პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წითელი ფეხსაცმელი

არახალია, რომ ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმები, ხშირ შემთხვევაში, თავისდაუნებურად ხელს უწყობენ ხელოვნების და ლიტერატურის აღმავლობას, რადგან მწერლები და ხელოვანები ალტერნატიული, შეფარვითი გზებით ცდილობენ, თქვან სათქმელი, თავისუფლების წყურვილი მათში გაცილებით მძაფრია.
ამისი მაგალითი საბჭოთა ქართული კინოა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მდგომარეობა ამ მხრივ მკვეთრად შეიცვალა, გასაგებია, რომ ოთხმოცდაათიან წლებში კინოს გადასაღები ფული არ იყო. დღეს, ასე თუ ისე ფული არის, მაგრამ დიდი ფილმი მაინც ვერ გადავიღეთ.
ქართული კინოსთვის დამახასიათებელმა საბჭოთა დროინდელმა შეფარვითმა ენამ ახლა ირანულ კინოში გადაინაცვლა. დღეს ირანული კინო ერთ-ერთი გამორჩეულია, ირანული „ახალი ტალღის” რეჟისორები: აბას ქიაროსტამი (ერთი-ორი წლის წინ გარდაიცვალა), მოჰსენ მაჰმალბაფი, ჯაფარ პანაჰი, ასგარ ფარჰადი, მაჯიდ მაჯიდი და სხვები ბრწყინვალე ფილმებს იღებდნენ და იღებენ. ზოგს, მაგალითად ჯაფარ პანაჰს, აკრძალული თემების კვლევა თავისუფლების ფასადაც დაუჯდა: მას შინა პატიმრობა აქვს მისჯილი და ეკრძალება ფილმების გადაღება და ჟურნალისტებთან კონტაქტი. თუმცა ორი წლის წინ მან მობილური ტელეფონით მაინც გადაიღო ფილმი, დიდი გაჭირვებით (ფუნთუშაში დამალული) აატანინა მეგობარს თვითმფრინავში და ევროპელებს კიდევ ერთხელ შეახსენა თავი.
ყველა ირანელი რეჟისორი, რომლის ინტერვიუც მომისმენია ან წამიკითხავს, აღიარებს, რომ ქართულმა კინომ და კინორეჟისორებმა მათზე დიდი გავლენა მოახდინეს.
მინდა მაჯიდ მაჯიდის „ზეცის შვილებზე” ვისაუბრო. ნეორეალიზმის ერთ-ერთ მთავარ ფილმ “ველოსიპედის გამტაცებლებთან” ერთად მაჯიდის ფილმმა შეიძლება „მაგდანას ლურჯაც” გაგახსენოთ. თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯასა” და „ზეცის შვილებს შორის” არანაირი პირდაპირი მსგავსება არ არის, ალუზია მძაფრი სოციალური თემატიკით არის გამოწვეული.
პატარა ბიჭს თავისი დის წითელი ფეხსაცმელი მოაქვს სახელოსნოდან, სადაც შესაკეთებლად იყო მიტანილი. გზად მაღაზიაში შეივლის, რომ ნაცნობ გამყიდველს, მშობლების დავალებით, ნისიად გამოართვას კარტოფილი. სანამ ბიჭი კარტოფილს არჩევს და პარკში ყრის, გამყიდველის ნაცნობი ბრმა კაცი მოდის, რომელიც მუყაოს ნარჩენებს და პარკებს აგროვებს, და შემთხვევით ხელს პარკში გახვეულ ფეხსაცმელსაც გააყოლებს, რომელიც გარეთ, დახლზე დევს. ყველაფერი აქედან იწყება: ბიჭი მშობლებს ვერ ეტყვის, რომ ფეხსაცმელი დაკარგა, რადგან ახლის საყიდელი ფული არა აქვთ, ამიტომ და-ძმა მის კედებს რიგრიგობით იცვამს: დილით გოგონა მიდის სკოლაში, სკოლის დამთავრების მერე სირბილით მოდის სახლისკენ, ძმას უბრუნებს ხოლმე ფეხსაცმელს და ახლა ის გარბის სკოლაში, მაგრამ ხშირად იგვიანებს, რადგან გოგონა დროზე მოსვლას ვერ ასწრებს. დირექტორი ბიჭს რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ სკოლიდან გააგდებს, მაგრამ მათემატიკის მასწავლებელი დაელაპარაკება დირექტორს და დაატოვებინებს, როგორც კარგ მოსწავლეს.
ერთხელაც გოგონა სახლში მირბის, არხზე გადახტომისას რამდენიმე ზომით დიდი ფეხსაცმელი გასძვრება და წყალი წაიღებს, ატირებული მანამდე მისდევს, სანამ ფეხსაცმელი მილში არ გაიჭედება. ერთ კაცს შეეცოდება და მილიდან მის ფეხსაცმელს ჭოკით გამოიღებს.
ამასობაში სკოლებს შორის სირბილში შეჯიბრი მოახლოვდება, მესამე ადგილზე გასულს პრიზად კედები ერგება, პირველ-მეორეზე გასულებისთვის სხვა პრიზებია, ამიტომ ძმა გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მესამე ადგილზე გავიდეს, კედები მოიგოს, მერე გოგოს ფეხსაცმელში გადაცვალოს და დას მიუტანოს, მაგრამ იმდენს იზამს, რომ პირველ ადგილზე გავა და დამწუხრებული დაბრუნდება სახლში.
ფილმი მაინც ოპტიმისტურად მთავრდება: ბიჭი დამსკდარ ფეხებს შადრევანში ჩაყოფს და ცრემლიანი თვალებით ლამაზ, წითელ თევზებს დაჰყურებს, რომლებიც ფეხებზე ეხვევიან, ამ დროს კი მამამისი მისი დისთვის ახალ ფეხსაცმელს ყიდულობს.
პ. ს. ამ ფილმის ყოველი ნახვისას არხში ფეხსაცმლის ჩავრდნის ეპიზოდი სულ ბავშვობას მახსენებს: მე და ჩემი ძმაკაცი ადიდებულ, მღვრიე მდინარეზე ანკესით ვთევზაობდით. ვერაფერი დავიჭირეთ და მეორე ნაპირზე გადასვლა გადავწყვიტეთ, მოისროლა ჩემმა ძმაკაცმა ფეხსაცმლები მეორე ნაპირზე. დავხედე ჩემს ახალნაყიდ ჩუსტებს, ცოტა შევყოყმანდი, მაგრამ მეც მოვისროლე ჯერ ერთი, მერე მეორე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნაპირამდე ვერ მიაღწია და წყალში ჩავარდა. ჩუსტებს მძიმე რეზინის ძირი ჰქონდა და ჩაიძირა. მე და ჩემი ძმაკაცი გაყინულები დიდხანს ვეძებდით ქვიშიან ფსკერზე ხელებისცეცებით, ბოლოს ჩემს ძმაკაცს მობეზრდა, წყლიდან ამოვიდა და თბილ ქვიშაზე გაწვა, მე ჯიუტად ვაგრძელებდი ძებნას ცრემლჩამდგარი თვალებით. ნაპირზე უფროსი ბიჭები ისხდნენ და ჯოკერს თამაშობდნენ. მათ შორის იყო ერთი მეზობელი, რუსეთიდან ახალჩამოსული ბიჭი, ქურდი და ნარკომანი. მან თამაშს თავი დაანება, ცივ წყალში ჩამოვიდა და ერთად გავაგრძელეთ ძებნა, ბოლოს მან იპოვა. ეტყობა, ძალიან მეტყობოდა სახეზე ჩუსტის დაკარგვით გამოწვეული ვარამი, რადგან ჩემზე მეტად მას გაუხარდა. ახლა არ ვიცი, სადაა ის ბიჭი (ახლა უკვე კაცი), შეიძლება ციხეში ზის ან სულაც მკვდარია, მაგრამ ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება. ასეა, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, სიკეთე არ იკარგება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი