პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლამ მოსწავლეს წარმატების რწმენა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი უნდა განუვითაროს

დებატებისა და განათლების ინსტიტუტი უკვე მრავალი წელია მუშაობს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან და სტუდენტებთან;  არაფორმალურ განათლებაზე, მის კავშირზე ფორმალურ განათლებასთან და სწავლა-აღზრდის საკითხებზე გვესაუბრება ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე.

 

  • არაფორმალური განათლების როლი თანამედროვე სამყაროში ძალიან დიდია. ის სწრაფად ცვალებადი გარემო, რომელშიც დღეს გვიწევს ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა ნამდვილად საჭიროებს დამატებითი კომპონენტების შემოტანას. აკადემიური, ფორმალური განათლება ვერასდროს შეძლებს სწავლების პროცესში ისე ლავირებასა და ინდივიდებსა და მიკროჯგუფებზე მორგებას, როგორც არაფორმალური განათლება. სტატიკური ინსტურმენტებით რთულია მოსწავლის დაინტერესება და მისი მოტივაციის ამაღლება, არაფორმალური განათლება კი ამ მხრივ სრულიად თავისუფალია. შესაბამისად, დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე უამრავი სხვადასხვა მიმართულების (თემატური, მიმდინარე საჭიროებებზე მორგებული) სასკოლო თუ საუნივერსიტეტო კლუბების კურიკულუმია შექმნილი.
  • საქართველოში დღეს არაფორმალური განათლება ძალიან პოპულარული და მრავალგვარია. საზოგადოებაზე მისი გავლენაც არ არის ერთგვაროვანი. თითოეულ ორგანიზაციას თავისებური მიდგომა აქვს, მათ შორის, ჩვენც, მაგრამ ერთი ყველასთვის აუცილებელია: შემოტანილ სასწავლო პროგრამებს სჭირდება ქართულ რეალობასთან ადაპტაცია და არაპირდაპირი იმპლემენტაცია. თუ სასწავლო პროგრამა, სასწავლო ინსტრუმენტი ან გამოცდილება ევროპასა თუ ამერიკაში კარგად აპრობირებულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენთანაც ასეთივე წარმატებით იმუშავებს. ორ ცეცხლს შუა გვიწევს სიარული. ერთი მხრივ, სწრაფად ცვალებად გარემოში  დრო ძალიან შეზღუდული გვაქვს, არ გვინდა ჩამოვრჩეთ  ტრენდულ პროგრამებს, მეორე მხრივ, მათი პირდაპირ გადმოტანა დაუშვებელია. ამ სიტუაციაში გულწრფელად მენანებიან  მასწავლებლები, რადგან სწორედ მათ უწევთ გაუმკლავდნენ ცვალებად გარემოს, სტანდარტებს, რომელიც ხშირად სახელმწიფოს მხრიდან მოდის. ზღვა სიახლეების  შემოტევაში, მასწავლებელი ვერ ასწრებს დასკვნების გამოტანას, რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა გადმოიტანოს, რა მოარგოს თავის გარემოს  და ხშირად პროცესს მექანიკურად იმეორებს… საგანმანათლებლო სივრცეში ნებისმიერი ქმედება, პროგრესული თუ არაპროგრესული, საბოლოოდ მასწავლებლების კისერზე ტყდება ხოლმე. ამ მხრივ, რაღაც უნდა შეიცვალოს.
  • თქვენი პროგრამები თავისუფალია ამ საფრთხეებისგან?
  • მაქსიმალურად ვცდილობთ. ოცწლიანი გამოცდილების მანძილზე მიღებული უკუკავშირი ადასტურებს, რომ ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ გადავცემთ მასწავლებლებს, ძალიან კონკრეტულ უნარებზე და ბავშვების კონკრეტული მიმართულებით  განვითარებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ ვართ, არცერთი სახელმძღვანელო, რომელიც  საქართველოში დავწერეთ, არ არის თარგმნილი. ყველაფერი, მაგალითები თუ სხვა რამ, ქართულ რეალობაზეა მორგებული. ამ სასწავლო წელს  მასწავლებლის სახლის მხარდაჭერით განხორციელებული ჩვენი პროექტი გულისხმობდა თემატური კლუბების მხარდაჭერას. ტრენინგის გავლასთან, შემდგომ მუშაობასთან, ახალი ცოდნისა და უნარების განვითარებასთან ერთად სქემაში ჩართულ მასწავლებელს  შეეძლო  მიეღო დამატებითი კრედიტქულა კლუბის შექმნით, ეს დამატებით სტიმულს აჩენდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის შედეგი, რომლებზეც პედაგოგები თავად საუბრობდნენ. კერძოდ, აკადემიურად არცთუ წარმატებული მოსწავლეების გააქტიურება.  დებატების ტექნიკა, რომლსაც ჩვენ ვასწავლით, საგანგებოდ მორგებულია იმაზე, რომ ასეთი ბავშვები არ დაიჩრდილონ, სკოლაშივე გააქტიურდნენ. დებატების კლუბში გაწევრების შემდეგ ისინი პიროვნულად იცვლებიან.

 

  • დებატების ტექნიკის ცოდნა მოსწავლეს ფორმალურ  განათლებაშიც  გამოადგება…

 

  • მასწავლებელმა დებატების ტექნიკა რომ ასწავლოს, მანამდე მინიმუმ 60-საათიანი პროგრამა უნდა გაიაროს. სხვაგვარად გაუჭირდება, გაიაზროს რა წესებით, რა პრინციპით, რა სტრუქტურით განავითაროს არგუმენტირებული მსჯელობა, ორატორული უნარები, მოსმენის კულტურა, ჩანაწერის გაკეთება, ოპონენტის პატივისცემა, დროის მენეჯმენტი. ფორმალური დებატების პროგრამის მთავარი ღირსება ის არის, რომ ძალიან კონკრეტულ ინსტრუმენტს სთავაზობს მონაწილეს. ჩვენი მუშაობის სტილი თანმიმდევრულობაა: ტრენინგების შემდეგ ხანგრძლივად ვუწევთ მუშაობის სუპერვიზირებას. ვაკვირდებით მიღებული ცოდნა და უნარები  როგორ დანერგა მასწავლებელმა, როგორ მოარგო თავის გარემოს, კონკრეტულ სკოლას, კონკრეტულ კლასს,  კონკრეტულ საგანსა და თუნდაც, კონკრეტულ სამუშაო პროცესს.  ეს ცოდნა და უნარები შეიძლება გამოიყენონ, როგორც არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მიმართულება და როგორც ტექნიკა, რომელიც ნებისმიერი საგნის მასწავლებელს სჭირდება და გამოადგება იმისათვის, რომ მოსწავლეს კონსტრუქციული მსჯელობა,  საკითხის წარდგენა, საპროექტო წინადადებების შექმნა და ასე შემდეგ ასწავლოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ რაიმე წარმატება გვქონია, ამგვარი მიდგომისა და იმ მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც ხედავენ, რამხელა მოგება შეიძლება მიიღონ გაკვეთილზეც და გაკვეთილს მიღმაც.

 

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ დებატების სასწავლო პროგრამის გავლა მოზარდს პიროვნულადაც ავითარებს…

 

  • დიახ, გვაქვს ისეთი კურიკულუმები, რომლებიც მხოლოდ ერთი ან ორი უნარის განვითარებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ  პიროვნულ ცვლილებას ახდენს. აღმოსავლეთ ევროპაში სწორედ  დებატების ტექნიკის სწავლების  ჩვენი ფორმის იმპლემენტაცია მოხდა. ჩემი სადოქტორო ნამუშევარიც ეხება საკითხს, თუ რა გავლენა მოახდინა ამ პროგრამამ ახალგაზრდებზე. ეს საკითხი ვიკვლიე საქართველოსა და გერმანიაში. შედეგებმა დაგვანახა, რომ ამ სასწავლო კურსის სრულფასოვნად გავლის შემდეგ ახალგაზრდები პიროვნულ დონეზეც იცვლებიან. მათ ,,მეს“ ხატშიც ხდება პოზიტიური ცვლილებები. ოღონდ, ეს არ არის ერთი ტრენინგი, მოდული უფრო ინტენსიურია, გაჯერებულია სავარჯიშოებით. ილიას უნივერსიტეტში ეს კურსი დღესაც კარგად არის დანერგილი და ინტენსიურად  მიმდინარეობს სხვადასხვა ფაკულტეტზე. ასევე კლუბების სახითაც მოქმედებს. სკოლებშიც, სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, რამდენიმეწლიანი პროგრამები გვაქვს.

 

  • რას მიიჩნევთ დღეს სკოლის მთავარ ამოცანად?

 

  • სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს ისეთი ქართველი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო სივრცეში ადვილად ადაპტირდება, არც იდენტობას დაკარგავს და ცვალებად სამყაროსაც მოერგება. ეს ზოგადად. უფრო კონკრეტულად კი სკოლამ და მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი წარმატების რწმენა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი უნდა განუვითაროს.

 

  • უახლოესი გეგმები?

 

  • ახლა ჩვენი ორგანიზაცია იწყებს პროექტს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. რეგიონებიდან ჩავრთავთ მასწავლებლებს, რომელთაც ჩვენთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. ამ თარიღთან დაკავშირებით,  ისინი დამატებით აქტივობებს წარმართავენ, მოამზადებენ ბავშვებს თავიანთი საგნობრივი  მიმართულებით.  შემდეგ მოსწავლეები მოამზადებენ სხვადასხვა მასალას: ვიღაც გააკეთებს ფოტოკოლაჟს, სხვა დახატავს, ან ესეის დაწერს და ასე შემდეგ. საინტერესო შედეგებს ველოდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი