პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

საგან „მე და საზოგადოების“ სწავლების ზოგიერთი პრობლემა

საბჭოთა კავშირის რღვევამ, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, დაბადებამ, ერთი ფორმირების მეორეთი ჩანაცვლებამ უამრავი საყოველთაოდ ცნობილი პრობლემა წარმოშვა. თავისუფალმა და მშენებარე ქვეყანამ სხვა ტიპის მოქალაქეები მოითხოვა. ნათელი გახდა, რომ სამშობლო, როგორც დედა, ბუნებრივად უყვარს ადამიანს, მისი „სიყვარულის სწავლების ნაცვლად“ თუკი სიყვარულის სწავლება საერთოდ შესაძლებელია, საჭიროა მოქალაქეობის სწავლება, რადგან ერთია, გიყვარდეს შენი დამონებული სამშობლო, გულში ინახავდე მის ხსოვნას, თაობიდან თაობებს გადასცემდე ამბავს მისი არსებობისა და მეორეა, ცხოვრობდე იმ ქვეყანაში, რომელის შენებაშიც შეგიძლია და უფრო მეტიც, მოვალე ხარ მონაწილეობა მიიღო.

საყოველთაოდ ცნობილი წინააღმდეგობების მიუხედავად, წელს სკოლებში, მესამე-მეოთხე კლასებში, საგანი „ მე და საზოგადოება“ შევიდა. ამისთვის ნამდვილად მადლობა ეკუთვნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურებს.

შემუშავდა სტანდარტი, გაიწერა გეგმა, დაიწერა სახელმძღვანელოები, დაიწყო პედაგოგთა გადამზადებაც, თუმცა საგან „მე და საზოგადოების“ სწავლებისას თავისთავად ჩნდება რამდენიმე კითხვა, რომლებიც პასუხს მოითხოვს.

  1. როგორ უნდა შემოწმდეს, ტარდება თუ არა ხარისხიანად „მე და საზოგადოების“ გაკვეთილები, თუ დაწყებითი კლასის მასწავლებლები მისთვის დათმობილ საათებს, სხვა, „უფრო საჭირო“ საგნებს, ვთქვათ, ქართულსა და მათემატიკას უთმობენ?

„მე და საზოგადოება“ საგანიცა და სახელმძღვანელოც მეტადაა გაჯერებული ინტეგრაციული მეთოდებით, რომელიც კლასში მეტად მხიარულ გარემოს ქმნის. ამიტომ ზოგჯერ ბავშვები მოელიან, მაგრამ მასწავლებლები სხვა საგნის ჩატარებას ამჯობინებენ. რაღა თქმა უნდა, სპეციალური კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ რომ გავიკითხე, ბევრი მესამე-მეოთხე კლასელისაგან მივიღე ამგვარი პასუხი. (თანაც ეს წერილი სწორედ ამისთვისაა, რომ სპეციალური კვლევის საჭიროება დავინახოთ, თანაც ეს კვლევა არ უნდა იყოს რეპრესიული და არ უნდა  აზარალებდეს არც მოსწავლეს, არც მასწავლებელს ).

  1. როგორ უნდა აღზარდოს ქალმა (ვიცით რომ პედაგოგების დიდი ნაწილი ქალია, მით უფრო დაწყებით საფეხურზე ) რომელიც უმრავლეს შემთხვევაში თავად ჩაგრულია თანასწორი, გენდერულად სწორი ღირებულებების მოქალაქეები?

ეს კითხვა რიტორიკული არაა. ჩაგრულმა ქალმა, შესაძლოა, აღზარდოს ძლიერი და სწორი ღირებულებების მქონე ვაჟები და ქალები, ოღინდ ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო.

ჩაგრულები ჩვენ, ქალები, ამ ქვეყანაში ნამდვილად  ვართ და ამაზე ისიც მიუთითებს, რომ სკოლა, როგორც შედარებით დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, სავსეა ქალებით. მამაკაცები ამგვარ სამუშაოზე, ხშირად უარს ამბობენ.  ქალების ანაუზღაურება ბიზნეს სექტორში, მათი ჩართულობა პოლიტიკაში, მათი ადგილი ოჯახში – ნებისმიერი კვლევა, იქნება ეს რაოდენობრივი თუ სიღრმისეული ინტერვიუ, მიუთითებს ქალის ჩაგრულ როლზე ქვეყანაში. ამდენად, ქალების გაძლიერება გაეროს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი, ქვეყნის განვითარების საწინდარია.

თუკი ქალები აცნობიერებენ თავიანთ ჩაგრულ მდგომარეობას ამ ქვეყანაში და თუკი მათ აქვთ თავიანთი და სხვების უფლებებისთვის ბრძოლის გამოცდილება (და თუ ეს გამოცდილება წარმატებულია და არა წარუმატებელი და ტრავმული ) მათ შეიძლება აღზარდონ საჭირო ღირებულებების ადამიანები, მაგრამ თუკი ეს ქალები შეგუებული არიან ძალადობას, მეტიც, მიიჩნევენ ნორმად, მაშინ ისინი, სავარაუდოდ, არსებულ სტერეოტიპებს უფრო გააღრმავებენ. მაგალითისთვის გაეროს 2017 წლის კვლევაც კმარა, რომლის მიხედვითაც  გამოკითხული ქალების 22 პროცენტს და მამაკაცების 33 პროცენტს ქალი ცემა გარკვეულ სიტუაციაში დასაშვებად მიაჩნია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის მეოთხედს, *22 პროცენტი ) და მამაკაცების თითქმის ნახევარს (41 პროცენტი ) მიაჩნია, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, როდესაც არ ეთანხმება.

სამწუხაროდ, ქვეყანაში მაღალია (დაახლოებით 50 პროცენტი ) განქორწინებების რიცხვი. თითქოს განქორწინებული ქალი მეტად უნდა აცნობიერებდეს უსამართლობასა და ჩაგვრას, მეტად ცდილობდეს განვითარებას, მაგრამ ხანდახან ქალები იმავე  ჩაგრულ სისტემაში რჩებიან და საზოგადოების, შვილების წინაშე იმის აღარება უჭირთ, რომ ქორწინებაში აღარ იმყოფებიან.

„მე და საზოგადოების“ მოქმედ სახელძღვანელოში ეროვნული სასწავლო გეგმისა და სტანდარტის მიხედვით განმრტებულია ოჯახი და მის ტიპებში წერია „ განქორწინებულიც“. თავისთავად ცხადია, როდესაც არსებობს ასეთი სინამდვილე და ის ჩვენი შვილების დიდ ნაწილს ეხება, მათ ამას ვერ დავუმალავთ და ამ დამალვით ვერ ჩავაყენებთ განქორწინებული ოჯახის მხარეებს უხერხულ სიტუაციაში, თუმცა, „მე და საზოგადოების“ სწავლებისას უკვე წააწყდნენ წინააღმდეგობას მშობლის, დედის მხრიდან, რადგან შვილს წლების განმავლობაში უმალავდა განქორწინების ამბავს და არ სურდა თუნდაც ტერმინი ბავშვს სცოდნოდა. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ პედაგოგი, ასევე ქალი, ვერც კი მიხვდა, რომ მშობელს გამხნევება და გაძლიერება სჭირდებოდა, მხარი დაუჭირა, საკითხი მსუბუქად გადაიარა და რა თქმა უნდა, არ გაუანალიზებია, რომ დედა იმავე სტერეოტიპებში ჩატოვა, შვილი – იმავე ტყუილში.

ახალი საგანი, რომელიც სამოქალაქო განათლების ციკლს იწყებს, სწორედ ამ სინამდვილის შეცვლას ემსახურება, მაგრამ, თუკი ამ საგანს მსგავსი ღირებულებების მასწავლებელი ასწავლის, ჩაკეტილ წრეზე ტრიალი გამოვა.

  1. ინ უნდა განსაზღვროს და როგორ, რა ღირებულებების მატარებელია პედაგოგი?

ცნობილი ფაქტია, რომ ზედაპირული გამოკითხვისას მოქალაქეები (მათ შორის მოსწავლეები და მასწავლებლები ) იძლევიან ე. წ. სწორ პასუხებს. მხოლოდ ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი არ ეთანხმებიან დემოკრატიულ ღირებულებებს. აუცილებლად უნდა მოიძებნოს ადამიანის ღირებულებების შეფასების რაიმე ადეკვატური ინსტრუმენტი, რათა პიროვნება, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არაა ადამიანის უფლებები, არ ასწავლიდეს“ მე და საზოგადოებას „თუ სამოქალაქო განათლების ციკლში შემავალ სხვა საგნებს.

როგორ წარმოგიდგენიათ? რომელ ეროვნულ სასწავლო მიზნებზე გასვლას შეძლებს „მე და საზოგადოების“ პადაგოგი, თუკი ის სტალინის მოყვარულია. სამწუხაროდ, ასეთები არსებობენ და მოსწავლეებისთვის მოქალაქეობრივი თვითშეგნების ფორმირების ნაცვლად ტოტალიტარიზმს უწევენ პროპაგანდას.

  1. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად ექვემდებარება სწავლებას დემოკრატიული ღირებულები და რამდენადაა შესაძლებელი სამოქალაქო აქტივიზმისა და ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობელობის მომატება?

 

რაღა თქმა უნდა, დედამიწაზე არ არსებობს არათუ ტრენინგი, არამედ სასწავლებელიც კი, რომელშიც ჰომოფობ, ქსენოფობ და ა. შ ადამიანს შეუშვებ და იქიდან ევროპული ღირებულებებით გაბრწყინებული დაგიბრუნდება, სწორედ ამიტომაა აუცილებელი მესამე-მეოთხე კლასიდან დაწყება და უწყვეტი სწავლება სამოქალაქო განათლების წრეში შემავალი საგნებისა, მაგრამ არსებობენ ინდივიდები, ან არსებობს კრიტიკული სიტუაცია, როდესაც ადამიანი რიგი მიზეზების გამო მომწიფებულია ცვლილებისათვის და მას ეს ტრენინგი გარდატეხისთვის ჰყოფნის.

ანდა შინაგანად ეთანხმება შეთავაზებულ მასალას, მაგრამ არ იცის როგორ ასწავლოს და ტრენინგზე სწორედ ამას იღებს, კონკრეტულ მეთოდიკებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ტრენინგი გაეროს კვლევების მიხედვით მხოლოდ 33 პროცენტს აქვს გავლილი, რაც ძალზე მცირეა.

საგან „მე და საზოგადოების“  სტანდარტში ერთ-ერთ პირველ მიზნად ვკითხულობთ: „დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში“

  1. როგორ უნდა დაეხმაროს საგანი ან სკოლა მოსწავლეს საზოგადოების წევრად თავის აღქმაში, თუკი ეს მოსწავლე განსაკუთრებული საიროებების მქონეა, ხოლო სკოლა არ არის მორგებული მის საჭიროებებზე.

გაეროს კვლევების მიხედვით 8-9 პროცენტი ვერ უზრუნველყოფს ინკლუზიას, 43, 9 პროცენტი კი მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს. იქ სადაც ყველას საჭიროებები გათვალისწინებული არაა, როცა არ უნდა დაიწყო სამოქალაქო განათლების სწავლება, მაინც ფასადური გამოვა.

ამდენად, სკოლის, სახელმწიფოს, უფლედამცველების წინაშე დგას შემდეგი ამოცანები: თუკი გვინდა, ახალი საგანი, რომელიც დიდი ძალისხმევით შემოვიდა მაქსიმალურად ქმედითი აღმოჩნდეს ჩვენი მოსწავლეებისათვის სამოქალაქო განათლების საძირკვლის ჩაყრის საქმეში, კარგად უნდა გავარკვიოთ, ვინ ასწავლის, შეიძლება თუ არა პედაგოგის დახმარება, აღზრდა, გადამზადება?

არის თუ არა სკოლა მზად პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით?

თუკი შესაბამისი ღირებულებები  პედაგოგებს არ გააჩნიათ, ხომ არ ჯობია მასწავლებლები სამოქალაქო სექტორიდან მოვიწვიოთ? ანუ საგნისთვის „მე და საზოგადოება“ გადავამზადოთ ის ადამიანები, რომლებსაც პედაგოგიური გამოცდილება არა აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მსოფლმხედველობა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სკოლაში კარგად, ხალისით და მონდომებით მუშაობენ  ახალ საგანზე, ბევრგან მისი სწავლება პრობლემურია. პრობლემები დროზე უნდა შეფასდეს და მოიძებნოს გადაჭრის გზები.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი