხელმძღვანელმა მიზნად დავისახე, მაქსიმალურად ჩამერთო მშობლები სასწავლო პროცესში.

განვახორციელე შემდეგი ღონისძიებები:

  1. სასწავლო წლის დასაწყისში მშობელთა კრებაზე შევქმენით სამოქმედო გეგმა,  რომელიც მოიცავდა ისეთ სასწავლო-აღმზრდელობით ღონისძიებებს,  რომელთა განხორციელებაც მშობელთა აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა (,,ფინჯან ყავაზე’’ (არაფორმალურ გარემოში მოვიწვიე მშობლები ფინჯან ყავაზე, რასაც მოჰყვა გულწრფელი საუბრები, რამაც მეტად დაგვაახლოვა ერთმანეთთან), ,,დავხატოთ ერთად’’ (მშობლებმა მოსწავლეებთან ერთად შექმნეს სხვადასხვა ილუსტრაცია) – შემდგომ მოვაწყვეთ ,,მშობელთა ნამუშევრების გამოფენა’’, ,,მე რომ მოსწავლე ვიყავი’’ (მოსწავლის თვალით დანახული სკოლის შედარება მშობლის თვალით დანახულ დღევანდელ სასწავლო პროცესთან),  ,,ვინ  უკეთ იცნობს თავის შვილს’’ (მოსწავლეების პასუხების შესაბამისად კითხვები მშობლებს, რომელთა გადამოწმებაც მოხდა და გამოვავლინეთ კიდეც რამოდენიმე გამარჯვებული), ,,კითხვის დრო’’ (მოწვეულმა მშობლებმა მოსწავლეებს წაუკითხეს თავიანთი რჩეული ზღაპრები და ლექსები), ,,მათემატიკური ამოცანების ამოხსნა’’ (ჯგუფებში დავარიგე სათამაშო ფულის კუპიურები, რითაც მშობლები მაღაზიებში წავიდნენ. ყველა მშობელმა შეძლო არსებული თანხით ბავშვების სურვილების დაკმაყოფილება) და სხვა.
  2.  დავაწესე ,,ღია კარის დღე”. ამ დღეს მშობლებს შეეძლოთ  ნებისმიერ  გაკვეთილს,  ღონისძიებას დასწრებოდნენ, გაეზიარებინათ  შთაბეჭდილებები (რაც ორივე მხარისთვის მართლაც საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო იყო);
  3. მშობლებს ინტენსიურად ვაწოდებდი ინფორმაციას   სწავლა-სწავლების პროცესში დანერგილი სიახლეების შესახებ.
  4.  კლასში თვალსაჩინო ადგილზე გამოვაკარი  დიდი ფორმატის ფურცელზე დაწერილი აბრა „სამახსოვრო მშობლებისათვის“ (იაპონიის ერთ-ერთი სკოლის მაგალითზე), რომელზეც თვეში ერთხელ მშობლები აკრავდნენ თავიანთ სურვილებს, შეხედულებებს.

სასწავლო წლის ბოლოს მშობელთა ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა მოსწავლეებში მოტივაცია, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და,  რაღა თქმა უნდა, მათი აკადემიური მოსწრებაც…

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადი ნაწილი
  2. თომას გორდონი “როგორ გავხდე კარგი მშობელი”

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი