როგორ ვასწავლოთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გრამატიკული საკითხები

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ გრამატიკული საკითხების სწავლების თავისებურებებზე – როგორ შეიძლება დავგეგმოთ და ჩავატაროთ გრამატიკის გაკვეთილი დაწყებით კლასებში. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმის ნიმუშს, რომელიც რესურსის სახით შეიძლება გამოიყენონ. გაკვეთილის მიმდინარეობის აღწერისას ყურადღებას გავამახვილებ ჩემ მიერ შექმნილ და გამოყენებულ რესურსზეც, რომლის დახმარებითაც მიიღწევა გაკვეთილის მიზანი.

  1. გრამატიკული საკითხების თავისებურებები დაწყებით კლასში

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრამატიკას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ქართულის სწავლების დროს გრამატიკული საკითხების შესწავლას სისტემური და თანმიმდევრული ხასიათი აქვს. სწავლების მიზანია, მოსწავლეებს შეუქმნას აუცილებელი ბაზა მშობლიური ენის გრამატიკის დასაუფლებლად. ამასთანავე, სწავლების პროცესში მუდმივად უნდა იქნას გათვალისწინებული მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებანი. გრამატიკული მასალის სწავლებისას ყურადღება გამახვილებულია პრაქტიკული გრამატიკის საკითხებზე. ეს კი  ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ არა აბსტრაქტულად, არამედ წინადადებების კონტექსტში თანდართული ილუსტრაციებით. გრამატიკული ტერმინების გაცნობა ხდება წინადადებებზე დაკვირვებით. გარდა ამისა, ჩემი დაკვირვებით, გრამატიკული საკითხების სწავლებისას შედეგზე გასვლას ხელს უწყობს ინტერაქტიული პრეზენტაციებიც, რომლებიც უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ინტერაქტიულ პრეზენტაციებში ყურადღება ექცევა ვიზუალურ ეფექტს. იგი გაფორმებული უნდა იყოს საინტერესო და სიტუაციის ამსახველი ანიმაციებით.

  1. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებულ ერთ-ერთი გაკვეთილის გეგმას, რომელიც გრამატიკულ მასალას დაეთმო.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი მასალის გაცნობისას მიზნად დავისახე წინადადებებზე დაკვირვებით გამეცნო მოსწავლეებისთვის მხოლობითი რიცხვის პირის ნაცვალსახელები. გადავწყვიტე, რომ სასწავლო მასალა ამეხსნა ინტერაქტიული პრეზენტაციის დახმარებით და მოსწავლეთა თანამონაწილეობით. ყურადღება გავამახვილე  ნაცვალსახელის სწორად გამოყენებაზე როგორც ზეპირმეტყველებაში, ისე წერის დროს. წარმოგიდგენთ ინტერაქტიული პრეზენტაციის სლაიდებს აქტივობების მიხედვით და შესასრულებელ დავალებებსაც. გარდა ამისა, ყურადღება გავამახვილე, ასევე, ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც გულისხმობს ახლად შესწავლილი მასალის მიხედვით შესრულებული დავალების გასწორებას თავად მოსწავლის მიერ. ეს კი, თავის მხრივ, ეროვნული სასწავლო გეგმის კიდევ ერთი მისაღწევი შედეგის გათვალისწინებაა.

საგანი: ქართული

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური/ მე–3 კლასი

გაკვეთილის თემა: გრამატიკა (ნაცვალსახელი)

გაკვეთილის მიზანი: 

Ø  მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველებაში პირის ნაცვალსახელების სწორად გამოიყენება;

Ø  წერის დროს პირის ნაცვალსახელების სათანადოდ გამოიყენება;

Ø  საკუთარი ნამუშევრის გადაკითხვა და ჩასწორება.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

·         სწორად იყენებს პირის, ჩვენებით, კითხვით და უარყოფით ნაცვალსახელებს.

ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.

·         სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს/ის კაცი მოვიდა – ეს/ის მოვიდა“…) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს.

ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

·         გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას.

 

 

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები  

სასწავლო რესურსები

დრო (წთ)
1 გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა:

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი აუცილებლად შეახსენებს მოსწავლეებს, რომ ახლა მათ გრამატიკის გაკვეთილი ჩაუტარდებათ, თემაზე – ნაცვალსახელი. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის მიზანსა და მოსწავლეთა შეფასების რუბრიკას.

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოებებით საერთო საკლასო ფლიპჩარტზე წარმოდგენილი გაკვეთილის მიზანი და მოსწავლის შეფასების რუბრიკა.

 

3 წთ
თემა – ნაცვალსახელი
2 საშინაო დავალების შემოწმება და წინარე ცოდნის გააქტიურება:

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ხმამაღლა წაიკითხონ წინადადებები, რომლებშიც უნდა ჩაესვათ გამოტოვებული არსებითი სახელები. დავალების შემოწმებასთან ერთად, მასწავლებელი  მოსწავლეებს კითხვებით გაააქტიურებინებს არსებით სახელზე არსებულ ცოდნას. საშინაო დავალებად მიცემული წინადადებები წარმოდგენილი იქნება სლაიდზეც.

1.      გავიხსენოთ, რომელ სიტყვებს უწოდეს ენის შემსწავლელებმა არსებითი სახელები?

2.      რა კითხვები დაესმის არსებით სახელებს?

3.      ამათგან რომელია სულიერი და რომელი უსულო?

4.      რომელ რიცხვშია ეს არსებითი სახელები?

5.      რა ემატება მრავლობითში არსებით სახელებს?

 

 

შეკითხვებზე მუშაობა

 

საერთო საკლასო

 

სლაიდზე წარმოდგენილი საშინაო დავალებითა და კითხვებით მოხდება არსებით სახელზე არსებული ცოდნის გააქტიურება

 

 

8 წთ

3 ახალი გრამატიკული მასალის ათვისება:

მასწავლებელი სლაიდზე წარმოადგენს რამდენიმე წინადადებას, სადაც არსებითი სახელი ჩანაცვლებული იქნება ნაცვალსახელებით. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დააკვირდნენ სიტუაციურ სურათებს და დაასახელონ რომელი არსებითი სახელი რომელი სიტყვით იქნება ჩანაცვლებული. დააკვირვებს სიტყვებზე „მე, შენ, ის“. მიუთითებს, რომ ამ სიტყვებს ენის შემსწავლელებმა უწოდეს ნაცვალსახელები. სიტუაციებზე დაკვირვებით მასწავლებელი მოსწავლეებს მიახვედრებს, რომ „მე“ გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი თავის თავზე საუბრობს; „შენ“ გამოიყენება მაშინ, როდესაც თანამოსაუბრეს მიმართავ; „ის“ გამოიყენება მაშინ, როდესაც სხვა ადამიანზე საუბრობ.

შემდეგ სთხოვს, გადაშალონ მოსწავლის წიგნი და დააკვირდნენ ტექსტში მოცემულ მასალას, სადაც ნაცვალსახელი მოცემული სლაიდების მსგავსია – ტექსტურ ინფორმაციას თან ერთვის შესაბამისი ნახატები.

 

ვერბალური

 

 

 

 

 

 

 

წიგნზე მუშაობა

 

საერთო საკლასო

 

 

 

 

 

 

საერთო საკლასო

 

სლაიდზე წარმოდგენილი სიტუაციური სურათები ახალი მასალის გაცნობა–ათვისებითვის

 

 

 

 

 

მოსწავლის წიგნი

 

15 წთ

               

4 გამოტოვებული ნაცვალსახელების ჩასმა წინადადებებში:

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ფერად ბარათზე მომზადებულ დავალებას. სთხოვს, დაუკვირდნენ თითოეულ წინადადებას და ჩასვან შესაბამისი გამოტოვებული ნაცვალსახელი.

 

 

დამოუკიდებელი სამუშაო

 

ინდივიდუალური

 

ფერად ბარათზე წარმოდგენილი დავალება ახალი მასალის განმტკიცების მიზნით

 

 

 

7 წთ

 
5 საკუთარი ნამუშევრის შემოწმება:

მასწავლებელი სლაიდზე გამოიტანს შესრულებული დავალების სწორ ვარიანტს. მოსწავლეებს სთხოვს შეადარონ საკუთარი ნამუშევარი სწორ ვარიანტს და შეცდომის შემთხვევაში გაასწორონ.

 

დაკვირვება

 

საერთო საკლასო

 

სლაიდზე წარმოდგენილი დავალების სწორი ვარიანტი მოსწავლეთა მიერ საკუთარი ნამუშევრის შემოწმების მიზნით

 

5 წთ

 
6 მოსწავლეთა ჩართულობით გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება:

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს: „საინტერესო იყო თუ არა გრამატიკული მასალა და მასზე მუშაობა და რატომ? როგორ გამოიყენებთ დღეს მიღებულ ცოდნას? რამე თუ დარჩა თქვენთვის ბუნდოვანი?“

მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისაკენ  და აფასებს მოსწავლეებს.  აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ბოლოს მასწავლებელი უცხადებს მოსწავლეებს საშინაო დავალებას.

 

 

ვერბალური

 

 

 

 

 

 

 

საერთო საკლასო

 

 

 

 

 

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

 

 

 

7 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

  • მოსწავლემ შეძლო ზეპირმეტყველებაში პირის ნაცვალსახელების სწორად გამოიყენება;
  • მოსწავლემ შეძლო წერის დროს პირის ნაცვალსახელების სათანადოდ გამოიყენება;
  • მოსწავლემ შეძლო საკუთარი ნამუშევრის გადაკითხვა და ჩასწორება.

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები კარგია საშუალოა საჭიროებს გაუმჯობესებას
არსებით სახელზე არსებული ცოდნის შემოწმება

 

 

მოსწავლემ იცის რომელ სიტყვებს უწოდებენ არსებით სახელებს, რა კითხვები დაესმის; მოცემულ წინადადებებში არჩევს სულიერ და უსულო არსებითი სახელებს, ასახელებს, რომელ რიცხვშია ეს არსებითი სახელები და რა ნიშანი ემატება მრავლობით არსებით სახელს. მოსწავლემ იცის, რომელ სიტყვებს უწოდებენ არსებით სახელებს, რა კითხვები დაესმის; მოცემულ წინადადებებში არჩევს სულიერ და უსულო არსებითი სახელებს, თუმცა ვერ ასახელებს, რომელ რიცხვშია ეს არსებითი სახელები და რა ნიშანი ემატება მრავლობით არსებით სახელს. მოსწავლემ არ იცის, რომელ სიტყვებს უწოდებენ არსებით სახელებს, რა კითხვები დაესმის; მოცემულ წინადადებებში ვერ არჩევს სულიერ და უსულო არსებითი სახელებს, ვერ ასახელებს, რომელ რიცხვშია ეს არსებითი სახელები და რა ნიშანი ემატება მრავლობით არსებით სახელს.
ახალი გრამატიკული მასალის ათვისება

 

მოსწავლემ გაიაზრა რა არის ნაცვალსახელი (მე, შენ, ის) წინადადებებზე დაკვირვებით; საუბრისა და წერის დროს სწორად იყენებს შესწავლილ ნაცვალსახელებს. მოსწავლემ გაიაზრა, რა არის ნაცვალსახელი (მე, შენ, ის) წინადადებებზე დაკვირვებით; თუმცა ზოგჯერ სწორად ვერ იყენებს შესწავლილ ნაცვალსახელებს საუბრისა და წერის დროს. მოსწავლემ ვერ გაიაზრა, რა არის ნაცვალსახელი (მე, შენ, ის) წინადადებებზე დაკვირვებითაც კი; საუბრისა და წერის დროს სწორად არ იყენებს შესწავლილ ნაცვალსახელებს.
საკუთარი ნამუშევრის შემოწმება

 

მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს უდარებს სწორ ვარიანტს, აღმოაჩენს შეცდომებს, თუ აქვს დაშვებული და თვითონვე ასწორებს. მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს უდარებს სწორ ვარიანტს, აღმოაჩენს შეცდომებს, თუ აქვს დაშვებული, თუმცა უჭირს დამოუკიდებლად შესწორება. მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს უდარებს სწორ ვარიანტს, შეცდომები დაშვებულია, თუმცა ვერ პოულობს და ვერ ასწორებს.
ჩართულობა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. მოსწავლე ჩართულია გაკვეთილის მიმდინარეობისას უმეტეს აქტივობაში. მოსწავლე ნაკლებადაა ჩართული საგაკვეთილო აქტივობებში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024;
  2. გორდელაძე, ნინო და კუხიანიძე, თინათინ. 2018. ქართული: მოსწავლის წიგნი, მე-3 კლასი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

 

 

 

კომენტარები

comments