ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური შეხედულებები

დიმიტრი უზნაძე მრავალმხრივი მიმართულების მეცნიერი გახლდათ: ფილოსოფოსი, ექსპერიმენტული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, კულტუროლოგი, ხოლო მის მიერ დამუშავებული განწყობის თეორია ფსიქოლოგიის დარგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრადაა მიჩნეული. რასაკვირველია, ჩვენ გავეცნობით მის პედაგოგიურ შეხედულებებს, თუმცა ეს წარმოუდგენელი იქნება მისი ზოგადი კონცეფციის გაცნობის გარეშე. 

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ უზნაძე ინტენსიურად იწყებს მუშაობას პედაგოგიკაში, ქმნის ახალ პედაგოგიურ სისტემას – ექსპერიმენტულ პედაგოგიკას, საფუძველს უყრის საქართველოში ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარებას, აარსებს სკოლას, სადაც დიდ რეფორმატორულ მუშაობას ეწევა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სასკოლო რეფორმის დემოკრატიული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპები მან დიდი წარმატებით დანერგა თავის დაარსებულ სკოლაში. განწყობის, ასაკობრივი გარემოს, ფუნქციური ტენდენციის ცნებები, სწავლის როგორც ქცევის ფორმის ანალიზი მკაფიოდ აჩვენებს მეცნიერის დაინტერესებას და სერიოზულ დამოკიდებულებას სწავლა-სწავლებისა და განვითარების პრობლემების მიმართ. მისი აზრით, პედაგოგიკას მხოლოდ ისეთი ფსიქოლოგია სჭირდება, რომელმაც კვლევის საგნად აქტიური პიროვნება უნდა გაიხადოს, პიროვნების არსის ასეთი გაგება კი მან განწყობის ფსიქოლოგიაში ასახა.

რა არის განწყობა? განწყობა არის არაცნობიერი, მთლიანპიროვნული მზაობა სუბიექტის მიერ მიზანშეწონილი ქცევის განსახორციელებლად. უზნაძემ გააკრიტიკა ბიჰევიორიზმი, ეს „უსუბიექტო ფსიქოლოგია” და შ – ღ ორწევრიანი სქემის ნაცვლად ახალი, სამწევრიანი სქემა შემოგვთავაზა: გარემო – განწყობა/სუბიექტი – ქცევა. განწყობის აღმოცენებისთვის აუცილებელია ორი ფაქტორის არსებობა – სუბიექტურისა (მოთხოვნილება) და ობიექტურისა (სიტუაცია), ასევე – მათი თანხვედრა, რათა ორგანიზმი განეწყოს განსაზღვრული მიზანშეწონილი ქცევის განსახორციელებლად. მაგალითად, კვების ქცევის განხორციელებისთვის მზაობას ქმნის კვების მოთხოვნილება (შიმშილი) და გარემოში მოცემული საკვების თანაარსებობა. 

ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს თავისდა უნებურად, სტიქიურად, ლატენტურად, მით უფრო – ბავშვი, და რაც უფრო პატარაა, მით უფრო დამახასიათებელია მისთვის ამ ტიპის სწავლა. ლატენტური სწავლის პროცესში ბავშვი მიზანდაუსახავად, თავისდა უნებურად, მაგალითად, თამაშის პროცესში, ბევრ რამეს ითვისებს. ამ დროს მის განწყობას აქტუალური მოთხოვნილება (ანუ რა მოთხოვნილებაც მოცემულ მომენტში აქვს მას) და აქტუალური სიტუაცია ქმნის. მაგ., თუ მას თამაშის მოთხოვნილება აქვს და სიტუაციაც შესაბამისია ამ ქცევის განსახორციელებლად, იგი თამაშობს. ამ პროცესში იგი თავისდა უნებურად სწავლობს ბევრ რამეს: ივითარებს მოტორულ ჩვევებს, ეუფლება წესებს, ვარჯიშობს სოციალურ ურთიერთობებში, აღმოაჩენს საგნის უამრავ თვისებას და ა.შ.

სასკოლო სწავლა კი გაცნობიერებული, მიზანდასახული აქტივობაა, აზროვნებისა და ნებისყოფის მონაწილეობას გულისხმობს. გაცნობიერებული სწავლის ქცევის განხორციელების პროცესში სტიმულსა და რეაქციას შორის დგას აქტიური სუბიექტი, რომელიც მექანიკურად, გარე განმამტკიცებლების გამოყენებით კი არ ეუფლება ამა თუ იმ ქცევას, არამედ საკუთარი მიზნების მისაღწევად სწავლის უნარ-ჩვევების, მოტივაციისა და ემოციების კოორდინირების უნარით ხასიათდება. სწავლის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი, როგორც აქტიური სუბიექტი, იღებს გადაწყვეტილებებს, რითაც იქმნება სათანადო აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო განწყობა. ამ ტიპის ქცევები საკმაოდ რთული ბუნებისაა და მათი განხორციელება განვითარების მხოლოდ განსაზღვრულ საფეხურზე მდგომ ბავშვს შეუძლია, რათა მოსწავლემ სწავლასთან დაკავშირებული მეტ-ნაკლებად შორეული მიზნები დაისახოს. უზნაძის აზრით, აღმზრდელობითი პროცესის ძირითად წინააღმდეგობას სწორედ ეს გარემოება ქმნის, რაც „აღზრდის ტრაგედიის” ცნებით იქნა მოაზრებული: აღმზრდელი, როგორც სოციალური მიზნების მატარებელი, მომავალზეა ორიენტირებული, აღსაზრდელი კი აწმყოს სუბიექტია, რომელსაც ახლა სურს რაღაც და მასზე უარის თქმა უჭირს. სწავლების ორგანიზაციამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ბავშვის სწავლა თავიდან დაუქვემდებაროს მის უშუალო მისწრაფებებსა და ინტერესებს – წარმატების მიღწევის, ფუნქციობის მოთხოვნილებას, ცნობისმოყვარეობას; ამავე დროს, იზრუნოს პიროვნების როგორც ნებისმიერი ქცევის განმხორციელებელი სუბიექტის განვითარებაზე – ისწავლოს გაცნობიერებულად, შეგნებულად, მიზანდასახულად, რაც, რასაკვირველია, სრულიადაც არ გამორიცხავს მოსწავლის ინტერესების უგულებელყოფას.

ამგვარად, ნამდვილი სწავლა მხოლოდ იმ მომენტიდან არის შესაძლებელი, როდესაც ბავშვი მოახერხებს, ცნობიერ მოცემულობად აქციოს შესასწავლი მასალა, ანუ, როგორც დ. უზნაძე ამბობს, ობიექტივაცია მოახდინოს. იგი ათავისუფლებს ადამიანს აწმყოს მომენტის ტყვეობიდან, საშუალებას აძლევს, დაეუფლოს საკუთარი ქცევის ნებისმიერ წარმართვას, აფართოებს ქცევის გამოყენების საზღვრებს, საფუძვლად ედება ცნებითი აზროვნების განვითარებას, ეს უკანასკნელი კი ადამიანის განვითარების მთავარი ღერძია.

მომდევნო კითხვა ასეთია: რა განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას – ბიოლოგიური ფაქტორი თუ სოციალური გარემო? ვეცდებით ვაჩვენოთ დ. უზნაძის დამოკიდებულება საკითხის მიმართ და გადავიტანოთ ის პედაგოგიურ ჭრილში.

საზოგადოდ, ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურება მასში არსებული ძალების მოქმედებასა და აქტივობაში მდგომარეობს. ამას უზნაძე ფუნქციურ ტენდენციას უწოდებს. ანუ ფუნქციობის მოთხოვნილება ცოცხალ ორგანიზმში თანდაყოლილია. მაგრამ ეს, რასაკვირველია, საკმარისი არ არის განვითარებისთვის: ბავშვის შინაგანი შესაძლებლობები მხოლოდ შესატყვისი გარე პირობების ნიადაგზე პოვეპს რეალიზაციას, – წერს დ. უზნაძე.

დაბადების შემდეგ ბავშვი „სუფთა” ფიზიკურ გარემოში კი არ ხვდება, არამედ უფროსების მიერ მოწესრიგებულ ე.წ. „ასაკობრივ გარემოში”. ყველა ასაკს შეესაბამება თავისი განმავითარებელი გარემოს თავისებურებები, რომელიც ფიზიკური სინამდვილის ხასიათით კი არა, უწინარეს ყოვლისა, სოციალურადაა განსაზღვრული. ბავშვის განვითარება სოციალურად განსაზღვრული ასაკობრივი გარემოს ზემოქმედების პირობებში ხორციელდება. მაგრამ რა განსაზღვრავს თვითონ ასაკობრივ გარემოს? რით ხელმძღვანელობენ, მაგალითად, მშობელი ან მასწავლებელი, როდესაც გამღიზიანებელთა შერჩევას ახდენენ? ბავშვის ორგანიზმის შინაგან ძალთა განვითარების მოცემული დონით, – აღნიშნავს უზნაძე. მაშასადამე, ასაკობრივ გარემოს ბავშვის შინაგან შესაძლებლობათა დონე განსაზღვრავს. ამრიგად, ერთი მხრივ, ბავშვის ძალთა განვითარება მასზე მოქმედ ასაკობრივ გარემოზეა დამოკიდებული, მეორე მხრივ კი თვითონ ასაკობრივი გარემოს შინაარსი ბავშვის ძალთა განვითარების დონით განისაზღვრება. 

რასაკვირველია, ასაკობრივი გარემო გამუდმებით იცვლება, ახალ-ახალი სტიმულებით ივსება, რაც განსაზღვრავს კიდეც განვითარების პროცესს. ასე რომ არ ყოფილიყო, არც განვითარება მოხდებოდა.

ასეთი ბუნებისაა განვითარებაში შინაგანი და გარეგანის, ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთგანპირობებულობა, რაც ყოველგვარ აზრს უკარგავს საკითხის ალტერნატიული სახით დასმას (ბუნება თუ გარემო?), რადგან ადამიანის დონეზე ეს ორი ფაქტორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არც არსებობს. ადამიანი ერთიანი, მთლიანი, რთული საწყისის მქონე, ბიოსოციალური არსებაა.

მივუსადაგოთ ეს მოდელი სასკოლო ცხოვრებას. მასწავლებლის მიერ მოწესრიგებული გარემო ის `ასაკობრივი გარემოა~, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის განვითარებას. სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა სასწავლო გარემოს სწორ ორგანიზებას, ანუ თუ მასწავლებელი აწესრიგებს სასწავლო გარემოს მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამით მისი შესაძლებლობების შემდგომ განვითარებასაც უზრუნველყოფს. უკვე განვითარებული შესაძლებლობები კი ახალი სასწავლო გარემოს შექმნის აუცილებლობას წარმოშობს. ეს პროცესი უწყვეტია.
ადამიანის ქცევის ფორმების მოკლე დახასიათება

ადამიანის ქცევის ფორმების დახასიათებას დ. უზნაძე იწყებს იმით, რომ გამოყოფს მოთხოვნილებათა ორ დიდ კლასს, რომლებიც ადამიანის ქცევას აღძრავს და წარმართავს. ესენია სუბსტანციური და ფუნქციური მოთხოვნილებები. სუბსტანციური მოთხოვნილებები საფუძვლად ედება ე.წ. ექსტეროგენულ (გარეგანი წარმოშობის) ქცევებს, როგორებიცაა შრომა, მომსახურება, თვითმომსახურება და სხვა. ფუნქციური მოთხოვნილებები საფუძვლად უდევს ე. წ. ინტროგენულ (შინაგანი წარმოშობის) ქცევებს, როგორებიცაა თამაში, შემოქმედება და სხვა.სუბსტანციურია მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილებაც სიცოცხლის გაგრძელებისა და გადარჩენისთვის, ნორმალური ცხოვრებისეული არსებობისთვის აუცილებელია და მიზანშეწონილი (მაგ., კვების, უსაფრთხოების და სხვა). ფუნქციური მოთხოვნილებანი რაიმე დანაკლისის შევსებას კი არ ელტვიან, როგორც ეს ხდება სუბსტანციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას (მაგ., მშია და ვჭამ), არამედ საკუთრივ ფუნქციობისკენ, მოქმედებისკენ მიისწრაფვიან. ფუნქციობა ამ შემთხვევაში თვითმიზანია და არა რაიმე სხვა მიზნის მიღწევის საშუალება. უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის არსს სწორედ ეს მოთხოვნილებები განსაზღვრავა. ბავშვი დაბადებისთანავე არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე. მოცემულ ეტაპზე ეს “ზედმეტი” ძალები მოქმედებს ფუნქციური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც შემდგომ სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება. სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში იქცევა მიზანდასახული ქცევის ფორმად, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრების ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არავითარი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. ამიტომ მოზარდი ზოგჯერ მარტოც აამოქმედებს საკუთარ მოტორულ აპარატს. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს, უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს. ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრების პირობებში ხორციელდება, რაც გულისხმობს განსაზღვრული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად მოზარდი “ფიზიკური თამაშის” გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ განსაზღვრულ წესებსა და ნორმებს, რაც მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში ეხმარება.

ზოგიერთი ქცევა ორმაგი ბუნებისაა _ ერთდროულად ექსტეროგენულიცაა და ინტროგენულიც, მაგალითად, სწავლა.

სწავლა, ერთი მხრივ, სუბსტანციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება (მაგალითად, მასწავლებლის მხრივ ქებისა და აღიარების მოთხოვნილებას), მეორე მხრივ კი მოსწავლის განვითარების პროცესში მყოფი ძალებისა და ფსიქიკური ფუნქციების თვითაქტივობის მოთხოვნილებას ეყრდნობა. 

დ. უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც, ამიტომ სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების („ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობს. უფრო მეტიც – უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და ამ მხრივ სწავლა ქცევის გარდამავალი, თუმცა დამოუკიდებელი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.

სასკოლო გარემოში სწავლა განსაზღვრულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ, მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწვდის მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების („ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ კი – მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისთვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, „ახსნა.” „ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს~, – აღნიშნავს დ. უზნაძე. ამრიგად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის „ძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისაწვდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.

ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლების არსი ახსნა და ამ გზით მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვა, მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაა.

სწავლის ბუნების ნათელსაყოფად დ. უზნაძე ნამდვილი სწავლისაგან გამოყოფს ე.წ. მექანიკურ სწავლას (დრესურას) და წვდომას (ინსაიტს). მექანიკური სწავლის საფუძველი ახალი პირობითი რეფლექსების შემუშავება და ასოციაციური კავშირების დამყარებაა. ამ დონეზე განხორციელებული სწავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯიშს, გამეორებას. რაც შეეხება “წვდომას”, ის, ცდისა და შეცდომის გზისგან განსხვავებით, სიტუაციის ერთბაშად წვდომას, ერთბაშად მიხვედრას გულისხმობს.

ამათგან განსხვავებით, სწავლის ცნება თავის ნამდვილ, დასრულებულ შინაარსს სკოლის ნიადაგზე იძენს. სასკოლო სწავლება, ერთი მხრივ, გულისხმობს იმ ფსიქიკურ აქტივობას (სწავლას), რომელსაც ბავშვი ახორციელებს რამის შესასწავლად, მეორე მხრივ კი მასწავლებლის მონაწილეობას ამ პროცესში. იგი ასწავლის მოსწავლეს და მისი ძალების შესატყვისად გარდაქმნის სასწავლო მასალას. 

ლაპარაკობს რა მასწავლებლის უდიდეს როლზე სწავლის პროცესში, დ. უზნაძე ასეთ კითხვას სვამს: ნუთუ სწავლება აუცილებელია და არ შეიძლება, მოზარდი საკუთარ თავს მივანდოთ და ხელმძღვანელის გარეშე დატოვოთ? რა თქმა უნდა, შეიძლება, ადამიანმა კულტურული განვითარების პროცესში დაგროვილი ცოდნა სავსებით ნატურალური გზით მიიღოს, მაგრამ ეს გზა ძალზე გრძელი და ძნელად სავალი იქნებოდა. ასე ადამიანი შორს ვერ წავიდოდა. დასრულებული სახით კაცობრიობის მიერ მოპოვებული ცოდნა მეცნიერებაშია თავმოყრილი და მისი სრულყოფილი დაუფლება ბუნებრივი განვითარების გზით შეუძლებელია. მასწავლებელი კი მოსწავლეს ამ ცოდნას გადასცემს იმ ძალების გათვალისწინებით, რაც ბავშვის შესაძლებლობებში არსებობს, რა ძალებიც სამოქმედოდ არის განწყობილი. მასწავლებლის როლი სწორედ ის არის, რომ მან კარგად უნდა იცოდეს, როდის რა ძალები განეწყობიან სამოქმედოდ და სასწავლო პროგრამა ამაზე დააფუძნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლება სრულიად უნაყოფო იქნებოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწავლება ორმხრივი პროცესია: მოსწავლე-მასწავლებელი. სწავლება ორმხრივ განსაზღვრული პროცესიცაა: მოსწავლის ძალებისა და აღმზრდელის იდეალის მხრივ. სწორედ აღმზრდელი განსაზღვრავს ღირებულების გათვალისწინებით, რომელი ძალები უნდა იქნეს განვითარებული მოცემულ ეტაპზე და რომელი – შემდგომ. ეს ეხება არა მხოლოდ სწავლების პროცესს, არამედ აღზრდასაც.

დ. უზნაძის აზრით, ფსიქიკური განვითარება შინაგან შესაძლებლობათა და მათთვის შესატყვისი პირობების შეხვედრის ნიადაგზე წარმოებს. თუ შინაგანს შესატყვისი გარეგანი არ გააჩნია, ის ვერც აქტიურდება და, შესაბამისად, ვერც ვითარდება. განვითარება ორივე მომენტის შეხვედრის შედეგად ხდება შესაძლებელი. ამ შინაგან შესაძლებლობაში დ. უზნაძე, რა თქმა უნდა, ბავშვის ძალთა განვითარების დონეს გულისხმობს, ხოლო გარე მოცულობაში კი სასწავლო საგნებს. მათ შორის შუამავლობს და განვითარების აუცილებელ პირობებს ქმნის მასწავლებელი.

დ. უზნაძე სასწავლო პროგრამის აგების შესახებაც გამოთქვამს მოსაზრებას. ამ საკითხში მისმა შეხედულებებმა ერთგვარი ევოლუცია განიცადა. შედარებით ადრეულ პერიოდში იგი ხაზგასმით მიუთითებდა, რომ მასალა, რომელიც მოსწავლეს ეძლევა შესასწავლად, არ უნდა სცდებოდეს მისი შესაძლებლობების სფეროს. შემდგომ მეცნიერი დაბეჯითებით იცავს იმ მოსაზრებას, რომ, მართალია, სასწავლო მასალა მოზარდის აზროვნების ფსიქოლოგიურ წესს უნდა მისდევდეს, მის ძალთა განვითარების დონეს შეესატყვისებოდეს, მაგრამ, ამავე დროს, რამდენადმე მაინც მაღლა უნდა იდგეს, საკმარისად დაშორებული უნდა იყოს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორღა გახდებოდა შესაძლებელი წინსვლა, როგორ იქცეოდა სწავლა განვითარების უფრო მაღალ დონეზე ასვლის პირობად?

სწავლებასა და განვითარებას შორის ურთიერთდამოკიდებულებას ერთი გარემოებაც ართულებს, – მიუთითებს დ. უზნაძე. კერძოდ, ის, რომ მეცნიერების დარგებს, რომლებსაც ვასწავლით სკოლაში, თავიანთი მკაცრი ლოგიკა აქვთ, განსაზღვრული სისტემით არიან აგებულნი. შესწევს კი უნარი მოზარდს, მისდიოს ამ წესს? ამ სირთულიდან თავის დაღწევა შესაძლებელი გახდება, თუ გვეცოდინება ბავშვის გონებრივი განვითარების ეტაპები – რა შესაძლებლობები აქვს ბავშვს ამა თუ იმ ეტაპზე და როგორ შეიძლება შეეთანხმოს იგი მეცნიერების შინაგან ლოგიკას.

ბავშვის აზროვნების განვითარებაში დ. უზნაძე ორ დიდ პერიოდს გამოყოფს: 1. კონკრეტული წარმოდგენები და თვალსაჩინო მასალით აზროვნება; 2. აბსტრაქტული ცნებითი აზროვნება. ამის შესატყვისად, სკოლის კურსიც ორ საფეხურად უნდა გაიყოს.

სასწავლო მასალისა და ბავშვის შესაძლებლობათა თანხვედრის პროცესი ურთულესია და ის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასწავლებელმა უნდა წარმართოს. ყოველივე ეს პედაგოგისგან ხელოვანის მსგავს შემოქმედებას მოითხოვს. მასწავლებელი “ხსნის” ახალ მასალას, უცნობი ნაცნობზე დაჰყავს, ახალი – ძველზე. ის ერთგვარი შუამავალია სასწავლო მასალასა და ბავშვის შესაძლებლობებს შორის, არეგულირებს ამ პროცესს და ქმნის პირობებს შემდგომი განვითარებისთვის, – აღნიშნავს დ. უზნაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი