სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

რას გვასწავლიან ძეგლები

იქ, სადაც გავიზარდე, ჩემი სახლის წინ პატარა პარკი იყო, რომელშიც პატარა შავი ქვა იდგა წარწერით: „აქ აღიმართება 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი“. თექვსმეტი წელი ვუყურებდი ამ პატარა ქვას, რომელზე გაკეთებული წარწერაც თავდაპირველად ჩემთვის ბუნდოვან შინაარსს ატარებდა. მერე გავიგე მემორიალების, 9 აპრილისა და სამშობლოსთვის თავგანწირვის ამბები. დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი გახდა ეს ქვა, ყურადღებას აღარ ვაქცევდი. გაშიფრული ტექსტი კონკრეტულ დაპირებას შეიცავდა, რომელიც, მივხვდი, არასოდეს შესრულდებოდა და რომც შესრულებულიყო, რა – 9 აპრილს დაღუპულებს მაინც ვეღარაფერს უშველიდა.

დარწმუნებული ვარ, ის ქვა დღესაც იქ დგას, ასეთი ქვები სხვაგანაც ბევრი მინახავს, მონუმენტებად ვერგადაქცეულები, ვიღაცის მიერ გაცემული შეუსრულებული დაპირებების პატარ-პატარა ძეგლები.

 

ცოტა რომ წამოვიზარდე და ხელოვნების შესახებ რაღაცები გავიგე, ყველაზე ნაკლებად, მგონი, მონუმენტური ხელოვნება მაინტერესებდა. ყველაფერი, რაც მხვდებოდა, ან ვიღაცის თავი იყო, ან ცხენზე შემომჯდარი კაცი, ან რამე სხვა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესო ფორმისა და შინაარსის მქონე სკულპტურა. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ქანდაკებებიც, რომლებიც სუნთქავს, აღგაფრთოვანებს, გიზიდავს, მაგრამ უფრო სხვაგან, ვიდრე ჩვენთან.

ვის და რატომ ვუდგამთ ძეგლებს, რა ადგილს ვარჩევთ მათთვის, რატომ არ გვაქვს, მაგალითად, თავისუფლების ქანდაკება, რა ურთიერთობა აქვთ კონიუნქტურასთან იმ მოქანდაკეებს, რომელთა ნამუშევრებიც თვალში საცემ ადგილებში დგას, ახდენს კი ძეგლები ღირებულებების, იდეების, ავტორიტეტების პოპულარიზებას თუ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, ადვილად გადახდილი ხარკი, თავიდან მოშორებული მოვალეობებია? – ეს კითხვები უფრო გვიან გაჩნდა, როცა საჯარო სივრცით და მისი შინაარსით დავინტერესდი და ალბათ სწორედ ამ კითხვებზე პასუხმა შეიძლება გახადოს ნათელი, რატომ არის ქართული ძეგლების უმეტესობა რიგითი მოქალაქისთვის უინტერესო და ბევრი სხვა რამეც დაგვანახოს ჩვენი უახლესი ისტორიიდან.

ერთხელ ყური მოვკარი, რას ეუბნებოდა ახალგაზრდა კაცი თავის შვილს, რომელმაც ირაკლი აბაშიძის ბიუსტზე კითხა, ვინ არისო. მისი ნაამბობი ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც მე ვუთხარი ჩემს შვილს ამავე კითხვის პასუხად. კარგი კაცი იყო, ქვეყანა უყვარდა და იმიტომაც დაუდგეს ძეგლიო, ამბობდა ახალგაზრდა მამა. მე კი ვთქვი: არც ისე კარგ ლექსებს წერდა, მაგრამ იმას აკეთებდა, რასაც მისგან და სხვა ლექსების მწერლებისგან მოითხოვდნენ იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა სხვა დიდი ქვეყნის ნაწილი იყო და იმ დიდი ქვეყნისგან თავსმოხვეული წესებით ცხოვრობდა. ეს დაუფასეს, ამ ქუჩაზე მისცეს სახლი და ბევრი სხვა სიკეთეც, მერე კი ეს ძეგლიც დაუდგეს–მეთქი. ცოტა შემეცოდა ის პატარა ბიჭი, რომლის მამასაც გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ძეგლებს მხოლოდ კარგ ხალხს უდგამენ და ავტორიტეტებსა და ღირებულებებს გადაფასება არ სჭირდება.

 

ცოტა ხნის წინ ერთი კარგი გზამკვლევი გამოვიდა. მასში თბილისში მდგარი ქანდაკებებია აღნუსხული და რუკაზე დატანილი. როცა მის ავტორს ვკითხე, როგორ წარმოგიდგენია ამ გზამკვლევის სიცოცხლე–მეთქი, მიპასუხა: ალბათ ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მშობლებმა შვილები წაიყვანონ ამ რუკის მიხედვით შედგენილ მარშრუტებზე ან მასწავლებლებიც დაინტერესდნენო. ექსკურსიების არატრადიციულ მარშრუტებზე ადრეც დამიწერია და ვფიქრობ, ბავშვებს მუზეუმებისა და ეკლესიების გარდა სხვა რამეებიც უნდა ვაჩვენოთ, როცა სკოლიდან სადმე მიგვყავს ახალი შთაბეჭდილებების, გამოცდილებისა და ცოდნის მისაღებად. ნამდვილად შეიძლება, კიდევ ერთი საიტერესო ტური გამოვიდეს, თბილისში არსებულ ძეგლებს თუ გავყვებით და იმაზეც ვისმჯელებთ, რა აკლია ჩვენს გარემოს, რა მოითხოვს შეცვლასა და გადაფასებას, ახლებურად შეხედვას. მთავარიც ალბათ ის არის, ბავშვებს კრიტიკული ანალიზი და მახვილი თვალი განვუვითაროთ, საკუთარი გარემო სხვადასხვა მხრიდან დავანახოთ და ამბების ინტერპრეტაციის თავისუფლება მივცეთ. ძეგლები მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა ამ ყველაფრისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი