შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ქორწილამდე მოგირჩება

სამი წლის ვიყავი, პირველად რომ გოგო შემიყვარდა. (“ჰაჰა, შეუყვარდა, მაგარი კაცი”, “შეგიყვარდა კი არა, აიჩემე რაღაცა, შვილო”, “ბიძიკო, სამი წლისამ რა იცოდი რა იყო სიყვარული”, “გოგო შეუყვარდა, იძახის, სამი წლისამო, ტოჟე მნე მაჩო” და ა.შ. – რეპლიკები დარბაზიდან) ჰო, აი ასე, ჩემი მეზობლის ნათესავი. ესტუმრა ერთ დღეს ჩემს მეზობელს, მე გავიცანი და შემიყვარდა. იმის მერე კიდევ ერთი-ორჯერ ვნახე და ეგ იყო. პრინციპში, სადღაც შვიდი-რვა წლის ასაკშიც ვნახე, მაგრამ ეგ არ ითვლება, მაგ დროს უკვე აღარ მიყვარდა.

  • რა განცდა იყო? როგორ გაიხსენებდით? – ჟურნალისტი ჩემკენ მოჩოჩდა.
  • ოო, ბავშვური გატაცება, ცხადია, აკვიატება, თორემ მაგ ასაკში რა ვიცოდი, რა იყო სიყვარული. – ვპასუხობ.

სინამდვილეში კი, ძალიანაც ვიცოდი. ვიცოდი კი არა და უნდა გენახეთ, გული მიჩქარდებოდა, ვნერვიულობდი, ფანჯარას ვიყავი აკრული რომ დამენახა, როდის ჩავიდოდა ეზოში, ერთი სიტყვით, კაი რაინდული რომანების მოტრფიალე ჭაბუკსა ვგავდი, ოღონდ 3 წლისა. თუმცა ეს ტექსტი სულაც არაა სიყვარულზე, არც ახირება-აკვიატებებზე და არც ჩემს მეზობლებზე. სინამდვილეში, სულ სხვა მხარეს უბერავს ქარი.

დარწმუნებული ვარ, ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა ან თავად გიქნიათ ასე, ან შესწრებიხართ, სხვა როგორ აკეთებს ამას. რაზე ვამბობ და, აი, ბავშვს რომ ეუბნებიან, “კაი, შენ ასაკში ეგ არაფერი”, “გაიზრდები – მიხვდები”, “ქორწილამდე მოგირჩება” და ა.შ. ან, სულაც არაფერს ეუბნებიან და მის სატკივარსა თუ განცდას იგნორით, ან სიცილით ხვდებიან. “ჰაჰაა, შეყვარებულია ესა”, “ჰაჰაა, მენატრებაო, მენატრებაო”.. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი სამი წლისაა, თუ ათის, უფროსებისთვის ძალიან ხშირად მისი განცდები, მისი თავგადასავალი და საფიქრალი მხოლოდ ბავშვური ამბავია, ეს ხომ არაა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სკოლის დამთავრება? არც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აბიტურიენტების თავისტკივილი, ცხადია, არც ისეთი, როგორც უნივერსიტეტის გამოცდები, “ნამდვილი სიყვარული”, დაოჯახება, სამსახური, კარიერა, ვალები, დიდების პრობლემები, მეგობრებთან უთანხმოება, ოჯახის რჩენაზე ფიქრი, შვილები, შვილიშვილები და ა.შ. ყველა ასაკს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ეს დიდი, ნამდვილი პრობლემებია ნებისმიერ ეტაპზე, აი, ბავშვისა კი, უფრო სწორად, ბავშვი რაზეც თავად ამახვილებს ყურადღებას – ასაკობრივია, გაუვლის. თუ ბავშვი შეყვარებულია – იგონებს რაღაცას, რა იცის რა არის სიყვარული; თუ ბავშვი ნერვიულობს, რომ მისი სათამაშო დაიმსხვრა – ეგ არაფერი, მალე დაავიწყდება; თუ ბავშვი განიცდის, რომ კლასელს ეჩხუბა – ბავშვები არიან, მორიგდებიან კაცო და ასე დაუსრულებლად. დიდებს ყოველთვის ყველაზე სერიოზულად საკუთარი პრობლემები მიაჩნიათ, არადა..

არადა სიმართლე ისაა, რომ ემოციებს ასაკი არ აქვთ. თქვენ კარიერულ კრიზისს განიცდით, ბავშვი – თოჯინას რომ ფეხი მოტყდა, მაგრამ ეს განცდები არაა ფარდობითი და არც თანაზომადი, უბრალოდ ეს განცდები განცდებია, ორივე შემთხვევაში, შესაძლოა, მძაფრი და ემოციური. ბავშვთა სამყაროში არსებული განცდები ამავე სამყაროს შკალას ერგება, ამ შკალას თქვენ, დიდები, ხშირად ივიწყებთ, არადა თქვენც ბავშვები იყავით ერთ დროს და იგივე ეტაპებს გადიოდით. სიმართლე ისაა, რომ ბავშვებს არასოდეს უნდა წავუყრუოთ მათ პრობლემებზე, არასოდეს უნდა ჩავთვალოთ, რომ თუ ჩვენთვის, დიდებისთვის, თოჯინის ფეხის მოტეხვა აბსოლუტურად არასანერვიულო სისულელეა, ბავშვისთვისაც ასე უნდა იყოს და თუ ასე არაა, უბრალოდ ორიოდე სიტყვას ვეტყვით იმაზე, რომ ის პატარაა, გაიზრდება და დაავიწყდება და ა.შ. ისე არ გამიგოთ, ნუგეშს უგულვებელვყოფდე. არა, ცხადია. ნუგეში ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ თანაგანცდის გარეშე ნუგეში არ არსებობს. თანაგანცდა კი თავად ბავშვმა უნდა იგრძნოს პირველ რიგში, უნდა დაინახოს, რომ ის და მისი ამბები არაა მეორეხარისხოვანი, მისი ემოციები არაა ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე დიდებისა, მისი სიხარულები თუ ტკივილები, სიყვარული თუ წყენა არაა უკუგდებული და იგნორირებული, არამედ თანაგანცდილია, გაზიარებულია, მას მეგობრები ჰყავს გვერდში უფროსების სახით და როგორც უფროსები საკუთარი თანატოლების, მეგობრებისა თუ ახლობლების სატკივარს ისმენენ და იზიარებენ, ისევე იზიარებენ ბავშვისას, თანასწორად და გულწრფელად.

აი, მე რომ შეყვარებული ვიყავი სამი წლის ასაკში, ის სიყვარული რომ ახლანდელს შევადარო – აბსოლუტურად არაადეკვატური იქნება, მაგრამ იმ ასაკში ისეთივე სიმძაფრით განვიცდიდი ყველაფერს, როგორც ახლა შეიძლება განვიცდიდე. თქვენც, თქვენც ასე იყავით. ბავშვების განცდები ასაკის შესაბამისად იმავე სიდიდისაა, რამხელაც ჩვენი განცდებია ახლა. ამიტომ, მოდით შევთანხმდეთ ერთ მარტივ საკითხზე, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ბავშვი, მას თავისი სამყარო აქვს, მძაფრი, წარმოუდგენელი ტკივილებითა და მძაფრი წარმოუდგენელი სიხარულებით, თავისი პირობითობა აქვს, რომელშიც მისი პატარა და ერთი შეხედვით “წვრილმანი” ემოციები უფროსებისთვის დამახასიათებელი უდიდესი, დამანგრეველი ემოციების ტოლფასია. შევთანხმდეთ და “ქორწილამდე მოგირჩება”-თი ბავშვის მარტივად მოშორების ნაცვლად, შევეცადოთ შესაბამის მომენტებში მის გვერდით ვიყოთ, მის მეგობრად ვიქცეთ და მოვუსმინოთ, მოვუსმინოთ რაც შეიძლება გულწრფელად და ყურადღებით, მოვუსმინოთ და გავიზიაროთ მისი მდგომარეობა, ვურჩიოთ რამე, თუკი შეგვიძლია, ან უბრალოდ სიჩუმე შევინარჩუნოთ. ჩვენც ხომ სწორედ ასე გვინდა, რომ გვისმენდნენ, იზიარებდნენ, გვირჩევდნენ, ან ხანდახან დუმილით გვიჭერდნენ მხარს?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი