ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სათარიღო(დ) ნაწერები. 9 მარტი.

ოთარ ჩხეიძის ენა და სტილი სკოლის მოსწავლეებისთვის რთული დასაძლევია. მაგრამ 9 მარტის მოვლენებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მის რომანს „გამოცხადებაი“. წელს ჩემს ერთ-ერთ მოსწავლესთან, ანასტასია დომბროვსკაიასთან ერთად ვიმუშავე ამ რომანზე და მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი მიგნებები, რომლებიც თქვენც შეიძლება გამოიყენოთ გაკვეთილებზე სათარიღოდ.

ნაწარმოების პერსონაჟია ლენტო. ცუდი თუ კარგი, ყველა ადამიანს აქვს მეხსიერება, მაგრამ ლენტოს მეხსიერება ერთ ფაქტს ინახავს – ის 1956 წლის მარტის მოვლენების თვითმხილველია, თანაც ჩვეულებრივი თვითმხილველი კი არა, როგორც ათასობით დემონსტრანტი, ის მათგან განსხვავებულია. ერთი უბრალო ბიჭის ლენტოს მახსოვრობა არის კონკრეტული მოვლენის – 1956 წლის 3 მარტის, მისი წინა და შემდგომი დღეების მატიანე. ამიტომაც შეურჩია ავტორმა თავის პერსონაჟს შესაბამისი პროფესია და ალბათ შესაფერისი სახელიც. ალბათ აზრს მოკლებული არ უნდა იყოს ის ვარაუდი, რომ სახელი ლენტო იმ რუსულ სიტყვას წააგავს, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ფირი. ლენტო თავადაა ფირი, ის, განსხვავებით იმ უსიცოცხლო ფირებისგან, რომელზეც აღბეჭდავს მოვლენებს, მეხსიერებაში ყინავს უტყუარ ფაქტებს, ლენტო თავად ხდება ცოცხალი ფირი. ლენტო არის ოპერატორი, როგორც რეჟისორის თანაშემწე, კინოსტუდიაში ხშირად იღებს ფოტოკადრებს და ოცნებობს რეჟისორობაზე. როდესაც მარტის მღელვარება დაიწყება, ლენტო, კამერით შეიარაღებული, ხალხს უერთდება და აპარატს აჩხაკუნებს. რომანის სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ მკითხველი გულის ფანცქალით ადევნებს თვალ-ყურს, როგორ ჩამოართმევენ ერთადერთ ნივთმტკიცებულებას მემატიანეს და კაცმა არ იცის, სად მიუჩენენ ფირებს ბინას, ეგებ სულაც მოსპობენ და გაანადგურებენ, როგორც საზარელი სისხლიანი მოვლენების კვალს. გადაღებული კადრები ქრება, ერთი სიტყვით, ქრება ცხოველური არსებობიდან. სამაგიეროდ, რჩება სხვა კადრები, შესაძლოა, არა ხელით შესახები, არა ნივთიერი, მაგრამ მაინც კადრები. ეს არის კადრები, რომლებიც თვალების დახუჭვისთანავე ცოცხლდება. ლენტოს, როგორც პროფესიონალი ოპერატორის მოგონება, სინამდვილეში ეს არის  ოთარ ჩხეიძის გონების კუნჭულში გადამალული, მეხსიერებაში შემონახული კადრები. თუკი მწერლების რაღაც ნაწილი სამაგიდო უჯრაში ინახავდა პასუხს, პროტესტს ამა თუ იმ მოვლენაზე, ოთარ ჩხეიძე მეხსიერებაში ატარებდა სათქმელს. ამ სათქმელის დროზე ადრე წარმოჩენა დამღუპველი იქნებოდა პატრონისთვის, მათი ამოტივტივება კარგს არაფერს მოუტანდა მის მფლობელს. თუმცა, მეხსიერების ბუნებიდან გამომდინარე,  იმის საშიშროებაც არსებობდა, რომ რაღაც დავიწყებას მიეცემოდა, რაღაც კი სახეს შეიცვლიდა. ამიტომაც საგულდაგულოდ ერთად თავმოყრილმა მოგონებებმა რომანის გვერდებზე გადაინაცვლა, როდესაც მისი გაცხადების ჟამი მოვიდა. ამ გამოცხადებამ კი კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რეალობას. სხვათა შორის, საინტერესოა და დასაფიქრებელიაც, რომ ნაწარმოების სათაურით მწერალი მიგვანიშნებს, რომ რომანი მეხსიერების ვერბალური საჯარო გამოცხადებაცაა და ის იმავდროულად აპოკალიფსსაც ნიშნავს. სამწუხაროდ, ამგვარი საჯარო გამოცხადება, ხელშესახები მატერიალური კადრების გარეშე სიტყვებით დახატული კადრები ვერ გამოდგება მტკიცებულებად სასამართლო პროცესზე, ვერც დაავალდებულებ ვინმეს, მათ საფუძველზე გამართოს სასამართლო სხდომა, მერე კი ენდოს მათ. თუმცა იმ სამყაროში, რომელსაც ხელოვნება ჰქვია, ბრალმდებელიცა და განაჩენის გამომტანიც, ხელოვანთან ერთად, მკითხველი ხდება და მის სინდისზეა, რამდენად ღირსეულ პარტნიორობას გაუწევს ამ გზაზე, ანუ ვირტუალურ სასამართლო პროცესზე ავტორს.

ოთარ ჩხეიძის რომანში „გამოცხადებაი“ ყურადღებას იქცევს რამდენიმე ანდაზა და ფსევდოანდაზა. მაგრამ ამ წერილში ერთზე შევჩერდები, რომელიც ყველასთვის ცნობილია და კარგად ეხმიანება მარტის მოვლენებს. „თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო“ – ეს ანდაზად ქცეული ხალხური თქმა ხალხური ლექსის ნაწყვეტს წარმოადგენს. ლექსის მომდევნო სტრიქონები საძირკვლის ჩაყრას უკავშირდება. ეს ანდაზა პირდაპირ ამბობს მწერლის სათქმელს, მით უფრო, რომ ამავე ანდაზის წარმოთქმისას აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს მეორე ანდაზა, რომელიც მომდევნო თვის დასახელებას უკავშირდება: „მარტი რომ წინ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებ“. ქართული ხალხური თქმები წელიწადის სხვა თვეებზე გამოგონილი ანდაზებით დიდად განებივრებული არ არის. ამიტომაც ეს ორი ანდაზა ლამის გადაბმულია ერთმანეთთან და რომანის კონტექსტში ასე იშიფრება: 1956 წლის მარტის გამოსვლებზე ვერც აუგს ვიტყვით და ვერც ხოტბას შევასხამთ. ხოტბას იმიტომ ვერ შევასხამთ, რომ მას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია,  ხოლო აუგს იმიტომ ვერ ვიტყვით, რომ ის მრავალწლიანი დუმილის ფონზე ხალხში არსებულ და ვერჩაკლულ პროტესტს გამოხატავდა. ეს იყო ინდიკატორი, რომ საბჭოთა რეჟიმმა მაინც ვერ ჩაკლა ბოლომდე ქართული სული, ვერ ამოძირკვა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი, თუმცა ეს სურვილი პირველ ეტაპზე შეურაცხყოფილი ეთნიკური გრძნობების ნიადაგზე წარმოშობილი უკმაყოფილების გამოვლენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ დამალულმა მარტის მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი ხნით მიაჩუმა პროტესტის გამოხატვის სურვილი, ის მხატვრულად მაინც თებერვალი იყო, წელიწადის თვე, როცა პირველი სითბო ატყუებს ხეებს და ნაადრევად გამოაღებინებს ხოლმე კვირტებს. ასეთი კვირტები სასიკვდილოდაა განწირული, თუმცა ასეთი კვირტები მრავალთვიანი სიცივის შემდეგ მაინც გაგვახსენებს, რომ წინ სითბოთი გაჯერებული თვეებია და რომ ამ დღეებს სხვა სილამაზე და ფერები შემოაქვს ცხოვრებაში.

ოთარ ჩხეიძის რომან „გამოცხადებაის“ კვლევა ცხადყოფს, რომ ამ ნაწარმოების დეკოდირება წარმოუდგენელია მეოცე საუკუნის ისტორიისა და სსრკ-ში გაბატონებული რეჟიმის თავისებურებების ცოდნის გარეშე, თუმცა იმავდროულად გასათვალისწინებელია ახალი აღთქმის ბოლო წიგნის, იოანეს გამოცხადებაც. თუკი წმინდა წიგნის გამოცხადება ალეგორიულად აფრთხილებს კაცობრიობას მომავალი არმაგედონის შესახებ, ქართველი კლასიკოსის ტექსტი არა მხოლოდ 1956 წლის 3 მარტს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ჰყვება, არამედ ცდილობს, გადაარჩინოს მოგონებები წარსულ არმაგედონზე. ამდენად, თუკი იოანეს გამოცხადება მომავლის გაფრთხილებაა, ოთარ ჩხეიძის რომანი წარსულის გაფრთხილებას წარმოადგენს. მომავალს ვერავინ წაშლის, მაგრამ მისი შეცვლა გაფრთხილების შემდეგ შეიძლება. წარსულს კი იმიტომ სჭირდება გაფრთხილება, რომ მას დაუდევრად მოპყრობაც და მიზანმიმართული ჩარევაც წაშლის. მომავალს წინსწრებით სიზმრად თუ ნახავ, წარსულსაც სიზმარი გაგახსენებს. სიზმარი გამოცხადებასავითაა. თუკი მომავლის სიზმარს ძნელად დააჯერებ ვინმეს, წარსულის სიზმარი იმდენად ხუნდება, რომ მისი დაჯერებაც არაა იოლი საქმე.

ოთარ ჩხეიძემ შეძლო და თავისი გამოცხადება დამაჯერებელი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ვერც ფოტოები დაურთო და ვერც სხვა ფაქტებით გაამყარა მონათხრობი. მწერალმა აჩვენა, რომ, როდესაც საქმე ტექნოლოგიასა და ცოცხალ ადამიანზე მიდგება, მეორე უფრო სანდოა. ერთი შეხედვით, პირიქითაა – ცოცხალი დოკუმენტური კადრები უტყუარ სამხილს წარმოადგენს ხოლმე სასამართლო დარბაზებში, ხოლო ადამიანის სიტყვას ადვილად არავინ ენდობა. მაგრამ, როცა კადრებსაც ანადგურებენ, სამხილად მხოლოდ ადამიანის მეხსიერება რჩება. როგორც არ უნდა ერეოდე მასში, ის ერთადერთი უტყუარი დოკუმენტური წყაროა. „გამოცხადებაის“ მთავარი გმირი ვერ უფრთილდება სამხილებს, ნივთმტკიცებებს, ლენტო საკუთარ სიცოცხლესაც არ უფრთხილდება, მაგრამ მაინც ცოცხალი გადარჩება – ის თავადაა ყველაზე კარგი ნივთმტკიცება, ცოცხალი მოწმე, რომელიც ადრე თუ გვიან, მდინარიდან ამოსული, გათავისუფლდება ჩაყლაპული მღვრიე წყლისგან და მატიანეზე უკეთესად ამცნობს მომავალ თაობებს სიმართლეს. ფოტოებს ვერსად გაექცევი, მაგრამ დამნაშავეს ფოტოები კი არ აგებინებენ პასუხს, არამედ გადარჩენილი უბრალო ადამიანები. მათი მახსოვრობაა ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი.

ოთარ ჩხეიძეს არ შეეშინდა და რომანის პერსონაჟის მეხსიერება საკუთარი მოგონებებით შეაკოწიწა და ამით შეავსო ის ხარვეზი, რაზეც ქართული ლიტერატურა და არა მარტო ლიტერატურა, არამედ ისტორიაც და მასთან ერთად ხალხიც, დუმილს ინარჩუნებს არასაკმარისი ნივთიერი მტკიცებულებების გამო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი