მითები აღზრდის შესახებ (გაგრძელება)

მითი: ბავშვები არ იტყუებიან, ისინი მხოლოდ ფანტაზიორობენ.

როგორ გავიგოთ, იტყუებიან თუ არა ბავშვები? როგორც კანადელი მკვლევარი ვიქტორია ტალვარი (ვიქტორია ტალვარი გახლავთ ბავშვთა ფსიქოლოგი. ის არის წამყვანი მკვლევარი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იკვლევს ტყუილებს ბავშვთა ასაკში) ამბობს – საბოლოო ჯამში ეს სრული ლატარიაა, ზუსტად ვერასდროს განსაზღვრავ იტყუება თუ არა ბავშვი. უნდა ითქვას, რომ ზრდასრული ადამიანების გარკვეული ნაწილი დარწმუნებულია, რომ გოგონები გაცილებით ნაკლებად იტყუებიან, ვიდრე ვაჟები, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. ასევე, არსებობს შეხედულება, რომ მცირე ასაკის ბავშვები უფრო მეტად იტყუებიან, ვიდრე შედარებით მოზრდილები. აქაც, რეალობა სრულიად საპირისპიროა. და კიდევ ერთი, ადამიანები რატომღაც ნაკლებად ენდობიან ინტროვერტული ტემპერამენტის მქონე პატარებს, რომლებიც გაცილებით იშვიათად ცრუობენ, რადგან მათ ნაკლებად აქვთ განვითარებული ის სოციალური უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა ტყუილის წარმატებით შესანიღბავად.

ყველას მოეხსენება, რომ არსებობს უამრავი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ზრდასრულ ადამიანებში სიცრუის დადგენა, თუნდაც ხმის ტემბრის, გაფართოებული თვალების გუგების, თვალების მოძრაობის, თხრობაში სენსორული დეტალების არარსებობის და თხრობის ქრონოლოგიის მიხედვით. თუმცა ბავშვების შემთხვევაში ამ კრიტერიუმების გამოყენება იგივეა, რაც ქვიშაზე მკითხაობა.

მშობლები, როგორც წესი, დარწმუნებული არიან, რომ შესანიშნავად გრძნობენ, როდის იტყუება მათი პატარა. ვიქტორია ტალვარმა კი კვლევების საშუალებით დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, მშობლებს ძალიან უჭირთ შეეგუონ იმ აზრს, რომ მათი შვილები ხშირად ცრუობენ. „ჩვენ არასოდეს მოგვისმენია ნიკას რაიმე ტყუილი ეთქვას“; ან „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნიკა არ იტყუება, მაგრამ თუ რამე ამის საწინააღმდეგოს მოვისმენთ, ძალიან გაგვიკვირდება“ – ვფიქრობთ, ნებისმიერი მშობელისთვის ნაცნობი ფრაზებია.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მეცნიერებმა ათასამდე ბავშვს ჩაუტარეს, ე.წ. „ცდუნების პარადიგმის ტესტის“  სხვადასხვა ვარიანტი. ამ კვლევების შედეგებმა თავდაყირა დააყენა ჩვენი შეხედულებები. პირველ რიგში, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბავშვები სწავლობენ ტყუილების თქმას გაცილებით ადრეული ასაკიდან, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. ვიქტორია ტალვარის მიერ შემუშავებული თამაში, რომელსაც მკვლევარმა „თვალთვალი“ დაარქვა, სამი წლის ასაკის პატარებთან ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვების მესამედი აუცილებლად დაიწყებს თვალთვალს, მაგრამ აუცილებლად გულწრფელად „აღიარებს“ ამ ცუღლუტობას. მაგრამ უკვე ოთხი წლის ასაკიდან, პატარების 80% სრულიად დაუბრკოლებლად მიადევნებს თვალს აკრძალულ გარემოებას და თანაც ისე, რომ არ აღიარებს „ცოდვას“. აქვე გვინდა ვთქვათ, რომ ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ უფროსი და-ძმა, ოთხი წლის ასაკზე ადრეც კი იწყებენ ცრუპენტელობას.

მშობლები, უმეტეს შემთხვევაში არ იბრძვიან ამ პრობლემის გამოსასწორებლად, რადგან თვლიან, რომ მსგავსი ტყუილები სრულიად უცოდველია. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვი ძალიან პატარაა და სერიოზულად არ ღირს მსგავსი რამეებისათვის ყურადღების მიქცევა. უფროსებს მიაჩნიათ, რომ ამ ასაკის პატარას, ჯერ არ ესმის, რა არის ტყუილი, მით უმეტეს არ ესმის ის, რომ ტყუილის თქმა არ არის კარგი. „გაიზრდება, თავად მიხვდება ყველაფერს და ტყუილების თქმასაც თავს დაანებებს“… აი, სწორედ ასეთი შეხედულებაა მცდარი, მიაჩნია გამოცდილ მკვლევარს.

რაც უფრო კარგად შეუძლია ბავშვს, გაარჩიოს ტყუილი და ჭეშმარიტება, მით მეტია ალბათობა, რომ ის გაცილებით ხშირად იცრუებს. მკვლევრებმა დაადგინეს,  რომ ის ბავშვები, რომლებიც ადვილად არჩევენ სხვების ტყუილებს, თავადაც ადვილად იტყუებიან. ბავშვთა აღზრდის შესახებ მრავალ პოპულისტურ სტატიაში შეხვდებით ისეთ მოსაზრებას, რომ ასაკთან ერთად ბავშვები თავადვე გადაეჩვევიან ტყუილების თქმას. ჩვენ გვსურს დავამსხვრიოთ ეს მითი და დაგარწმუნოთ, რომ თუ არაფერს არ იღონებს მშობელი მისი ცრუპენტელა პატარას მავნე ჩვევასთან საბრძოლველად, მომავალში მისი ბავშვი სულ უფრო მეტად მიეჩვევა ტყუილებს. აქვე მცირე სტატისტიკას მოვიშველიებთ თანამედროვე კვლევებიდან: ოთხი წლის ასაკის პატარები სახლში დაახლოებით ორ საათში ერთხელ იტყუებიან, ხოლო უკვე ექვსი წლის ასაკისათვის – საათში ერთხელ.

ბავშვების 96 პროცენტი იმ შემთხვევაში ამბობს ტყუილს, როდესაც სურს დამალოს საკუთარი ურჩობა. ანუ, როდესაც პატარა აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს – ცდილობს დამალოს საკუთარი საქციელი სიცრუის მეშვეობით. ეს ყველაფერი იმდენად ხშირად ხდება, რომ მშობლები პრაქტიკულად ყურადღებას აღარ აქცევენ ასეთ წვრილმანებს. ვფიქრობთ, მშობლების ძალიან მცირე ნაწილი ცდილობს ბავშვებს ასწავლოს, რა არის ცუდი და რა არის კარგი. ასეთი მშობლებიც კი მხოლოდ პატარას მიერ ჩადენილ არასწორ ქცევაზე მიუთითებენ და არა ტყუილის მეშვეობით ამ ქცევის დამალვის სრულიად მახინჯ ჩვევაზე. ამიტომ პატარა ფიქრობს, რომ: „ცუდი საქციელი ისჯება და არა მის დასაფარად ნათქვამი ტყუილი“.

ამდენად ბავშვები სწავლობენ ტყუილების თქმას და შემდეგ მის დამალვას. პატარები ეჩვევიან აგრეთვე, რომ მათაც ეუბნებიან ტყუილებს. საქმე ის გახლავთ, რომ თავდაპირველად პატარები დარწმუნებული არიან სიცრუის არამართებულობაში, ისინი გაცილებით უარყოფითად არიან სიცრუის მიმართ განწყობილი, ვიდრე უფროსები. პატარებს დიდწილად მიაჩნიათ, რომ მატყუარა – ცუდი ადამიანია, სიცრუე – ამორალური საქციელია.

კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარი – პოლ ეკმანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბავშვთა ასაკის ტყუილების კვლევა, ასეთ მაგალითს ჰყვება: სამშაბათს საბავშვო ბაღიდან შინ მომავალმა მამამ, ხუთი წლის ვაჟიშვილს უთხრა, რომ შაბათს ისინი აუცილებლად წავიდოდნენ კალათბურთის მატჩის სანახავად. სახლში დაბრუნებისას მამამ შეიტყო, რომ ამავე დღეს და ამავე საათზე დედამ პატარა ცურვის გაკვეთილზე ჩაწერა და ამას ვერაფრით ვეღარ შეცვლიდნენ. ბიჭი, რომლის მამაც ცდილობს განუმარტოს მას  არსებული ვითარება, ძალიან ბრაზობს და მიიჩნევს, რომ ის მამამ მოატყუა. პატარები ნებისმიერ არასწორ დაპირებას ტყუილად აღიქვამენ. და ხშირად ისე ხდება, რომ უფროსები, უნებურად ისეთ სიტუაციებს ქმნიან, რომ ბავშვების თვალში მათ მიერ ნათქვამ ტყუილს გამართლებას უძებნიან. უფრო მეტიც, პატარები თანდათანობით „ხვდებიან“, რომ ტყუილის გარკვეული ფორმები მაინც მისაღებია.

უფროსები შესაძლოა კეთილსინდისიერებას უმთავრეს ღირსებად მივიჩნევდეთ, მაგრამ ბავშვის თვალში სწორედ ტყუილი არის ის, რაც უმაღლეს უნარ-ჩვევებს საჭიროებს. ბავშვი, რომელიც აპირებს ტყუილის თქმას, სინამდვილეში იცის სიმართლე. ის საკუთარ თავში ქმნის ალტერნატიულ რეალობას და ცდილობს, მასში სხვაც დაარწმუნოს. ესე იგი გამოდის, რომ  სიცრუის წარმატებული „გასაღებისთვის“ საჭიროა კოგნიტური უნარების განვითარების მაღალი დონე და პლუს სოციალური ურთიერთობების კარგად ფლობა. „ანუ გამოდის, რომ ეს ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია“ – ასკვნის ვიქტორია ტალვარი. და კიდევ: „ტყუილი დაკავშირებულია ინტელექტთან, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა ვებრძოლოთ“.

ბავშვები ცრუობენ, რათა თავიდან აიცილონ სასჯელი ცუდი საქციელისათვის. სამი წლის ბავშვი არწმუნებს დედას, რომ მას არ გაულახავს პატარა დაიკო და ამას ამტკიცებს მაშინაც კი, როცა ბებომ „ფაქტზე მიუსწრო“. ექვსი წლის ასაკისათვის იგივე ბიჭი მხოლოდ მაშინ იცრუებს, როცა დარწმუნებულია, რომ მის ცუდ საქციელს თვითმხილველები არ ჰყოლია.

ასაკის მატებასთან ერთად დასჯის თავიდან არიდების სურვილი ტყუილის თქმის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიზეზად რჩება. მაგრამ ბავშვებს თანდათან უჩნდებათ ემპათიის განცდა და უფრო მეტად იაზრებენ სოციალურ ურთიერთობებს და ამიტომ ტყუილის თქმისას შედარებით მეტად ითვალისწინებენ სხვების ინტერესებს. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება იცრუოს, რომ არ აწყენინოს მეგობარს.

თანდათან ტყუილი ახალ ფუნქციებს იძენს: მისი მეშვეობით ბავშვმა შესაძლოა მოიპოვოს ძალაუფლება და მეგობრების მანიპულირების უნარი. შესაძლოა აბრაზებდეს ვინმეს ან ტრაბახობდეს, რათა აიმაღლოს საკუთარი სტატუსი. დაწყებით საფეხურზე ბევრი ბავშვი იწყებს თანატოლების მოტყუებას სხვების მიბაძვით. ეს შესაძლოა ბავშვს სჭირდებოდეს ყურადღების მისაქცევად, „ორთქლის გამოსაშვებად“, თვითდამკვიდრებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გრძნობს, რომ რაღაცით ჩამორჩება თანატოლებს.

ტყუილის თქმის შემთხვევების მკვეთრი ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა და ის ამას ძალიან განიცდის. ტყუილი – შესაძლოა რაიმე სხვა უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი იყოს. „ტყუილი – ბავშვებისათვის თავის გადარჩენის სტრატეგიაა“.  ასე ფიქრობს  ვიქტორია ტალვარი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ექვსი წლის ასაკის ბავშვი, რომელიც ხშირად იტყუება, შესაძლებელია ასაკის მატებასთან ერთად გადაეჩვიოს ამ მავნე საქციელს. მაგრამ თუ ტყუილი ტაქტიკურ სვლად ჩამოყალიბდა, რომლის მეშვეობითაც ბავშვი რთული სოციალური სიტუაციებიდან გამოსავალს პოულობს, შესაძლოა ბავშვმა დიდი ხნის განმავლობაში განაგრძოს სიცრუის მეშვეობით ცხოვრება. აქვე, გვინდა შევნიშნოთ, რომ თუ ბავშვი შვიდი წლის ასაკში ხშირად იტყუება, ის, სავარაუდოდ, უფრო დიდ ასაკშიც არ მოერიდება ტყუილს.

იმისათვის, რომ ბავშვებმა მაღალი მორალური კატეგორიები შეითვისონ, წლებია საჭირო. მხოლოდ თერთმეტი წლის ასაკს მიღწეულ ბავშვებს შეუძლიათ გააცნობიერონ სიცრუის დამანგრეველი ეფექტი. ამ ასაკის ბავშვების 48% მიიჩნევს, რომ ტყუილი ანგრევს ნდობას, 22%-ს მიაჩნია, რომ სიცრუე დანაშაულის განცდას აჩენს. დანარჩენებს, ამ ასაკშიც კი, ტყუილის ნეგატიურ შედეგად მხოლოდ ის მიაჩნიათ, რომ მის გამო დაისჯებიან.

დასჯის შიში არანაირად არ ამცირებს ბავშვის მატყუარობას, ზოგ შემთხვევაში პირიქითაც კი ხდება – რაც უფრო მეტად ეშინია ბავშვს დასჯის, მით უფრო ვირტუოზულ მატყუარად ყალიბდება.

ახლა შეგახსენებთ ერთ ცნობილ ჭეშმარიტებას: ბავშვები იტყუებიან იმიტომ, რომ ისინი ამას ჩვენგან სწავლობენ. იმედია, ეს მცირე ამონარიდი ამერიკელი ავტორების პო ბრონსონის  და ეშლი მერიმენის წიგნიდან – „მითები აღზრდის შესახებ“ – დაგეხმარებათ და დაგაფიქრებთ იმაზე, როგორ იქცევით თქვენ, როგორც მშობელი, როგორც აღმზრდელი და უბრალოდ როგორც ზრდასრული ადამიანი.

კომენტარები

comments