ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლის საშინაო დავალებები და მშობლები

მოსწავლის საშინაო დავალებები სასკოლო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. მათი შესრულება, როგორც წესი, ბევრი ოჯახისთვის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება და უამრავ თავსატეხს უჩენს, როგორც ბავშვს, ასევე მშობლებს, ვინაიდან მოსწავლეთა უმრავლესობა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ამას. და ეს მაშინ, როცა ყველა მშობელს სურს, რომ თავისი შვილი შეხსენებისა და დაძალების გარეშე დაჯდეს სამეცადინოდ და სწორად შეასრულოს ყველა დავალება.

საჭიროა თუ არა ბავშვის დახმარება საშინაო დავალებების მომზადებისას. უნდა ითქვას, რომ მშობლებში ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა დამოკიდებულება არ არსებობს. მათი ერთი ნაწილი თვლის, რომ უფროსების ჩარევა ბავშვის მიერ საშინაო დავალების მომზადების პროცესში არანაირად არ არის გამართლებული, ვინაიდან ამით ხელს ვუშლით მოზარდში დამოუკიდებლად მოქმედების უნარის განვითარებას. მშობელთა მეორე ნაწილი კი  ამტკიცებს, რომ დახმარების გარეშე ბავშვი ვერ შეძლებს დავალებების სრულფასოვნად,  უშეცდომოდ შესრულებას და აქედან გამომდინარე წარმატებულიც ვერ გახდება. ამ კატეგორიის მშობლები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი შვილების დახმარებას გაკვეთილების მომზადების პროცესში. როგორც წესი, ეს დახმარება ვარირებს მოკლე ახსნა-განმარტებების მიწოდებიდან დავალებების სრულ შესრულებამდე ბავშვის ნაცვლად.

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის სახით ჩვენ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ადამიანთან გვაქვს საქმე, ეს პროცესი კი უფროსების აქტიური მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმიანობაში, საშინაო დავალებების მომზადების პროცესში ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება მშობლების თანადგომა და დახმარება, მით უმეტეს თუ ის თავად გვთხოვს ამას. ამასთან,  რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტად საჭიროებს ასეთ დახმარებას. ასაკის მატებასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან ერთად ჩვენი მონაწილეობა და დახმარება ბავშვის მიერ გაკვეთილების მომზადების პროცესში უნდა შევამციროთ და მოზარდს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მივცეთ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დავალებების მომზადების პროცესში?

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • უპირველეს ყოვლისა, სწორად გავსაზღვროთ დავალებების მომზადების დრო. გამართლებული არ იქნება ბავშვის სამეცადინოდ და დავალებების მოსამზადებლად დასმა სკოლიდან დაბრუნებისთანავე. გავითვალისწინოთ, რომ სკოლიდან დაბრუნებული მოზარდი არანაკლებ დაღლილია, ვიდრე სამსახურიდან დაბრუნებული მშობელი. ამდენად, სამეცადინოდ დაჯდომამდე მისთვის აუცილებელია დასვენება. ამასთან, დასვენება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 1-1,5 საათი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავსვათ ის სამეცადინოდ და დავალებების მოსამზადებლად. თუ ბავშვი მეორე ცვლაში სწავლობს, მისთვის უკეთესი იქნება გაკვეთილების დილით მომზადება;
  • სასურველია, რომ ბავშვმა მშობელთან ერთად წინასწარ შემუშავებული განრიგით იმეცადინოს და მკაცრად დაიცვას ის. ეს მას თავისი საქმიანობისა და დროის, როგორც მართვის, ასევე ორგანიზების უნარის გამომუშავებასა და განვითარებაში დაეხმარება, რაც მომავალში წარმატებების მიღწევის წინაპირობა გახდება მისთვის;
  • კარგი იქნება, თუ ბავშვს დავალებების დიფერენცირებაში დავეხმარებით, რომელია მისთვის უფრო მარტივი, უფრო რთული, მეტად საინტერესო, ნაკლებად საინტერესო; ვურჩევთ, რომ მეცადინეობა მარტივი დავალებების შესრულებით დაიწყოს. ნებისმიერ ბავშვს რთული დავალებების მოსამზადებლად მეტი დრო ესაჭიროება, იღლება, თავს წარუმატებლად, არაფრის მცოდნედ, არაფრის შემძლედ თვლის. ყოველივე ამას კი ის იქამდე მიჰყავს, რომ მას ეკარგება მეცადინეობის სურვილი, უქვეითდება თვითშეფასება, უფუჭდება ემოციური მდგომარეობა, რაც მის საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, უკეთესი იქნება თუ ბავშვი მეცადინეობას და დავალებების მომზადებას დაიწყებს იმით, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს, უყვარს, რაც მისთვის შედარებით მარტივია. ასეთი დავალებების შესრულებისას ის, დიდი ალბათობით, წარმატებული იქნება, რაც მას საკუთარი ძალების რწმენას შემატებს და უფრო ხალისით გააგრძელებს მეცადინეობას;
  • გავითვალისწინოთ, რომ მეცადინეობისას შესვენებები აუცილებელია. ზრდასრულებიც კი ვიყენებთ შესვენებებს მუშაობისას. ბუნებრივია, რომ ბავშვებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველი ნახევარი საათის შემდეგ მას სჭირდება 10 წუთი შესვენებისთვის. რაც უფრო იზრდება, მეცადინეობები შეიძლება უფრო მეტხანს გაგრძელდეს. თუმცა, არ იქნება სასურველი მეცადინეობის ერთ საათზე მეტხანს შეუსვენებლად გაგრძელება, რა ასაკის ბავშვთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე;
  • სწორი ორგანიზება გავუკეთოთ სივრცეს, სადაც ბავშვს უწევს მეცადინეობა, შევეცადოთ შევქმნათ შესაფერისი ატმოსფერო. სწავლას, ისევე როგორც ბევრ სხვა საქმიანობას სჭირდება ყურადღების კონცენტრირება. შეუძლებელია ბავშვმა ხარისხიანად მოამზადოს დავალებები იქ, სადაც მოუხდება და როგორც მოუხდება. მშობელმა უნდა იზრუნოს, შეუქმნას ბავშვს ისეთი გარემო, სადაც ის კომფორტულად იგრძნობს თავს დავალებების შესრულებისას. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვარიდოთ ხმაურის ყველა წყარო, ყურადღების გადამრთავი ფაქტორები; ახლოს არ უნდა იყოს ტელევიზორი, ტელეფონი, კომპიუტერი (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც კომპიუტერი აუცილებელია ბავშვისთვის დავალების მოსამზადებლად). ავეჯი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. სამუშაო მაგიდა უნდა იყოს კარგად განათლებული და მასზე ელაგოს ყველა ის ნივთი, რომელიც ბავშვს დავალების ხარისხიანად მოსამზადებლად დასჭირდება. ამასთან, თვალ-ყური ვადევნოთ, რომ მაგიდაზე არ იყოს უწესრიგობა. უწესრიგობა სამუშაოდ ვერ განაწყობს ბავშვს;
  • ბავშვთან მუშაობისას გავითვალისწინოთ მისი, როგორც ასაკობრივი, ასევე ინდივიდუალური თავისებურებები. ნუ დავაჩქარებთ ბავშვს, თუ თავისი ბუნებრივი ტემპი ხელს უშლის მას, რომ სწრაფად იმოქმედოს. დაჩქარება ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნევროტულობის დონის მატების მიზეზი გახდეს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის ბავშვს მუშაობაში. თუ მუდმივად მოვუწოდებთ, რომ არ გადაერთოს, იყოს ყურადღებიანი, მას ძალიან გაუჭირდება კონცენტრირება დავალებაზე. ის იწყებს ფიქრს იმაზე, როგორ დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და გახდეს ყურადღებიანი, რაც ხელს შეუშლის მას სააზროვნო სამუშაოების შესრულებაში. იმის მიზეზი, რომ ბავშვი გადაერთვება, შეიძლება იყოს მისი ნერვული სისტემის თავისებურებები, სირთულეები დავალების გაგებაში და ა.შ. ამდენად, კარგი იქნება, თუ შეძლებისდაგვარად ამ მიზეზების დაძლევაზე ვიზრუნებთ;
  • ბავშვთან ურთიერთობისას შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ნუ დავკარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე, ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან უარყოფით შეფასებითი გამონათქვამები, ასევე ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „არასოდეს“, „ყოველთვის“, „მუდმივად“, „კვლავ“; ან ბავშვის ნეგატიური მახასიათებლები: ზარმაცი, სულელი, უყურადღებო, უპასუხისმგებლო, უგულისყურო და ა.შ. ყოველივე ჩამოთვლილი არათუ სამუშაოდ არ განაწყობს ბავშვს, არამედ ხშირად აუარესებს კიდეც მის გონებრივ საქმიანობას. თუ ჩვენ ვთვლით, რომ ვკარგავთ ჩვენს „ძვირადღირებულ“ დროს ბავშვის დახმარებაზე და მუდმივად ვახსენებთ მას ამას, დიდი ალბათობით ბავშვს ჩამოუყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი, საკუთარი არასაჭიროების შეგრძნება, რაც ხელს შეუშლის მუშაობაში, დაუკარგავს საკუთარი ძალების რწმენას და დაუქვეითებს თვითშეფასებას. ეს კი, ადვილი შესაძლებელია, მისი წარუმატებლობის და მარცხის წინაპირობად იქცეს;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთან მუშაობის პროცესში არსებითი მნიშვნელობა აქვს მის მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. შევეცადოთ, რომ ამ შეცდომებმა არ გამოიწვიოს ჩვენი გაღიზიანება, ჩხუბი, ყვირილი. ყოველივე ეს მხოლოდ დაძაბავს ატმოსფეროს და გაართულებს სიტუაციას, რადგანაც ასეთ დროს ბავშვს უყალიბდება შეცდომის შიში, რომელიც არათუ არ ეხმარება, არამედ, პირიქით ხელს უშლის კიდეც შეცდომების გამოსწორებასა და მის თავიდან აცილებაში. უკეთესი იქნება, თუ შეცდომას აღვიქვამთ, როგორც თავისებური სახის დამხმარე საშუალებას, რომელიც გვაძლევს კარგ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაზე უნდა ვიმუშაოთ ბავშვთან. ნუ დავსჯით და ნუ ვუსაყვედურებთ მოზარდს არასწორად შესრულებული დავალების გამო, უმჯობესი იქნება, თუ შეცდომებს მასთან ერთად გავაანალიზებთ;
  • გავიხსენოთ საკუთარი ბავშვობა. არც ჩვენ გვისწავლია ერთბაშად და უშეცდომოდ ყველაფერი ის, რაც ახლა ვიცით და შეგვიძლია, თავიდან ყველაფერს უშეცდომოდ არც ჩვენ ვაკეთებდით;
  • ყოველთვის მხარი დავუჭიროთ ბავშვს ჩვენი სიყვარულით, შევაქოთ, ორიენტირებული ვიყოთ დადებითზე და მოვიწონოთ ის, რაც კარგად და უშეცდომოდ გააკეთა. ეს მას საკუთარ თავში, საკუთარ ცოდნაში დარწმუნებულობის გრძნობას გაუჩენს, იგრძნობს, რომ ის საჭიროა და უყვართ ოჯახში იმ შეფასებებისაგან დამოუკიდებლად, რომელსაც სკოლაში იღებს. შექება საკუთარი ძალების რწმენას შემატებს. ამასთან, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ბავშვს მოსწონს იმის კეთება, რაც კარგად გამოსდის. ამიტომ, მისი სულ მცირე წარმატებაც კი აუცილებლად დავაფიქსიროთ. ეს მას ინტერესს და მოტივაციას გაუძლიერებს, რაც, თავის მხრივ,   დაეხმარება წინ წავიდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ მშობლის ჩართულობამ ბავშვის მიერ დავალების მომზადების  პროცესში შეიძლება მოიტანოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი. თუ ზედმეტად ჩავერევით ბავშვის მუშაობაში და მის ნაცვლად ჩვენ შევასრულებთ დავალებებს, დიდი ალბათობით დავაბრკოლებთ ბავშვში დამოუკიდებლად მოქმედების უნარის განვითარებას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არც სრული ჩაურევლობა იქნება სიკეთის მომტანი. გამომდინარე იქიდან, რომ სწავლება განმავითარებელი უნდა იყოს, მაგრამ ის ვერ იქნება ასეთი, თუ ბავშვი ამ პროცესში მხოლოდ ისეთ დავალებებს ასრულებს, რომლებიც მის რეალურ შესაძლებლობებზეა გათვლილი. აუცილებელიც კია შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ბავშვს ჩვენი მცირედი დახმარება მაინც დასჭირდეს, ეს მისი შემდგომი განვითარების ხელშემწყობი გახდება. გარდა ამისა, ვეხმარებით რა ბავშვს დავალებების მომზადებაში, ამით ჩვენ დემონსტრირებას ვუკეთებთ ჩვენს დაინტერესებას მის წარმატებაში, ჩვენს მხარდაჭერასა და დახმარების მზაობას. თანდათან ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ბავშვი მოგვთხოვს არა დახმარებას დავალების შესრულებისას, არამედ მხოლოდ შემოწმებას შესრულებული დავალების, მალე მას ესეც აღარ დასჭირდება, რადგანაც ის გახდება დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის მოქმედებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი