ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ტემპერამენტის ტიპები და ქოლერიკ ბავშვებთან ურთიერთობა

მასწავლებლისთვის ძალიან რთულია სხვადასხვა ხასიათის მოსწავლეებთან ურთიერთობა. თუმცა რამდენადაც რთულია, იმდენად საინტერესოც არის. ჩემი აზრით, აუცილებელია, მასწავლებელმა კარგად იცოდეს, ტემპერამენტის ტიპები და შესაბამისად მიუდგეს მოსწავლეებს. თუ ურთიერთობის დამყარებას ვერ შევძლებთ, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ, კერძოდ, უნდობლობა მოსწავლისა მასწავლებლის მიმართ, რაც მტრულ დამოკიდებულებაში გადადის. მოსწავლეს მასწავლებელი მტერი ჰგონია, ამის გამო ის გამომწვევად იქცევა, ცდილობს გაკვეთილზე სხვა ბავშვებიც დაუპირისპიროს მასწავლებელს, ჩაშალოს სასწავლო პროცესი.

ჰიპოკრატე გამოყოფდა ტემპერამენტის ოთხ ტიპს. პირველად სწორედ მან აღწერა და დააჯგუფა ხასიათის ერთმანეთისგან განსხვავებული მაჩვენებლები. ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ფიზიკური და სულიერი სნეულებების მიმდინარეობას „ადამიანის სხეულის შემადგენელი ოთხი ელემენტის” თანაფარდობა განსაზღვრავდა და ტემპერამენტის ტიპიც ადამიანის ორგანიზმში არსებული ოთხი სითხიდან ერთ-ერთის სიჭარბეზე გახლდათ დამოკიდებული. ჰიპოკრატეს თანახმად, ეს სითხეები იყო:

* „ცხელი” სისხლი, ბერძნულად – „სანგნის”;

* „ცივი” ლორწო, ბერძნულად  – „ფლეგმა”;

* „წითელი” ნაღველი, ბერძნულად – „ქოლე”;

* „შავი” ნაღველი, ბერძნულად – „მელან ქოლე”.

 

ამ ტიპოლოგიის შესაბამისად, ჰიპოკრატემ ადამიანის ოთხი ტიპი გამოყო: სანგვინიკი, ფლეგმატიკი, ქოლერიკი და მელანქოლიკი.

ტემპერამენტი პიროვნების ინსტინქტური მახასიათებელია. ის წარმოადგენს საფუძველს, რომელზედაც ვითარდება ხასიათი.

ტემპერამენტი ადამიანის ფსიქიკის თავისებურებაა, მასში ასახულია ქმედებების დინამიკა. ის ვლინდება რეაქციის სისწრაფეში, ტემპში, რიტმში, ინტენსიურობაში… ის თანდაყოლილი, მემკვიდროებითი თვისებაა და მცირედ კორექტირებს მთელი ცხოვრების მანძილზე.

მელანქოლიკები ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათ შემოქმედებითი ნიჭი აქვთ, შინაგანი სამყარო – ღრმა და მრავალფეროვანი. ხშირად, მარტოობას მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე მეგობრების და ნაცნობობის წრეს, რომ არაფერი ვთქვათ სოციალურ აქტივობაზე. მცირედიც სწყინთ და გულჩვილობით გამოირჩევიან. მორიდებულნი არიან და მათი თვითშეფასება დაბალია. მათ მერყევი ხასიათი აქვთ და გამუდმებით სჭირდებათ ახლობელი ადამიანების გვერდით დგომა. მოძებნო მასზე უკეთესი მეგობარი, რთულია, რადგან საოცრად გულწრფელნი და ერთგულნი არიან. პირობის შესრულება მათი თვისებაა და თუ გარკვეული გარემოებების გამო ვერ შეგისრულათ, ძალიან განიცდიან.

მელანქოლიკის მიმიკა და მოძრაობები, საოცრად მწირია. ის, არ არის ენეგიული, დაჟინებული, ადვილად იღლება და მცირედ შრომისუნარიანია. ადვილად ეფანტება ყურადღება და უჭირს სწრაფად მობილიზება. ისინი კარგი შემსრულებლები არიან.

ფლეგმატიკები გამოირჩევიან მაღალი აქტივობით, მაგრამ ნალკებად მგრძნობიარენი და ნაკლებად ემოციურნი არიან. რთულია, გააცინო ან გააბრაზო. როცა გარშემო ყველა იცინის, ის შეიძლება ურეაქციოდ დარჩეს. ის არის მოაზროვნე, ყურაღებიანი, გამოირჩევა გულმოდგინეობით. არ უყვარს, როცა აჩქარებენ.  შრომისუნარიანია.  არის მომთმენი და ამტანი. ურჩევნია სამუშაო შეასრულოს გულმოდგინედ და კარგად. მათ არ შეუძლიათ, ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ყურადღების კონცენტრირება.

პრობლემების დროს რჩება მშვიდი. ღარიბი მიმიკის მფლობელია და მოძრაობებიც ნაკლებად  გამოხატული აქვთ, ისევე როგორც მეტყველება. თავიანთი ერთფეროვნების და სტაბილურობის გამო, არ ჰყავთ ბევრი მეგობარი, იფარგლებიან მხოლოდ, ძალიან ახლობელი და გამოცდილი ხალხით. ამავე დროს შეუძლიათ, შეეგუონ სხვებსაც, რადგან ძალიან მშვიდნი და მშვიდობისმიყვარენი არიან. ასეთი თვისების გამო, მშვენივრად იწყობენ კარიერას.

სანგვინიკი აქტიურობით გამოირჩევა, მაგრამ გაწონასწორებულია. ის მყისვე აღგზნებულად რეაგირებს იმაზე, რაც იქცევს მის ყურადღებას. აქვს ცოცხალი მიმიკა და მეტყველი მოძრაობები. უმნიშვნელო რამეზე შეიძლება ახარხარდეს და არაარსებითმა ფაქტმა შეიძლება გაანაწყენოს. მისი გამომეტყველებით ადვილად გამოიცნობთ ხასიათს, დამოკიდებულებას საგნისა თუ პიროვნებისადმი. ჭარბი აქტიურობის გამო ძალიან ენერგიული და შრომისუნარიანია. ის ხალისით ჰკიდებს ხელს ახალ საქმეს, შეუძლია დაუღალავად იმუშაოს. დისციპლინირებულია, სწრაფად შეუძლია მობილიზება და თუ სურვილი აქვს, შესწევს გრძნობების მოთოკვის უნარი.

სანგვინიკს ახასიათებს სწრაფი მოძრაობები, აქვს მოქნილი ტვინი, სწრაფი მეტყველება, რაც ვლინდება მისი ხასიათის ცვლილებებში, ეს ყველაფერი მის განწყობაზეც აისახება. ის ადვილად შედის კონტაქტში უცნობებთან, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ქოლერიკი თავისი ხასიათით, ადვილად აგზნებადი და ძალიან ტემპერამენტიანია. უაღრესად იმპულსური, თავშეუკავებელი, მოუთმენელი, მათთვის აგრესიულობა და ფეთქებადი ხასიათი ჩვეულებრივი ამბავია. სხვა ტემპერამენტის ტიპებისგან განსხვავებით, ისინი გამოირჩევიან მაღალი თვითშეფასებით. არიან ლიდერები, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ახალი საქმის წამოწყებისას როგორ სწრაფადაც ინთებიან, იმდენად სწრაფად შეიძლება გაუქრეთ სურვილი. ადამიანური სისუსტეების გამოვლენა მათთვის წარმოუდგენელია, ეს მათ თავმოყვარეობასა და სიამაყეს ულახავს.

ქოლერიკი ბავშვი ძალიან რთულია. საქმეს იმდენად სწრაფად აკეთებს, რომ უკან შეცდომების გროვა რჩება. უჭირს კომპრომისზე წასვლა, რაც მცირედ აგრესიასა და ჭირვეულობას იწვევს. გადაჭარბებული დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა, რისკის სიყვარული და გაუაზრებელი ნაბიჯებისკენ მიდრეკილება ზოგჯერ უსიამოვნოდ მთავრდება. ქოლერიკი ტიპის ბავშვი ურთიერთობებისთვის გახსნილია, მაგრამ მოულოდნელად შეიძლება მთელ სამეგობროს წაეჩხუბოს. მოზარდობისას ურთიერთობებში არსებული პრობლემების გამო მისთვის უცხო არ არის ნერვული აშლილობა და სუიციდისკენ მიდრეკილება.

ხშირად მშობლები და მასწავლებლები მათთან ურთიეთობისას შეცდომებს უშვებენ. მათი მხრიდან ზედმეტ სიმკაცრეს, აქტივობის შეზღუდვას, საკუთარი თავის კონტროლის გადაჭარბებული მოთხოვნას ბავშვთან კონტაქტის გაწყვეტის გამოწვევა შეუძლია.

ქოლერიკის მოჭარბებული ენერგიის გაკონტროლება კარგად შეუძლია კონკრეტულ საქმიანობას, გატაცებას, თუნდაც ხელსაქმეს ან სხვა მსგავს მსუბუქ ჰობის. ძალიან კარგია, თუ ის აქტიური სპორტით დაკავდება, რადგან ვარჯიში საკუთარი ენერგიის კონტროლს ასწავლის, გარდა ამისა, ლიდერობისკენ მისწრაფება სპორტში კარგი შედეგის მიღწევის წინაპირობას შეუქმნის. ქოლერიკს სივრცე ესაჭიროება, ამიტომ ხშირად წაიყვანეთ ქალაქგარეთ, სამოგზაუროდ, ხალხმრავალ ადგილებში.

საჭიროა, შთავაგონოთ და მაგალითები მოვუყვანოთ ცხოვრებიდან, რომ რაოდენობაზე უპირატესი ხარისხია, ამიტომ საკუთარი მოუთმენლობის მოთოკვა მოუწევს. აქტიურად ჩაერთეთ მისი ენერგიის კონტროლის სწავლების პროცესში, ბევრი დრო გაატარეთ მასთან ერთად, აჩვენეთ საკუთარი მაგალითი. ნუ გაღიზიანდებით, თუ საქმეში ბოლომდე არ მოგყვებათ, რადგან ეს ეტაპობრივი პროცესია, ამიტომ მოთმინება გმართებთ. ხშირად შეაქეთ გამოჩენილი მოთმინებისთვის, აგრძნობინეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არაა.

მათ უნდა ვასწავლოთ კოლექტივში ურთიერთობის დალაგების მეთოდები, რადგან ადრე თუ გვიან ამის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწევს. ერთად გავარჩიოთ კონფლიქტის შემთხვევები, გავაანალიზოთ, მოვუყვანოთ საკუთარი მაგალითი და შევარჩიოთ გამოსავლის საუკეთესო ვარიანტები.

ქოლერიკ ბავშვს სათავგადასავლო და ჰეროიკული ხასიათის ნაწარმოებების კითხვა უყვარს, ამიტომ ნუ დაიზარებთ და აღფრთოვანდით მისი საყვარელი პერსონაჟების მოთმინებით, თვითკონტროლისა და ზომიერების უნარით.

გახსოვდეთ, ტემპერამენტის გამო ნურასოდეს გაკიცხავთ, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც კონტროლს ექვემდებარება, ამის გაკეთება კი ბავშვს თქვენთან ერთად უფრო მეტად გაუიოლდება.

დიდი სიფრთხილეა საჭირო ქოლერიკ ბავშვებთან დამოკიდებულებაში. ისინი უცებ ბრაზდებიან, მაგრამ ძალიან გულჩვილნი და მგრძნობიარენი არიან. კარგი იქნება თუ მშობელი მასწავლებელთან ერთად შეიმუშავებს კონკრეტულ მოსწავლესთან მიდგომას, ყურადღებით მოეკიდება შვილს.

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ცუდი შედეგები მოსდევს, როცა მასწავლებელი ბრაზით ხვდება მოსწავლის ფეთქებად გამოხდომას. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ დაივიწყებს მასწავლებლის ასეთ დამოკიდებულებას. მე არ ვგულისხმობ დისციპლინის დამრღვევ, უზრდელ მოსწავლეს. მხოლოდ განსხვავებულ ხასიათებს ვუსვამ ხაზს.

მშობლებს ვურჩევ: მეტი ყურადღება გამოიჩინონ შვილების მიმართ, შეისწავლონ მათი ხასიათი, რატომ ღიზიანდება ბავშვი, რატომ აღარ ერთობა, რატომ ჩაიკეტა და აღარ მხიარულობს. დააკვირდეს, რითია დაკავებული შვილი. მესმის მშობლების, რომლებიც დილიდან გადიან სამუშაოდ, რათა სარჩო-საბადებელი ჰქონდეთ, მაგრამ აღზრდა ხომ უმთავრესია? მშობლების ჩარევის გარეშე სკოლა უძლურია.

საჭიროა აღმოვაჩინოთ ბავშვის ინტერესის სფერო, კარგად შევისწავლოთ და მიმართულების მიცემაში დავეხმაროთ. მაგალითად, მისი ინტერესი რამე საგნის ან სფეროს მიმართ შეიძლება გავამძაფროთ და განვავითაროთ რამე ფილმის ან წიგნის შერჩევით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ სკოლა და ოჯახი ერთიანი ინსტიტუტი უნდა იყოს. მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთ მთლიანობად უნდა აღიქმებოდეს. ხშირ შემთხვევაში სკოლისგან შორს მდგომი მშობელი ისმენს და იზიარებს შვილის აზრებს სკოლაზე, მასწავლებლებზე, უფრო მეტიც, უმძაფრებს და უღვივებს სიძულვილს მასწავლებლის მიმართ. რას ვიღებთ შედეგად? სკოლაზე გულაცრუებული ბავშვი ქუჩაში აღმოჩნდება, მისი ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარეა. ის შეიძლება ადვილად აღმოჩნდეს ვინმე დამნაშავის გავლენის ქვეშ. ჩემი აზრით, საჭიროა, მშობელმა იცოდეს შვილის ხასიათის თავისებურებები და დიდი სიფრთხილით მოეკიდოს მის ბუნებას. ეს, ასევე, გასათვალისწინებელია სკოლაში მასწავლებლის მიერ, განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე.

ქოლერიკ ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებით გამოვყავი, რადგან ყველაზე რთულნი და ყველაზე მგრძნობიარენი არიან. დიდი ხნის სკოლაში მუშაობის გამოცდილებამ მაჩვენა, როგორ განიცდიან ქოლერიკი ბავშვები დაცინვას თავისივე თანატოლებისგან. ისინი შეიძლება დუმილით შეხვდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ საკუთარ თავში ჩაიკეტონ, ბევრ რამეზე ხელი ჩაიქნიონ, გულს გაიტეხონ.

მასწავლებელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს მოსწავლეთა ქცევას ერთმანეთის მიმართ. თუ საჭიროა, მოსწავლისაგან ფარულად დაუკავშირდეს მის თანატოლს (ვინც ასეთი გამომწვევი ქცევის ინიციატორია) და ისე მოაგვაროს პრობლემა, რომ მისივე თანატოლისგან მიყენებული გულისტკენა გააუვნებელყოს.

ტემპერამენტის ოთხივე ტიპი განსხვავებულია და მათთან დამოკიდებულებაც განსხვავებულად უნდა წარვმართოთ, რათა სკოლა, ოჯახი და საზოგადოება ერთმანეთს არ დაშორდეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დ. უზნაძე, „განწყობის ფსიქოლოგია“, 1966;
  2. რ. ნათაძე, „ზოგადი ფსიქოლოგია“,1977

 

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის № 124 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი, Microsoft-ის ექსპერტ-მასწავლებელი მარინა ტარუღიშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი