მოტივაცია – წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი

სწავლების პროცესის ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს გამოწვევას მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მათი მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს. სკოლის პერიოდის ბავშვში სწავლის მაღალი მოტივაცია წარმატების ძირითადი ფაქტორია.

მოსწავლის სასწავლო წარმატებაზე მოქმედებს უამრავი ფაქტორი. მოტივაცია შესაძლოა იყოს ის წარმმართველი ძალა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ მოსწავლე რამდენად აქტიურად და ნაყოფიერად არის ჩართული სასწავლო პროცესში და რა შედეგებს აღწევს.

მაინც   რა ფაქტორები ახდენენ გავლენას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე?

 

  1. მოსწავლის ფაქტორი

მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან აკადემიური უნარების მიხედვით, ინტელექტის ტიპით, სოციალური თუ კულტურული გამოცდილებით, სურვილებით, დამოკიდებულებებით, მოლოდინებით…

 

  1. მასწავლებლის ფაქტორი

მოსწავლე მასწავლებელს პატივს სცემს პროფესიონალიზმის, ცოდნის, პიროვნული თვისებების გამო. მოსწავლეთა მოტივაციის მიზეზი შეიძლება იყოს მასწავლებლის მიერ კონკრეტული საგნის მაღალ დონეზე ფლობა.

მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უნდა იყოს მეგობრულ-კეთიგანწყობილი დამოკიდებულება. მასწავლებლის მოლოდინები გავლენას ახდენს მოსწავლეთა იმ შედეგებზე, რომელიც ამ მოლოდინებს უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი იზიარებდეს მოსწავლის განცდებსა და აზრებს, ამავდროულად აუცილებელია, რომ მასწავლებელმა სხვადასხვა ხარისხის მხარდაჭერა შესთავაზოს მოსწავლეებს. მოსწავლე მეტი ხალისით თანამშრომლობს მასწავლებელთან, რომელიც უყვარს. დისციპლინის პრობლემები ნაკლებად მოსალოდნელია კლასში, სადაც საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფეროა.

 

  1. 3. საგნობრივი სტანდარტი

დღევანდელი სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები გადატვირთულია მრავალფეროვანი, ხშირად ძნელად აღსაქმელი მასალით. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს მთავარი საკითხებისა და მისი შემადგენელი დეტალების გააზრებაში, სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით.

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გავაცნოთ სწავლის ეფექტური სტრატეგიები, ვასწავლოთ მათი გამოყენება და დავუსაბუთოთ მათი გამოყენების სარგებელი.

 

  1. 4. მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციისა და წარმატებისათვის. მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მოსწავლის გააქტიურებას.

კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლებმა, სადაც მშობელთა ჩართულობის ეფექტური პროგრამები არსებობს, მიიღეს მრავალი პოზიტიური შედეგი, მათ შორის მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესება.

გასათვალისწინებელია, რომ მშობელი ერთ-ერთი მთავარი რესურსია, რომელიც მასწავლებელმა და სკოლამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

 

  1. 5. შინაარსის ფაქტორი

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომლის მიწოდებასაც ვცდილობთ. საკითხი, რომელიც მათ მიეწოდება, უნდა იყოს გასაგებად გამოცემული, დროული და მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისი. შინაარსს თან  უნდა ერთვოდეს ისეთი მასალა, რომელიც შესასწავლ საკითხს განსხვავებული მხრიდან წარმოაჩენს და  თემას  ყოველდღიურობასთან დააკავშირებს.

მოტიცავიას ამაღლებს პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებაც. ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა არსებულ ცოდნასა და ახალი ტექსტის შინაარსის სირთულეს შორის.

 

  1. სასწავლო გარემოს ფაქტორი

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესში მასწავლებელმა შექმნას კეთილგანწყობილი, სასიამოვნო, პოზიტიური, ემოციურად უსაფრთხო, არასტრესული, ინკლუზიური,   თანამშრომლობითი და ფიზიკურად კომფორტული გარემო.

მოსწავლეები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი გამოთქმული აზრი, მცდარიც რომ იყოს, არ გახდება დაცინვის საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეთა აქტიურობა, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და ინტერესი იკლებს, რასაც საბოლოოდ მოტივაციის შემცირებისკენ მივყავართ.

საგულისხმოა, რომ პოზიტიურ  სასწავლო  გარემოში მოსწავლეები ნაკლებად ავლენენ არასასურველ ქცევას და, შესაბამისად, მეტი დრო და ძალისხმევა ეთმობა სწავლასა და სწავლებას.

მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს კლასის მართვის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს  თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და სასწავლო პროცესში ყველა ტიპის მოსწავლის, მათ შორის, პასიური მოსწავლეების ჩართვასაც, რადგან მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში, პოზიტიური მართვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

 

  1. 7. სწავლების მეთოდები

მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესის ამაღლების მიზნით, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს  სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები და ინსტრუმენტები. გამოცდილება აჩვენებს, რომ სწავლების კონკრეტულ მეთოდებსა და სტრატეგიებს ეფექტიანი სწავლის ხელშეწყობა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება შეუძლია.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდია  თანამშრომლობითი სწავლება.

ეფექტიანი სწავლა სოციალური ინტეგრაციის გზით მიიღწევა. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება.

თანამშრომლობითი სწავლა ეფექტური საშუალებაა როგორც მოსწავლის ემოციური მდგომარეობის, ასევე მისი აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით, ანუ ის არის ერთგვარი მეთოდი, სადაც შერწყმულია კოგნიტური და სოციალური ასპექტები.

თანამშრომლობითი სწავლება იწვევს ცვლილებებს მოსწავლეთა მოტივაციაში და შესაძლებელია საგნის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების პოზიტიურით

შეცვლა.

რადგან ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული, საჭიროა  სასწავლო პროცესში  სწავლის მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორების  გათვალისწინება.

 

მოტივაციის ფაქტორები განმსაზღვრელები/მახასიათებლები/კრიტერიუმები
მოსწავლის ფაქტორი აკადემიური უნარები, ინტელექტის ტიპი, სოციალური გამოცდილება, კულტურული გამოცდილება, სურვილები, დამოკიდებულებები, მოლოდინები.
მასწავლებლის ფაქტორი პროფესიონალიზმი – ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები; წინასწარშექმნილი პოზიტიური აზრები; პატივისცემა; წახალისება; თანამშრომლობა.
საგნობრივი სტანდარტი საკვანძო საკითხები, მთავარი კითხვები, მკვიდრი წარმოდგენები, SMART შეფასება.
მშობელთა ჩართულობა ეფექტური პროგრამები, ჩართულობის მაღალი დონე, რესურსულობა.
შინაარსი გასაგები, აქტუალური, დროული, პრაქტიკასთან დაკავშირებული, მრავალმხრივი ხედვით,  ნასწავლთან კავშირში.
სასწავლო გარემო უსაფრთხო, პოზიტიური, ემოციურად გაწონასწორებული, არასტრესული, ინკლუზიური, თანასწორი, სამართლიანი, თანამშრომლობითი.
სწავლების მეთოდები მრავალფეროვანი სტრატეგია, ეფექტური ინსტრუმენტები, მიზანთან შესაბამისი, მრავალფეროვანი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.G-Pried, კარგი სკოლა.გე; რესურსწიგნი;

2.ტრენინგის მასალა „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის“.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

comments