ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქოუჩინგი საკლასო ოთახში

ქოუჩინგის, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების მეთოდის როლი განათლებაში არახალია და ამ მიდგომას ფართოდ იყენებენ განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები. ქოუჩინგის მეთოდის ტექნიკა არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენა და მისი რესურსების სწორად რეალიზება. საკლასო ოთახში მსგავსი მეთოდის გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს მთელი კლასის აკადემიური ცხოვრება. ჩვენ ვესაუბრეთ წარმატებულ ქოუჩს და გამოცდილ ტრენერს ირინა ჭოჭუას, რომელსაც ვკითხეთ, რას შეცვლიდა მსგავსი მიდგომის  დანერგვა საგანმანათლებლო სისტემაში და რაში დაეხმარებოდა ეს მეთოდი მოსწავლეს, მასწავლებელს და სკოლას მაღალი აკადემიური მიზნების მიღწევის პროცესში.

 

 

 

 

თავდაპირველად გვესაუბრეთ ქოუჩინგის არსზე? რაში  ეხმარება ეს მიდგომა ადამიანს?

 

ქოუჩინგი ეს არის პიროვნული და პროფესიული განვითარების მეთოდი, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის რესურსების გაფართოებაზე. ეს არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენის, ცვლილებების დანერგვის და განვითარების ტექნოლოგია. ამისათვის ქოუჩინგი იყენებს თავად ადამიანის სააზროვნო სისტემას, თვითრეფლექსიის უნარს და კითხვების დასმის საშუალებით მიჰყავს ადამიანი გაცნობიერებამდე. თვითონ გაცნობიერების პროცესი გულისხმობს თვითგამორკვევას, თუ რა არის პიროვნების მიზანი, მისი ცხოვრებისეული ხედვა, მისია, რას მიიჩნევს ხელისშემშლელ ფაქტორებად , რა რესურსები და უნარები აქვს და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორებია მოტივაცია, სტრესთან გამკლავება, ინფორმაციის მიღება-გადამუშავების უნარები, თვითდასწავლის და თვითგანვითარების პატერნები, მუშაობა წინააღმდეგობებთან, ახალი უნარების დასწავლა. ყველა ადამიანი არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური სააზროვნო სისტემით. ამიტომ სწორი გზა არის დავეხმაროთ პიროვნებას თავად მოძებნოს მისთვის მისაღები და ეფექტური გზები. ქოუჩი  სწორედ ამ სააზროვნო სისტემების და შემოქმედებითობის სტიმულირებას ახდენს, რის შედეგადაც პიროვნება თავად პოულობს ყველა კითხვაზე პასუხს, სახავს მიზნებს, ავითარებს რესურსებს, მუშაობს პრობლემებზე და თავად აღმოაჩენს  განვითარების უნიკალურ გზას. ეს ყველაფერი ხდება ნდობის და პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში.

 

რა როლი უჭირავს ქოუჩინგის  მეთოდს  განათლებაში?  

 

ქოუჩინგს მნიშვნელოვანი როლი აქვს განათლებაში. ქოუჩთან მუშაობის შედეგია მიზნების დასახვა, ღირებულებების და შესაძლებლობების გამორკვევა, შინაგანი პოტენციალის, რესურსების, უნარების მობილიზება და განვითარება, ახალი უნარების დასწავლა, სამოქმედო ენერგიაზე მუშაობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დღეს ტექნოლოგიები ელვისებური სისწრაფით ვითარდება და ვიწრო პროფესიული უნარები ნელ-ნელა ხდება მანქანური წარმოების პროდუქტი, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება შემოქმედებითი უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.  ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს განათლების მიმართულებას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში სრულიად ახალ მიდგომებს და მიგნებებს ეფუძნება. განათლების ყველაზე წარმატებული მოდელი არის სწორედ ის მოდელი, სადაც მთავარი აქცენტი გადატანილია ინდივიდუალურ მიდგომებსა და მოსწავლეთა მოტივაციური სისტემების განვითარებაზე.

ამ მეთოდის გამოყენებით   როგორ შეუძლია მასწავლებელს დაეხმაროს მოსწავლეს?

 

თანამედროვე მასწავლებელი დღეს არის ქოუჩი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს პიროვნულ განვითარებაში, მოტივაციური სისტემის შექმნაში და წარმატების სტრატეგიების დანერგვაში. ამ ახალი მიდგომებით მოსწავლე აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, ინტერესთა სფეროებს, უნარებს, რესურსებს და ქმნის საკუთარი უნიკალური  წარმატების სტრატეგიებს. ასეთი მოდგომებით კი უკვე მარტივი ხდება იდენტობის ჩამოყალიბება, ცხოვრებისეული მიზნებისა და პროფესიული ინტერესების განსაზღვრა. ქოუჩინგი განათლებაში მოსწავლეებს ხელს უწყობს აქტიურად და გაცნობიერებულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, დასახონ მიზნები, შეისწავლონ და განავითარონ საკუთარი რესურსები და უნარები, დამოუკიდებლად იმუშაონ თვით-შემეცნებაზე და თვით-განვითარებაზე, შეცვალონ და განავითარონ ქცევები, განახორციელონ კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და დროში გაწერილი ქმედებები.  რაც მთავარია, ამ მეთოდით მოსწავლე სწავლობს არა მარტო საგანს და იღებს ინფორმაციას, არამედ ასევე სწავლობს, როგორ იმუშაოს ამ ინფორმაციასთან. ეს არის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც დღეს ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება.

 

მოსწავლის თვითიდენტიფიცირების და გამორკვევის პროცესში ასეთი მიდგომით სწავლება, მაღალ აკადემიურ უნარებზე გასვლასაც გულისხმობს…

 

აქ საუბარია იმაზე, რომ მასწავლებელი გახდეს პიროვნული განვითარების ბიძგი. დღევანდელი თაობა სხვა გარემოში იზრდება, სხვა მოვლენების და ფაქტის მომსწრენი არიან, მათთვის ელექტრონული გაჯეტები უკვე ყოველდღიური ყოფაა, ჩვენ თუ ვისწავლეთ მობილურებთან ურთიერთობა, ისინი დაიბადნენ ამ უნარებით. იცვლება გარემო ფაქტორები, იცვლება ინფორმაციული ველი, შესაბამისად იცვლება ამ თაობის თვისებები. ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც დასჯა-წახალისება აღარ მუშაობს, რომლებსაც ბრძანებითი და მტკიცებულებითი ფორმები აღარ ესმით და ეს ძალიან კარგია. მათთვის პრიორიტეტული არის მოსმენა, ფიქრი, საუბარი, ანალიზი, აზრთა გაცვლა, სიახლეების მოსინჯვა და ისინი თვით იდენტიფიცირებას სწორედ ამ საშუალებებით ახდენენ. ეს არის ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილი თაობა და ასეც აზროვნებენ. სწორედ აქ ერთვება ქოუჩინგი, როგორც მეთოდი, რომელიც დაეხმარება მათ თვით იდენტიფიცირებაში, მე-ს კონსტრუირებაში . აკადემიური მიზნები კი ამ ყველაფერთან პირდაპირ ბმაშია. თუ მოზარდმა არ იცის, რას რისთვის აკეთებს, ის ამას არ გააკეთებს. წინა პლანზე იწევს ღირებულებები და იდენტობა, საკუთარი მე-ს გამორკვევა და მისი გამოვლენა.

 

რა უნარები და თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რომელიც გადაწყვეტს ქოუჩინგის მეთოდებით ითანამშრომლოს  მოსწავლეებთან? როგორ შეიძლება გახდეს მასწავლებელი ქოუჩი?

 

მე ვთვლი, რომ ყველაფერი არის დასწავლადი. ამიტომ, ამ კითხვას ვუპასუხებდი ასე, ერთადერთი, რაც მასწავლებელს მოეთხოვება დღეს, ეს არის ახალი თაობის სიყვარული და ცვლილებების მოთხოვნილება. თუ ეს მისია მასწავლებელს აქვს, უკვე თავისუფლად დაისწავლის ქოუჩის უნარებს. აქ კი მთავარია მოსმენის უნარი, ემპათია, პირდაპირი კომუნიკაცია, უკუკავშირი, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა. ქოუჩინგის სწავლა გულისხმობს სატრენინგო საათებს, მენტორინგს, სუპერვიზიას.მასწავლებელმა ჯერ საკუთარი თავი უნდა გაატაროს ამ ცვლილებების პრიზმაში და აუცილებლად იპოვის გზას, როგორ გამოიყენოს ეს მეთოდი მოსწავლეებთან. ქოუჩინგი განათლებაში ნამდვილად არ არის ახალი ველოსიპედი. ამ მეთოდს უკვე იყენებენ განვითარებული ქვეყნები, მაგალითად ნორვეგია, ფინეთი. ჩვენს რეალობაში, ვფიქრობ, უნდა შემუშავდეს ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა, რომელიც იქნება სავალდებულო. სწორედ ამ გზას მიმართა ნორვეგიამ. ქოუჩებთან ერთად მოხდა სპეციალური პროგრამის შემუშავება მასწავლებლებისთვის და შემდეგ ამ მეთოდოლოგიის დანერგვა.

 

საკლასო  ოთახში ქოუჩინგის ეფექტი როგორ ვრცელდება და როგორ  შეიძლება გაიზომოს მიღებული შედეგები?

 

ყველაზე საინტერესო ფაქტორი არის ის, რომ ქოუჩინგის ეფექტი არის გაზომვადი და ამისი ინსტრუმენტებია უკუკავშირის სხვადასხვა ფორმები, მენტორინგის და სუპერვიზიის მეთოდები, რაც გულისხმობს არა ერთჯერად ჩარევას, არამედ ცვლილებების მენეჯმენტს, პროცესების გაწერას გრძელვადიან პერსპექტივაში და ამ პროცესების მონიტორინგს. ბუნებრივია, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენ ინდივიდუალურ ქეისთან გვექნება შეხება, თუმცა არსებობს შედეგის გაზომვის კრიტერიუმი. უბრალოდ ამ კრიტერიუმებზე უნდა შეთანხმდეს პროცესში მონაწილე ყველა მხარე. ამ ყველაფერს სჭირდება პროფესიული კომპეტენციების ფლობა და გრძელვადიანი სამუშაოს ჩატარება, ამ ყველაფერს სჭირდება რეფორმა განათლების სისტემაში.

 

ქოუჩინგის საგანმანათლებლო მოდელის   დანერგვით რა შეიძლება შეიცვალოს სკოლისთვის, მასწავლებელისთვის და მოსწავლისთვის? რა გარდამტეხი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია?

 

პირველ რიგში სკოლა გახდება არა „იძულებით გასავლელი ეტაპი“ მოზარდისთვის, არამედ საინტერესო გამოცდილების მისაღები ადგილი, სადაც წასვლა მას გაუხარდება. მასწავლებლობა გახდება დაფასებული და აღიარებული პროფესია, თავისი უნიკალური ნიშით. თქვენ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ახალი თაობა განავითაროს და ამით თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში? დღეს ასეთი გყავს ლადო აფხაზავა და კიდევ რამდენიმე გულანთებული მასწავლებელი, თუმცა მომავალში გვეყოლება ბევრი და ის ცვლილებები, რასაც ეს ადამიანები მოახდენენ, ერთიან შედეგად შეიკვრება. ჩვენ მივიღებთ ახალ თაობას, რომელსაც ეცოდინება, როგორ გახდეს ბედნიერი, წარმატებული, როგორ იყოს ჰარმონიაში საკუთარ თავთან და რა უნდა გააკეთოს ამ ყველაფერისთვის. ასეთი ადამიანი კი აუცილებლად იპოვის საკუთარ ადგილს საზოგადოებაში, აუცილებლად იზრუნებს გარემოს ცვლილებისთვის. საბოლოო ჯამში კი მივიღებთ საზოგადოების ევოლუციას, ამაღლებულ ცნობიერებას, განვითრებულ მოქალაქეს და უბრალოდ ბედნიერ ადამიანს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი