განათლება   დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. შშმ პირთა უფლებები და გამოწვევები

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა  დაცვის საერთაშორისო  დღეს აღნიშნავს. ადამიანის უფლებებზე საუბრისას კვლავაც აქტუალური რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. შშმ პირთათვის სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა    გამოწვევად რჩება ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვისაც. თუ კი განათლების საბოლოო  მიზანი ინდივიდისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების შექმნის უფლებაა, შშმ პირებს ამ მიზნის განხორციელებაში სხვადასხვა მიზეზთა გამო, კვლავ ბარიერები ექმნებათ.

 

მაკა ნათელაური 29 წლისაა და ეტლით გადაადგილდება, ისიც მშობლების დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ხშირად დაესწროს სხვადასხვა საჯარო შეხვედრებს, მისი  ცხოვრება, მეტწილად, ვირტუალური სამყაროს საზღვრებშია მოქცეული. მაკა ინტერნეტის საშუალებით სწავლობს ინგლისურს და  მეგობრებთანაც ასე ურთიერთობს. მართალია, სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრა, თუმცა კარგად ახსოვს მასწავლებლის რეაქცია, როდესაც მან უთხრა, რომ სურდა განათლებული ყოფილიყო. ,,მახსოვს სწავლა ძალიან მინდოდა და როდესაც ერთ მასწავლებელს ვუთხარი, რომ მინდოდა განათლებული ვყოფილიყავი, მან მხოლოდ  სიცილი დამაყარა” – იხსენებს მაკა სკოლის გამოცდილებას. მაკა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზრდასრული ადამიანია, სიამოვნებით გააგრძელებდა სწავლას, მიიღებდა განათლებას და იმუშავებდა იმ სფეროში, რომელიც აინტერესებს, თუ კი გარემო იქნებოდა ადაპტირებული მის საჭიროებებთან.

 

2016 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა- იუნისეფმა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა შესახებ გავრცელებული მასტიგმატიზებელი წარმოდგენების კვლევა ჩაატარა. კვლევაში წარმოდგენილი ანგარიშები  ასახავს ქართული საგანმანათლებლო სისტემის პრობლემებს ამ მიმართულებით. კვლევის მიზანი შშმ ბავშვთა მიმართ ქართულ საზოგადოებაში არსებული მასტიგმატიზებელი წარმოდგენების და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება იყო. კვლევამ წარმოაჩინა ის გარემოებები, რომელიც შშმ ბავშვებს სრულფასოვანი სწავლის უფლებას უზღუდავს. მოუწყობელი და არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, სპეციალური სასწავლო პროგრამების და სპეციალური პედაგოგების ნაკლებობა, შშმ ადამიანებთან დაკავშირებული სტიგმები , წინასწარგანწყობები  და ა.შ.  კვლევის თანახმად , სხვადასხვა საჯარო სივრცეებს შორის,  სკოლა ისევ  რჩება ერთ-ერთ სოციალურ სივრცედ,  სადაც შშმ ბავშვთა სტიგმატიზაცია ხდება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  მოსწავლისთვის იქაურობა დისკრიმინაციულ ატმოსფეროდ იქცევა, რაც ასევე აფერხებს და ეწინააღმდეგება  ინკლუზიური განათლების კონცეფციას.

 

ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი  ანა აბაშიძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გაძლიერების მთავარ ფაქტორად განათლებას მიიჩნევს, რაც მათი  დამოუკიდებელი  ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია. ანას  ვესაუბრეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე.  გთავაზობთ ამ ინტერვიუს:

 

_რა ბარიერები ექმნებათ შშმ პირებს განათლების მიღების პროცესში და  საგანმანათლებლო სივრცეში მათთვის როგორი  ატმოსფეროა?

 

 

_საქართველოში არსებულ სიტუაციას რომ შევეხოთ, მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ განათლების სამინისტრო  ამ მხრივ აქტიურია და მართლაც,  ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული სამინისტროა იმ თვალსაზრისით, რომ ინკლუზიური განათლების კუთხით საკმაოდ ბევრი პროექტი განახორციელა.  ის რომ   ეტლის მომხმარებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის  მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია სივრცეები, ეს არ  ნიშნავს,რომ ყველაფერი  იდეალურადაა და არც  იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ეტლით მოსარგებლე. რაც შეეხება უსინათლოებს, მენტალური ან კოგნიტური შეფერხების მქონე ბავშვებს  და ა.შ.,  ამ მიმართულებით  კვლავაც  არსებობს  ძალიან ბევრი პრობლემა. პირველი_ სტერეოტიპული ბარიერია, როდესაც წარმოდგენები, ცრურწმენები  ხანდახან ხილულ და ხანდახან უხილავ ბარიერს აღმართავს და  ბავშვს გარიყავს სკოლისგან. ასეთი ამბები კი ყოველდღიურად გვესმის, ყოველდღიურად გვირეკავენ მშობლები და გვიყვებიან ამ პრობლემებზე. ეს მენტალური, ემოციური ბარიერია, მეორეა – ინფრასტრუქტურა, რამდენად არის მზად სკოლა ინფრასტრუქტურულად. ყველა ტიპის მოთხოვნას, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საჭიროებს, სკოლის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს. მესამეა – სათანადო სერვისი,  ზოგადად ყველა ბავშვი  ინდივიდუალურია. როდესაც  შეზღუდულ შესაძლებლობებზეა საუბარი , კიდევ უფრო სპეციფიკური ხდება  საჭიროებები, რაც პირდაპირ მიბმულია ფინანსურ და ადამიანურ  რესურსებთან.

 

ამ პრობლემის რა ნაწილია  მასწავლებელი? ხშირად გვესმის რომ საკლასო ატმოსფერო დისკრიმინაციულია, რაც კიდევ დამატებით პრობლემებს იწვევს…

 

თქვენ იცით იუნისეფის ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 2016 წელს.  გამოკვლეული იყო სხვადასხვა ინსტიტუტებში დამკვიდრებული სტერეოტიპები, რომელიც პრობლემას უქმნის შშმ ბავშვებს. სამწუხაროდ, კვლევამ დაადგინა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა  მოდის სკოლებიდან, პედაგოგებისგან და ასევე მშობლებისგან. დამკვიდრებული სტერეოტიპები ხელს  უშლის პროფესიონალებს ხარისხიან მომსახურებაში.  ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპრაკობთ უმრავლესობაზე და არა გამონაკლისებზე. ძირითადად, პედაგოგებს არ სჯერათ ბავშვთა შესაძლებლობების ; ისინი ორიენტირებული არიან იმაზე, თუ რა არ შეუძლია შშმ ბავშვს , და არა იმაზე,  თუ რა პოტენციალი აქვს, რაში უნდა დაეხმაროს და გააძლიეროს. რწმენის ნაკლებობა ყველა საქმეში და, განსაკუთრებით, შეზღუდულ შესაძლებლობასთან მიმართებაში, სადაც ისედაც უამრავი ბარიერია, პრაქტიკულად ხელს უშლის შშმ პირს სარგებელი მიიღოს. ასევე დგას პროფესიონალი პედაგოგის და სპეცპედაგოგის საჭიროების საკითხიც, რომ შშმ ბავშვმა მიაღწიოს იმ აკადემიურ მიზნებს, რაც სკოლას აქვს დასახული კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში.

 

რას სთავაზობს სკოლა შშმ ბავშვს? რამდენად ეხმარება დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში?

 

დღევანდელი სკოლა, პრაქტიკულად მინიმალურ მომსახურებას სთავაზობს შშმ ბავშვს,  რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დასწრებას სასწავლო პროცესზე და არა მის აკადემიურ განვითარებას. მთლიანობაში განათლება მისი ხარისხით განისაზღვრება, რაც იმას გულისხმობს, რომ  პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს დასაქმებას და დამოუკიდებელ ცხოვრებას. დღეს კი რა ხდება? გვაქვს პრობლემათა ერთობლიობა, რომელიც არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მიმართებაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე არასრულფასოვანი განათლება მიღებული აქვთ შშმ პირებს,რაც იწვევს იმას,  რომ ამ ადამიანებს შემდგომ ვეღარ ვხედავთ ვერც დასაქმების სისტემაში, აღარ ვლაპარაკობ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ეს ყველაფერი გამოწვეულია განათლების ხელმიუწვდომლობით. ამიტომ არის სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა მათთვის უპირველესი და აუცილებელი. დამოუკიდებელი ცხოვრება სხვანაირად წარმოუდგენელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

comments