განგაში ანუ რატომ სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილი სკოლაში

2018 წლის 17 დეკემბერს მარნეულის N5 საჯარო სკოლაში სახანძრო განგაშის ხმა გაისმა. მოვარდნენ სამაშველო სამსახურის მანქანები, მეხანძრეები და მაშველები…

სკოლებში დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება მეორეხარისხოვან საგნად ითვლება და სათანადო ყურადღება არ ექცევა.

სხვადასხვა სკოლის ბავშვებთან ურთიერთობისას  შემჩნეული მაქვს, რომ  უფროსი კლასების მოსწავლეებს არ აქვთ გათვითცნობიერებული სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგნის არსი და მნიშვნელობა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. მათ ხშირად აღუნიშნავთ, რომ მე-8 კლასში საერთოდ არ უტარდებოდათ ამ საგნის გაკვეთილები. მეორე ნაწილი ამბობს, რომ სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ერთი აკადემიური საათი სხვა საგანს ეთმობოდა. ვფიქრობ, ამისი მიზეზი ის არის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სამოქალაქო თავდაცვას, მხოლოდ ერთი სემესტრი ეთმობა. არადა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან, ხანძრების, წყალდიდობების სიხშირიდან და სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სიმრავლიდან გამომდინარე აუცილებელია ქცევის წესებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების  ცოდნა.

მესამე წელია ვასწავლი სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებას. გარდა მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სამწლიანი მუშაობისა, 2018-2019 სასწავლო წელს ამ მიმართულებით გაკვეთილების ჩატარება მარნეულის N5 საჯარო სკოლაშიც დავიწყე. სწავლების საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ თეორიული მასალა არ იყო საკმარისი, რადგან ამგვარად გაკვეთილი მოსწავლეთათვის მოსაწყენი და უინტერესოა. სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების წიგნი მდიდარია თეორიული მასალით. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია კონკრეტულ საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესები. იმისთვის, რომ გაკვეთილი იყოს საინტერესო და დასამახსოვრებელი, საჭიროა მეტი პრაქტიკა, მეტი სიახლე და ჩართულობა.

გასულ სასწავლო წელს მე-8 კლასელებთან ერთად სკოლის ეზოში მოეწყო საინტერესო გაკვეთილი თემაზე – ბუნებასთან პირისპირ. გადავწყვიტეთ შეძენილი თეორიული ცოდნის  ტრანსფერი პრაქტიკაში. ჯგუფებში განაწილებულმა მოსწავლეებმა მოაწყვეს საბანაკე ტერიტორია, დაანთეს ცეცხლი უსაფრთხოების წესების დაცვით, შეიმუშავეს დაცულ ტერიტორიაზე გადაადგილების მარშრუტი და შექმნეს საინფორმაციო დაფა.

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს შევთავაზე იდეა რომელიმე საგანგებო სიტუაციის მოდელირების თაობაზე. იგი სიხარულით დამთანხმდა.

სწავლების პროცესში მოსწავლეები სახელმძღვანელოში მოცემული თემების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ. ერთ-ერთ გაკვეთილზე, როდესაც პროგრამულად ბუნებრივ და ხელოვნურ ხანძრებს გავდიოდით, მოსწავლეებმა გაიხსენეს 2017 წლის აგვისტოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად გაჩენილი ხანძრები და მათი სალიკვიდაციო სამუშაოები. მათ აღნიშნეს, რომ ქვეყანა და საზოგადოება არ იყო მზად ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად. მსჯელობის პროცესში მათგან წამოვიდა იდეა, რომ სკოლაში მოგვეწყო ხანძრის სიმულაცია და ევაკუაცია.

პროცესი ორ ნაწილად დავყავი. მოსამზადებელ ეტაპზე სკოლის დირექციამ წერილი მისწერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. მათთან შეთანხმებით დავგეგმეთ სიმულაციის დღე და საათი. პარალელურად მოსწავლეებთან ერთად შევისწავლეთ სკოლის საევაკუაციო გეგმა, გავიხსენეთ ქცევის წესები.

მეორე ეტაპს უკვე უშუალოდ ხანძრის მოდელირება წარმოადგენდა. 2018 წლის 17 დეკემბერს 14:00 საათზე ატყდა სახანძრო განგაში. ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლების დახმარებით სკოლის შენობიდან მოსწავლეთა ევაკუაცია მოხდა. მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები გაიყვანეს წინასწარ მონიშნულ უსაფრთხო ადგილებზე.

მოდელირების დასრულების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებსა და მოსწავლეებთან ერთად გავაანალიზეთ, რომ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად პანიკა და ქაოსი გვევლინება. დირექციასთან ერთად სიმულაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კლასის ხელმძღვანელებმა და სხვა მასწავლებლებმა.

სწავლების თანამედროვე მეთოდები ძირითადად ეყრდნობა კეთებით სწავლას. ამ სიმულაციის დროს კიდევ ერთხელ დავინახე აღნიშნული მეთოდის საუკეთესო მხარეები. ცნობილია, რომ სიმულაციის გამოყენებას მრავალი უპირატესობა აქვს. იგი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, დაინახონ საკითხი კომპლექსურად, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას და სოციო-კულტურულ უნარებს, რაც პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. (Clapper, Timothy, 2010) დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებს ეს გაკვეთილი დიდი ხნის განმავლობაში დაამახსოვრდებათ. არასდროს წაიშლება მათი მეხსიერებიდან მეორე სართულზე ფანჯრებიდან შემოსული მეხანძრე-მაშველები, შენობის პანიკის გარეშე დატოვების პროცესი, აუცილებელი ნივთების თავმოყრა დროის უმოკლეს მონაკვეთში, შენობაში მყოფი სხვა ადამიანების დახმარება და თანადგომა.

ჩემთვის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, არსებობს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი, სასიამოვნო მომენტები. მაგალითად, ბავშვების კმაყოფილებით სავსე სახეები. იმ წუთიდან, დარწმუნებული ვარ, მოსწავლეები, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს პროცესში, ყოველთვის მზად შეხვდებიან საგანგებო სიტუაციებს და სხვათა დასახმარებლადაც უსაფრთხო გზებს იპოვიან.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა (მოქმედი რედაქცია) – მე-8 კლასის სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგნობრივი სტანდარტი

ტალახაძე, ნ. – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, VIII კლასი

https://www.researchgate.net/publication/234567370_Role_Play_and_Simulation_Returning_to_Teaching_for_Understanding

კომენტარები

comments