ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როცა მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად კითხულობენ…

უაღრესად მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰყავდეთ მოდელი … მოწიფული ადამიანისა, რომელსაც უყვარს კითხვა. სასურველია, ეს იყოს, უპირველეს ყოვლისა, მშობელი და მასწავლებელი.

/თამარ კერძაია, მარინე ჯაფარიძე, კვლევა – კითხვის ინტერესები 13-17 წლის მოზარდებში, 2012/

 

როდის კითხულობენ მოსწავლეები?

მაშინ, როცა მათი მასწავლებლებიც კითხულობენ.

ეს არაა ამ შეკითხვის ერთადერთი  სწორი პასუხი, თუმცა ერთ-ერთი ნამდვილად არის.

 

მასწავლებლობა რომ დავიწყე, ჩემი მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის კითხვა შემეყვარებინა, მინდოდა, თავისუფალ მოაზროვნეებად ჩამოყალიბებულიყვნენ და ყოველი წაკითხული წიგნი მათთვის გამოცდილებად ქცეულიყო. მალევე მივხვდი, რომ მხოლოდ საზაფხულო საკითხავის სიის შედგენით ან სარეკომენდაციო ლიტერატურის შეთავაზებით ამას ვერ შევძლებდი, მეც მოსწავლეებთან ერთად უნდა მეკითხა. ვკითხულობდი იმას, რაც მათ მოსწონდათ და კითხულობდნენ იმას, რასაც ვურჩევდი. ამან ძალიან დაგვაახლოვა და ლიტერატურამ ერთმანეთი უკეთ გაგვაცნო. ვფიქრობ, როცა მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად კითხულობენ, მათი ცხოვრება უფრო შინაარსიანი ხდება.

მიუხედავად ამისა, მარტივი არ არის წიგნით დაინტერესება. ყოველ ჯერზე საჭიროა სიახლეები და მოტივაცია კითხვისთვის.

ცოტა ხნის წინ მეშვიდეკლასელებს ჯინ ვებსტერის ,,გრძელფეხება მამილო” შევთავაზე წასაკითხად. წიგნი რამდენიმე ნიშნით შევარჩიე:

  1. მოსწავლეები ხშირად მეკითხებოდნენ, რომელი იყო ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი წიგნი და გადავწყვიტე, გამეცნო მათთვის;
  2. გარდა იმისა, რომ ,,გრძელფეხება მამილო” სასიამოვნო საკითხავია, სასწავლო რესურსადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ორენოვანია, ტექსტი დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე და ერთვის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. იგი გვეხმარება არა მხოლოდ წიგნიერების, არამედ მრავალენობრივი კომპეტენციების გამოსამუშავებლად.
  3. მას შემდეგ, რაც ბავშვები ამ წიგნს წაიკითხავდნენ, ინტეგრირებული შემეცნებითი თამაშის ჩატარება მოვინდომე.

ვიდრე მოსწავლეებს ,,გრძელფეხება მამილოს” წარვუდგენდი, ჩემს კოლეგებს გავაცანი იდეა და შევთავაზე, თუ მოისურვებდნენ, წაგვეკითხა ეს წიგნი ბავშვებთან ერთად, დაგვეგეგმა და ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული თამაში, ლიტერატურულ კლუბში მოგვეწყო შეხვედრა,  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შთაბეჭდილებები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა.

ვვარაუდობდი, რომ მხოლოდ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები შემოგვიერთდებოდნენ, რადგან წიგნი ორენოვანი იყო, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – მოსწავლეებთან ერთად ,,გრძელფეხება მამილოს” წაკითხვა მოისურვეს ქართულის, მათემატიკის, ინგლისურის, რუსულის, ბუნებისმეტყველების, ისტორიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებმა.

ცხადია, ბავშვების კითხვის ინტერესი და მოტივაცია გაიზარდა, როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს. აქამდე მათ ჰქონდათ ერთ მასწავლებელთან ან კლასის დამრიგებელთან ერთად კითხვის გამოცდილება, მაგრამ მსგავსი რამ ნებისმიერი ჩვენგანისთვის უჩვეულო იყო.

მოსწავლეებმა დაიწყეს კითხვა. დავიწყეთ ჩვენც. ეს პროცესი რომ უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, ყველა მასწავლებელს ერთი წიგნიდან წაგვეკითხა. ,,გრძელფეხება მამილო” ხელიდან ხელში გადადიოდა, ნებისმიერ აზრს ვიწერდით, რომლებიც კითხვის დროს გვიჩნდებოდა ან ინტეგრირებული თამაშის ჩასატარებლად გამოგვადგებოდა. კომუნიკაციაც უფრო ეფექტური გახდა.

წიგნმა გაგვაერთიანა და უფრო საინტერესო გახადა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. საოცარი პასუხისმგებლობა ვიგრძენით. ვეცნობოდით ერთმანეთის მინაწერებს და გვაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ მოსწავლეები ამა თუ იმ ეპიზოდის შესახებ, ვცდილობდით, მათი თვალითაც წაგვეკითხა.

მოსწავლეებთან ერთად კითხვამ ახალი იდეები გაგვიჩინა:

  1. წერილების დაფა

მოვინდომე, სამასწავლებლოში წერილების დაფა გაგვეკეთებინა და პედაგოგებს ერთმანეთისთვის მიგვეწერა. ეს სამომავლო, შორეული სურვილი მეგონა.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ერთ დილას სამასწავლებლოში შესულს მათემატიკის მასწავლებლის ყვითელი წერილი დამხვდა. ჩემი კოლეგა შთაბეჭდილებებს მიზიარებდა და მწერდა, როგორ შეიძლებოდა ამ ტექსტის გამოყენება მათემატიკის სწავლების დროს.

  1. ილუსტრაციები

ხელოვნების მასწავლებელმა ,,გრძელფეხება მამილოს”  კითხვის პროცესში ხატვა დაიწყო და ასე  გადმოსცა თავისი ემოციები. ბუნებრივია, ეს ილუსტრაციებიც ინტეგრირებული თამაშის ელემენტებად მოვიაზრეთ. მკითხველებმა უნდა გამოიცნონ, რომელი ეპიზოდია დახატული.

  1. დავალებები

მოვიფიქრეთ განსხვავებული დავალებები, დავგეგმეთ და ჩავატარეთ გაკვეთილები ,,გრძელფეხება მამილოს” თემატიკის გათვალისწინებით. ამან, ერთი მხრივ, გაამრავალფეროვნა სასწავლო რუტინა, მეორე მხრივ კი, ბავშვებმა პრაქტიკულად დაინახეს მასწავლებლების ჩართულობა, პასუხისმგებლობაც მოემატათ და მეტად ჩაუღრმავდნენ ტექსტ

4. თვითრეფლექსია

ჩვენს პრაქტიკას სხვა პოზიციიდან შევხედეთ და თვითდაკვირვების სურვილიც გაგვიჩნდა, დავინტერესდით, რომელ სიტყვას ვიყენებდით ხშირად და ვიპოვეთ კიდეც პასუხები.

გზა წიგნის კითხვის დაწყებიდან დასრულებამდე განსაკუთრებული და ემოციებით სავსე იყო. მთავარი ლიტერატურულ კლუბში გამართული შეხვედრა აღმოჩნდა. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ვუამბეთ, თუ როგორ წავიკითხეთ ,,გრძელფეხება მამილო”, რას განვიცდიდით, რამ მიიქცია ჩვენი ყურადღება და ყველაზე მნიშვნელოვანი – როგორ გვაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ ისინი. ბავშვებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვანდეს. თითქოს ერთმანეთი თავიდან აღმოვაჩინეთ, მივხვდით, რამდენი რამ გვქონდა საერთო, რამდენი – განსხვავებული და საოცრად გვიხაროდა.  საგაკვეთილო რეჟიმი ისეთი აჩქარებულია, მუდამ რაღაცის (პროგრამული მასალის) მოსწრებას  ვცდილობთ  და ნაკლები დრო გვრჩება საუბრისთვის, ერთმანეთის მოსასმენად. სინამდვილეში ეს ყველაზე ღირებულია.

საინტერესო იყო ისიც, რომ თითოეულმა მასწავლებელმა თავის საგანთან დაკავშირებული იპოვა წიგნში და ეს დაკვირვება გაგვიზიარა. ამან თვალსაწიერი უფრო გაგვიფართოვა, ისეთ საკითხებს მივაქციეთ ყურადღება, იქამდე რომ გამოგვრჩა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როგორი შედეგიანი იყო ერთად კითხვა და რამდენად მრავალმხრივია ნებისმიერი წიგნი. ყოველთვის ახლის პოვნა შეგიძლია, მთავარია, ეს მოისურვო. განსაკუთრებით ამის დანახვა ესაჭიროება ბავშვს, რომელიც მკითხველად ყალიბდება – კითხვა ხომ არ არის მხოლოდ შინაარსის გაცნობა, უმთავრესი ტექსტის ინტერპრეტაცია, მისი გააზრებაა და ესეც უნდა ისწავლოს. მასწავლებელი მოდელია ბავშვისთვის და მოსწავლე როდესაც ხედავს, როგორ კითხულობს იგი, თავადაც ითვალისწინებს მის გამოცდილებას.

ინტეგრირებულ თამაშის ჩატარებას სემესტრის ბოლოს ვგეგმავთ. მოსწავლეების ინტერესი მაღალია.

ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ იმდენად ვისიამოვნეთ ერთად კითხვით, ერთმანეთის აზრების მოსმენით, შეხედულებების გაზიარებით, რამდენიმე დღეში მეორე წიგნის კითხვას შევუდექით. ეს ორმხრივი სურვილი იყო.

მსგავსი აქტივობის განხორციელება შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს. მთავარია, წიგნი ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შევარჩიოთ და კითხვის მსურველი პედაგოგები შემოვიკრიბოთ. მოსწავლეები უზომოდ გაიხარებენ, როცა გაიგებენ, რომ მასწავლებლები მათთვის და მათთან ერთად კითხულობენ.

შეიძლება ერთი დაბრკოლებაც შეგხვდეთ, პასუხად მიიღოთ, რომ ამისთვის დრო არ აქვთ, მაშინ შეგიძლიათ დანიელ პენაკის სიტყვები მოიშველიოთ. მისი აზრით, კითხვა სიყვარულს ჰგავს და განა შეიძლება ვთქვათ, რომ დრო არ გვაქვს სიყვარულისთვის? ასევე ვერ ვიტყვით, რომ საკითხვად არ გვცალია. უბრალოდ, ეს ჩვენი არჩევანი ან იქნება, ან – არა.

სცადეთ, რადგან…

როცა მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად კითხულობენ:

  • მათი სასკოლო ცხოვრება, გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება;
  • ისინი უკეთ ეცნობიან ერთმანეთს;
  • გამოცდილებას იძენენ;
  • ცდილობენ, ერთიმეორეს გაუგონ, უფრო ემპათიურები ხდებიან;
  • ერთად კითხვით სიამოვნებას იღებენ;

შედეგების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი