ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

    ფატმანის მხატვრული სახის გააზრება-სწავლებისათვის

„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“, – ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსნის“ კართან მდგარნი. ტაეპი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და დაგვაფიქრებს სამყაროსა და მისი გვირგვინის, ადამიანის, ბუნების მირიად ფერზე, რომელთა კავშირი თუ გარდატეხა ერთ დიდ სინათლეს ქმნის ღვთისკენ მიმსწრაფთ სამკვიდროში.

ზემოხსენებული სტრიქონით შოთა რუსთაველი სწორედ იმ ცხრაკლიტულის გასაღებს გვიბოძებს, რომლითაც არა მხოლოდ მისი გმირების ქმედების განსჯა, არამედ  ჩვენს სულში მზერის ჩაბრუნება ხერხდება თავის შესაცნობად, ანუ ღმერთთან მისაახლოებლად, რადგან ,,ადამიანი მოწოდებულია ცისკენ მიაპყროს თვალი, ეზიაროს ამაღლებულ ყოფას“. (გ. მურღულია).

რუსთაველი  იდეალურ პერსონაჟთა სახეებს ქმნის და „ვეფხისტყაოსნის“  მოგზაურობით გვანებივრებს, მაგრამ არც ის ავიწყდება, რომ, ადამიანი უპირველესად, მიწიერი არსის მქონეა, „ვნებათაგან ბოროტ-ღელვილობა“ სდევს თან, რომ „რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ იდეალური სიყვარული არ არსებობს“, (გ. მურღულია) ამიტომაც მზიან ფერთა გვერდით „ჩრდილოვანის“ დახატვაც საჭიროდ მიუჩნევია, ფერისა, რომელსაც ფატმანი ჰქვია, რომელსაც, მართალია, ,,მიჯნურთ ზნეობით“ ვერ გამოვარჩევთ, მაგრამ „გასამსალებულ სოფელს“ იდეალური მიჯნურობისას სალბუნად და მუფარახად მოვლენია და გულანშაროელ ვარდს თავისი სიკეთით მათი ცხოვრებისთვის ციცინათელასოდენი სინათლე მაინც მიუცია.

ადამიანის ბუნების სირთულის, ღირსება-ნაკლის, წუთისოფლის „ორგემაგობის“ წარმოჩენა დაუკისრებია რუსთველს ფატმანისთვის, რომელსაც „თვალად სიტურფის“ ნაცვლად „თვალად მარჯვეობა“ აკმარა, გულანშაროში დაასახლა და „სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი“ თუ ნაირ-ნაირ მიჯნურთა „უგულო სიყვარული“ არ მოაკლო, ერთი მხრივ, სულ-ხორციან ტურფა მეტრფეთა უკეთესად წარმოსაჩენად, მეორე მხრივ, ჩვენში ისეთი თვითკრიტიკულობის აღსაზრდელად, როგორიც ფატმანს აქვს, ჭაშნაგირის მუქარით დაზაფრულს, სიკვდილმოლანდებულს:

,,ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,

ხვაშიადთა ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა“.

საკუთარი ნაკლის დანახვა-აღიარება ყველაზე მეტად გვეძნელება ედემის დამკარგველ ადამ-ევას მოდგმას, არადა, თავის შეცნობის გზაზე დამდგარს, უწინარეს, იგი მოგვეთხოვება.

„ჩვენ თვალწინ ხდება ფატმანის ფერისცვალება. ამგვარი შინაგანი ფერისცვალების შესაძლებლობა ყველა ადამიანშია და მისი წარმმართველი ძალა სიყვარულია. სიკეთეს, როგორც ყველაფერ დანარჩენს, სიყვარული ბადებს და ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია (ფატმანი კი სწორედ ასეთია), მას ჭეშმარიტი სიყვარულიც ძალუძს. სხვა საქმეა, ამ უნარის გამომჟღავნებისა და გაცხადების რაგვარ შესაძლებლობას აძლევს მას გარემო, საზოგადოებრივი ცხოვრების წესი“ (გ. მურღულია).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფატმანის  ღირსების არგამოკვეთა ან მხოლოდ მის ნაკლზე საუბარი მის მხატვრულ სახეს ვერ გაგვააზრებინებს. ასეთი დამოკიდებულება „მართლჭვრეტის“ არქონას ნათელყოფს ჩვენსას და იდეალურ გმირთა შეფასების მორალურ უფლებასაც წაგვართმევს. მით უფრო, რომ ჩვენივე სისუსტითა თუ ცოდვილობით უფრო ვგავართ ფატმანს, რომელიც იმ გულანშაროში ცხოვრობს, „გლახა თვე ერთ რომ გამდიდრდება,“ „მოსახვეჭელ  ოქრო-ვერცხლს  მოიხვეჭს“ და თვითვე იქცევა იმ უსულო, ჭეშმარიტება-დაკარგულ საგნად, „თუალ რომ ასხენ და არა ხედვენ, ყურ რომ ასხენ  და არა ესმის“. (ფსალმუნნი და ლოცვანი“).

ასეთ სამკვიდროს გაზრდილობა ქალს სათნოებას, სიქველესა თუ მეგობრობას, რა თქმა უნდა, ვერ ასწავლიდა. მაშ, რამ დაბადა მასში მოყვასისათვის თავდადების, ცისკენ თვალის მიპყრობის, ამაღლებულ ყოფასთან ზიარების წადილი? ეს ოდენ რუსთაველის კაპრიზია (პერსონაჟის ბოლომდე არგაწირვით შეპირობებული) თუ იმავე რუსთაველისაგან კაცთა ბუნების ღრმა ცოდნა და რწმენა – ღვთისშვილობის ნათელი ყველა ჩვენგანშია, ყოველს ჩაესმის უფლის სიტყვები: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი…“ („ფსალმუნნი და ლოცვანი“).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგულისხმოდ მეჩვენება აზრი: „მწერალი ზომიერების გრძნობით  და რეალისტური ალღოთი ეძებს წყალგამყოფ მიჯნას სიკეთესა და ბოროტებას შორის. მაგრამ გამყოფი ხაზის მოძებნის დროს შემოქმედი ხასიათის შინაგანი ბუნებიდან გამოდის… ცხოვრება აიძულებს ხასიათს მოვლენებთან დამოკიდებულებაში თავისი ნამდვილი ბუნება გაამჟღავნოს“. (დ. ბენაშვილი) სამართლიანად გვებადება კითხვა: რომელი ფატმანია ნამდვილი (თუ თვითონ ფატმანის ბუნების წყალგამყოფ მიჯნას დავუწყებთ ძებნას),  სულით ტურფა გმირებთან (ნესტანთან, ავთანდილთან) შეხვედრამდე „სმა, გახარება, თამაშით“ გულანშაროში მცხოვრები თუ მათთან შეხვედრის შემდეგ?

ფატმანის სიდიაცეში ქალობის არსებობა ვირწმუნეთ მაშინ, როცა რუსთაველმა გულანშაროელი ხათუნის მშვენიერებასთან ზიარების უბადლო სურათი დახატა:

„რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,

ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა, ზესა;

დავიწუხენ, თვალნი ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა“.

ვეთანხმები აზრს, რომ „მშვენიერება სახის შინაგანი თვისებაა. იგი ნათელივით ადგას ადამიანის სულს“.  (დ. ბენაშვილი). ამავე დროს, სულის მშვენიერების  არანაკლებ გამოვლინებად მიმაჩნია ფატმანისაგან ნესტანის „შუქის განცდა“ და დაფასება. „დიდ შინაგან ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სხვა არსებაში თავისი საოცნებო სრულქმნილების ხილვამ მასში ძალიან ბუნებრივი ადამიანური შური კი არ დაბადა, არამედ თავგანწირული სიყვარული!“(გ. მურღულია).

,,…მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,

გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,

ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე“.

ეს საოცარი მზრუნველობა, პირმზე ნესტანის ცრემლთა წამლობის დიადი წადილი ავთანდილის გულს მოგვაგონებს, ახლად გაცნობილი ტარიელისთვის სამეგობროდ მყისიერად აძგერებულს:

„დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა!“

„შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!“

ჭეშმარიტად, „სულიერი ნათელი თვითმყოფადია“. (გ. მურღულია). ფატმანში არსებულ ასეთ ბუნებით შუქს ნავროზობის დღესასწაულზე ხათუნებს შორის „მღერა-ყმაწვილობისას“ შევნიშნავთ, ვაჭართა ცოლებს გამოყოფილი, „სევდაშემოქცეული,“ სარკმელს რომ გამოაღებს გაუცნობიერებელი კაეშნის გასაქარწყლებლადა თუ სხვა სამყაროს აღმოსაჩენად.

აკი აღმოაჩენს კიდეც!

ეპიზოდში სარკმელს, მის გამოხსნას, ვფიქრობ, ის სიმბოლური დატვირთვა აქვს, ფატმანის მაძიებელ სულს, ამაღლებულისაკენ მისი სწრაფვის წადილს რომ დაგვანახვებს. ამასობაში შეიძლება დაგვავიწყდეს კიდეც, წუთის წინ რომ გვაინტერესებდა – რა აწუხებს „მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარულ“ ხათუნს, რა „ჩუმი ნაღველი“ შეჰპარვია მის გულს? ეგება „სინდისის საშფოთველ-საქენჯნავი“ სიძვის დიაცისა? მართალია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ხერხდება, მაგრამ ერთი ცხადია, სარკმელთან მიმდგარ ფატმანს სევდიანს, ფიქრიანს ვხედავთ, მანამდე ნათქვამი: „ვიმღერდი და ვყმაწვილობდი“, უდარდელი წარსულის კუთვნილება ხდება და მშვენიერებასა და სიბრძნესთან ზიარებისთვის შემზადებულს, ფიქრით შეიარაღებულს, შეახვედრებს ქალს რუსთაველი ჯერ ნესტანს, შემდეგ ავთანდილს. საგულისხმოა, რომ ორივე მათგანისთვის მაშინვე საცნაური ხდება ფატმანის გულის სითბო და სიფაქიზე. „დედის უმჯობეს დედას“ უწოდებს ინდოელი ასული მას. არც არაბი ჭაბუკი ცდება შეფასებისას, როცა ხათუნზე ფიქრობს: „მოსადგურე და მოყვარეაო, მგზავრთა, ყოველგნით მავალთა“.

არც მოტყუებულან! სწორედ ფატმანმა გადაჰყარა ბინდი წუთისოფელს  ჩვენთვის საყვარელ გმირთათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს თავგანწირვა ავთანდილის სიყვარულზე უარის ფასად დაუჯდა და მასში გატაცება კი ჭეშმარიტმა გრძნობამ, მოყვასის სიყვარულმა შეცვალა, ავთანდილისდარი კეთილგანწყობა ჩვენც გაგვიჩნდება, უკვე „საჭაბუკო“ სამოსში გამოწყობილი რომ გაუმხელს სპასპეტობასა და გიშრისთვალება ასულის მიჯნურობას:

„მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა“.

„ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია“.

და  გულწრფელად შეუქებს ქალს მეგობრობის უნარს:

„შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი“.

არც ტარიელს ავიწყდება ფატმანის სიკეთე, რომლის წყალობითაც „მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“ და გულმხურვალე ჭაბუკი „ტურფა სიტყვითა, ენითა“ გამოთქვამს მის მიმართ მადლიერებას:

„ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია“.

დად მიჩნეულისთვის კი ცდილობს „გარდაუხდელად დიდი ვალის“  „ქაჯთა საჭურჭლის“ ჩუქებით გადახდას, მაგრამ ფატმანის დიდ ადამიანებთან შეხვედრით „ბნელგანათლებული,“  „მზეჩამდგარი“ გული მატერიას აღარ ეხარბება. ვაჭართ ცოლების წინამძღოლი ტურფა გმირების მსახურებს შენატრის, მათთან მყოფობით ბედნიერთ:

,,ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!“

ფატმანისთვის, მანამდე „დიდროვან მარგალიტთა თუ უსახო

ლალთა“ უბადლო შემფასებლისთვის, ფიზიკური ნათელი დაიმცრო, ახლა ისეთ

ღირებულებებათა შემცნობს ვხედავთ, „უკვდავებისა სწორანი“ რომაა,

ჭეშმარიტ სიხარულს რომ მოგანიჭებს, ადამიანის „ხმელთა მნათობობას“,

ღვთის ნათლის ტარების მშვენიერებას რომ განგაცდევინებს.

„ყოველი ხასიათი, რომელიც შექმნილია გამოცდილი ოსტატის ხელით,

დამოკიდებულია არა მწერლის სუბიექტურ ფანტაზიაზე, არამედ ობიექტურ

დაკვირვებაზე, ხასიათის შინაგანი სულიერი ცხოვრების თანმიმდევრობით

შესწავლაზე. ხასიათის გამოსახვის დროს თვალსაზრისი ნაწარმოების გმირისა

ხშირად ემთხვევა ავტორის თვალსაზრისს, მაგრამ, მიუხედავად ამისა,

თვალსაზრისი გმირისა გამოსახული უნდა იქნას გმირის

ხმითა და ფერით“. (დ. ბენაშვილი). მოსაზრებიდან გამომდინარე, უჩვეულოდ

აღარ გვეჩვენება, როცა ფატმანი სამყაროსა  და მის შემოქმედზე

ფილოსოფიურად იწყებს ფიქრს და იმავე ჭეშმარიტებას ქადაგებს „თავისი ხმითა

და ფერით“,  რომელსაც მანამდე თვით  „ფილოსოფოსთა ბრძნობით “ზეციურ

ჰარმონიას მიწვდენილი ავთანდილისაგან ვისმენთ: „ბოროტსა სძლია

კეთილმან, არსება მისი გრძელია“.

ეჭვმიუტანლობითაა გაცხადებული დიდი ხნის წინ შეძენილი ცოდნა არაბი ჭაბუკისაგან. ფატმანის ნათქვამს კი: „ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი“, თუ დავუკვირდებით, მივხვდებით, ახლახან შემეცნებულის ფერი დაჰკრავს, გულის სიღრმიდან ამოხეთქილი სინათლის ფერი. ასეთ ასოციაციას კი ზმნის ფორმა ,,ვცან“ იწვევს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ახლახან, „აწ გავსებულმა,“ ერთბაშად შეიმეცნა ჭეშმარიტების, მშვენიერების, ბედნიერების, სიკეთის არსი და „მადლგაათასებული“ ხარობს მოყვასთა სიხარულით.

სწორედ ეს უნდა შეგვენიშნა „ვეფხისტყაოსნის“ ფერთა სამყაროსათვის, რაც ფატმანის მხატვრული სახის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარებოდა და პერსონაჟისადმი, როგორ ჩვენივე მოყვასისადმი, კეთილმოსურნეობით განგვაწყობდა. დიდი რუსთველის მიზანიც ხომ ესაა – სინათლეს გვაზიაროს, სიკეთის ქმნის წადიერება აღძრას, ბოროტებასთან ბრძოლა გვასწავლოს, როგორც ჩვენივე შინაგან არსში, ასევე გარესამყაროში, რათა „მოგვეცეს შერთვა ზესთ  მწყობრთა წყობისა“.

 

რაც შეეხება პერსონაჟის მხატვრული სახის შესწავლას, მოსწავლეებს, უპირველესად, მწერლის მიზანდასახულობაზე ვესაუბრები, რათა სწორად განსაზღვრონ ფატმანის როლი და ადგილი.

საჭიროდ მივიჩნევდი მათი აზრისა თუ ვარაუდის გამოთქმას ისეთ საზოგადო საფიქრალზე, როგორიცაა:

რისთვის მოვდივართ ამქვეყნად? (ნ. ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“ ნასწავლი აქვთ).

რა მნიშვნელობისაა მათთვის „ანდერძი“ ანტიკური ფილოსოფიისა, ამავე დროს, ქრისტიანობის უმთავრესი მოწოდება  – „შეიცან თავი შენი“?

ვამჩნევთ თუ არა ფატმანის რომელიმე ქმედებას „თავის შეცნობის“ სურვილს?

რა როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში სევდას, ფიქრს? შეიძლება თუ არა ფიქრის სწავლა? (ნ. დუმბაძის ,,სისხლს“ გავახსენებ).

შეიძლება თუ არა ეპიზდურად ნახსენებ სარკმელს სიმბოლური დატვირთვა მივანიჭოთ?

რა ან ვინ ეხმარება ფატმანს ფიქრის სწავლაში?

იდეალურ გმირებთან შეხვედრამ  შეცვალა თუ არა ფატმანის დამოკიდებულება სამყაროს, ადამიანების მიმართ?

ფატმანის მხატვრული სახის გასააზრებლად ვთხოვ, მოიძიონ ის სტრიქონები თუ სტროფები, რომელთა საშუალებითაც ინფორმაციის დახარისხებას მოახერხებენ, მნიშვნელოვანზე დაყრდნობით კი ცალკეულ სტრიქონთა იდეურ-მხატვრულ მხარეზე ისაუბრებენ. რაც მთავარია,  დააკვირდებიან პერსონაჟის ფიქრს, ქმედებას, მისი სულის მოძრაობას. ასეთი აქტივობებით, საბოლოოდ, როგორც ზეპირმეტყველებით, ასევე წერილობით გმირის მხატვრული სახის გააზრებას შეძლებენ და, რაც მთავარია, ასცდებიან პერსონაჟზე სტერეოტიპული დამოკიდებულებით მსჯელობას, რისი მიზეზიც მაინცდამაინც უარყოფით თვისებებზე ყურადღების გამახვილება იყო.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

გ. მურღულია, გ. ალიბეგაშვილი, ვ. მაღლაფერიძე – ,,საუბრები ქართულ ლიტერატურაზე;“ გამომცემლობა „განათლება;“ თბ., 1992;

დიმიტრი ბენაშვილი – ,,სახისა და ხასიათის პრობლემა ,,ვეფხის​ტყაოსანში;“თბ., 1954

ფსალმუნნი და ლოცვანი – გამომცემლობა ,,ალილო;“ თბ., 2011

 

 

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ილურიძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი