ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბიჭი საზღვართან

მოზარდობის ხანა ხილულ თუ უხილავ საზღვრებთან სახიფათოდ მიახლოებისა და სხვადასხვაგვარად დაშორების მუდმივი მონაცვლეობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდილება ყველას წარსულის ნაწილია. აქ ახალი არაფერია. გამუდმებით ზღვარზე ყოფნა, შესაძლებლობების ამოწურვის ალბათობის ბოლომდე გაცნობიერება, უკანასკნელი ძალის დახარჯვა წონასწორობის შესანარჩუნებლად – ზოგს ასეთი ხვედრიც რგებია, თუმცა ჩვენ გარშემო – იშვიათად. ასეთი ამბები უფრო გადმოცემით ვიცით, წაგვიკითხავს, კინოში გვინახავს.

ისე მოხდა, რომ საუკუნეთა მიჯნაზე გადაღებული და მრავალ კინოფესტივალზე დაჯილდოებული ირანული ფილმი „მთვრალი ცხენების დრო“, რომლის რეჟისორიც ქურთული წარმოშობის ბაჰმან გობადია, მხოლოდ ახლა ვნახე. დარწმუნებული არ ვარ, სწორად თუ დავწერე რეჟისორის გვარი – ვფიქრობდი, იქნებ სულაც ღობადია-მეთქი. ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს არაპროფესიონალი მსახიობები – ბავშვები – წარმოუდგენელი ოსტატობით ასრულებენ, იმ სულისშემძვრელ სურათებს შორისაა, რომლებსაც ვერაფრით დაივიწყებ. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, აუცილებლად გემახსოვრება ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმა“ და მისი მთავარი გმირის სახე, გამოხედვა, მოძრაობები… ამავეს თქმა შეიძლება, ისევ ირანულ კინოს რომ დავუბრუნდეთ, მაჯიდ მაჯიდის „ზეცის შვილებსა“ და „სამოთხის ფერზე“, სადაც ყველაფერი ასევე ბავშვების გარშემო ტრიალებს და მათი სახეების შემხედვარე, ხვდები, რომ დანარჩენს აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.

ბავშვებზე გადაღებული ფილმი, სადაც სენტიმენტალიზმისთვის უმცირესი ადგილიც კი არ დაუტოვებიათ – ასეთია ბაჰმან გობადის „მთვრალი ცხენების დრო“. ირან-ერაყის საზღვართან მდებარე სოფელში ბავშვები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ – ზრდასრულებივით შრომობენ, კონტრაბანდისტებს დაჰყვებიან სახიფათო გზაზე და მათთან ერთად ეზიდებიან სხვადასხვა საქონელს. თითქოს მთელი სოფელია ჩაბმული ამ უკანონო საქმიანობაში – თავის გატანის ერთადერთ გზად მძიმე ტვირთის თრევა ქცეულა. საზღვრისპირა ტერიტორიები კი დანაღმულია და ადამიანის სიცოცხლესაც ჩალის ფასი ადევს…

თორმეტი წლის დაობლებულ აიუბს და-ძმებზე ზრუნვა საკუთარ თავზე აუღია. არაფერს ერიდება, არც კონტრაბანდისტების საშიშ და საეჭვო წამოწყებებს უფრთხის – უმცროსი დისთვის რვეული აქვს საყიდელი, ავადმყოფ ძმას კი მკურნალობა სჭირდება. სხვა გზა არ დარჩენია – მუდმივად ირანსა და ერაყს შორის უნდა იაროს, დამქანცველი დღის ბოლოს, შიმშილისგან შეწუხებული,  უმცირეს ულუფას უნდა დასჯერდეს. ერთი შეხედვით, ზრდასრულივით დადინჯებულია, სოფლელი კაცებივით სერიოზული – სათავისოდ არაფერს ითხოვს, ბოლომდე და-ძმებისთვის იხარჯება. როგორც კი გაიფიქრებ, ღმერთო, ამას თორმეტი წლის ბავშვისა აღარაფერი სცხიაო, ცრემლებით სავსე მის თვალებსაც წააწყდები, მისი სასოწარკვეთის მოზიარე ხდები.

არა, მაყურებლისთვის გულის აჩუყება სულაც არ დაუსახავს მიზნად რეჟისორს.  შენც გულაჩუყებული კი არა, გამწარებული ხარ, მეტისმეტად გამწარებული, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა აქამდეც გქონდა ობოლი ბავშვების ყოფაზე, ირანის სოფლებზე, უწლოვანი გოგოების იძულებით გათხოვების ტრადიციაზე, ზოგადად, ადამიანების უსინდისობასა და არამზადობაზე. ფილმი კი მშვიდად მოგითხრობს საზღვრისპირა სოფლის ყოფაზე, გამოსავალის არარსებობაზე, ბიჭზე, რომელიც მაინც ჯიუტად ცდილობს ამ გამოსავლის პოვნას, რომელსაც მაინც სჯერა, რომ სრულიად შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს.

ცხენების ამბავი კი ასეთია: ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს რომ გაუძლონ, მათ არაყგარეულ წყალს ასმევენ და მერე მთვრალებსა და ტვირთაკიდებულებს ირან-ერაყის საზღვრისკენ მიერეკებიან ისინი, ვისთვისაც სასიკვდილო საფრთხე ყოველდღიურობად ქცეულა. ამ გაუბედურებულ ადამიანებზე ბევრსაც ვერაფერს ვიგებთ – ისინი მეორეხარისხოვან გმირებსაც კი არ წარმოადგენენ. უფრო მეოთხეხარისხოვანი ეთქმით. უმთავრესად ბავშვების სახეებს ვხედავთ, ბავშვების ხმები გვესმის, მათ ცხოვრებას ვადევნებთ თვალს და რაც უფრო უკეთ ვიხედებით მათ ყოველდღიურობაში, მით უფრო მეტად ვკარგავთ იმედს.

ბავშვები და ცხენები, რომლებსაც ასევე აიძულებენ სახიფათო გზაზე შედგომას, რომლებიც სხვის ნებას ემორჩილებიან, რომლებმაც უკანასკნელი ძალ-ღონის მოკრებით უნდა შეძლონ გადარჩენა…

ბაჰმან გობადის ფილმში ჩანს მასწავლებელიც, სოფლის ექიმიც, აიუბის ბიძაც, რომელსაც ცხრა შვილი ჰყავს მისახედი. ძნელია თქმა, შეუძლიათ თუ არა მათ იმაზე მეტი, რასაც აკეთებენ. სინამდვილე ისეთია, როგორიც არის. ჰიპოთეზების ადგილი კი ამ გაუსაძლის სინამდვილეში ნამდვილად ვერ იქნება – ვინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა ამგვარი უკიდურესი გაჭირვების დროს?

ირან-ერაყის საზღვარი შორსაა, მაგრამ მაგრამ სულ ახლოა აიუბის ფიქრიანი სახე, ცრემლმომდგარი თვალები, განწირული ყვირილი – რიგრიგობით რომ უძახის ახლად გათხოვილ დასა და უკურნებელი სენით დაავადებულ ძმას, რომლებიც სულ უფრო შორდებიან. ზამთრის პეიზაჟები, უმოწყალო სილამაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი