პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პერფექციონისტი ბავშვები

მრავალი მშობლისთვის მტკივნეულად ნაცნობია საშინაო დავალების შესასრულებლად შვილებთან გამართული „ბრძოლა”, მაგრამ ისეთი მოსწავლეებიც არიან, რომლებსაც ნიჭიერებასთან ერთად არც თვითმოტივირება და მუყაითობა აკლიათ. დამეთანხმებით, ასეთ შვილზე ყველა ოცნებობს, მაგრამ რა მოხდება, თუ ამ ბავშვებს განსაკუთრებული მიდრეკილება ექნებათ სრულყოფილებისკენ და მხოლოდ უმაღლესი ქულა დააკმაყოფილებთ? ცნობილია, რომ ნიჭიერება ერთგვარი გამოწვევაა როგორც მშობლებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და თავად ნიჭიერი ბავშვებისთვისაც. ამ სტატიაში პერფექციონისტ ბავშვებზე ვისაუბრებთ.

განათლების ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პერფექციონისტი ბავშვები და მათი მშობლები განსაკუთრებულ სირთულეთა პირისპირ დგანან. მათში გარკვევა და მართებული გამოსავლის მიგნება განსხვავებულ მიდგომებსა და გადაჭრის გზების ძიებას მოითხოვს. ვეცდებით, ამჯერად საკითხი უმთავრესად მშობლების ინტერესების გათვალისწინებით განვიხილოთ და რამდენიმე მოკრძალებულ რჩევას შევთავაზებთ მათ. ნიჭიერი ბავშვი მშობლებისთვის, უპირველესად, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მშობლებმა უნდა დაინახონ და გააცნობიერონ მასთან ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი.

მასწავლებლისთვის ადვილი შესამჩნევია ზოგიერთი ბავშვის ზედმეტი მონდომება და ყველაფრის ზედმიწევნით სრულყოფილად გაკეთების სურვილი. ეს ბავშვები მხოლოდ სკოლაში აკადემიური წარმატებისთვის როდი იქცევიან ასე – ხასიათის ამ თვისებას ისინი ეზოში თამაშის დროსაც ამჟღავნებენ. ბავშვის სურვილი, ყველაფერი კარგად გააკეთოს, მისასალმებელია, მაგრამ ყოველთვის და ყველგან სრულყოფილებისკენ სწრაფვა ბუნებრივი არ არის. მით უმეტეს, პერფექციონისტ ბავშვს ხშირად იპყრობს წარუმატებლობის შიში და ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, ხოლო როცა ადრე თუ გვიან წაიფორხილებს, სავსებით მოსალოდნელია, აპათიასა და სასოწარკვეთილებას მიეცეს.

პერფექციონისტ ბავშვებს წარმატება ხშირად თავისებურად, შეიძლება ითქვას, დამახინჯებულად ესმით. მაგალითად, ზოგჯერ ისინი საკმაოდ რთულ ტესტში ერთი კითხვის ჩაგდებასაც მძიმედ განიცდიან. მათთვის დამახასიათებელია ძალზე რთული, პრაქტიკულად მიუღწეველი ამოცანების დასახვა და სრული ტრიუმფისთვის მთელი შესაძლებლობების მობილიზება.

ჩვენს საგანმანათლებლო საზოგადოებას სადავოდ არ მიაჩნია, რომ აკადემიური და არააკადემიური უნარების განვითარება ერთნაირად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს სკოლებში ძირითადი ყურადღება ჯერჯერობით მაინც აკადემიურ წარმატებას ეთმობა. ეს ტენდეცია მოსწავლეებს აფიქრებინებს, რომ ნამდვილი წარმატება ტესტებში მიღებული მაღალი ქულებით გამოიხატება. ურიგო არ იქნება, სრულფასოვანი წარმატების განცდა მოსწავლეს საკლასო ოთახის გარეთ მიღწეული გამარჯვების გამოც დაეუფლოს.

სამწუხაროდ, შეცდომა ყველას მოსდის. მას ვერავინ დააღწევს თავს. ამიტომ ბავშვი იმთავითვე უნდა შეეგუოს, რომ ადრე თუ გვიან მასაც მოუვა შეცდომა და მასთან გამკლავება შეძლოს. მრავალ მშობელს მიაჩნია, რომ კარგად მოიქცევა, თუ შვილს შეცდომებისგან დაიცავს, სინამდვილეში კი ასეთი მოქმედებით ბავშვს შეცდომებთან გამკლავების უნარს უქვეითებენ, რაც არა მარტო სკოლაში, არამედ სკოლის დამთავრების შემდეგაც იჩენს თავს, როცა მათ უკვე ზრდასრულ შვილებს ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებისთვის თვალის გასწორება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა მოუწევთ.

აკადემიური წარუმატებლობის შიშის ფონზე პერფექციონიზმმა შესაძლოა სხვადასხვა ხასიათის პრობლემებით იჩინოს თავი: ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევით, უმადობით, მომატებული შფოთვით. გამორიცხული არ არის, მოზარდმა თვითდაზიანებასაც კი მიმართოს.

განათლების ფსიქოლოგები ვერ ახერხებენ პერფექციონიზმის უშუალო მიზეზის დადგენას. არც მისი უარყოფითი გავლენაა გამორკვეული სრულად, მაგრამ ერთი რამ უდავოა: პერფექციონისტ ბავშვებს სჭირდებათ მშობლების დახმარება სასწავლო პროცესის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

მაშინაც კი, თუ ბავშვი თავს აარიდებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ და სხვა სახის პრობლემებს, სრულ კონცენტრირებას საუკეთესო შედეგის მისაღწევად ხშირად ის მოჰყვება, რომ მას საერთოდ გამოეპარება გამარჯვების მომენტი, რომელსაც მისთვის სიამოვნება უნდა მიენიჭებინა. 

განათლების ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პერფექციონისტი ბავშვების ბუნების შეცვლა შეუძლებელია, თუმცა არსებობს უამრავი საშუალება მათ დასახმარებლად, გამონახონ უკეთესი ბალანსი და თავს ასე უმოწყალოდ არ მოექცნენ. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

▪ ისე ჩანს, თითქოს სრულყოფილებისკენ სწრაფვა ბავშვის ხასიათიდან მომდინარეობდეს. მოზრდილებს თავიანთი საქციელის დაკვირვებით შეფასება მართებთ. ისინი უნდა დაფიქრდნენ, თავიანთი მოქმედებით ან სიტყვით უნებლიეთ თვითონვე ხომ არ აწვდიან ბავშვებს ისეთ მესიჯებს, რომლებიც მათ პერფექციონიზმისაკენ უბიძგებს. მაგალითად, როცა ბავშვს დასამშვიდებლად ეუბნებით, რომ მაღალი აკადემიური წარმატება და ჯილდო მთავარი არ არის, იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, ხომ არ გიყვართ თქვენი სასკოლო წარმატებებისა და ჯილდოების გახსენება. უდავოა, ამით უფრო მეტად გააძლიერებთ პერფექციონისტი ბავშვის სრულყოფილებისკენ სწრაფვას. ცნობილი ჰუმანისტური თეორიების (კარლ როჯერსი, აბრაამ მასლოუ) თანახმად, ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უპირობოდ უყვართ და არა სკოლაში მიღწეული წარმატებების გამო. გამონახეთ სხვა მიზეზებიც,  გარდა აკადემიური წარმატებისა, რათა შეაქოთ ბავშვი, აგრძნობინოთ, რომ მისით ამაყობთ.

▪ სასურველია, ბავშვის ყურადღება ზოგჯერ უკვე ნასწავლის სრულყოფილებამდე მიყვანის ნაცვლად ახალი ინფორმაცისკენ მივმართოთ. უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, როგორ შევაქოთ უმაღლეს დონეზე შესრულებულ ტესტისთვის. სპეციალისტები გვირჩევენ, ვუთხრათ: „ყოჩაღ, ბეჯითად იშრომე ამ რთული მასალის შესასწავლად” და ნუ მივიჩნევთ ამას მორიგ ჩვეულებრივ წარმატებად: „შესანიშნავია, შენ კიდევ ერთი 100%-იანი შედეგი აჩვენე”.
▪ ეცადეთ დაარწმუნოთ შვილი, რომ ცნობილი ლოზუნგი „ყველაფერი ან არაფერი”, რომელიც მას დაახლოებით ასე ესმის: „თუ 100%-იანი შედეგი ვერ მივიღე, ე.ი. სულელი ვარ”, – არასწორია. 

▪ განათლების ფსიქოლოგები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ბავშვებს შეცდომების არ უნდა ეშინოდეთ. თუ ისინი სთხოვენ, მშობლები მზად უნდა იყვნენ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ შეცდომებს მორიდოთ, ნუ გააკეთებთ მათ გასაკეთებელ საქმეს. უმჯობესია, ბავშვებმა სამუშაო თავად შეასრულონ და არც შეცდომებისა ეშინოდეთ, მაგრამ დარწმუნებული იყვნენ, რომ მშობლებისგან კონსტრუქციულ, კეთილგანწყობილ უკუკავშირს მიიღებენ. ამგვარად მათ სრულყოფილების ფსიქოლოგიურ წნეხსაც შევუმსუბუქებთ და მშობლების დაუხმარებლად წარმატების მიღწევის რწმენასაც გავუძლიერებთ. 

▪ ნუ ეცდებით, ბავშვის წინასაგამოცდო შიში გამოცდის გაუბრალოებით და უეჭველი წარმატების რწმენით გაფანტოთ. ნუ დაამშვიდებთ ამ სიტყვებით: „საშიში არაფერია, მჯერა, აუცილებლად უმაღლეს ქულას მიიღებ, შენ ხომ ყოველთვის ახერხებ ამას”. ეჭვგარეშეა, მშობელს საუკეთესო განზრახვა აქვს, მაგრამ პერფექციონისტმა ბავშვმა ასეთი გამხნევება შესაძლოა მისი განსაკუთრებული სტატუსის კიდევ ერთხელ ხაზგასმად მიიღოს. უმჯობესია ვუთხრათ, რომ მთავარია, ძალისხმევა არ დაიშუროს, ხოლო რა მოხდება შეფასებისას, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. 

▪ თუ ბავშვი საშინაო დავალებებს მეტისმეტად ბევრ დროს ანდომებს, დაუთქვით დროის ლიმიტი, რომლის შემდეგ მან აუცილებლად უნდა შეისვენოს. ესაუბრეთ პედაგოგებს, გააცანით მათ თქვენი მეთოდები, სთხოვეთ რჩევა.

▪ სრულყოფილებისკენ ბავშვის სწრაფვას სამი ძირითადი წყარო ასაზრდოებს: მისი ხასიათი, ოჯახი და სკოლა. საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ბავშვის პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, მას ყოველთვის აქვს ერთი თვისება: ნამდვილ წარმატებად ბავშვი მხოლოდ აკადემიურ სფეროში მიღწეულ წარმატებას მიიჩნევს. ეცადეთ, მისი ყურადღება ისეთ აქტივობებზე გადაიტანოთ, რომლებიც თამაშზეა აგებული, არ არის გათვლილი ქულების დაგროვებაზე, არ შეიცავს შეჯიბრებისა და კონკურენციის ელემენტებს, მაგრამ ბავშვს თვითგამოხატვის საშუალებას მისცემს. თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვის დღის რეჟიმში დასვენებას სათანადო დრო დაეთმოს.

▪ საგანგებოდ ჩართეთ ბავშვი ისეთ აქტივობებში, რომლებშიც იგი საუკეთესო არ არის. მიაჩვიეთ ასეთი დაბრკოლებების გადალახვას. დაარწმუნეთ, რომ თავი შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოს და პირველივე მარცხისთანავე არ მიანებოს თავი მისთვის უხერხულ საქმიანობას ამა თუ იმ საბაბით – ძნელია, არაკომფორტულია, მოუხერხებელია და ა.შ.

▪ გაეცანით წიგნებსა და კინოფილმებს, რომლებიც ცნობილი ადამიანების ნამდვილ ამბებზეა აგებული, ყურადღება გაამახვილეთ მათი ბიოგრაფიის რთულ პერიოდებზე, აჩვენეთ ბავშვს, რომ ამ ადამიანებმა ცხოვრებაში განცდილი რამდენიმე მარცხის მიუხედავად, საბოლოოდ მაინც დიდ წარმატებას მიაღწიეს. შეგიძლიათ, თქვენი იმ წარუმატებლობის შესახებაც მოუთხროთ, რომელიც ბოლოს წარმატებით დასრულდა. აუხსენით, რომ წარუმატებლობამაც გაგიწიათ გარკვეული სამსახური და მომავალ წარმატებას ხელი შეუწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი