პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სწავლების ეთიკა- ნორმები და სამართლებრივი რეგულაციები

სასწავლო პროცესი არ არსებობს ეთიკასთან დაკავშირებული ნორმებისა და ქცევის წესების გარეშე. საქართველოში მოქმედებს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, რომელიც ნორმატიული აქტია და დამტკიცებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ.

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმები და რეგულაციები ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც საქმიანობენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ეთიკის კოდექსი ადგენს მოსწავლეებთან, მშობლებთან, სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობის სტანდარტს

I. მოსწავლეებთან ურთიერთობა
მასწავლებელი:

ეხმარება მოსწავლეს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში;
მოსწავლის მრჩეველია და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში;
მოსწავლეს არ აყენებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასეთი გადაცდომისთვის მასწავლებელს მკაცრი სანქცია დაეკისრება;
არ ახდენს ემოციურ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსწავლეზე;
ისმენს მოსწავლეთა აზრს, შეხედულებებს და იღებს ობიექტურ, სამართლიან გადაწყვეტილებებს, კონფლიქტურ სიტუაციაში კი ინარჩუნებს სიმშვიდეს;
სასწავლო პროცესის განმავლობაში ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;
მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს;
პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოხატვისთვის;
არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) ან პოლიტიკურ პროპაგანდას;
მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისთვის არ იყენებს;
თანაბარ ყურადღებას იჩენს ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესისა, რასისა, ენისა, რელიგიისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი მდგომარეობისა ან სხვა ნიშნისა.
II. მშობლებთან ურთიერთობა
მასწავლებელი:

თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან;
საჭიროების შემთხვევაში აწყობს ინდივიდუალურ შეხვედრებს;
მშობლის მიმართ თავაზიანია;
მშობელს უხსნის და განუმარტავს სასწავლო გეგმას და თავის არჩეულ სწავლების მეთოდებს;
მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ;
თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მათთან დაკავშირება;
ატყობინებს მშობელს შვილის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში;
უზრუნველყოფს მშობლის დაუყოვნებლივ ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში ან მის ჯანმრთელობას თუ პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.
III. კოლეგებთან ურთიერთობა
მასწავლებელი:

თანაბარი პატივისცემით ეპყრობა კოლეგებს, განურჩევლად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა;
ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან;
თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.
IV. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე
ეთიკის კოდექსის დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს სათანადო სანქცია.

მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება განხორციელდეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესაბამისად.

მინისტრის მიერ დამტკიცებული მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი ეხება საჯარო სკოლის მასწავლებელს. კერძო სკოლის მასწავლებლის შემთხვევაში დისციპლინური წარმოების წესს განსაზღვრავს სკოლა.

დისციპლინური სახდელებია:

შენიშვნა;
საყვედური;
სასტიკი საყვედური;
სამსახურიდან გათავისუფლება.
თუმცა სკოლის შინაგანაწესით შესაძლებელია განისაზღვროს დისციპლინური სახდელის სხვა სახე.

აღსანიშნავია, რომ ერთი გადაცდომისთვის მასწავლებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ერთი სანქცია. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც ლახავს მასწავლებლის პატივსა და ღირსებას.

დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გასათვალისწინებელია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი.

მასწავლებელს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დისციპლინურ წარმოებაში და გამოთქვას თავისი მოსაზრებები და შეხედულებები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი