ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ორი მასწავლებელი უკეთ ასწავლის

სკოლაში კარგი თანამშრომლობითი კულტურის არსებობის მნიშვნელობაზე ბევრი დაწერილა და თქმულა. დაანონსებული რეფორმის „ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთ მიმართულებად გაცხადებულია სასკოლო კლიმატის გაუმჯობესება, რაც მოიცავს თანამშრომლობითი კულტურის ასპექტებსაც. აღსანიშნავია, რომ ქართულ სკოლებში ბოლო წლებში განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ და USAID-ის „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი“. ორივე ითვალისწინებდა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და ორივე მათგანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობას. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუკი მასწავლებლები პერიოდულად ერთად არ განიხილავენ ამა თუ იმ ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და კომპეტენციას, მაშინ ამ ტრენინგების ეფექტიანობა არის მინიმალური. ხოლო თუკი მასწავლებლები ერთად იკრიბებიან და მსჯელობენ საკუთარ პრაქტიკაზე, მისი ეფექტიანობა მკვეთრად იმატებს.

ჩემი აზრით, ერთ კონკრეტულ მასწავლებელს სკოლაში არსებული ზოგადი სურათის შეცვლა არ  შეუძლია. მან შეიძლება შეცვალოს სურათი მხოლოდ თავის გაკვეთილზე ან უკეთეს შემთხვევაში იმ  კლასში, სადაც ასწავლის. მასწავლებლებისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: „ამ კლასში მოსწავლეები ჩემს გაკვეთილზე სანიმუშოდ სწავლობენ“, „ჩემს გაკვეთილზე ისე ჩუმად სხედან, რომ ვერ წარმომიდგენია სხვასთან თუ ხმაურობენ“, „სხვა საგნებში დავალებებს სანიმუშოდ ასრულებთ და ჩემთან რა გჭირთ“ და ა.შ. ხშირად ჩვენ არ ვიკვლევთ ამის მიზეზს.  ძალიან მარტივად შეიძლება ჰკითხო კოლეგას, თუ როგორ და რომელი სტრატეგიის გამოყენებით ახერხებს მოსწავლეთა დაინტერესებას.

ამ წერილში არ ვაპირებ საკლასო დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვას. მინდა, გაგიზიაროთ კონკრეტულ სკოლაში მასწავლებლებს შორის თანამშრომლობით მიღწეული შედეგები.

თანამშრომლობით სწავლების მნიშვნელობაზე არსებობს არაერთი საინტერესო რესურსი. ბარბარა ლ. სმითი და ჯეან თ. მაკგრეგორი მას შემდეგნაირად განმარტავენ:

„თანამშრომლობითი სწავლება არის ქოლგა სხვადასხვა და განსხვავებული მიდგომებისა, რომელიც მოიცავს ერთობლივ ინტელექტუალურ ძალისხმევას, მცირე პროექტებს და ჯგუფურ მუშაობას. მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა გვთავაზობს ადამიანებთან ურთიერთობის გზას, რომელიც ასახავს პატივისცემას, ინდივიდუალურ ჯგუფურ შესაძლებლობას და საკუთარ წვლილს“. ავტორები იქვე ხაზს უსვამენ მისი გამოყენების მნიშვნელობას: „რატომ  ვიყენებთ ჩვენ ერთობლივ სწავლებას? რადგან ჩვენ გვჯერა, რომ  ეს მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ მეტად ეფექტურად“.

ჩემს სკოლაში მოსწავლეთა 95% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია. სკოლას აქვს ორი სექტორი: არაქართულენოვანი და ქართულენოვანი. სამწუხაროდ, ქართულენოვან სექტორზე იყო გარკვეული ჩავარდნები,  მოსწავლეებისთვის სწავლა არ იყო პრიორიტეტული,  მკვეთრად აღენიშნებოდათ ენობრივი ბარიერი, რაც ხელს უშლიდა მათ წაკითხული ტექსტების გააზრებაში. ისინი სოციალური აქტივობითაც დიდად არ გამოირჩეოდნენ.

საქმიანობა ორი მიმართულებით დაიგეგმა. აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით ფორმალური განათლების გაძლიერება – რაც მოიცავდა გაკვეთილების ერთობლივად დაგეგმვას, ურთიერთდასწრებას, გაკვეთილის შემდგომ შეხვედრებს და განხილვებს. მოსწავლეთა სოციალური გააქტიურებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გადავწყვიტეთ, აქტიურად გამოგვეყენებინა არაფორმალური განათლების ინსტრუმენტი.

ქვემოთ ვისაუბრებ ერთობლივად დაგეგმილი და განხორციელებული სასწავლო და არაფორმალური განათლების ხელშემწყობი პროექტების შესახებ.

ერთობლივი სასწავლო პროექტი

IX კლასის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში რამდენიმე გაკვეთილი ეთმობა სასამართლო ხელისუფლებას. გაკვეთილებში განხილულია როგორც საერთო სასამართლოები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო სისტემა. მისი არსისა და რაობის მოსწავლეებისათვის ახსნის საუკეთესო საშუალება როლური თამაშის მეთოდით იმიტირებული პროცესების გამართვა აღმოჩნდა. ქართული სექტორის IX-X კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ შორენა ხუხუასთან ერთად დაიგეგმა ორი იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები: „შუშანიკის წამება“ და „აბოს წამება“.

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ნაფიცმსაჯულების როლი IX კლასის მოსწავლეებმა მოირგეს, ხოლო „შუშანიკის წამებისა“ და „აბოს წამების“ პრესონაჟები X კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. პროექტი ორ ეტაპად დავყავით. პროექტის პირველ ეტაპზე მე-9 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტს, გადაწყვეტილების გამოტანის წესებს და უყურეს ფილმს „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“. ხოლო მე-10 კლასის მოსწავლეებმა ნაწარმოების გაცნობის შემდეგ გაინაწილეს როლები და ჩამოაყალიბეს არგუმენტები.

ნაფიცი მსაჯულები

მეორე ეტაპზე შედგა უშუალოდ პროცესი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. მოვისმინეთ მხარეთა კამათი, არგუმენტები და მოსაზრებები. ბოლოს გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა ფარული კენჭისყრით გამოიტანეს.

რატომ იმიტირებული პროცესი? კონკრეტულ შემთხვევაში – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ასევე მე, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა შევასრულეთ ფასილიტატორის როლი, მოვამზადეთ ჩვენი მოსწავლეები იმიტირებული პროცესებისთვის, შევუქმენით საფუძველი ორ საგანში მიღებული ცოდნის შეფასების, სინთეზისა და ანალიზისათვის.

პროექტი – ბავშვები ბავშვებისთვის

ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელმაც დიდი გარდატეხა მოახდინა ჩვენი სკოლის მოსწავლეებში, იყო „ბავშვები ბავშვებისთვის“. აქტივობა განახორციელდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)“ – ფარგლებში.  პროექტს ფასილიტაციას ვუწევდით სამი პედაგოგი: მენეჯერი გიორგი ჭაუჭიძე, ასისტენტები: თემურ და ზაზა სუყაშვილები.

რატომ ვთვლი, რომ ეს აქტივობა იმსახურებს გაზიარებას? პროექტის, „ბავშვები ბავშვებისთვის“, მიზანს წამოადგენდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება – ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა შრომის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში. პროექტი რამდენიმე ეტაპად წარვმართეთ. პირველ ეტაპზე ჩვენი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ორგანიზებით დავაფუძნეთ კლუბი. ჩავატარეთ 10 საკლუბო შეხვედრა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს ბავშვთა შრომის აქტუალურობა საქართველოსა და მსოფლიოში, გადაიღეს ვიდეორგოლები და მოამზადეს პრეზენტაციები.

 

მეორე ეტაპზე ჩატარდა კვლევა, რომელმაც გვაჩვენა სასკოლო თემის დამოკიდებულება ბავშვთა შრომის საკითხებზე. ბოლოს ერთად ვესტუმრეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლას, სადაც სპიკერებმა თანატოლებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. ინფორმაცია პროექტის მსვლელობის შესახებ იტვირთებოდა სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე. https://ch-4-ch.blogspot.com


შეწყვეტილი გაკვეთილი – https://www.youtube.com/watch?v=8JwXQrCn1SYპროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა, გათვალისწინებული მიზნების გარდა, გაიუმჯობესეს ისეთი კომპეტენციები, როგორიცაა პრეზენტაციის, კვლევითი საქმიანობის წარმართვის, დისკუსიის, წერითი და ზეპირმეტყველებითი უნარები. ძალიან სახალისო და სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენ მიერ მცირე ვიდეორგოლების გადაღება, რისთვისაც მოსწავლეებმა მოირგეს სცენარისტების, მსახიობებისა და რეჟისორების როლები.

შემიძლია ვთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობის კომპონენტი იყო ის მთავარი ხაზი, რომელმაც პროექტის წარმატებას შეუწყო ხელი.

პრეზენტაცია სადახლოს სკოლაში

ბავშვთა შრომა – https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=xA1hDtp4ZwA

ყველაზე მთავარი – მსგავსი მიდგომა სკოლაში დღემდე გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ მომავალში უკეთესი მიღწევები გვექნება.

გამოყენებული ლიტერატურა:

უშანგიშვილი ვ. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები – https://mastsavlebeli.ge/?p=1522

ბავშვები ბავშვებისთვის – https://ch-4-ch.blogspot.com

ბარბარა ლ. სმითი და ჯეან თ. მაკგრეგორი – „რა არის თანამშრომლობითი სწავლა?“ https://www.evergreen.edu/sites/default/files/facultydevelopment/docs/WhatisCollaborativeLearning.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი