პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნის შექმნა – წიგნიერების ხელშეწყობისთვის

წიგნიერება პიროვნული განვითარებისა და თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.  იმისათვის, რომ მოზარდებს კითხვის სიყვარული  მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეთ, საჭიროა ამაზე  ბავშვობიდანვე ვიზრუნოთ.

კითხვისა და წერის ფუნდამენტურ უნარებს  საფუძველი დაწყებითი კლასებიდან ეყრება.

მოსწავლე ეუფლება კითხვის ტექნიკას, ეცნობა სხვადასხვა ტიპის ტექსტებს, უყალიბდება მხატვრული გემოვნება. წიგნიერება მოიცავს ტექსტების წაკითხვის, შექმნის, განხილვისა და გადამუშავების უნარებს. არსებობს უამრავი მეთოდი თუ აქტივობა, რომელშიც მოსწავლე ხალისით  ერთვება  და   კითხვისა და ზოგადად, სწავლის სურვილი უჩნდება.

ეს ხდება  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონ ქმნის, აკეთებს, აღმოაჩენს. სწორედ ამ დროს არის სწავლება უფრო საფუძვლიანი და წარმატებული.

გლასერის მიხედვით, გართობა სწავლის შედეგია. მოსწავლეებს სწავლის სურვილი მაშინ უჩნდებათ, როდესაც მყარდება კავშირი  სწავლასა და გართობას შორის.

გართობაც ადამიანის ერთ-ერთი შინაგანი მოტივაციის ფორმაა, ამიტომ სასწავლო აქტივობები უნდა დაიგეგმოს მოსწავლეთა ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით, რაც მათ  სათანადო   განწყობას და მონდომებას უნდა განაპირობებდეს.

ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ როგორ დამეგეგმა სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოსწავლეებს გასჩენოდათ კითხვისა და წერის  სურვილი. ვახორციელებდი წერა-კითხვის მრავალფეროვან აქტივობებს:

  1. ,,ერთობლივი კითხვა და მისი ვარიაციები“,
  2. ,,ერთობლივი წერა“,
  3. ,,სიტყვების გარითმვა“,
  4. ,,RAFT”,
  5. ,,ხუთსაფეხურიანი წერა“,
  6. ,,წერა ილუსტრაციების მიხედვით“,
  7. ,,მოთხრობის ჩარჩო“(G-PRIED-ის მეთოდები და აქტივობები)
  8. და ა. შ.

როგორც ჩემთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც ნათელი გახდა, რომ აღნიშნულ აქტივობებზე მუშაობის შემდეგ უკეთ წერდნენ, კითხულობდნენ, თხზავდნენ. შევამჩნიე, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი ინტერესი წიგნის მიმართ. ისინი უკვე მზად იყვნენ, თავად გამხდარიყვნენ ,,მწერლები და პოეტები“, გაუჩნდათ სურვილი , შეექმნათ წიგნები – წიგნის ყველა მახასიათებლის  გათვალისწინებით. ამ პროცესში კი ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.

,,ჩვენ ვართ მწერლები“ – ეს არის სლოგანი, რომელიც გაკრულია ჩვენს საკლასო ოთახში და პერიოდულად გადმოინაცვლებს ხოლმე დაფაზე, რაც იმას მიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ საავტორო ტექსტზე მუშაობას, ზოგჯერ ჯგუფურად, ზოგჯერ კი – ინდივიდუალურად.

გთავაზობთ ერთ-ერთ ნიმუშს აქტივობათა სერიიდან – ,,ჩვენ ვართ მწერლები“.

მოსწავლეები ინდივიდუალურად ქმნიან საავტორო ტექსტებს, რომლებიც ერთ დიდ წიგნში აიკინძება.

ამ პროცესის მიმდინარეობა შემდეგნაირია:

თავდაპირველად შეარჩევენ ტექსტის თემას, შემდეგ ჟანრს (ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი). მასწავლებელი ურიგებს ფურცლებს, რომელზეც მოცემულია შეკითხვები, რომელთა დახმარებით მოსწავლეები იწყებენ ტექსტების შექმნას:

  • სად და როდის ხდება მოქმედება?
  • ვინ არის მთავარი პერსონაჟი?
  • როგორ გამოიყურება ის?
  • ვინ არის მთავარი პერსონაჟის მეგობარი?
  • ვინ არის მთავარი პერსონაჟის მოწინააღმდეგე?
  • რა მოხდა?
  • როგორ განვითარდა მოვლენები?
  • რას გრძნობენ პერსონაჟები?
  • როგორ დასრულდა ამბავი?

მოსწავლეები იწყებენ წერას.  შეკითხვების დახმარებით გადმოსცემენ საკუთარი თხზულების შინაარსს.

წერის დასრულების შემდეგ ჩუმად კითხულობენ საკუთარ ნაწერს. საჭიროების შემთხვევაში ახდენენ გაუმართავი წინადადებების  რედაქტირებას. ნაწერებს აბარებენ მასწავლებელს, რომელიც  საბოლოო  კორექტირების  შემდეგ –  მეორე დღეს ნამუშევრებს უბრუნებს მოსწავლეებს.

მოსწავლეები ტექსტს სუფთად გადაწერენ ახალ ფურცელზე, ითვალისწინებენ ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს. (აბზაცი, სტრიქონი).

შემდეგი ეტაპი არის ილუსტრაციების შექმნა  საკუთარი საავტორო ტექსტისთვის.

ამის შემდეგ  თითოეული მოსწავლე  ჩუმად  კითხულობს  საკუთარ ნაწერს, ემზადება საავტორო ტექსტის პრეზენტაციისთვის, რომელიც ამ აქტივობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, დამაგვირგვინებელი ეტაპია.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები აფასებენ საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრებს. მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს კარგად ან  რისი  გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად.

მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად,  აკინძავს ნამუშევრებს და აქცევს წიგნად ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით: ყდა, თავფურცელი, სარჩევი და ა. შ.

შექმნილი წიგნი საბოლოოდ განთავსდება საკლასო ბიბლიოთეკაში და პერიოდულად, თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება, წაიღოს შინ და წაიკითხოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თანაკლასელთა  მიერ შექმნილი თხზულებები.

აღნიშნული აქტივობა შესაძლებელია განხორციელდეს იმგვარად, რომ თითოეულმა მოსწავლემ თხზულებისა და ილუსტრაციების შექმნისა და  ტექსტის გასწორების შემდეგ თავად აკინძოს ფურცლები, სუფთად გადაწეროს ტექსტი, გააფორმოს შესაბამისად წიგნის ყველა მახასიათებლისა და ტექსტის მაორგანიზებელი ელემენტების  გათვალისწინებით და ამგვარად, თავად შექმნას თავისი საავტორო წიგნი.

განხორციელებული აქტივობის გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს:

  • წერა-კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარებს;  
  • ტექსტის დამოუკიდებლად შექმნის უნარს;
  •  ტექსტის სტრუქტურული ელემენტების შერჩევის უნარს;
  • ლიტერატურული ტექსტის მიხედვით ილუსტრაციის შექმნის უნარს;
  • შემოქმედებითი, წარმოსახვითი, ფანტაზიისა და თვითგამოხატვის უნარებს;
  • პრაქტიკული სამუშაოს შესრულების უნარს;
  • საკუთარი და სხვისი ნამუშევრის შეფასების უნარს;

განხორციელებული აქტივობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დამყარდეს კავშირი სწავლასა და გართობას შორის.

ვფიქრობ, აქტივობა – ,,ჩვენ ვართ მწერლები“ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია წიგნიერების განვითარებისთვის.

როდესაც მოსწავლე საკუთარ თავს მწერლის ამპლუაში დაინახავს, ის სხვა მწერლების ნაწარმოებების კითხვას და გააზრებას  უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – G-PRIED 2015.
  2. წიგნიერება – გამოცდების ეროვნული ცენტრი – 2008 წელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი