შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ წავიკითხოთ ლექსები

გალაკტიონ ტაბიძის „მერი“

მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსიმერი“, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით, თითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კიალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!“

გალაკტიონ ტაბიძე.

 

მერი – პოეტის შინაგანი მარტოობისა და სევდის მეტაფორაა, რომელიც ლექსში ტრანსფორმირდა თითქოს კონკრეტული, მაგრამ ბუნდოვანი ქალის სახით… მიუწვდომელისა და არარეალურის განცდა აირეკლა რეალურ ქალზე, მაგრამ ისეთ ქალზე, რომელთანაც ურთიერთობა პოეტს არასდროს არ ჰქონია. იქნებ სწორედ ეს მიუწვდომლობა იყო ლექსში ასე მძაფრად შინაგანი სამყაროს გამოვლენის მიზეზი? ვინ იცის…

როგორც პოეტი წერს დღიურებში, სახელი „მერი“ მას ნამდვილად არ გამოუგონებია… მერი ნამდვილად არსებობდა, თუმცა მისი არსებობა პოეტისთვის იყო იმდენად აბსტრაქტული, რომ მან ასეთივე აბსტრაქტული სიუჟეტი შექმნა და გამოიგონა მასზე…

„სახელი „მერი“ მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში, მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელის, მერის – აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არცერთი „მერი“ ერთმანეთს არ ჰგავს. ასე ალექსანდრ ბლოკის „მერი“ – სიმბოლური სახებაა, ჩემი მერი – რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარასებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია“.

ბაბო დადიანის გადმოცემით, ლექსის გამოქვეყნების შემდეგ საქრთველოში რამდენიმე ქალი იჩემებდა, გალაკტიონმა „მერი“ მე მომიძღვნაო. ამის შესახებ ბაბო დადიანს უკითხავს გალაკტიონისთვის, რომელსაც უპასუხია, რომ იმდენად მომაბეზრეს ქალებმა „მერიზე“ შეკითხვებით, რომ ყველას ვეუბნებოდი, შენ მოგიძღვენიო…

ლექსს ალბათ ჰყავს კონკრეტული ადრესატი, მუზა… რომელმაც პოეტის სულიდან განცდათა ის ფოიერვერკი ამოაფრქვია, რაც ამ ლექსს განუმეორებლობას ანიჭებს. ამიტომ იყო, რომ ლექსის გამოქვეყნების შემდეგ მას ყველა იზეპირებდა.

მერი შერვაშიძის გადმოცემით, იგი არ იცნობდა გალაკტიონ ტაბიძეს, ბაბო დადიანისადმი გამოგზავნილ წერილში იგი წერდა: „დაიბეჭდა თუ არა ლექსი „მერი“, იმ პერიოდში ყველა საუბრობდა, რომ ტაბიძემ ეს ნაწარმოები მე მომიძღვნა. პირადად ჩემთვის მას ეს არ გადმოუცია… და ბოლოს, მე 1918 წელს დავქორწინდი…“ მერის ამით იმის თქმა უნდოდა, რომ გალაკტიონმა ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა და მასში მერის ჯვრისწერაზე იყო საუბარი, სინამდვილეში კი, მერი იმ დროს გათხოვილი არ იყო…

ამ ამბის შესახებ ფაქტები და ლოგიკა იმას ადასტურებს, რომ პოეზია ფაქტებისა და ლოგიკის მიღმაა და პოეტისთვის აუცილებელი არ იყო ფაქტი, მას შეეძლო ემოციურად გამოეგონებინა და გამოგონილი ისე გადმოეცა, როგორც რეალური… პოეზიის მთავარი შემადგენელი ყოველთვის შინაგანი განცდები და გრძნობებია და არა ის, რაც ხდება გარეთ.

კითხვები, რომლებიც ჩემს სტუდენტებს დავუსი ამ ლექსზე, შეგიძლიათ მოსწავლეებსაც დაუსვათ და მისცეთ თავისუფალი ინტერპრეტაციის და ესეს დაწერის შესაძლებლობა.

  • თქვენი აზრით, რომელი და როგორი გრძნობის მეტაფორიზებას ახდენს „მერის“ სახე ლექსში?
  • რომელია ყველაზე ემოციური სახე თქვენთვის ამ ლექსში და რატომ?
  • თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტები ლექსის ავტორისთვის და და რა მიმართებაა პოეტისთვის ფაქტებსა და გამონაგონს შორის?

 

ნათია კაპანაძე – სტუდენტი

მარტოობა ზოგიერთი ადამიანისთვის შესაძლოა საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალება იყოს, მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარ თავსაც და ცხოვრებასაც ასე თუ ისე იცნობს და ნაფიქრიც აქვს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება, მისთვის მარტოობა ტანჯვაა, თუმცა რაკი შეუძლებელია ბოლომდე თავის შეცნობა, შესაბამისად, ტანჯვა და მარტოობაც შეიძლება უსასრულო იყოს.

სიყვარული არ შეიძლება რაიმე ცუდთან ასოცირდებოდეს, თუმცა მან შეიძლება ტანჯვით ძალიან ბევრი რამ გასწავლოს. რისიც გჯეროდა და გწამდა, რაც შენთვის ღირებული იყო, შესაძლოა  ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერმა ფასი დაკარგოს, თუკი იმ რწმენას ჩაგიკლავენ, რისიც გწამდა.

მერი ჩემთვის იმედგაცრუების მეტაფორაა… ყოველთვის ასეა, ვინც გიყვარს, ყველაზე მეტად ის გტკენს. სიყვარული არასდროს გამორიცხავს ტკივილს, პირიქით, ვფიქრობ, რომ მისი თანმდევი ნაწილია. გალაკტიონის „მერის“ შემთხვევაში კი ეს იმედგაცრუება და სიყვარულიც ორივე გამოგონილია, თუმცა ეს ფაქტი ლექსის ემოციას სულაც არ ანელებს… და რა გამოდის? ჩვენ შეიძლება გვტკიოდეს ის, რაც არასდროს ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ რაც ყოველთვის არსებობს შესაძლებლობაში.

ყველაფერი ღირებული, რაც კი შექმნილა, უმეტესად ტკივილების და იმედგაცრუების ნაზავია, ეს არის შედეგი შინაგანი განცდების. იმის, რასაც ადამიანთა ნაწილი საკუთარ თავში იკლავს, ნაწილი ვერ უძლებს, უმეტესობა კი სხვადასხვა გზით ცდილობს გამოხატოს. გალაკტიონი კი იტყვის:

“ბედი, რომელიც მე არ მეღირსა,

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.”

ეს ტაეპი ჩემთვის ყველაზე ემოციურია ამ ლექსში და ყველაზე მეტად ასოცირდება რეალობასთან. ადამიანები მუდმივად ვფიქრობთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვიმსახურებთ, თუმცა იმის მისაღებად რაც გვსურს,  არაფერს ვაკეთებთ. გული გვწყდება, როცა რაც ჩვენ გვინდა, სხვას უსრულდება და ამას „ბედისწერას“ ვარქმევთ, ცხოვრებას ვაბრალებთ… რეალურად კი -ყველაფერი ჩვენი ბრალია, ადამიანების! ჩვენ ვართ საკუთარი ცხოვრების წამმართველნი და შეუძლებელია, ცდამ რაიმე შედეგი არ გამოიღოს. რუსთაველიც ხომ ამას გვეუბნება: „ბედი – ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდებისო!“

ფაქტებს დიდი როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში, რეალურად ფაქტი ერთადერთია, რასაც შეიძლება დავეყრდნოთ. თუმცა, გალაკტიონი უფრო საკუთარ გრძნობებს და ემოციებს ეყრდნობა, იმას, რაც ეგონა და არა იმას, რაც სინამდვილეში იყო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რეალობის არასწორი აღქმაა. რაღაცამ, რაც ძალიან გვინდა, შესაძლოა არასწორ შეხედულებებამდე მიგვიყვანოს და იმაზე მეტი ტკივილი მოგვაყენოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

გალაკტიონის ყველა ლექსი ჩემში ღრმა შინაგან ემოციას იწვევს, მაგრამ ამ ლექსში მისი განცდები ჩემთვის სულიერ ტკივილზე მეტად იმედგაცრუებით გამოწვეულ ტანჯვას უფრო გამოხატავს.

 

აზა ბარქაძე – სტუდენტი

გალაკტიონის „მერი“… ხშირად მიფიქრია, ყოველ ჯერზე ამ ლექსის წაკითხვისას რატომ ვხვდები სხვადასხვა სამყაროში, რატომ ჩამესმის განსხვავებული მუსიკა, როგორ ხდება ისე, რომ ან თავი ჯვარცმული მგონია, ანდა – ჯვარმცმელი. ამეკვიატება ხოლმე სხვადასხვა გრძნობა: მწუხარების, შიშის, იდუმალების, მარტოსულობის, უსამართლობის, უსუსურობის და მაინც… ახლა ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი ღირდა, რომ ამ ლექსის თავიდან წასაკითხად მომეკრიბა ძალა.

ჩემთვის ყველაზე ემოციური ფრაზა კი ესაა ამ ლექსში:

,,ბედი რომელიც მე არ მეღირსა,

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი’’.

თუმცა ყოფილა ისეც, რომ პარალელი ვერ მიპოვნია ლექსით გამოწვეულ შეგრძნებებსა და ჩემს გამოცდილებებში, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, რომ ლექსი არ განმეცადოს.  მე არც მერი მყოლია და არც მერის მსგავსი ვინმე, მაგრამ მაინც  მრჩება ამ ლექსიდან მარტოსულობის, გამოუთქმელობის განცდა. სწორედ ეს წარმოადგენს პოეზიის ძალას.

ოთარ ჭილაძის სიტყვები მახსენდება ახლა, რომ ,,პოეზია აიძულებს ადამიანს, ამაღლდეს ყოველდღიური ყოფის წვრილმანებზე და საკუთარ სულში შეიგრძნოს სამყაროს უსასრულობა.’’ ვფიქრობ, პოეტის შემთხვევაშიც სრულიად დასაშვებია ის ფაქტი, რომ განიცადოს, რაც თავს არ გადახდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ფაქტებს… პოეტი  ხომ თან მიწიერი არსებაა, თან – არამიწიერი… ასე რომ ვთქვათ: „არც მიწისაა, არც ცისა“, შეუძლია, ერთნაირად განიცადოს  ფაქტიც და  ფანტაზიაც.

,,ჯერ არნახული განცდით,

და არგანვლილი გზით,

მე ყველა საზღვარს გავცდი,

რომელიც თავში ზის,

მე  რეაქციას ვიწვევ და რეაქცია  მშობს…’’

ირაკლი ჩარკვინის ამ ლექსის გახსენებისას ყოველთვის ვფიქრობ, თუ რამდენჯერ მომიწია ფიქრით გადავვარდნილიყავი იმ მორევში, რომელიც რეალურ ცხვოვრებაში არ გამომიცდია…

 

 

 

 

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი…

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს…

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, –

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და… მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი