სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

დამოუკიდებელი სწავლის უნარები და მათი განვითარება

21-ე საუკუნეში, რომელიც ადამიანს მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწრაფი და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების და, რაც ყველაზე მთავარია, დამოუკიდებლად აზროვნებისა და მოქმედების უნარები.  

დამოუკიდებელი სწავლა იმ უნარების ნაკრებს გულისხმობს, რომლებიც ადამიანს უფრო ავტონომიურს, გამბედავსა და თავდაჯერებულს ხდის. აქედან გამომდინარე, ამ უნარების განვითარება და ჩამოყალიბება თანამედროვე სკოლის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი სწავლის მრავალი დეფინიცია არსებობს, ყველაზე გავრცელებულ განმარტებად მაინც “სწავლის თვითრეგულაცია” ითვლება. იგულისხმება, რომ ამ უნარებით აღჭურვილი მოსწავლეები:

·უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ განათლებაზე;
·ისახავენ მიზნებს;
·გეგმავენ ისეთ აქტივობებს, რომლებითაც შეიძლება დასახული მიზნების მიღწევა;
·გეგმის მიხედვით ახდენენ საკუთარი პროგრესის მონიტორინგს; 
·აფასებენ შესრულებულ სამუშოს და რეფლექსიას ახდენენ მის ირგვლივ.
სტატია განიხილავს იმ ფაქტორებსა და სწავლება-სწავლის სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებას.
დამოუკიდებელი სწავლის შინაგანი ფაქტორები:

შინაგან ფაქტორებში იგულისხმება მოსწავლეთა ის უნარები, რომლებიც აუცილებელია დამოუკიდებელ სწავლაში წარმატების მისაღწევად. ეს ისეთი ძირითადი უნარებია, რომელთა განვითარებასაც ყურადღება უნდა ექცეოდეს არა მარტო ერთი კლასის, არამედ მთელი სკოლის ფარგლებში. ასეთი მიდგომა კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ეს უნარებია: კოგნიტური, მეტაკოგნიტური და აფექტური.
·კოგნიტური უნარები უკავშირდება მოსწავლეთა მენტალურ შესაძლებლობებს, აზროვნების, შემეცნებისა და განსჯის უნარებს. 

ინფორმაციის მოპოვება და გაგება; პრობლემების გადაჭრისთვის სტარატეგიების შერჩევა; მოცემული კრიტერიუმების მიხედვით ობიექტების კლასიფიცირება; ჰიპოთეზების ფორმირება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მოძებნა და ა.შ. კოგნიტური უნარების მაგალითებს წარმოადგენენ.

·მეტაკოგნიტური უნარები უკავშირდება მოსწავლეთა შესაძლებლობას, მოახდინონ საკუთარი აზროვნების პროცესის რეფლექსია და შეფასება; სწავლის პროცესის თვითრეგულაცია; ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების გაანალიზება, ადეკვატური პრიორიტეტების დასახვა და დროში განაწილება; მუშაობის დროს გამოყენებული სტარტეგიების ეფექტურობის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა ან მოდიფიცირება და ა.შ.

·აფექტური უნარები უკავშირდება მოსწავლეთა ემოციებს, გრძნობებსა და განწყობებს. მაგალითად, აფექტურ უნარებს განეკუთვნება: თვითმოტივაცია; საკუთარი საქციელის გაკონტროლება, რომელიც პიროვნების ფასეულობათა სისტემას ეფუძნება; პირადი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება გარკვეული მოვლენებისა თუ საკითხების მიმართ და ა.შ.
დამოუკიდებელი სწავლის გარე ფაქტორები:

შინაგანი ფაქტორების გარდა, მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლის უნარების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი გარე ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკური გარემო და მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება.

·ხელსაყრელი ფიზიკური გარემო სამ ძირითად ელემენტს ეფუძნება:

1.დამოუკიდებელი მუშაობისთვის გამოყოფილი ან სპეციალურად მოწყობილი ფიზიკური სივრცე;
2.წინასწარ განსაზღვრული დრო, რომელიც საკმარისია დავალების შესასრულებლად;
3.ადეკვატურად შერჩეული საჭირო რესურსი (მაგ: ჟურნალები, წიგნები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ.).

·მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება: 

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ დამოუკიდებელი სწავლის უმთავრესი ფაქტორი მასწავლებლისა და მოსწავლის ნდობაზე დაფუძნებული, პოზიტიური ურთიერთობაა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლმა უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვებიან და მისი ხელშეწყობით დამოუკიდებლად გააანალიზებენ, გადაჭრიან მათ წინაშე დასმულ ამოცანებს. მათ უნდა ჰქონდეთ თვითგამოხატვის საშუალება, არ უნდა ეშინოდეთ შეცდომების დაშვებისა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის.

მასწავლებელი ასევე უნდა შეეცადოს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოს მოსწავლეთა მიერ საკუთარ სწავლაზე პასუხიმგებლობის აღება, რაც პირდაპირ უკავშირდება დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებას.
როგორ შეუწყოს ხელი მასწავლებელმა დამოუკიდებელ სწავლას?
როგორც აღინიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებას განაპირობებს, მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა და მათი მხრიდან საკუთარ სწავლაზე უფრო მეტი პასუხიმგებლობის აღებაა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანამ მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში კონკრეტული სტრატეგიების გამოყენებას მიმართავს, მანამდე აუცილებელია, დაადგინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები, ინტერესები და შესაძლებლობები, დასახოს ადეკვატური მიზნები და შეარჩიოს რელევანტური საგანმანათლებლო რესურსი. 
 
დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებისთვის:

·მიეცით მოსწავლეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება, მაგ.: შეთავაზებული სამი შეკითხვიდან წერილობითი პასუხი მოამზადონ მათ მიერ შერჩეულ ერთ შეკითხვაზე;

·გაზარდეთ მოსწავლეთა პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვით;

·ჩართეთ ისინი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, გაუზიარეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები და მოისმინეთ მოსწავლეთა წინადადებები და მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება მათი მიღწევა;

·წაახალისეთ მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე;

·უბიძგეთ მოსწავლეებს იმისკენ, რომ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი საჭიროებების იდენტიფიცირება და ადეკვატური გეგმის შემუშავება. შესაძლებელია გარკვეული სახის სქემების შეთავაზება და საწყის ეტაპზე მათ შევსებაში დახმარება (იხ. სქემა 1);

·გამოყავით დრო შესრულებული სამუშაოს ირგვლივ რეფლექსიისა და მისი შეფასებისთვის;

·სთხოვეთ მოსწავლეებს, შერჩეული თემის ირგვლივ დასვან შეკითხვები, გამოთქვან ჰიპოთეზები, მიეცით გარკვეული დრო საკითხის შესასწავლად და განსახილველად;

·შეეცადეთ, რომ მიცემული დავალებები ეფუძნებოდეს რეალურ ცხოვრებას; 

·დაუსვით მოსწავლეებს ღია შეკითხვები და მიეცით საკმარისი დრო დისკუსიისა და იდეების გაზიარებისთვის;

·დავალების დასრულების შემდეგ შესთავაზეთ მათ, წარმოადგინონ ის სხვა ფორმით (მაგ.: წერილობითი ნამუშევარი _ სქემით ან ნახატით);

·ხშირად მიმართეთ უკუკავშირის ტექნიკას;

·მიეცით საშუალება მოსწავლეებს, ისაუბრონ იმის შესახებ, თუ როგორ გაართვეს თავი დავალებას და რა ტექნიკას მიმართეს; 

·აღჭურვეთ მოსწავლეები სწავლის სხვადასახვა სტრატეგიით და ასწავლეთ მათი გამოყენება;

·დააინტერესეთ მოსწავლეები შესასწავლი საკითხით და მისი დასრულება მიეცით საშინაო დავალებად; 

·შესთავაზეთ მოსწავლეებს, გამოიყენონ ქვემოთ მოცემული სქემები (TASC – “thinking actively in a social context” by Belle Wallace), რომლებიც ხელს შეუწყობს მათ, დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი სწავლის პროცესისა და მიღწეული შედეგების გააზრება (იხ სექემა 2 და 3).
სასწავლო პროცესი, სადაც მასწავლებელი გზამკვლევის როლს ასრულებს და დავალებების შესრულებისთვის იყენებს ინსტრუქციულ ტექნიკას; პატივს სცემს მოსწავლეთა აზრს და რთავს მათ მიზნების დასახვისა და აქტივობების დაგეგმვის პროცესში; საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები; ქმნის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისთვის ხელსაყრელ გარემოს, თავისთავად ხელს უწყობს დამოუკიდებელი აზროვნების უნარების განვითარებასა და მოსწავლეთა მიერ მეტი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ სწავლაზე.

 

რა მაქვს
გასაუმჯობესებელი?

რა არის ჩემი
ძლიერი მხარეები, რომლებიც დამეხმარება მის გაუმჯობესებაში?

როგორ გავაკეთებ
ამას?

როდის და
რა თანმიმდევრობით გავაკეთებ ამას?

 

 

 

 

 

 

სქემა 1

სქემა
2.

 

ძირითადი ეტაპები:

დამხმარე შეკითხვები:

 

გამოცდილება

 

რა ვისწავლე?

რა ახალი გამოცდილება შევიძინე?

რას ვფიქრობ და ვგრძნობ ახლა?

როგორ გამოვიყენებ იმას, რაც ვისწავლე?

ორგანიზება

 

რა ინფორმაციას ვფლობ ამის შესახებ?

რა წყაროებიდან ვფლობ ამ ინფორმაციას?

რა შეკითხვები მაქვს და რომელ მათგანზე
შემიძლია პასუხის გაცემა?

იდენტიფიცირება

 

რაში მდგომარეობს დავალების
არსი?

რა არის ჩემი მიზანი?

რა
ინფორმაცია უნდა ვიცოდე ამის შესახებ?

რა
არის საჭირო, რომ გავაკეთო?

გენერაცია

 

რამდენი
მოსაზრება გამაჩნია ამის შესახებ?

ვინ
შეიძლება, რომ დავიხმარო?

რას ფიქრობენ სხვები ამის შესახებ?

არსებობს თუ არა სხვა გზები?

გადაწყვეტა

რომელი
იდეა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

რომელი
იდეა არის საუკეთესო?

რა მოხდება, თუ. . .

როგორი არის ჩემი გეგმა?

კიდევ
რისი გაკეთება მჭირდება?

დანერგვა

 

როგორ
გავიგებ ჩემს პროგრესს?

ვაკეთებ
სწორად?

როგორ
მუშაობს ჩემი გეგმა?

რა
უნდა გავაკეთო ამის შემდეგ?

შეფასება

 

როგორ შევასრულე დავალება?

რამდენად ეფექტურად მოვაგვარე პრობლემები?

რამდენად ეფექტური სტრატეგიები მქონდა შერჩეული?

რა გამომივიდა კარგად?

რისი გაკეთება იქნებოდა უკეთესი?

კომუნიკაცია

ვის შეიძლება ვუთხრა ამის შესახებ?

როგორ მოვახდინო მისი პრეზენტაცია?

როგორ შემიძლია ამის ახსნა?

როგორ შემიძლია სხვები დავაინტერესო?


სქემა 3.



[1]



Wallace, Belle.
“TASC: Thinking Actively in a Social Context. A universal problem-solving
process: A powerful tool to promote differentiated learning experiences.” Creative
Teaching & Learning
, January 2012: 58-83.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი