ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ისევ ინანიშვილის მრავლისმთქმელ ალეგორიებზე

ასე იცის რეზო ინანიშვილმა: თუ ერთი „ჩაგიგდო ხელში“, მისი ჯადოსნური სამყაროს ტყვე ხარ! აქ ყველაფერი სადა, ნათელი, უპრეტენზიო, გენიალურად მარტივი და ჩამაფიქრებელია. ყველაფერი უთქმელადაც „ლაპარაკობს“, გარინდებულს წაგიყვანს შორს, შორს… ის ყვება ადმიანური ყოფის ისეთ ხვეულებზე, გულის ისეთ სიმებს გირხევს, რომ შენც, ამ საამურ ტყვეობას მინებებული, დაიარები მის საოცარ გმირებთან ერთად… მის მკითხველს ასაკი არ აქვს… საბავშვოც არის ყველა მოთხრობა, ახალგაზრდული თვითძიების ჟამსაც „შენია“ და სიბერის ერთფეროვნებასა და სევდასაც ჩუმად გიქარვებს… თანაც, ჯადოქრობა იმაშიც არის, მისი რამდენი კრებულიც არ უნდა გქონდეს, რამდენ საიტზეც არ უნდა ეძებო მისი მოთხრობები, მაინც სულ ახალი და ახალი ჩნდება და ჩნდება… როდის დაწერა ამდენი მოთხრობა? ასე მთელი სამყარო, თავისი წილიც და სხვისაც, სულ მოთხრობებად როდის აქცია ამ კეთილმა ჯადოქარმა?

აღარ მეგონა თუ კიდევ არსებობდა ჩემთვის უცნობი მისი მოთხრობა… ამასწინათ მისი ერთი კრებული ავიღე, „მიტოვებული ბაღი“ ჰქვია, სასკოლო ბიბლიოთეკის სერიით 2009 წელს გამოუცია გამომცემლობა „ბაკმს“. ვფურცლავ, ვფურცლავ… მისი მარგალიტები ხომ ყველგან და ყოველთვის უნდა გადმომიცვივდეს ხელის გულებზე, კალთაში, სულში, გულში და აი… მოთხრობას „ანიკო და ვანიკო“ ჰქვია… აქამდე არსად შემხვედრია და ელექტრონული ვერსიაც არსად იძებნება ინტერნეტში… სამგვერდიანი მოთხრობაა, ვითომც არაფერი, ვითომც სრულიად უწყინარ, იდილიურ, ერთფეროვან გმირებსა და ამბებზეა…

ფაბულა ასეთია: ანიკო და ვანიკო ტოლები და თანასოფლელები არიან. ორივე გლეხის ოჯახიდანაა: ანიკო ზემოუბნელი მესაქონლეებისა და პურის მომყვანების შვილია, ხოლო ვანიკო – ქვემოუბნელი მევენახეებისა და მეხილეებისა. ვანიკოს ოჯახი უფრო გამოსულ ოჯახად ითვლება, ანიკომ კი მიწის იატაკზე ფიცრები ძლივს დააგებინა მშობლებს და მერე მის გაუთავებელ წმენდაში იყო. მის პედანტიზმსა და წესრიგისადმი სიყვარულს საზღვარი არ ჰქონდა. უმცროს და-ძმაზეც ის მზრუნველობდა. სკოლაში მუდამ გასპეტაკებული დადიოდა. სწავლაშიც თითით საჩვენებელი იყო და რაიონიდან შემოწმებაზე მოსულებს მუდამ ანიკოს წარუდგენდნენ ხოლმე. ტანკენარი და ლამაზპირისახიანი გოგო იყო, მაგრამ ჩამოგრძელებული სახე სიტლანქის იერს აძლევდა. ვანიკოს ოჯახი ხილის მთელ მოსავალს ფულად აქცევდა და გამართულად ცხოვრობდა. ვანიკოც ბეჭითი და ნიჭიერი ბიჭი იყო. სკოლაში ნიუტონას ეძახდნენ. უპირველესი პიონერი და კომკავშირელი იყო და რაიონიდან მოსულ შემმოწმებლებს მასაც პირველ რიგში წარუდგენდნენ ხოლმე.  მეცხრე კლასიდან ყველამ იცოდა, რომ ანიკოს და ვანიკოს ერთმანეთი უყვარდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ორივე ქალაქში წავიდა. გოგომ ეკონომიური დაამთავრა, ბიჭმა – საინჟინრო. ოთხი წელი სპეტაკად ინახეს სიყვარული და მეხუთე კურსზე დაქორწინდნენ. ორი ქალიშვილი გაზარდეს და გაათხოვეს. ბედნიერად ცხოვრობდენენ. ვანიკოს სულ აწინაურებდნენ და სამსახურეობრივი მანქანაც ემსახურებოდა. ბედნიერი ანიკო ხალისით გავიდა პენსიაზე და ქმრის პედანტური მოვლა-უთაობა იდეა-ფიქსად ექცა. გულს უწყალებდა ვანიკოს სამოსის დაპიწკინებით. ერთხელ ჩაცმულ ქმარს დაადო მხარზე უთო და შემთხვევით მოქნეული ვანიკოს ხელიდან უთო ყბაში მოხვდა, ყბა გაუტეხა. ამ მიზეზის გამო იყო თუ რისა, არავინ უწყოდა, მაგრამ ნელ-ნელა ვანიკო „ჩამოალაბორანტეს“ და როცა საპენსიო ასაკს მიაღწია, ისიც ხალისით გავიდა პენსიაზე. მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ მხნე ცოლ-ქმარი ხელიხელჩაკიდებული დაიარება ქალაქის ქუჩებში. ვანიკოს სამოსი არსად ეჭმუჭნება. საჩურჩულო არ ელევათ და არიან ასე…

როგორც კი მოთხრობის ექსპოზიციას გასცდები, კვანძის შეკვრის მოლოდინში სულიც გეკვრის: ელოდები, რომ ან ახლა მოხდება რაღაც საინტერესო, ან – ახლა, მაგრამ… ისე უხმაუროდ და უემოციოდ გაივლი ფინალამდე, რომ მისი გმირებივით რუხი, ერთფეროვანი და მოსაწყენი განცდები არ გტოვებს და გიჩენს კითხვებს: რეზო ინანიშვილი ხომ ვინმე ფრაერი არ არის? ის ხომ უიდეო და უფერულ ტექსტს არ დაწერდა?  რისთვის დაიწერა ეს მოთხრობა? რისი თქმა სურდა ავტორის მკითხველისთვის? ნუთუ ამ გატკიცინებული წყვილის კიდევ უფრო გატკიცინებული, გულმოდგინედ დაუთოვებული ყოფის აღწერა რამის მომცემია? რისთვის დაშვრა მწერალი? ხომ ცხადია, რომ რაღაც ღრმად არის ჩამალული მოთხრობის ერთი შეხედვით არაფრისმთქმელ სიუჟეტში… რისთვის იცხოვრეს ამ გმირებმა? რა აზრი ჰქონდა მათ ცხოვრებას? ამ უშფოთველ რუტინაში ან რა მოიტანეს, ან რა წაიღეს? რა გვითხრეს თავიანთი ცხოვრებით? ნუთუ მხოლოდ ის, რომ ცხოვრება იატაკის დაჟინებული წმენდა და უთოობაა, ან თუნდაც ბეჯითი სწავლა სკოლასა და უნივერსიტეტში? ან თუნდაც ოჯახის უზრუნველყოფა, შვილების დაზრდა-დაოჯახება? კი, ეს ნამდვილად ცოტა არ არის, საამისოდაც იღწვის ადამიანი, მაგრამ მწერალი ხომ მხოლოდ ამ უდრტვინველი ყოველდღიურობის გადმოსაცემად არ ჩაიფიქრებდა მოთხრობას?

პასუხი ამ კითხვებზე მოთხრობის ფინალშია მიმალული: „ახლა უკვე მოხუცებულები არიან ანიკოც და ვანიკოც, არცერთი არ არის დაუძლურებული. ქუჩაში გამოდიან ძალიან გასპეტაკებულნი, დაუთოვებულნი… სადღა უნდა დაეჭმუჭნოს ვანიკოს პიჯაკის კალთები! მიდიან  ხელმკლავით, ისეთი სიფრთხილით, თითქოს შუშისები იყვნენ და დამსხვრევის ეშინიათო… ანიკოს ყბა ცოტათ აქვს მოქცეული, ვანიკოს – თვალები დაძაბული, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამის დანახვა ჰქონდეს განზრახული. მიდიან, მიდიან. ხანდახან რაღაცეებს ეჩურჩულებიან ერთმანეთს. ერთი გადაუჩურჩულებს, მეორე გადმოუჩურჩულებს და მერე ორივენი თანხმობით აქნევენ თავებს“…

ეს უწყინარი წყვილი, სიყვარულის და მზრუნველობის განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებულნი, იძულებით ჰომოსოვიეტიკუსებად ქცეულნი, სინამდვილეში თავისუფლების მაძიებელი, გონიერი და სულიერი ადმიანები არიან, მაგრამ კარგად იციან, რომ საბჭოთა კავშირი შემოქმედებითი და ინტელექტუალური თავისუფლების მხრივ ერთი დიდი ციხეა და აქ ადამიანის განვითარება შეუძლებელია. ყველა გმირი და დისიდენტი ვერ იქნება და ვერ გაბედავს ამ რეალობის შეცვლაზე სასიცოცხლოდ სარისკო ფიქრებს. მათი ცხოვრება იმდენად მოსაწყენია, რომ პიჯაკის დაჭმუჭვნა რა არის, ესეც კი სანატრელია ამ სულისშემხუთველ რუტინაში. ტრაგიკულია იმის გააზრება, რომ ანიკოსავით მშვენიერი, კეთილშობილი ადამიანის მთელმა ცხოვრებამ ისე უღიმღამოდ ჩაიარა, ყბაში უთოს შემთხვევით მოხვედრის მეტი დრამატული, დამაინტრიგებელი მის გარშემო არაფერი მომხდარა. სიკვდილის წინ ვერაფერს საინტერესოს ვერ გაიხსენებს. ის და მისი ქმარი ხომ თათქარიძეებივით ხორცმეტები არ არიან? ეს ამაო, ილუზორული იდილია ხომ მათი არჩევანი არ არის? ისინი ხომ არ ემეტება ავტორს ჩასაწიხლად, როგორც თათქარიძეები ილიას? ისინი ხომ არ არიან მანკიერებათა განზოგადებული სახეები! სწორედ პირიქით. ყველა ადამიანური ღირსების მატარებლები არიან. ანიკო და ვანიკო ნასწავლი და გონიერი ადამიანები არიან. ალბათ მათაც წყურიათ ბოჰემა, სეირი, ცხოვრებისეული ინტრიგები, თვითძიება, გამოცდა, ზრდა, შემეცნება. მათი არაბუნებრივი სიფრთხილე და შიში, რომ შუშის ბოთლებივით არ დაიმსხვრნენ, სწორედ ჰომოსოვიეტიკუსის ქვეცნობიერში ჩაკირული ფსიქოლოგიური შიშია, ფობიაა, ანტისაბჭოური აზროვნებისთვის რეპრესირების უწყვეტი ზაფრა. ჯერ კიდევ მათი მშობლების თაობას სტალინ-ბერიას რეჟიმი ხომ სრულიად უმიზეზოდ აციმბირებდა და აწამებდა, სამართლის ყოველგვარი ნორმების სრული იგნორით… ყბამოქცეული ანიკო და თვალებგაფართოებული, მუდამ ნერვიულად რაღაცის მაძიებელი ვანიკო შინაგანად ამ რეალობისადმი პროტესტის მატარებელი გმირები არიან ჩემი თვალთახედვით. თუმცა ეს „ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც“ არა და არ ხდება და მათაც ისღა დარჩენიათ, რომ ერთმანეთს გადაუჩურჩულონ ამ ყოფის ამაოებაზე, იმ „ძალიან მნიშვნელოვნის“ მოლოდინზე, თავისუფლების სიოს სიტკბოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ უმწიკვლოდ გაიარეს ცხოვრების გზა, პატიოსან შრომა-გარჯაში, მაინც ვერ დადიან წელგამართულები, მაინც, გამოუცნობი შიშით დათრგუნულებს, რწმენა და იმედი გაქრობიათ, მაინც ფეხაკრეფით დაიარებიან, რომ როგორმე გადარჩნენ, თვალში არ შეეჩხირონ საბჭოთა ხელისუფლებას და არ გაიზიარონ უდანაშაულოდ რეპრესირებული ათასების ბედი… ანიკო და ვანიკო კარგად იცნობენ საბჭოთა მონსტრს. მას არ უყვარს თამამი, წელგამართული, თავისუფლებისმოყვარული, თავისუფლად მოაზროვნე და კრიტიკული გონების ჰომო საპიენსები. ის ჰომო საპიენსს ჰომო სოვიეტიკუსად გარდაქმნის ტვინის გამორეცხვის ისეთი მძლავრი მახინით, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგიური წნეხი ქვია…

უბრალოდ აღმაფრთოვანებელია მწერლის ვიტრუოზობა, რომ ასე სადად, უჩუმრად და ალეგორიულად ტექსტის სიღრმეებში იყოს მიმალული ესოდენ აქტუალური იდეები, პოლიტიკური კონიუნქტურისა და ცენზურისთვის თვალის ასახვევად ასე ოსტატურად და შეფარულად გადმოსცეს სათქმელი. რეზო ინანიშვილის ანტისაბჭოთა განწყობები ხომ მისი ბავშვობიდან მოდის, როცა 11 წლის ბიჭს სრულიად უდანაშაულო და ყველა ღირსებით შემკული მამა წაართვეს. მის შემოქმედებაში უამრავი მოთხრობაა, სადაც საბჭოთა რეჟიმია მხილებული სწორედ ასე უხმაუროდ.

ეს მოთხრობა საშური და საინტერესო მასალაა აბიტურიენტებისთვის, როგორც ანტისაბჭოთა ალეგორიების შემცველი ნაწარმოები. ის ბევრ სააზროვნო კონცეპტს, ანალიტიკურ კონტექსტს, კრიტიკულ თვალსაზრისს უწევს პროვოცირებას და საინტერესო დისკუსიად გარდაიქმნება საკლასო სივრცეში. ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ტექსტის სიღრმეებში ანტისაბჭოთა განწყობების აღმოჩენა მოსწავლეებში ევრისტიკულ ვნებებს აღძრავს. ასევე საინტერესო იქნება ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება ისტორიის მასწავლებლის ჩართულობით, რათა ლიტერატურული და ისტორიული კონტექსტების ურთიერთდაკავშირება შეძლონ ბავშვებმა. წაუკითხეთ „ანიკო და ვანიკო“ საშუალო საფეხურის კლასებს, როგორც საანალიზო უცხო ტექსტი და შექმენით მასზე სხვადასხვა ტიპის თხზულებები მაგალითად ამგვარი საორინეტაციო მიმართულებებით: „რუხი ეპოქის შვილები“, „საბჭოთა სინამდვილე და მორჩილი ადმიანის ხატი“, „ჰომოსოვიეტიკუსის ერთფეროვანი ყოფა“.

ამ მოთხრობამ ბევრნაირი საფიქრალი გამიჩინა. მისი გმირების სახელების გავლენით რატომღაც ასოციაციურად გამიცოცხლდა ვატო კახიძის არაჩვეულებრივი საბავშვო სიმღერა „ანო და ვანო“, რომელიც პოსტსაბჭოთა ეპოქაში შეიქმნა და, საბედნიეროდ, გვიცოცხლებს არა ინანიშვილის წყვილივით დათრგუნულ ადამიანებს, არამედ თავისუფალი საქართველოს ლაღ, ბედნიერ ახალ თაობებს. ეს სიმღერა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ისმის, იუთუბიზე მის ვერსიებს ასი ათასობით ნახვა აქვს და მოსდევს იმ ეპოქის თაობების წარმომადგენელთა აღტაცებული კომენტარები. მართალია, ზოგი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ღიზიანდებოდა ამ სიმღერაზე, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრი ანო და ვანო ყოფილა, ვინც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩვენს განვითარებად ქვეყანაში არამართლზომიერად დაპატრონებია ქვეყნის დოვლათს და ზოგს ამ სიმღერის ტექსტი იმ კონოტაციით ესმოდა, რომ საქართველო ვინმე ანოს ან ვინმე ვანოს ეკუთვნისო, მაგრამ ეს მისი არასწორი გაგება იყო, ამ სიყვარულით გამთბარი, ენერგიული, ხალისიანი სიმღერის გმირები, ანო და ვანო, საქართველოს ბავშვების განზოგადებული სახეები არიან და მათი სახელების ქვეშ ამ ქვეყნის ყველა შვილი იგულისხმება.

2013 წელს რეჟისორმა ლევან დაბრუნდაშვილმა მხატვრული ფილმიც გადაიღო სათაურით „ანოს და ვანოს თავგადასავალი“. საბედნიეროდ, ამ მუსიკალური კლიპის და მხატვრული ფილმის გმირი ბავშვები არ მოსწრებიან საბჭოთა ლევიათანს. ისღა დამრჩენია, ჩვენს მომავალ თაობებს ვუსურვო, რომ შორს იყოს მათგან ინანიშვილის ანიკოს და ვანიკოს ეპოქის ერთფეროვნება, გულისმომკვლელი უპერსპექტივობა თავისუფალი  და შემოქმედებითი განვითარების გზაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი