“სარჩობელაზედ“ და “ძმები კარამაზოვები“ – ზოგიერთი ეპიზოდის მსგავსების  შესახებ

ილია ჭავჭავაძე უდიდესი ფსიქოლოგია, რომელიც ადამიანთა სულიერ ძვრასა და გარდატეხას, უმეტესად, პერსონაჟთა ქცევით აღწერს. დოსტოევსკი კი დაუზარებლად გვიჩვენებს სულის მდგომარეობისა  და გონის მოძრაობის შავ-თეთრ კუთხე-კუნჭულებს. მას აქვს უნარი მკითხველს შეახედოს პერსონაჟის შინაგან სამყაროში და მისი განცდების სრულად გაზიარება აიძულოს. მაგ: როცა დმიტრის უსამართლოდ სჯიან, მკითხველიც იტანჯება ან ივანივით “არეულია“, ან  ალიოშასავით  სიწმინდეს ინარჩუნებს. ილია თავის პერსონაჟთა სულის ლაბირინთებში დოსტოევსკისნაირად არ გვახედებს – მკითხველს უტოვებს თავისი სურვილისამებრ აღქმის უფლებას.

 

მოთხრობის “სარჩობელაზედ“ გმირებში, “ძმებ კარამაზოვების“ გმირების მსგავსად, წინაპართა ნამემკვიდრალი თუ შეძენილი ბიწიერებანია განფენილი. ილია ბეჟანის უმცროსი ძმის “წმინდანად“ დახატვას ცდილობს, როგორც დოსტოევსკი უმცროსი კარამაზოვის, ალიოშასას, თუმცა არ გამოსდით, რადგან ეშმაკი მათ სულებშიც აფათურებს ხელს.

 

აღსანიშნავია ის ისტორიული დრო და გარემო, რომელშიც ილიასა და დოსტოევსკის პერსონაჟები ცხოვრობენ, რადგან შეიძლება სწორედ მან დაბადა ისინი ასეთად ან გარდაქმნა.

რუსეთში დაძაბულობაა. მაგ, ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტი – სასამართლო- დრომოჭმული მეთოდებით იმართება. მაშინდელ რუსეთში ესა თუ ის მოვლენა განიხილებოდა როგორც რუსული სოციალური ყოფის პროდუქტი. იმდროინდელი რუსული სასამართლოს ნაკლი ისიც გახლდათ, რომ მოსამართლე თუ რიგითი მონაწილე ტრაგედიასა და ბრალდებულს საკმაოდ გულგრილად ეკიდებოდა.

 

ილიას პეტრეც დრომოჭმული იდეოლოგიის გამტარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ხალხთა გათავისუფლების სიო დიდი ხანია უბერავდა საქართველოში, მის ცნობიერებაში ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, მას მტკიცედ სწამს, რომ გლეხი ვერასდროს გახდება მებატონის თანასწორი და ყოფილი ბატონი არ არსებობს. ეს “სოციალური სიბრმავე“ კიდევ კარგა ხანს გაჰყვა ბორკილად მაშინდელ ქართულ საზოგადოებას.

 

სოციალური უთანასწორობა აშკარაა “ძმებ კარამაზოვებშიც“. ბატონყმობა გადავარდნილია, თუმცა ფიოდორ კარამაზოვს ყმები “თავს არ ანებებენ“. ერთგან ბრაზობს კიდეც დმიტრი,  მდაბიომ შენობით მომმართაო!

 

ილიას პეტრეც “ბუნების მორჩილია“, ყმის უღლისგან გათავისუფლებას სულაც არ ჩქარობს, არ ანაღვლებს ღმერთი (მისი მხოლოდ ეშინია) და პიროვნული თავისუფლება. “ვიღაცების“ მიერ მიიარლიყებულ წოდებრივ ჩარჩოებში იკეტება – თავადიშვილები ხართ, ჩემსავით ცარიელ მიწაზე გდებას ვერ აიტანთო – ეუბნება ძმებს და თავის ნაბადს უშლის. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყმობას მიჩვეულ საზოგადოებას (პეტრეს) თავისუფლება ბორკილი, ცოდვა ან ცხოვრებაში სრულიად გამოუსადეგარი ცნება ჰგონია.

 

ბევრჯერ დაწერილა, ძმებისგან გაძარცვულ პეტრეს მხოლოდ იმიტომ ერცხვინება საზოგადოებამ არ დასცინოს, რომ ღლაპებმა გააცურესო. მართლაც, მას არად მიაჩნია საზოგადოების მანკიერებანი: ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, რაც ისედაც შემოჩვეული ჭირი იყო იმ ეპოქაში. მტაცებლობდა და ძალმომრეობდა ყველა – დიდი თუ პატარა, გლეხიდან დაწყებული ჩინოვნიკით დამთავრებული, ისე, ვის როგორ შეეძლო, ერთი სიტყვით, ქვეყანა, ე.წ. ჯუნგლის კანონით იმართებოდა და ამ კანონებს მიჩვეული საზოგადოება ტანჯვა-დათმენის უღელქვეშ გმინავდა. პეტრე ალბათ იამაყებდა კიდეც, ვინმე აბრაგს ან ცნობილ გაქნილს რომ გაეძარცვა. უსუსურმა ბალღებმა გამქურდეს, მძინარეს ჯიბეები დამაჭრესო, თაკილობს, არადა მძინარე მხოლოდ პეტრე კი არა, მთლიანად ის საზოგადოებაა, რომლის გამოფხიზლებასაც შეალია ილია ჭავჭავაძემ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა. არა, არა, რაკი ქართველმა რუსის შლაპა დაიხურა, მისი საქმე წასულიაო, ამბობს პეტრე.  მართალს ამბობდა, რადგან ნამუსის ქუდი დიდი ხანია თავისი ნებით მოეხადა ქართველს.

 

ახლა მთავარ სათქმელს მივუბრუნდეთ. როგორც ვიცით, ქალაქში მყოფ პეტრეს შინ წასვლა შეაგვიანდა. იფიქრა, საღამომდე ავლაბრის მოედანზე გავალ, ქვეყანა ხალხი ირევა, რამეს შევიტყობო. მოედანზე მართლაც უამრავი ხალხი ირეოდა, ჟრიამული და ყაყანი გაჰქონდათ. პეტრე ხალხში გაერია, ყაყანის მიზეზი გავიგოო. გაიგო კიდეც, ზარბაზანი რომ გავარდება, მახათას მთაზე კაცს ჩამოახრჩობენო.

 

აქვე გავიხსენოთ დმიტრი კარამაზოვის ტრაგედია, როცა მას მამის მკვლელობისთვის გასასამართლებლად ელოდებიან. მისმა საქმემ მთელი რუსეთი აალაპარაკა. ყველა მასზე მსჯელობდა და გაჰყვიროდა. მის სასამართლოზე დასასწრებლად უამრავი მოსეირე სტუმარი ჩამოვიდა, ყველა ბილეთი გაიყიდა ან დიდი ხვეწნა-მუდარით იშოვეს დამსწრეებმა, დარბაზიდან სკამებიც კი გაიტანეს, რომ მეტი ხალხი დატეულიყო,  ქალბატონები მაყურებელთა ნახევარს შეადგენდნენ. შეეძლოთ იმ სივიწროვეში ფეხზე საათობით მდგარიყვნენ.

 

როგორც ვთქვი, მახათას მთაზეც ბუზივით ირეოდა ხალხი. პეტრემ მიიხედ-მოიხედა და იმდენი კაცი თუ დედაკაცი დაინახა, გაკვირდა: “ვთქვათ, კაცები ჩემსავით თამაშად მოსულან, ამ დედაკაცებს რა ღმერთი გასწყრომიათ, ეგრე რომ თავი მოუყრიათ, რა მაგათი საქმეაო“.

“ძმებ კარამაზოვებშიც“ – სასამართლოზე დასასწრებად უამრავი ქალია მოსული სასეიროდ. ზოგს გამოპრანჭვაც დავიწყებოდა და სახეზე ისტერიკული, ხარბი, თითქმის ავადმყოფური ცნობისმოყვარეობა აღბეჭდვოდა.

 

პეტრეც დგას და ფიქრობს, მართლა კაცს ხომ არ ახრჩობენ, კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო, ალბათ ჯამბაზობააო. ღვთის სულია, ადამიანია… ამიტომ მოუყრია ამდენ მანდილოსანს თავი, დედაკაცის თვალი მსუნაგია თვალთმაქცობაზეო.

 

ზოგიერთი მამაკაცის ბოროტი დამოკიდებულება დმიტრი კარამაზოვისადმი გასაგებია: “მამაკაცები ბრალდებულისადმი არა მხოლოდ ცუდად განწყობილნი, არამედ გაბოროტებულნიც კი იყვნენ. მამაკაცთა შუბლშეკრული, მკაცრი, გააფთრებული სახეებიც კი შეიმჩნეოდა დარბაზში და ეს იმიტომ, რომ დმიტრიმ იმ მოკლე ხანში, რაც იმ ქალაქში იმყოფებოდა, პირადი შეურაცხყოფა მიაყენა“.

“დარბაზში ისეთებიც იყვნენ, სრულიად რომ არ აინტერესებდათ მიტიას ბედი და უდარდელად ისხდნენ. ყველას საქმის საბოლოო შედეგი აინტერესებდა. მამაკაცთა უმეტესობას გადაჭრით უნდოდა, და დარწმუნებული იყო, რომ დამნაშავე სასტიკად უნდა დასჯილიყო“ .

“სასამართლო დარბაზი დიდი ხნით ადრე გაივსო“. “სასამართლო დარბაზში მსხდომი ქალები კმაყოფილი დარჩნენ, სანახაობა ნამდვილად სულისშემძვერლი იყო. ერთიანად დამუხტული და აღელვებეული დარბაზი კვანძის გახსნას მოუთმენლად ელოდა“, – ჰყვება დოსტოევსკი.

სწორედ ასეთ  ადამიანებსა და გარემოებაზე  წერდა  ვაჟა-ფშაველა: “სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას რომ კვლენ, ცქერა გვწადია“.

 

“ძმებ კარამაზოვებში“ აღწერილი პერიოდი ზუსტად ეხმაურება იმ დროს, როცა ილია თავის მოთხრობას წერდა. რა იყო გასაკვირი, მაშინ დასჯა-ჩამოხრჩობა ხომ ჩვეულებრივი მოვლენა იყო! არვის ადარდებდა უსამართლობა სასამართლოში, საზოგადოებრივი გულგრილობა მოდურიც კი იყო, არვის  აძრწუნებდა განსასჯელის ბედი. არადა პირიქით, გულგრილობის სათავე სიკვდილით დასჯის მიმართ შეიძლებოდა სავალალო მომავლის წინამორბედი ყოფილიყო, რადგან საზოგადოება არა მხოლოდ სხვისი ბედის მიმართაა გულგრილი, არამედ დამთბარიც კია დესპოტური სასჯელისადმი. რა იყო ეს, მაშინდელი საზოგადოების დაბინდული გონებისა და წარმოსახვის ნაადრევი გამოფიტვის ბრალი ხომ არა, რომელიც მას ღმერთს აშორებდა?

 

“ძმებ კარამაზოვებში“ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია –  იმდროინდელი სამეფო ხელისუფლების “წყალობით“ საზოგადოება მუდმივად ესწრებოდა საჯარო სასამართლო სხდომებს. ამგვარი “ფუფუნება“ ილიას ავლაბრის მოედანზე შეკრებილ მოსეირეებსაც აქვთ –  კაცის ჩამოხრჩობა მათთვისაც საინტერესო სანახაობაა, რომელსაც პურივით სთავაზობენ.

დოსტოევსკის აინტერესებს, რუსული საზოგადოების საფუძველშივე მორყეული ზნეობა იმის მიმანიშნებელი ხომ არ არის, რომ იგი საერთოდაც არ ჰქონიათ რუსეთში? და რომ არა რუსეთის ხელისუფლების ის “კეთილშობილური“ გადაწყვეტილება, ვერასდროს შევიტყობდით მისი საზოგადოების თავაწყვეტილი ნებისა და ზნეობრივი დაცემის საშინელების შესახებ.

სხვათა შორის, მაშინდელი რუსული პრესა სასამართლო პროცესების სცენებს გაზეთებშიც აღწერდა მათთვის, ვინც დარბაზში ბილეთის შოვნას ვერ მოახერხებდა. რა ეწერა ამ ფურცლებზე? ახალ-ახალი ინფორმაციები გამოტანილი განაჩენის შესახებ, სადაც ყოველი ახალი წინას აფერმკრთალებდა და ძველ საშინელებას ჩვეულებრივად მოგაჩვენებდათ. საქმე ისაა, რომ იმ რუსული სისხლის სამართლის საქმეებიდან ყველაფერი საერთო უმადურობაზე მეტყველებდა, უმადურობაზე, რომელიც ძალიან საზოგადოებრივი, ჩვენეული გამხდარა და საყოველთაო ბოროტებად ქცეულა, რომელთან ბრძოლაც ძალიან ძნელია.

 

ილიას ბეჟანის “კარიერაც“ სწორედ მისდროინდელმა საზოგადოებამაც შექმნა, სწორედ მან  უბიძგა მანკიერებისკენ, რომელიც ადამიანში, ზოგადად, გენეტიკურადაც კია კოდირებულ-მიჩქმალული. შეიძლება ბეჟანი არამზადაა, მაგრამ იმ დროში მხოლოდ ის არ იქნებოდა ასეთი. სხვას შეიძლება არ ექურდა, არ გაეძარცვა, არ მოეკლა, მაგრამ ერთხელ მაინც ეფიქრა ამაზე. ასეთი ადამიანი კი სულით არამზადაა.

 

დღეს, როცა ბევრი უნიკალური ტრადიცია ფეხქვეშაა გათელილი ან განგებ უკიდებენ ობს, ყველაზე ადვილია თქვა: “მაინც რა არის პატიოსნება ანდა სისხლის დაღვრის ცოდვად მიჩნევა, იქნებ სულაც დრომოჭმული გადმონაშთია? (ფ.დ.).

თავისი თანამედროვენი (და არამხოლოდ ისინი) ილიას ჰკილავდენენ, რომ: “ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია?“ “ბრიყვნი ამბობენ!“ – პასუხობდა ილია, თორემ, მართლაც და, ღმერთმა იცის, პირველი ილია გაიხარებდა, თუ ვინმე შეეცილებოდა, შეეკამათებოდა და დაუმტკიცებდა, რომ ბოდავს ან აზვიადებს.

 

ილია კარგად ხედავდა, როგორ იღუპავდა თავს ახალგაზრდობა. ბევრს არც აინტერესებდა, “რა იქნება იქ“ (“ჰამლეტი“) – მიღმიერ ცხოვრებაში. საქართველოში კი ის პოლიტიკური მმართველობა მძვინვარებდა, ახალგაზრდობის გულებში მოკიაფე ეროვნულ და რელიგიურ ცეცხლს მტვერს რომ აყრიდა. საზოგადობას შეგნებულად ხრწნიდა, ცოდვებისკენ უბიძგებდა, შემდეგ კი ჩადენილი დანაშაულისთვის სასეიროდ და სამაგალითოდ სჯიდა და პურად სთავაზობდა (ან აშინებდა) “ბრმა და მშიერ“ საზოგადოებას.

 

იქ, სადაც ბოროტების მანქანა იქოქებოდა, ისეთი შავბნელი საქმეები ითითხნებოდა ეროვნული თვითშეგნების, ზნეობისა  მრწამსის გადასაგვარებლად, რომ ბეჟანი, მიტია კარამაზოვი და სხვა მათი მსგავსი ნამდვილად უცოდველად მოგეჩვენებოდათ.

 

დოსტოევსკი “ძმებ კარამაზოვებში“ დაუფარავად წერს, რუსული დანაშაულის ფსიქოლოგიით რუსი და ევროპის მოწინავე მოაზროვნეები დაინტერესდებიან, რადგან ნამდვილად ღირს ეს თემა სერიოზული შესწავლის საგნად იქცესო. არ დაგვავიწყდეს, რუსეთი თავის “გამოგონილ ფსიოქოლოგიურ“ წნეხს საქართველოსაც არ აკლებდა – ყოველი ფეხის ნაბიჯზე სახრჩობელა განა რუსიფიკატორული დასჯის ერთ-ერთი მეთოდი არ იყო, რომელიც მხოლოდ საზოგადოების დაშინებას, მის ფსიქოლოგიურ დეგრადაციას ემსახურებოდა და არა დანაშაულთან ბრძოლას ან მის აღმოფხვრას!

 

ილია თავისი დროის საზოგადოებას, დოსტოევსკის მსგავსად, მოჩვენებითი თანაგრძნობის გამოც ჰკილავს. თავის ისე დაჭერა, ვითომ სხვისი ბედი აძრწუნებთ: “ვუი, ვუი, ვუი, შენს დედას!“, “რა ახალგაზრდა ბიჭი ყოფილა!“, “შე უბედურის დღისავ!“, “შენთვის ყოფილიყავ და ამ დღეში არ ჩავარდილიყავ!“, “ვაი, შენს დედას, შე საცოდავო, შენა!“, “საცოდავი წერას აუტანია, მაგრამ ეგ ხომ მოკვდება და წავა, ვაი, მაგის მშობლების ბრალი, რა ცეცხლში ჩაცვივიან!“, “რა თონეში უნდა იწვოდეს ახლა ამის დედის გული, ღმერთო, მაგისთანა დღეს ნუ შემასწრობ!“  – გაიძახიან დედაკაცები.

 

და უცებ, როცა მღვდელმა, ჯალათმა და ვიღაც ჩინოვნიკმა, იმდროინდელი წესების, სამართლისა და ვიღაცის ბრძანების თანახმად, ჩამოახრჩვეს ბეჟანი, ის მოვიშვიშე, მოქოთქოთე დედაკაცობა (მანდილოსნები) და სხვები, რომლებიც, მათი აზრით, ალბათ, ღვთისმოშიშნიც იქნებოდნენ, კვლავ მხიარულად აყაყანდა, ალაზღანდარდა და დაიშალა: დაიშალა, “დაირღვა  ხალხის გროვა“. სხვათა შორის ეს “გროვა“ “იგის“ პირველყოფილ საზოგადოებას ძალიან ჰგავს. მოსეირეები, მართალია, ზემოთ დაკიდებულ სახრჩობელას ზეცისკენ აპყრობილი თვალებით უცქერიან, თუმცა ეს თვალები ცას ცად არ აღიქვამენ. და, რა გასაკვირია, ილიას პეტრესთვის “მოძღვარიდან“, რომლისთვისაც ჯეჯილი წიგნის ყდაა, წიგნი დედამიწაა და ა.შ. ამ ბრბოსთვისაც თავისი სახელი თითქმის არცერთ ცნებას არ ჰქვია, ამ  ყრუ-მუნჯი საზოგადოებისთვის ცა არა ღვთის სავარაუდო სამყოფელი ან თავისუფლებაა, არამედ ლურჯად შეთხუპნილი ჰაერის ფუჭი გროვა: “…ხალხის გროვა დაიშალა და გაიშალა მინდორზე, ყველამ თავის სახლისკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხვინო და გულის ამაზრზენი თამაში ნახა“, – წერს ილია.

“… პირიქით, ჩვენივე ცინიკურად, ზანტი უსაქმურობიდან ამ შეძრწუნებით თავდაღწეულნი, ისე ვტკბებით, როგორც მძლავრ და ექსცენტრიკულ შეგრძნებათა მოყვარულები, ან ბავშვებივით ვიქცევით, საშიში მოჩვენებების ხელით მოგერიების შემდეგ, ვიდრე მოჩვენება არ გაქრება, ბალიშში თავჩარგულნი რომ იმალებიან, რათა საშინელების გაქრობისთანავე მისი არსებობა რომ დაივიწყონ და ისევ მხიარულ თამაშზე გადაერთონ“, – “ძმები კარამაზოვები“.

 

დოსტოევსკი არ ერიდებოდა იმ რუსეთის გაკიცხვას, რომელშიც ცხოვრობდა – ის  იხსენებს ნ. გოგოლს, რომელმაც რუსეთი იდუმალი მიზნისკენ მქროლავ ტროიკას შეადარა, თუმცა, ალბათ, პირფერულად – ცენზურის შიშით, რადგან იმ რუსული  ტროიკის კოფოზე ვინც არ უნდა მჯდარიყო, ცხენებს სიკეთემდე ვერ მიიყვანდა. ამავეს ამბობს “მგზავრის წერილებში“ ილიას ფრანგი ნაცნობი – რუსული პოვოსკით გატაცებულ-აღტაცებული!

“რუსულ ტროიკაში, მოგეხსენებათ, ჯერ ისევ ის ძველი ცხენები არიან და ახლანდელებამდე ბევრი უკლიათ“ – წერს დოსტოევსკი. და, სამწუხაროდ, იმ ძველი რუსული ტროიკის ქროლით  ატეხილი ქარიშხალი საქართველოშიც ძლიერად ქროდა.

 

როგორც ყოველი მსჯავრდებულის, ბეჟანის ოჯახის ისტორიაც საინტერესოა. რატომ აირჩია მწერალმა მაინცდამაინც ის, რა გაკრთა მწერლის მონათხრობში? აბა, დავაკვირდეთ, რას ჰყვება ბეჟანის ძმა: 1. ღარიბი აზნაურიშვილია; 2. მამა ადრე გარდაეცვალათ; 3. დედა გათხოვდა; 4. მამის დანატოვარი მამული მამინაცვალმა წაართვა; 5. დედა და მამინაცვალი ქალაქში ცხოვრობდნენ, ძმები კი სოფლის სახლში მარტონი ეყარნენ; 6. დედა და მამინაცვალი სცემდნენ; 7. ძმები შიშველ-ტიტველი დახეტიალობდნენ სოფელ-სოფელ; 8. ყველა მათზე ძალადობდა, ავიწროებდნენ; 9. მამინაცვალმა, თავიდან საბოლოოდ მოსაშორებლად, თუქურმიშის სკოლაში გაგზავნა, დასაც სულ სცემდნენ და ლანძღავდნენ; 10. სკოლიდან გამოქცეულნი შინ დაბრუნდნენ, თუმცა სახლში სხვები დახვდნენ და ღამე არ გაათევინეს; 11. ორივე ძმა – ობლები, უპურონი, უფულონი, უნუგეშოდ, უთვისტომოდ დაიარებოდა. გაბოროტდნენ ყველასა და ყველაფრზე, გადაემტერნენ ქვეყანას, ყველას გადაუხადეს სამაგიერო, ვისაც შეეძლო და არ ანუგეშა, მათ შორის, მამინაცვალი მოკლეს.

 

არც მიტია კარამაზოვის ბედია მათზე უკეთესი – აღვირახსნილი და გარყვნილი მამის შვილია. მამამისი, ღარიბი და სხვის კარზე სამადლო ლუკმაპურის მაძებარი, შემთხვევითი ქორწინების შედეგად გამდიდრებული, გაიძვერა და მლიქვნელი მასხარა გახლდათ. ცხოვრებით ტკბობამ ისე გაიტაცა, საკუთარ შვილებსაც ვეღარ ხედავდა, მამობრივ მოვალეობებზე ხელი აიღო, ბავშვებს დასცინოდა, მისი შვილები უკანა ეზოში იზრდებოდნენ ან სხვებს მიჰყავდათ გასაზრდელად. ბოლოს მათი არსებობაც დაივიწყა. საკუთარ შვილებს ფულს უმალავდა, დედის მემკვიდრეობიდან დარჩენილ ფულსაც არ უბრუნებდა, შვილის საყვარელს თავგზას ურევდა და მითვისებას ცდილობდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებოდნენ ასეთი მშობლების შვილები, თუმცა მწერალი ინდობს მიტიას და ის მამაზე უარესი არ არის.

 

როგორც აღვნიშნე, გარემომ და გარემოებამ ჩამოაყალიბა დამნაშავეებად ბეჟანი და მისი ძმა. უმცროსი, ალბათ ალიოშა კარამაზოვის მსგავსად, დანაშაულისგან გარიდებას ცდილობს, “ხალხურ საწყისებს“ ჯერ არ დაშორებია, ისევ “მშობლიური ნიადაგისკენ“ მიილტვის, მოჩვენებებით დამფრთხალი ბავშვია, დედის მკერდს ეძებს, თუნდაც რძედამშრალს, რომ თავჩარგულმა მშვიდად იძინოს, ის ხედავს ნაადრევ ხრწნას, რაც ძმას ემართება, თუმცა ხელს ვერ უშლის.

ბეჟანი, მიტიასგან განსხვავებით, მამინაცვლის მკვლელია, ანუ  მკვლელიცაა, ქურდიც და უნამუსოც. მიტია კარამაზოვი მასთან, აშკარად, ღირსეული პიროვნებაა. მას შეეძლო მოეკლა მამა, როცა მოისურვებდა, თუმცა ეს არ გაუკეთებია.

ბეჟანს დედის და, ზოგადად, ქალის პატივისცემაც გამქრალი აქვს. შურისძიების წყურვილმა ისე გაახელა, ხელების სისხლში გასვრასაც არ მოერიდა. ამანაც არ დაუცხრო სულიერი “აშლილობა“ და უარესს უარესი დაუმატა. ის ფერფლიდან აღდგომაზე საერთოდ არ ფიქრობს, პატივმოყვარეა, მასში საიდანღაც გაჩენილი გულზვიადობისგან გაქცევას  არ აპირებს და ამას სულიერ კრახამდე მიჰყავს.

მიტია კარამაზოვის გულში კი  ბავშვობის მძიმე დღეებმაც ვერ ჩაკლა სიყვარული, ვერც “ადვილად გასასაღებელი“ მამის მოკვლა შეძლო. მიუხედავად თავქარიანიბისა და ცხოვრებისეული შეცდომებისა, მკითხველის თვალში ზიზღს არ იწვევს. პირიქით, მის გამართლებასაც კი ცდილობს და თანაუგრძნობს.

 

“შებღალული ბუნება და დამნაშავის გული ყველა მიწიერ სამართალზე მეტად სჯის. მეტიც, მართლმსაჯულებაც და მიწიერი სიკვდილით დასჯაც მხოლოდ ამსუბუქებს ბუნების სასჯელს. ეს წუთები საკუთარი სასოწარკვეთისაგან თავის დასაღწევად აუცილებელიც კი არის დამნაშავის სულისთვის“, – წერს დოსტოევსკი, რაშიც არასდროს დაეთანხმება ბეჟანის ძმა, პირიქით, ის ყველას წინააღმდეგ ამხედრებული სულია, რომელსაც ბუნება ვერ დაამშვიდებს. ბუნების სასჯელი – ალბათ ღვთის მიერ მოვლენილი იგულისხმება – არაფერია მიწიერ სასჯელთან. ბუნების სასჯელს გაუძლებს გული და გონება, მაგრამ ადამიანთა წაბილწული გონებითა და ხელებით შეთითხნილ სამყაროში, სადაც ღმერთს არათუ ძალაუფლება, ადგილიც არ დაუტოვეს, არ შეიძლებოდა სასჯელი სამართლიანი ყოფილიყო, ალბათ ასე ფიქრობდა ბეჟანის ძმა.

 

ამაზრზენი იქნებოდა ბეჟანისათვის გზა სარჩობელამდე. იმედი იმისა, რომ საბედისწერო წამი ჯერ კიდევ შორს არის, ყოველ შემთხვევაში, ახლოს არა … ჯერ არა…

 

მიტია კარამაზოვის საბედისწერო წუთები განაჩენამდე ისეთივე იყო, როგორიც იმ დამნაშავის, სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად სახრჩობელაზე რომ მიჰყავთ.

 

წარმოიდგინეთ, რას ფიქრობდა იმ დროს ბეჟანი – ჯერ კიდევ გრძელი გზა უნდა გაევლო ნელი ნაბიჯით, ნელი ნაბიჯით ათასობით ადამიან-მოსეირეს შორის, შემდეგ შესახვევი და მეორე ქუჩა და მხოლოდ მეორე გრძელი ქუჩის ბოლოს გამოჩნდება საშინელი მოედანი. მსვლელობის დასაწყისში სიკვდილმისჯილი, თუნდაც სირცხვილის ბოლო გზაზე, ფიქრობს, რომ სიცოცხლე ჯერ არ დასრულებულა, ჯერ კიდევ აქვს დრო და, მაშასადამე, ჯერ კიდევ ცოცხალია! და აი, სახლები უკან რჩება და სულ წინ მიიწევს, მარჯვნივ და მარცხნივ შეჰყურებს ათასობით გულგრილ და ცნობისმოყვრე სახეს, მზერით რომ მისჯაჭვიან და ჯერ ისევ ეჩვენება, რომ თვითონაც მათსავით ჩვეულებრივი ადამიანია. მაგრამ აი, მეორე ქუჩაც გამოჩნდა და სულ ბოლოს მოედანია.

ასე იფიქრებდა ალბათ, ბეჟანი – მკვლელი, და ასე იფიქრებდა მიტიაც, მკვლელობში ბრალდებული, თუმცა უდანაშაულო.

და აი, ბეჟანი თავისი მსაჯულების წინაშეა, რომლებიც არაფერს არ შეცვლიან უკეთესობისკენ, ხმასაც არ ამოიღებენ უსამართლობის წინააღმდეგ, თუნდაც ეს უსამართლობა უსამართლობას ჰბადებდეს.

 

არსებობს წუთები, როცა შიში გიპყრობს ადამიანისა და მისი ბედის წინაშე. ასეთ დროს ადამიანში ცხოველური შიში იღვიძებს. როცა დამნაშავე ხვდება, რომ ხაფანგშია, გადარჩენისთვის ყველანაირი ინსტინქტით იბრძვის – გამჭოლი მზერით, ტანჯული და კითხვებით სავსე თვალებით შემოგცქერის, აკვირდება სახეებს – მანუგეშებელს ეძებს, ხმის ამოღების ეშინია. ასეთი წუთები ამცირებს და კიდევ უფრო აპატარავებს ადამიანს და შემზარავია: “თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემს ძმასავით სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის!“ – წერდა უმცროსი ძმა პეტრეს. და მერე რა? სწორედ იმიტომ იგებოდა ყოველი მახე, ივსებოდა ქვეყანა სახრჩობელებით, ხმათა ღაღადი და ქვეყნის მაცოცხლებელი გულისცემა შემწყდარიყო. კიდევ მრავალ ბეჟანს ჩამოჰკიდებდნენ, მრავალ გზაგამრუდებულსა და მართალს, ვინ დაეძებდა სიმართლესა და პატიოსნებას იმ სიბნელეში. ქვეყანაში გამეფებული უწიგნურობა და სიბეცე კი კარგი ნავთი იყო ხელოვნურად გაჩაღებული კოცონის ასაალებლად, არადა, “ცხოვრება მაშინ უფრო ლამაზია, როცა ვინმე კარგად და სამართლიანად იქცევა“ (ფ.დ.).

 

ორივე თხზულებაში მოთხრობილია ისეთ საკაცობრიო თემებზე, როგორიცაა თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა, განათლება.  “ძმებ კარამაზოვებში“ პირდაპირაა დასმული ღმერთის არსებობის საკითხი. მოთხრობაში “სარჩობელაზედ“ საზოგადოებრივი უღმერთობა აშკარაა, თუმცა მწერალი ამაზე ღიად არ წერს.

ამავე დროს, მასში არცერთი ოპტიმისტური ეპიზოდი არ გვხვდება, დოსტოევსკისთან კი ბავშვების ფიცი უაღრესად ოპტიმისტურია. სინამდვილეში ყველაფერი ბავშვობიდან იწყება და მაშინ განცდილი,  ქვეცნობიერში დალექილი წლების შედეგი, ადამიანთა ქცევების მამოძრავებელი ძალა ხდება. ამის დასტურია ამ ორი მწერლის პერსონაჟთა ქმედება.

დაბოლოს, რადგან ივან კარამაზოვსაც კი სწამს, რომ: “ყველა ტანჯვა გაივლის და ადამიანს იმედგაცრუებას დაუამებს, რაღაც ძვირფასი მოევლინება, ბოლოს და ბოლოს, რომ მიტევება გაუხდეს შესაძლებელი“, ე.ი. ბეჟანის უმცროს ძმას მაინც ეღირსება გადარჩენა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

comments