ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვიყენებ მხატვრულ ტილოს ლიტერატურის სწავლებაში

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წარმატებით ვიყენებ მხატვრულ ტილოებს და სხვადასხვა ვიზუალურ მასალას, რადგან  ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარებისა და ესთეტიკური აღზრდის საქმეში. მიზანშეწონილად მიმაჩნია ზოგიერთი გრამატიკული მასალის ფერწერულ სურათებთან კავშირში შესწავლაც. ილუსტრირებული სურათის მიხედვით მოსწავლეებს ვაძლევ სხვადასხვა გრამატიკულ დავალებას.

ლიტერატურის გაკვეთილზე მხატვრული ტილოების გამოყენებისას ჩემი მიზანია, ვასწავლო მოსწავლეებს მათი წაკითხვა, თავიანთი გრძნობებისა და შთაბეჭდილებათა ხატოვანი გადმოცემა. მხატვრულ ტილოებს მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით ვარჩევ.

სურათის  აღწერისას მოსწავლეებს ვთხოვ აღნიშნონ, თუ რით მიიპყრო სურათმა მათი ყურადღება, რატომ მოეწონათ იგი სხვაზე მეტად. სასურველია მოსწავლეებს წარვუდგინოთ რამდენიმე სურათი. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სურათის არჩევის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აქტივობა შესუსტდება.

ზოგჯერ რომელიმე მოსწავლე სურათს კი არჩევს, მაგრამ ეძნელება წერის დაწყება, არ იცის საიდან და როგორ დაიწყოს. ასეთ მოსწავლეს ვაძლევ ისეთ საორიენტაციო კითხვებს, რომლებიც მას სწორ გზაზე დააყენებს. პირველად ვაძლევ ასეთ კითხვას: ,,რით მოგწონს ეს სურათი?“ მოსწავლეს შეიძლება სურათის შინაარსი მოეწონოს, იგი ნაცნობი და ახლობელი იყოს მისთვის და მასში სასიამოვნო მოგონებებს  აღძრავდეს. ზოგიერთმა სურათმა შესაძლოა მოსწავლის ყურადღება მიიქციოს შესრულების ოსტატობით, ფერთა შეხამებით, შინაარსი კი გაუგებარი დარჩეს. მოსწავლე აუცილებლად მიუთითებს, რა მოეწონა მას. სწორედ ამით მათთან მუშაობას. თუ მოსწავლეს სურათის შინაარსი მოსწონს, ვეხმარები მას ნაწარმოების მხატვრულ აღქმაში.

წერით მუშაობას ვიწყებთ სურათების ზეპირი გარჩევის შემდეგ და ამას ვუკავშირებ ბუნების წიაღში გასვლით გაკვეთილს. ამის შემდეგ ვიწყებთ თხზულებაზე მუშაობას.

მოსწავლეების უმეტესობა ლევიტანის „ოქროს შემოდგომას“ ირჩევს.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი გავლენა მოახდინა ბავშვებზე მხატვრულ სურათებზე მუშაობამ,  გაგაცნობთ V კლასის მოსწავლეთა მიერ ლევიტანის „ოქროს შემოდგომაზე“  დაწერილ რამდენიმე თხზულებას.

ლუკა  ა.

,,შემოდგომამ ზღურბლს გადმოაბიჯა, ყველაზე კარგი დრო შემოდგომაა. მეწამული და ოქროსფერი ბატონობს ტილოზე, შორს კორომი ელვარებს. ხეები ალისფრად ლაპლაპებს. საოცარი, საკვირველი სურათია ჩემ წინაშე, თითქოს ზღაპარში ვუყურებ შემოდგომის სილამაზეს.

მეწამულ სამოსში ჩაცმული ბუნება თითქოს ზეიმობს. საზეიმოდ მორთულან ხეები. ტილოს ლამაზი ფერები თვალს ახარებენ, მაგრამ რატომ იწვევს სურათი მწუხარებას? რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ,,გამჭირვალე ცის ნათელი რაღაც ცივად იმზირება“. მდინარე გამუქდა და გაცივდა. ბალახი გახუნდა, „აღარ ჩანან ჩიტუნები“. ლევიტანის სურათზე მოკლე, მაგრამ საოცარი შემოდგომაა, ზღაპრული სილამაზეა დახატული. ჩვენთან ბუნება ტირის მიმავალი ზაფხულის გამო, ტირის, ტირის, დილიდანვე მსხვილსა და გამჭირვალე ცრემლებს ყრის. სკოლის ეზოში ხის ოქროსფერი ფოთლები წვიმაში პირს იბანენ, გზებზე კი წუმპეებია“.

ლუკა  გ.

„გავიდა ცხელი ზაფხული. დადგა ლამაზი შემოდგომა. „ტყეში მიწა იფარება ოქროსფერი ფოთლის ფენით“… შემოდგომის ფოთლები თოვლივით ცვივა. შემოდგომამ ნაირფერი, ხავერდის  ხალიჩა მოქსოვა. თითქოს ზრაპარია, შორს აელვარდა ტყის კორომი, ჩიტები კი წასული ზაფხულის საძებრად მიფრინავენ. მდინარე გაცივდა, ცის ლაჟვარდი ისეთი გამჭირვალე აღარ არის, როგორც ზაფხულში.

ლამაზია ტყე შემოდგომაზე, მაგრამ მაინც რაღაც ცივი და უკარებაა იგი. მე ტყე ზაფხულში უფრო მიყვარს, მწვანე სამოსში გამოწყობილი, ხასხასა ბალახისა და მინდვრის ყვავილების ფონზე“.

აღნიშნულმა თხზულებებმა მომხიბლა გრძნობების უშუალობითა და მეტყველების კულტურით, კარგად არის გამოყენებული ციტატა ლექსიდან. მაგრამ ყოველთვის როდი გვახარებენ თხზულებები. ზოგჯერ ასეთი ნამუშევარიც გვხვდება:

„ოქროს შემოდგომა.

მოახლოვდა შემოდგომა. ყველა ფრინველი სამხრეთისაკენ გაფრინდა. „ტყეში მიწა იფარება ოქროსფერი ფოთლის ფენით“… მდინარე ცივი და გამჭირვალე გახდა. ბალახი გახუნდა, გატვიტლდა და მოიწყინა. შორს აელვარდნენ კორომები, ,,ალისფრად ღვივის ცირცელის ტოტი“… „რაღაც ცივად იმზირება გამჭირვალე ცის ნათელი“. დაიწყო ფოთოლცვენა, ფოთლები ფარფატებენ ჰაერში. ფოთოლცვენა, ფოთოლცვენა, ცვივა ყვითელი  ფოთლები ი. ლევიტანის ,,ოქროს შემოდგომის“ მიხედვით“.

არ არის საჭირო ამდენი ციტატა, სად არის გოგონას განცდა, რატომ არის მისი თხზულება ასე უინტერესო? გასაგებია, იგი ყოველგვარი განწყობის გარეშე წერდა, ოღონდაც რამე დაეწერა, წერა კი ეხერხება. რატომ? რა არის მიზეზი?

ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ იგი ჩვენთან ერთად არ იყო გასვლით გაკვეთილზე, არ დასწრებია სურათის ზეპირ გარჩევას. გარდა ამისა, შემოდგომას სხვა დრო ურჩევნია, ეტყობა მას საყოფაცხოვრებო თემა უფრო იზიდავს. ამაში დავრწმუნდი, როდესაც მან პეროვის სურათის ,,სამცხენას“ მიხედვით დაწერილი თხზულება „ზამთარი“ წარმოგვიდგინა.

„ბავშვები, რომლებიც მარხილით მიათრევენ წყლით სავსე კასრს, არ ტირიან. ისინი შეურიგდნენ თავიანთ მწარე ბედს და შეეგუენ მძიმე შრომას. ეს ბავშვები ოსტატის შეგირდები არიან. ისინი მშივრები, გამხდრები, ჩამოძენძილები არიან. ძნელია ამსიმძიმე წაღებით სიარული, ქუჩა კი გასიპულია. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ორი ბიჭი და ერთი გოგო ჯიუტად მიიწევენ წინ ქარის საწინააღმდეგოდ, რომელიც მათ ძონძებს ტანზე ახევს. ვიღაც გამვლელს შეეცოდა ბავშვები და უკნიდან უბიძგებს მარხილს.

მთელი სურათი დახატულია ნაღვლიან, რუხ ფერებში. პეროვი იქვე ხატავს სახლს, რომლის ფანჯრიდან ლამპის შუქი გამოდის. სადღაც შორს მყუდროება და სითბოა, ეს ბავშვები კი უსახლკარონი და უპატრონოები არიან. დიახ, სახარბიელო არ არის მათი ბავშვობა!“

განა შეიძლება ამის შედარება წინა თხზულებასთან? არც ციტატებითაა დამძიმებული, არც მაღალფარდოვანი სიტყვებით. მოსწავლე უბრალოდ და გულახდილად  წერს, განიცდის ამ ბავშვების ბედს. გრძნობათა მოძალების გამო ზოგიერთი მოსწავლე თავის ემოციას ლექსის ფორმით გამოხატავს. მათი ლექსები, რა თქმა უნდა, არ გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მაგრამ მათში ხალასი გრძნობები იგრძნობა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც , რომ ბავშვები არ მიეჩვიონ ყალბი გრძნობების  ლამაზი სიტყვებით გამოხატვას. კლასიკური ლიტერატურის მაგალითზე უნდა ვუჩვენოთ ბავშვებს, რომ ღრმა ემოციების გადმოცემა უბრალო სიტყვებითაც შეიძლება.

მხატვრულ სურათებზე მუშაობისას დიდი ტაქტი და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ყოველი განსახილველი ნაწარმოები დიდაქტიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს, სხვაგვარად შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი