პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რესპუბლიკა 100

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლის იუბილეს აღვნიშნავთ. საუკუნის წინ ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს ისტორიაში პირველი რესპუბლიკა დააფუძნეს. ახლადშექმნილი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის ყველა ისტორიულ მხარეს აერთიანებდა. რესპუბლიკის იურისდიქცია ვრცელდებოდა აფხაზეთზეც, ცხინვალის რეგიონზეც, საინგილოზეც და სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიაზეც.  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის პოლიტიკურ რუკაზე პირველად გამოჩნდა წარწერა – „საქართველო”. მეოცე საუკუნემდე ჩვენი ქვეყანა ან დაქუცმაცებული იყო, ან დაპყრობილი. თავისუფლებისა და ერთიანობის ეპოქებში კი ქართველთა სამეფოს ხელმწიფის ტიტულთან დაკავშირებული ტოპონიმით მოიხსენებდნენ.

დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის გამოცდილებას მუდამ მტრობდნენ. ბოლშევიკებს რევოლუციის შემდგომ პერიოდში საკუთარი მარცხისა და რუსეთისგან თავისუფალი საქართველოს არსებობის პრეცენდენტები აღიზიანებდათ. ნაციონალისტი დისიდენტები 1918 წლის 26 მაისის ავტორებს „ავაზაკებთან” აიგივებდნენ. მათ რესპუბლიკის დამფუძნებელთა ზოგადჰუმანური და ხალხთა საერთაშორისო თანამშრომლობაზე ორიენტირებული შეხედულებები გულზე არ ეხატებოდათ. ნეოლიბერალური მთავრობები საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს უძველესი მოდელის მიჩქმალვას ესწრაფვოდნენ.

მტრობა ასწლეულის შემდეგაც გრძელდება. მხოლოდ 1028 დღის განმავლობაში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებს უამრავ საშინელებას აბრალებენ. ხშირად გაიგონებთ: „მენშევიკებმა თბილისი მიატოვეს და საქართველოდან გაიქცნენ”. არავინ იხსენებს, რომ თბილისის დატოვების გადაწყვეტილების მიღება კანონით მხოლოდ მთავარსარდალ კვინიტაძეს შეეძლო. აღარავის ახსოვს, რომ რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმცირესი ნაწილი ემიგრაციაში დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით გაიხიზნა. კრებას არ სურდა, რომ ბოლშევიკებს ძალაუფლების ლეგიტიმურად მოპოვების ელემენტარული საშუალება მაინც შეენარჩუნებინათ. კრების 100-ზე მეტი დეპუტატი საქართველოში დარჩა, მათი უმეტესობა უსასტიკეს საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა. აღარავის ახსოვს, რომ არსებობის არასრული სამი წლის განმავლობაში რესპუბლიკამ ათამდე სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირების მოგერიება მოახერხა.

ყველაზე თავზეხელაღებულები იმასაც კი წერენ, რომ დემოკრატიული სოციალიზმის მიმდევრებმა ილია მოკლეს. თავზეხელაღებულთათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა თქვა ილიას დაკრძალვის დღეს პირველი რესპუბლიკის მორალურმა ავტორიტეტმა, კარლო ჩხეიძემ: „ჩვენ მოწყურებული ვართ უკანასკნელი ამქვეყნიური პატივისცემა მოგაგოთ და ჩვენი შენდამი სიყვარული აღვნიშნოთ… შენმა მგოსნურმა ნიჭის ნაწარმოებმა ხელი შეუწყო ჩვენი ცხოვრების ასპარეზზე გამოსულიყო ახალთაობა, რომელმაც კლასთა ბრძოლა საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად, მთავარ ღერძად აღიარა. ამ ახალგაზრდობისთვის სხვათა შორის შენი იმდროინდელი შემოქმედების ნაყოფი იქცა მისი გონებრივი და ზნეობრივი ზრდის პირველ საფეხურად, რომელზედაც ეს ახალთაობა უნდა შემდგარიყო… ვაი მათ, ვინც ლამის მართლა ავაზაკურათ ისარგებლოს შენი მკვლელობის შემთხვევით და ჩირქი მოსცხოს მშრომელ ხალხს და იმას, ვინც ხელმძღვანელობს მას. დღეს ჩვენში შურის ძიებისათვის მოწოდებას ჩვენ არ ვიკადრებთ ცხედრის წინაშე, მაგრამ სასტიკ ანგარიშს მოვთხოვთ მათ, ვინც ჩვენ სასიარულო გზაზე ეკალსა სთესს და შხამს ანთხევს“.

არადა, 1918 წელს დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა უნაკლო არ ყოფილა. მისი ობიექტური ნაკლოვანებების აღმოჩენაც თავისუფლად არის შესაძლებელი. არ არის აუცილებელი არარსებული მოვლენების გამოგონება. რა უნდა იმის შემჩნევას, რომ ქვეყანაში მმართველი პარტია იმდენად ძლიერი იყო, რომ ოპოზიციის როლი აბსოლუტურად სიმბოლური გახლდათ. შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა სიღარიბის პრობლემას ვერ უმკლავდებოდა. შეგვიძლია ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკის ხარვეზებზეც და ა.შ.

რატომ უნდა ვცეთ პატივი პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობას?

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ხელი შეუწყო სამი გარდამტეხი პროცესის წამოწყებას:

  1. დემოკრატიული გარდატეხა

რესპუბლიკის დაარსებამდე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მოსახლეობა ცარიზმის პირობებში ცხოვრობდა. ცარისტული რეჟიმი ებრძოდა პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, ავიწროებდა ოპოზიციურ პარტიებს, რეპრესიებს უწყობდა ოპონენტებს, შეზღუდვებს აწესებდა პრესისთვის. უკიდურესად შეზღუდული იყო შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება. იდევნებოდა მცირერიცხოვან ხალხთა ენები სკოლებში, ეკლესიებსა და თეატრებში. იმპერიაში არ ტარდებოდა თავისუფალი და საყოველთაო პირდაპირი არჩევნები, აბსოლუტური მონარქი მთელი ძალაუფლების თვითმპყრობელი გახლდათ.

1918 წლის 26 მაისისთვის საქართველოში ათობით გაზეთი და პოლიტიკური პარტია თავისუფლად მოქმედებდა. ქვეყანაში საქმიანობდა აქტიური კომერციული პალატა და პროფკავშირები. საბაზო განათლება სავალდებულო იყო ყველა მოქალაქისთვის. ნაციონალური უმცირესობები ცოდნას მშობლიურ ენაზე ეუფლებოდნენ. 1919 წლის თებერვალში საქართველოს ისტორიაში პირველი საყოველთაო და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა. პროპორციული წესით არჩეული პარლამენტი, კოლექტიური ორგანო რესპუბლიკაში ყველაზე ძლევამოსილი და გავლენიანი ინსტიტუტი გახლდათ. საკანონმდებლო სტრუქტურაში ძირითადად დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები საქმიანობდნენ. დეპუტატთა შორის იყვნენ ქალებიც და საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის წარმომადგენლები. პირველმა რესპუბლიკამ საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელ სასამართლოსა და ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობას.

  1. სოციალური გარდატეხა

1860-იან წლებში რუსეთის იმპერიაში გლეხთა გათავისუფლებისა და ბატონ-ყმობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული რეფორმა ფორმალურად საქართველოს გლეხობასაც შეეხო. თუმცა, ჩვენი გლეხებისთვის პირად სარგებლობაში არავის გადაუცია მიწის უმცირესი ნაგლეჯიც კი. შესაბამისად, გაჭირვებულ გლეხებს თავის გადასარჩენად კვლავ ძველი ბატონების სამსახურში უწევდათ ყოფნა. მათთვის ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა.

1918 წლის შემდეგ კი მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის წყალობით ძალაში ახალი აგრარული პოლიტიკა შევიდა. ხომერიკის პოლიტიკა გულისხმობდა ყველა გლეხისთვის მიწის პირად საკუთრებაში გადაცემას. გადაცემული ნაკვეთი იმ ზომის უნდა ყოფილიყო, რომ შინამეურნეობის მოწყობის შემთხვევაში ადამიანს ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა მისცემოდა. ტყეები და მიწის დანარჩენი რესურსები სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბალანსზე დარჩა.

პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ დააკანონა რვასაათიანი სამუშაო დღე, შრომის ინსპექცია, მუშათა დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმები, შრომის ბირჟა და უმუშევართა შემწეობა, სასჯელი ბავშვთა შრომისთვის და ა.შ. შრომის კანონმდებლობა ცარისტულ რუსეთში არ არსებობდა. დემოკრატიული რესპუბლიკის სტანდარტი მაშინდელი ევროპისთვისაც კი სამაგალითო გახლდათ.

  1. ინდუსტრიული გარდატეხა

ასი წლის წინ ჩვენი წინაპრები აცნობიერებდნენ, რომ საქართველო მხოლოდ მომხმარებელი და მომსახურე სახელმწიფო არ უნდა ყოფილიყო. ასი წლის წინ ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობით ქვეყანა ფონს ვერ გავიდოდა. ამასთანავე, რესპუბლიკის მთავრობას არც იმის გაცნობიერება უჭირდა, რომ საპარლამენტო დეცენტრალიზებული დემოკრატიისა და განვითარებული ინდუსტრიის გარეშე არაბოლშევიკური მემარცხენე რეჟიმის მშენებლობა წარმოუდგენელი იყო. აქედან გამომდინარე, მაშინდელი ხელისუფალნი ყველა ღონეს  ხმარობდნენ, რათა საქართველოში მანგანუმისა და ნახშირის მოპოვება უფრო ინტენსიურად დაწყებულიყო. ბევრი რამ კეთდებოდა რკინიგზისა და მასთან დაკავშირებული საწარმოების განსავითარებლად. 1918 წელს შექმნილ სახელმწიფოში სურდათ, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოქმედებით და წარმოების პროცესში ყოფილიყო ჩართული. საუბედუროდ, საბჭოთა ოკუპაციამ ინდუსტრიის განვითარებისკენ გადადგმულ პირველსავე ნაბიჯებს მოუსწრო.

 

ვფიქრობ, რომ საქართველოს საუკუნის შემდეგაც სჭირდება დემოკრატიული, სოციალური და ინდუსტრიული გარდატეხა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი