სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

შეფასება – დაბრკოლება, ავტორიტარიზმის გამოვლენა თუ ..

ავტორიტარული პედაგოგიკა ვერ გაუძლებს ამ ბავშვებს – ეს სიტყვები შალვა ამონაშვილს ეკუთვნის. ჩემი აზრით, დღეს შეფასება გარკვეულწილად ავტორიტარიზმს ემსახურება.

შეფასება რომ პედაგოგთა (მათ შორის ჩემიც) პრობლემაა, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, როცა საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტში ჩანაწერი გამოჩნდა, ყოველდღიური საკლასო და საშინაო დავალებების შეფასება აღარ იქნებაო, საზოგადოება ვნებათაღელვამ მოიცვა. პედაგოგთა უმეტესობა განმსაზღვერელი შეფასების ამოღების წინააღმდეგ დაირაზმა. მათი არგუმენტები ძირითადად გარეგანი მოტივაციის მამოძრავებელი ქულის დაცვისკენ იყო მიმართული: ნიშნების ამოღება მოტივაციას დაუკარგავსო. რომელ მოტივაციაზე იყო საუბარი, არავინ აკონკრეტებდა. აქ ყველას დაავიწყდა მოტივაციის ორი სახე: გარეგანი და შინაგანი.

არადა, ჩვენი მიზანია, რომ ვასწავლოთ (რა და როგორ ახლა ამაზე არაფერს ვამბობ) და არა დავსაჯოთ იმიტომ, რომ დღეს რვეული დარჩა (ადამიანები ვართ, რამდენჯერ დაგვიწყებიათ ყველაზე მნიშვნელოვანი?), ან სტუმრები ჰყავდათ ოჯახში, ან ბებო იყო შეუძლოდ, ან უბრალოდ წიგნის კითხვას შეჰყვა და დრო გაეპარა (მერწმუნეთ ასეც ხდება)… უამრავი ხელის შემშლელი მიზეზია ჩვენ გარშემო, შესაბამისად ეს მოსწავლეზეც ახდენს გავლენას.

ჩვენი მიზანია ვისწავლოთ.

ყველაფერი დასაშვებია რაც კი სწავლაში გვეხმარება – ეს არის ჩვენი დევიზი გაკვეთილზე, ნებისმიერ კლასში. უფროსკლასელებმა უკვე იციან და თავისუფლად ითხოვენ ჩემს მობილურს, რომელშიც ყოველთვის ჩართული მაქვს ინტერნეტი (მათი ტელეფონები კლასის დამრიგებელთან ინახება). ხელიდან ხელში გადადის 20 წუთის განმავლობაში ჩემი ტელეფონი, ეძებენ, პოულობენ; დისკუსიაში, რეზოლუციებისა და დეკლარაციების შექმნაში იყენებენ. მათ მიერ შემუშავებული რამდენიმე რეზოლუცია უკვე გაგაცანით. ყოველ ჯერზე გვაქვს განმავითარებელი შეფასება, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება. რეზოლუციებისა და დეკლარაციების ყოველ პუნქტს განიხილავენ და ერთმანეთს უკუკავშირს აძლევენ.

ეს X-XI კლასებში. ამ ეტაპამდე მოსვლა არცთუ ისე ადვილი იყო. წლები მოვანდომეთ სწავლა-სწავლების პრინციპების შეგუებას, დაზეპირება-ჩაჭიკჭიკების გადაჩვევა რთული პროცესი იყო. ქცევის წესების დაცვა უჭირდათ, შემაჯამებელშიც დაბალი შედეგები გვქონდა, მაგრამ შევძელით, გამოგვივიდა. დღეს მოდელირებისა და დებატკლუბის იდეის ავტორები არიან. წარმატებით გამოდიან გაერო-ისა თუ ევროსაბჭოს მოდელირებებზე. ხან ვუწერდი განმსაზღვრელ შეფასებას, ხანაც უმეტესწილად განმავითარებლით შემოვიფარგლებოდით. ახლა ურთიერთშეფასებაც სათანადოდ შეუძლიათ. რაც მთავარია, იციან, რომ ჩასაფრებული არ უნდა იყვნენ, არც არიან. საჭიროა კი ამ დროს განმსაზღვრელი შეფასება, მაშინ, როდესაც შეიძლება განვითარებაზე ვიფიქროთ და ვიზრუნოთ. ჩვენი მიზანი თუ სწავლებაა, საჭიროა კი ყოველდღიური, ეგრეთ წოდებული, მიმდინარე ქულები, მაშინ, როცა მეტად ეფექტური განმავითარებელია? თემის დასრულების შემდეგ (ესგ-ის ახალ ვარიანტში ასე იყო) შემაჯამებელი სამუშაოს დროც ხომ დადგება? ყველამ კარგად ვიცით, რომ განმსაზღვრელი შეფასება სწორედ კლასის მართვის არქონის შემთხვევაში მოსწავლეთა მართვისთვის (დაშინებისთვის) სჭირდება მასწავლებელს. დღეს უმეტესწილად ავტორიტარული პედაგოგიკა ბატონობს. მშობლების უმრავლესობაც კმაყოფილია მის შვილს თუ „მკაცრი“ პედაგოგი ჰყავს. ძალიან მცირე ნაწილი თუა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. და ვართ ასე წრეზე.

ახლა, რაც შეეხება საბაზო საფეხურს:

ახალი მე-7 კლასები მყავს. მართლაც რომ პატარა ზვიგენები არიან. ვერ ისვენებენ, უჭირთ თვითრეგულაცია. თუმცა ინტერესი აქვთ, ფიქრობენ, კითხვებს სვამენ, ხშირად თავადაც პასუხობენ… ხატავენ, სლაიდებსა და ფილმებს უყურებენ. ქულებს ელოდებიან… აი, აქ მე ვარ ჩასაფრებული.

  • ქულას გვიწერთ დღეს?
  • როგორ შეაფასებ საკუთარ თავს? – შემხვედრ კითხვაზე თავდაპირველად დაიბნენ. ვახსენებ შეფასების კრიტერიუმებს.
  • აბა ახლა შენ მითხარი დღეს რა ქულას იმსახურებ და აქ იხევენ უკან.
  • მას, არა ნუ დაგვიწერთ, შემდეგში გავითვალისწინებთ. შემდეგში მართლა ითვალისწინებენ და ჟურნალში ჩნდება 10 და 9.

პირველივე შემჯამებელში გამოიკვეთა პრობლემა. ცოტა დიდი მოცულობის ტექსტის გააზრება უჭირთ (წიგნიერების გამჭოლი კომპეტენცია). ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო მუშაობა. პირველი აქტივობა, რომელიც გამოვიყენე, მნიშვნელოვანი ტერმინების გამოყოფა დავავალე. მშვენივრად გაართვეს თავი, ერთმანეთს რეკომენდაციებიც მისცეს.

მეორე აქტივობა უფრო საინტერესო მოეჩვენათ. კითხვები დასვეს მოცემული თემის შესახებ. ჯერჯერობით მხოლოდ მარტივი და რთული კითხვები მოიფიქრეს, შემდეგი ეტაპი უკვე ბლუმის გვირილის შედგენა იყო. ნაბიჯ-ნაბიჯ ნელი ტემპით მივალთ მიზნამდე, რომელიც არც თუ ისეთი რთული და დიადია. მინდა, რომ გეოგრაფიული აზროვნება და ხედვა განვუვითარო სხვა არაფერი. თუ რა არის გეოგრაფიული აზროვნება, ეს გეოგრაფებმა კარგად იციან, მეც არაერთხელ დამიწერია სტატიებში.

არ მინდა ჩემი შეფასება დასჯადი და დამაბრკოლებელი გახდეს…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი