სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

გააპროტესტე (ხელო)ვნებით ანუ პროტესტის რიტორიკა

ეს სამყარო აზრის ფორმაა. ეს აზრი კი განსხვავებულად და ათასგვარად  შეიძლება გამოიხატოს (აუდიალურად, ვიზუალურად, ვერბალურად…) ხელოვნება – აზრის გამოხატვის განსაკუთარებული ფორმატია, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია არა იმდენად გამოხატავის საგანი, არამედ ფორმა…. ის, თუ როგორ გამოიხატება. გამოხატვის ფორმის მიხედვით ვაფასებთ აზრს, იდეას, სათქმელს… იმაზეც ვთანხმდებით, რომ ჩვეულებრივი მეტყველებისაგან განსხვავებით ხელოვნებას მეტი ზეგავლენა აქვს ჩვენს ცნობიერსა თუ არაცნობიერზე და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ვიმახსოვრებთ აზრს, რომელიც შემოქმედებითად, კრეატიულ ფორმატში გამოითქვა.

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, რომელიც გადავსებულია ინფორმაციით, როგორ უნდა გამოვარჩიოთ მნიშვნელოვანი აზრი უმნიშვნელოსგან…? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ის გვეჩვენება, რაც კრეატიულად გამოითქვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ასეთი გამორჩეულობა ხდება. სხვა საკითხია: რამდენად ჭეშმარიტია ის, რაც შემოქმედებითად ითქვა… დამერწმუნეთ, რომ ამის განსჯის დრო დაკარგა ადამიანმა. მის ყურადღებას იქცევს მხოლოდ რაღაც, რაც გამორჩეულად გამოიხატა. ინდივიდის შინაგან ეთიკას უნდა მივანდოთ ეს საკითხი. ანდაზა – „მღვდელი ჭილობში იცნობა“ – კარგავს აქტუალურობას. ამირანის გულში ნამღერსაც ვერავინ გაიგებს, თუ არ გაახმოვანებს ამირანი.

ციფრული რეალობა თავის ახალ კანონებს ქმნის და გვთავაზობს და ამას მაშინ ვაცნობიერებთ, როცა ვხედავთ, რომ რაღაც ისე აღარ ხდება, როგორც ხდებოდა.

პროტესტის (პირადი თუ სოციალური) გამოხატვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიყვარულის ახსნა (თუ თვლით, რომ ეს აუცილებელი არ არის, ცდებით…). ტრადიციული ფორმები აქაც უკვე მოსაწყენი გახდა. უკვე რამდენი წელია, სოციალური პროტესტის გამოხატვის ძირითად ფორმად ქუჩაში სტიქიური გასვლა და „.. -ჯოს! …-ჯოს! და „გადადექის“ ძახილია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ წრეზე ვტრიალებთ და ისე შევეჩვიეთ, პერიოდულად ამ გავარდნის სურვილი უკვე რეფლექსით გვიჩნდება, თითქოს სისხლში გადაგვივიდა. არა და, მართლა რამდენი რამ არის გასაპროტესტებელი…. ჩვენ კი თითქოს ეს მოგვწონს: გავვარდებით, ვიყვირებთ, ვიცეკვებთ, ვიმღერებთ, ორთქლს გავუშვებთ და წავალთ სახლში. თითქოს მიზანი „ქუჩაში გავარდნა“ იყოს და არა ცვლილებები. მერე მალევე გვავიწყდება ის, რისთვისაც ქუჩაში გავვარდით და ასე გრძელდება…  ოჯახური პროტესტებიც ცემა-ტყეპვით, აგრესიით, მოკვლით, დასახიჩრებით გამოიხატება, როცა სიყვარული იკლებს, პირდაპირპროპორციულად იმატებს აგრესია. სიყვარულის ნაკლებობას მხოლოდ ეს ადგენს – მოძალებული აგრესია და მსხვრევა-მტვრევის და არა შეცვლის სურვილი! გვირჩევნია, მუშტები ვიქნიოთ, ვიდრე ვიფიქროთ…  რა ვიცი, 21-ე საუკუნის ადამიანს ეკადრება ისევ გამოქვაბულში ყოფნა? მე ის ვიცი, რომ სლოგანი: „გამოდით გარეთ, თქვე ჩმორებო“ – მოძველდა და არაადექვატურია. მით უფრო ციფრულ ეპოქაში, რომელშიც ისედაც ყველანი „გარეთ ვართ“. სოციალური ქსელი უსწრაფესად ავრცელებს ინფორმაციას და ეს კონტექსტი უკვე ცვლის გამოხატვის ფორმებს.

ამ შესავლით იმის თქმა მინდა, რომ მომავალში საზოგადოებაზე ძლიერი ზეგავლენა ექნება პროტესტის მხოლოდ იმგვარ ფორმებს, რომლებიც წინასწარ კარგად მოფიქრებული, გააზრებული და შესაბამისი ფორმით იქნება გამოხატული და იქნება იმდენად კრეატიული და შემოქმედებითი, რომ დიდი ძალისხმების გარეშე მთავარ გზავნილს ძალდაუტანებლად მიიტანს ადრესატამდე; შესაბამისად, აღარც ჯარის გამოსვლა იქნება საჭირო ქუჩაში მოსალოდნელი ძალადობის აღსაკვეთად, რადგან პროტესტის შემოქმედებითი ფორმების გავლენა ძალადობას და აგრესიას არ ეფუძნება, სამაგიეროდ, ყველაზე პირდაპირი გზავნილია ცნობიერებისათვის. ხომ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ აზრის გამოხატვის ისეთ ველურ ფორმებზე, როგორიცაა: თავ-პირის დალეწვა, თავში წამორტყმა, ხელების გაგადრეხვა, წიხლქვეშ გაგდება, ტაბურეტკებით სირბილი, ჩაცუცქვით საქმეების გარჩევა და ასე შემდეგ. ჰო, ვიცი, რომ ეს ფორმები ბოლომდე არასდროს ჩაბარდება ისტორიას, მაგრამ ხომ შეიძლება, შევამციროთ? ყველა დაიღალა ამის ყურებით….

ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამყაროში შემოქმედებითი ადამიანები სოციალურად უფრო აქტიურები პროტესტის გამოხატვითაც უნდა გახდნენ, პროტესტის გამოხატვაც შემოქმედებაა და თან ისეთი, რომელიც ქუჩაში გასვლის გარეშე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალითაც კი შედეგს მოიტანს. ნამდვილად არის ამის მცდელობები ქართულ კულტურაში და ამ თემის აქტუალიზებით მინდა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს სოციალური პროტესტის შემოქმედებითი ფორმები. ერეკლე დეისაძის  „რაც მამას უნდა“ -ს მეტაფორამ იმდენი გააკეთა ქართულ ცნობიერებაში, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ. მე მახსოვს სტუდენტები, რას ფიქრობდნენ, როდესაც პირველად მოისმინეს ეს სიმღერა და ტექსტი და მახსოვს, რამდენიმე თვის შემდეგ რასაც ამბობდნენ (ვაკვირდებოდი დიდი გულისყურით ამ პროცესებს). თავიდან ბრაზობდნენ, მერე ფიქრობდნენ და ბოლოს ამბობდნენ: მართალია! ბოლოსდაბოლოს, იმასაც მიხვდა საზოგადოება, რომ ერეკლეს მამის სიძულვილი არ აწერინებდა. არა და, ის შემთხვევებიც კარგად მახსოვს, რაც მისი წიგნის -„საიდუმლო სირობის“ – განხილვას მოჰყვა ილიას უნივერსიტეტში. მახსოვს, აუდიტორიაში შემოვარდნილი მმკ-ს წევრები დაქსეროქსებული წიგნის ტექსტებით (რადგან ყველა ეგზემპლარი სასწარფოდ გაიყიდა), მახსოვს, როგორ დევნიდნენ ამ ნიჭიერ ადამიანს…

ამ ბოლო დროს რით გახდა პოპულარული სრულიად უცნობი ახალგაზრდების ჯგუფი „პანდა“? სტერეოტიპების ირონიზებით და ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე გამოხატვით ზოგი ააფორიაქეს, ზოგი – გააბრაზეს, ზოგი – დააფიქრეს…

ხელოვნებით გავლენა ყოველთვის უფრო ღრმაა და რაც უფრო შემოქმედებითია გამოხატვა, ზეგავლენაც მით უფრო ძლიერია.
სოციალური პროტესტის მრავალი ფორმიდან კიდევ ერთი იკიდებს ფეხს ჩვენს კულტურაში – ქუჩის არტი. ამ არტის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, ანუ არტისტია გაგოშა, იგივე გიორგი გაგოშიძე. მის მიერ გამოხატული პროტესტიც მრავალგვარია. თბილისის ქუჩებში, შენობებზე თუ გადასასვლელებში გაგოშას ხელწერა ყურადღებას იქცევს და გულგრილად ვერავინ ჩაუვლის… ერთი ფრაზა მაინც გაჰყვება. რადგან გიორგი ბევრს ფიქრობს იმაზე, როგორ მიიტანოს მთავარი გზავნილი საზოგადოებამდე. პროტესტის ხლოვნებით გამოხატვა იმითაც არის საინტერესო, რომ შემოქმედს არ სჭირდება, მოუძახოს თანამზრახველებს, მოდით და ნახეთ, რას ვაკეთებ, გამოდით, გვერდში დამიდექით! რა თქმა უნდა, მას ჰყავს თანამოაზრეები, მაგრამ ყველაფერს დამოუკიდებლად წყვეტს და იმასაც, რომ იცის, გარკვეული შენობების მოხატვა „საშიშიცაა“, შეიძლება, დაიჭირონ კიდეც, მაგრამ ესეც გაცნობიერებული აქვს და პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ საკუთარ თავზე.

ინტერნეტსივრცეში (netgazeti,ge) ვასო კუჭიხიძის საინტერესო წერილი წავიკითხე პროტესტის კულტურაზე. სტატიაში საქართველოში პროტესტის გამოხატვის დაბალი კულტურა შემდეგი ფაქტორებითაა ახსნილი:

საქართველოში პროტესტის გამოხატვის დაბალი კულტურა ძირითადად რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. არტის ელემენტები, რომელიც პროტესტს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს საზოგადოებაში, იქმნება ხელოვნების მიერ, საქართველოში კი ხელოვნება კონფორმიზმის ჭაობში იხრჩობა და ხელოვანები კი პირადი კეთილდღეობის მოპოვებისთვის იღწვიან. მათ პოზიციას კარგად ესადაგება გიორგი ხასაიას მიერ ქართულად თარგმნილი ლექსი ვისთვის მუშაობთ თქვენ კულტურის მოღვაწენო?“

 

აქვე გ. ხასაიას და ვ. ნაცვლიშვილის ამ თარგმანიდან ფრაგმენტსაც მოგაწვდით:

ა.ბრენერი, ბ.შურცი

ვისთვის მუშაობთ თქვენ კულტურის მოღვაწენო?“

 

არამზადებს უნდა ელაპარაკო პირდაპირ, ენის მოჩლექვის გარეშე,

მთელი დღევანდელი კულტურა ესაა გონებასუსტ მეძავთა თარეში.

კუ-კლუქს-კლანი კომუფლირებულ ბალახონებში – აი, დღევანდელი არტისტები,

ორმაგი აგენტებიც კი არ არიან, არამედ უბრალოდ ლპობაშეპარული ფაშისტები,

პოეტუნები მთელ დროს შაქრის პუდრის ყლაპვასა და ვისკის წრუპვაში ატარებენ,

ამ დროს კი სიერა-ლეონეში მათლაფიდან აყროლებულ სითხეს ლოკავენ პატარები,

მხატვრები თავს გვაჩვენებენ, ვითომ არიან ღმერთები და შეშლილები,

ამ დროს კი ავღანეთში დევნილებს ნაწლავები უცახცახებთ შიმშილისაგან…

(და ასე შემდეგ….)

 

P.S. იმით დავსრულებ, რითიც დავიწყე: გააპროტესტე (ხელო)ვნებით! ეს სლოგანი 3 წაკითხვას მოიცავს: 1) გააპროტესტე ხელოვნებით; 2) გააპროტესტე ვნებით და 3) გააპროტესტე ნებით!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი