პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შემოდგომის რეცეპტები მასწავლებლებისთვის

სწავლა-სწავლების პროცესში საგანთა ინტეგრირებულად სწავლების ეფექტურობაზე უკვე აღარავინ კამათობს. საქართველოშიც იყენებენ სწავლების ინტეგრირებულ მიდგომებს, თუმცა ნაკლებად შემხვედრია საერთო თემის გარშემო გაერთიანებული ორზე მეტი მასწავლებელი/დისციპლინა და ეს გაერთიანებაც, უმეტეს შემთხვევაში, სპონტანური და ერთჯერადია. ხშირად მასწავლებელთა ამგვარ ტანდემს ხელს საგნობრივი სწავლებისთვის დამახასიათებელი ჩარჩოები და საგაკვეთილო საათებად ჩაშლილი დღის განრიგი უშლის. სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგები ვერ ახერხებენ ერთმანეთის გაკვეთილებზე შესვლას. თან საგნობრივი სწავლების მოდელს ერთი მინუსი აქვს – ერთი საგნის მასწავლებელმა არ იცის, რა ხდება სხვა დისციპლინებში, ანუ კიდევ რა თემებს შეისწავლიან მისი  მოსწავლეები. რაღა შორს წავიდე, არც მე ვიცი, რას გადიან ჩემი მოსწავლეები მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა თუ  უცხო ენის გაკვეთილებზე. ინტეგრაციის მულტიდისციპლინური მოდელის განხორციელებას კი საერთო სასწავლო თემებზე შეჯერება და კოორდინირებულად მუშაობა სჭირდება. რაც მთავარია, ამ მოდელის არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება, ანუ საერთო თემის დამუშავების მიზნით ერთ გაკვეთილში რამდენიმე მასწავლებლის მონაწილეობა საჭირო აღარაა, რადგან მთელი სასწავლო პროცესი სწავლების ინტეგრირებული მიდგომით მიმდინარეობს.

რადგან ზემოაღნიშნულ მოდელს ყველა პედაგოგის აქტიური ჩართულობა და სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის წინასწარ დროის/სახსრების გამოყოფა სჭირდება, მას იშვიათად იყენებენ. სიღრმისეულ სწავლებაზე ორიენტირებული მასწავლებლები უფრო ხშირად ირჩევენ ინტეგრაციის ინტერდისციპლინურ მოდელს, რომელიც ერთი მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესში თემის სხვადასხვა საგნის ჭრილში განხილვას გულისხმობს. მეც სწორედ ამ მოდელს მივმართავ და მაგალითად წარმოგიდგენთ შემოდგომის თემაზე დაგეგმილ საგაკვეთილო კვირეულს, რომელშიც გაერთიანებულია ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების მიმართულებებისთვის დამახასიათებელი თემები და აქტივობები.

 

შემოდგომის რეცეპტები

რეცეპტი N1 – ტყე და შემოდგომა

სასწავლო მასალა: ,,ნეკერჩხალი“ (გ.ჭიჭინაძე)

გამოწვევის ფაზა:

ა) მოსწავლეები გაიხსენებენ მათთვის ნაცნობი ხეების სახელებს, რა იციან ხეების შესახებ (ფოთლოვანი, წიწვოვანი) და აღწერენ, როგორ გამოიყურება ტყე შემოდგომაზე.

ბ) მოსწავლეები მოისმენენ შოპენის ,,შემოდგომის ვალსს“ (კავშირი მუსიკასთან) და იმსჯელებენ, რა განწყობის მატარებელია აღნიშნული კომპოზიცია, რატომ შეიძლება იყოს შემოდგომა სევდიანი ან მხიარული; რასთან დააკავშირებდით ამ მელოდიას – რთველთან/მოსავლის აღებასთან თუ ფოთოლცვენასთან/წვიმიან დღესთან? რატომ?.. (შეგვიძლია გამოვიყენოთ რეფლექსიის ფორმა და მოსწავლეებს მუსიკის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილების ტექსტის ან ნახატის სახით გადმოცემა ვთხოვოთ)

პრეზენტაცია – ,,ფოთოლცვენა“ (კავშირი ბუნებისმეტყველებასთან) – მოსწავლეები შეიტყობენ, რატომ ეცვლება ფოთლებს ფერი და რატომ სცვივა ხეებს ფოთლები.

კითხვა (ქართული ენა და ლიტერატურა) – ,,ნეკერჩხალი“ (გივი ჭიჭინაძე). მასწავლებელი კითხულობს ლექსის ნაწყვეტს (ბოლო ორი სტრიქონის გარდა) და მუშაობს შემდეგ აქტივობაზე:

ა) ,,ვარაუდის ღრუბელი“ – ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს ურიგდებათ ღრუბლის შაბლონები და სადისკუსიო თემები. მოლაპარაკების შემდეგ მოსწავლეებმა თავიანთი ჯგუფების ღრუბლებში უნდა ჩაწერონ სავარაუდო პასუხები შემდეგ სამსჯელო საკითხებზე: რას შეიძლება გაეჩინა ტყეში ხანძარი? (ადამიანის დაუდევრობა, მაღალი ტემპერატურა და სხვ.);  რამ შეიძლება ხელი შეუშალოს ცეცხლის ჩაქრობას? (ქარი, უწყლობა, დაგვიანებული რეაგირება და სხვ.); შეძლებენ თუ არა ფრინველები ცეცხლის ჩაქრობას? (,,ნისკარტებით მიაქვთ წყალი“); ბუნების რომელი მოვლენა შეიძლება მივამსგავსოთ ხანძარს (მზის ჩასვლა/ამოსვლა, ფოთლების ფერიცვალება და ა.შ.).

ბ),,სიტყვის რუკა“ (სიტყვა, განმარტება, სინონიმი, ანტონიმი, ციტატა ტექსტიდან, შესასწავლი სიტყვის გამოყენებით ახალი წინადადების შედგენა და ა.შ.) – მასწავლებელი კითხულობს ლექსის ბოლო სტრიქონებს და მოსწავლეების დახმარებით ავსებს სპეციალურ სქემას სიტყვაზე ,,ღუის“

,,ფოთლების რიგი“ (კავშირი მათემატიკასთან) – მოსწავლეებს ურიგდებათ სავარჯიშო ფურცლები (ან მუშაობენ ბუკებში ტესტის ელექტრონულ ვერსიაზე), რომლებზეც გამოსახულია ფოთოლთა მწკრივი/ჯგუფი – მოსწავლეებმა უნდა შეავსონ თითოეული რიგი ინსტრუქციის შესაბამისად.

სავარაუდო ინსტრუქციები: შეავსე ფოთოლთა მწკრივი ოცამდე, დააჯგუფე ფოთლები ათეულებად და დათვალე (რამდენი ათეულია/ერთეულია), შეავსე (ჩახატვა) ან ამოიღე (გადახაზვა) დაჯგუფებული ფოთლებიდან ზედმეტი ერთეულები; დაწერე, რამდენი ათეული და რამდენი ერთეული ფოთოლი მიიღე და ა.შ.

აპლიკაცია N1 (კავშირი ხელოვნებასთან) –  საერთო ფორმატზე იხატება ხე, რომლის ტოტებზეც მოსწავლეები დააწებებენ გამოჭრილ-გაფერადებულ ნეკერჩხლის ფოთლებს, ცას ,,ვარაუდების ღრუბლებით“ შეავსებენ. ფოთლებზე ასევე შეიძლება დაიწეროს შესწავლილი ლექსის სტრიქონები.

აპლიკაცია N2 (კავშირი ხელოვნებასთან)  – მოსწავლეები ასევე სიამოვნებით დაამზადებენ შემოდგომის ტყეს. თავდაპირველად უნდა გაფერადდეს და გამოიჭრას ხეების მცირე ზომის კონტურები. თითოეულ ხეს წებოვანი ლენტით დავაკრავთ ე.წ. კბილის ჩხირებზე და პლასტელინის ბურთულებით დავამაგრებთ სასურველ ,,ნიადაგზე“. თუ ,,შემოდგომის ხალიჩის“ დასამზადებლად ნამდვილ ფოთლებს, პატარა გირჩებს და რკოებს გამოვიყენებთ, ,,ტყე“ ნამდვილი შემოდგომის სურნელით აივსება.

 

რეცეპტი N2  – განწყობის პალიტრა

სასწავლო მასალა: ,,შემოდგომის ესკიზი“ (დ. ქართველიშვილი)

გამოწვევის ფაზა: მოსწავლეები ვარაუდებს გამოთქვამენ მოთხრობის სათაურთან დაკავშირებით (რას შეიძლება ნიშნავდეს სიტყვა – ესკიზი? ვარაუდების გამოთქმის შემდეგ მასწავლებელი განმარტავს სიტყვას)

კინოჩვენება:  ,,The Blue Umbrella“ (მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი) – ფილმის ნახვის შემდეგ სასურველია მსჯელობის წარმართვა შემდეგ თემებზე: რით უკავშირდება ეს ანიმაცია გაკვეთილის თემას? შეიძლება თუ არა დავარქვათ მას ,,შემოდგომის ესკიზი“ და ა.შ.

კითხვა: ,,შემოდგომის ესკიზი“ (ქართული ენა და ლიტერატურა) – მოთხრობის წაკითხვისა და სიღრმისეულად გააზრების შემდეგ, მოსწავლეები შეეცდებიან, თავადაც შექმნან ესკიზები.

,,შემოდგომის ესკიზი“ (კავშირი ხელოვნებასთან) – მოსწავლეები ხატავენ ესკიზს ზემოაღნიშნული ანიმაციური ფილმიდან ან შესწავლილი მოთხრობიდან.

პრეზენტაცია ,,საით მიფრინავენ წეროები“ – მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე, მოსწავლეები მოისმენენ რამდენიმე საინტერესო ფაქტს/ლეგენდას ერთ-ერთ გადამფრენ ფრინველთან –  წეროსთან დაკავშირებით და ნახავენ დოკუმენტურ ვიდეომასალებს.

,,ვთამაშობთ და ვსწავლობთ“ერთ წრედ შეკრული მოსწავლეები ჩაერთვებიან ყველასათვის ნაცნობ თამაშში ,,წეროები მიფრინავენ..“  (კავშირი მათემატიკასთან: ორნიშნა რიცხვების დასახელება/დათვლა)

 

რეცეპტი N3 – შემოდგომის გემო

სასწავლო მასალები:  ,,რთველი“ (გ. ჭიჭინაძე); ,,ჩურჩხელები“ (ვ. გულეური)

გამოწვევის ფაზა: მოსწავლეები ისაუბრებენ რთველთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებაზე და გაიხსენებენ მათთვის ნაცნობ ყურძნის ჯიშებს.

კითხვა: ლექსის (,,რთველი“) წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეები მეხსიერებით ან ნიმუშის მიხედვით (ნატურიდან ან ფოტოდან) დახატავენ ყურძნის მტევნებს (კავშირი ხელოვნებასთან) და მარცვლებში ჩაწერენ რთველთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებს; იმსჯელებენ ტროპებზე, ამოიცნობენ ლექსის განწყობას და ა.შ.

პრეზენტაცია ,,ვაზი და ყურძენი“ (კავშირი ბუნებისმეტყველებასა და ეთნოგრაფიასთან) – მოსწავლეები გაეცნობიან ლექსში ნახსენებ ყურძნის ჯიშებს – მათ წარმომავლობას, გარეგნულ და თვისებრივ მახასიათებლებს; ნახავენ ვაზის ჩაყრის, ვენახის მოვლის, რთველის და ყურძნის დაწურვის ამსახველ დოკუმენტურ ვიდეომასალებს.

კითხვა: შემდეგი შეხვედრისთვის განკუთვნილი ტექსტი (,,ჩურჩხელები“) ლოგიკურად აგრძელებს რთველის თემას. მოთხრობის წაკითხვამდე მოსწავლეებს გავახსენებთ, როგორ/რაში წურავენ ყურძენს და რისი დამზადება შეიძლება მისი წვენისგან. ტექსტში გამოყენებული უცხო ლექსიკური ერთეულები მარცვლებად მიემატება წინა შეხვედრაზე დამზადებულ ,,სიტყვის მტევანს“.

შემოდგომის რეცეპტები – მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ხელნაწერი კულინარიული კრებულის შედგენას, სადაც პირველ რეცეპტად ,,ჩურჩხელების დამზადება“ ჩაიწერება. პირველ რიგში, მოთხრობიდან ამოვწერთ ინგრედიენტებს, შემდეგ კი მომზადების წესს შევადგენთ. უქმეებზე მოსწავლეები სასურველი ნუგბარის რეცეპტებს ოჯახის სამზარეულოშიც მოიძიებენ და კრებულს ახალ-ახალი კერძებით გაამდიდრებენ.

თათარაობა – კულინარიის თემა სამზარეულოში ძალების მოსინჯვასაც ითხოვს. ამ აქტივობაში უფროსკლასელებიც შეგვიძლია ჩავრთოთ – ნიგვზის/თხილის ასხმულები და თათარა მოვამზადებინოთ. ჩურჩხელების ამოვლება კი პატარებს მივანდოთ. თავიანთი ხელებით დამზადებულ-ამოვლებული ჩურჩხელის გემო ალბათ არასდროს დაავიწყდებათ.

 

მართალია, ზემოაღნიშნული გაკვეთილები მეორე კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მსგავსი აქტივობების დაგეგმვა ყველა საფეხურზეა შესაძლებელი, მაგალითად: რთველში მონაწილეობის მიღება ან რომელიმე მარნის მონახულება, საწნახელში ყურძნის დაწურვა, ქართული ტკბილეულის მომზადება (თათარა/ფელამუში ჩურჩხელა/კუკრუჭანა, ჩირი, ჩამიჩი, ლეღვის ტყლაპი, გოზინაყი, ნაზუქი, ქადა…), გაკვეთილები შემოდგომის ტყეში, ფოთლებზე ექსპერიმენტების ჩატარება (მაგალითად, ფოთლიდან საღებავის გამოყოფა) და სხვ. მთავარია, გაკვეთილზე გამოყენებული ინგრედიენტებით სასურველი გემოსა და თვისებების მატარებელი კერძის მომზადება შეძლოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი