სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ისლამოფობიის ირიბი გამოვლინება

მარტის მიწურულს რამდენიმე ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ ერთი და იმავე სათაურის მქონე სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა საკმაოდ უცნაური და მოულოდნელი ამბის შესახებ უნისონში გვამცნეს. მათი მტკიცებით, თურმე გერმანიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალურად აცხადებდა, რომ ფედერაციულ რესპუბლიკაში ისლამისა და მუსლიმების ადგილი არ არის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრესის წარმომადგენელთა ნაწილმა სტატიები ინგლისურენოვანი გამოცემებიდან თარგმნეს. ჩემს ვარაუდს ორი მოსაზრება ამყარებს. ყველა სტატიაში მინისტრის ფრაზა არაზუსტად იყო გადმოქართულებული. ამასთანავე, მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი (Horst Seehofer) სიიჰოფერად გახლდათ მოხსენიებული (ალბათ, ყველამ კარგად იცით, როგორ იკითხება ინგლისურად მიჯრით მიწყობილი ორი “e”), გერმანული ენის ელემენტარული ცოდნაც კი საკმარისია პოლიტიკოსის გვარის ნორმალურად წასაკითხად. ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული და სევდისმომგვრელი კი მაინც ის აღმოჩნდა, რომ ავტორიტეტულმა მიმომხილველებმა მთავარი პერსონაჟის გვარისა და მისი გამონათქვამის დამახინჯება არ იკმარეს. არცერთ სტატიაში მინისტრის განცხადების კონტექსტის ანალიზის მცდელობაც კი არ იკვეთებოდა.

შევეცდები, რომ მოკლედ გაგარკვიოთ საქმეში და დაგისაბუთოთ, თუ რატომ არის ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სასკოლო საზოგადოებისთვის.

ოფიციალური მონაცემებით გერმანიაში 4,4 მილიონიდან 4,7 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს. რიგითი მოქალაქეების შეფასებით მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. ქუჩის გამოკითხვების დროს რესპონდენტები ხშირად აცხადებენ, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა რაოდენობა სინამდვილეში 15 მილიონზე მეტია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქი და სხვა აღმოსავლელი მიგრანტები გერმანელებმა სიხარულით მიიღეს. მათ ნაციზმის მოუნანიებელი ცოდვის გამოსასყიდად პირველი ნაბიჯები ნებისმიერ შემთხვევაში მაინც უნდა გადაედგათ. ამასთანავე, ორი საერთაშორისო შეიარაღებული დაპირისპირებისა და ქვეყნის შუაზე გახლეჩვის შემდეგ ევროპის ცენტრალურ სახელმწიფოს შრომითი რესურსების მწვავე დეფიციტიც ჰქონდა. ოცდამეერთე საუკუნის დაწყებამდე მუსლიმების საწინააღმდეგო განწყობები საზოგადოებაში საკმაოდ სუსტი გახლდათ. ტერორიზმის საფრთხის განუხრელმა ზრდამ, ეკონომიკური კრიზისის შედეგად სამუშაო ადგილების დაკარგვის შესაძლებლობის გაასკეცებამ, სირიაში, ლიბიასა და იემენში მიმდინარე ომების შედეგად მიგრანტთა ახალი ტალღების წარმოშობამ მოქალაქეებში მულტიკულტურალიზმისა და ისლამისადმი ახალი შიში გააღვივა. როგორც სჩანს, ეშინია ჰორსტ ზეეჰოფერსაც, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ქვეყნის ყველაზე კონსერვატიულ და კათოლიკურ მიწას, ბაიერნსა და ყველაზე კონსერვატიულ და კათოლიკურ პარტიას, ქრისტიან-სოციალურ კავშირს წარმოადგენს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებისას მან მოითხოვა, რომ მისი სამინისტროს სახელწოდებაში სიტყვა „სამშობლოც“ ჩაეკვეხებინათ. მიგრაციის კონტროლი და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების დაუდგენელი მიზნებისთვის, დაუდგენელი საშუალებებით გაძლიერება, მისი აზრით, სამშობლოს დაცვის უმთავრეს, უპირველეს კომპეტენციებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მიუხედავად ყველაფრისა, სამშობლოს მინისტრს ნამდვილად არ უთქვამს, რომ გერმანიაში ისლამის ადგილი არ არის. მან გამოცემა „ბილდისთვის“ (ეს ის გაზეთია, რომელსაც მეოცე საუკუნის გერმანული ლიტერატურის კლასიკოსმა ჰაინრიჰ ბიოლმა მისი შედევრი „კატარინა ბლუმი“ მიუძღვნა და მედიის აღნიშნული საშუალება ადამიანების ტრაგიკულ აღსასრულში დაადანაშაულა) მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ისლამი გერმანიის ნაწილი არ არის, გერმანია ქრისტიანობით, ქრისტიანული კულტურით არის აღბეჭდილი … ჩვენთან მცხოვრები მუსლიმები კი თავისთავად მიეკუთვნებიან გერმანიას, გერმანულ საზოგადოებას“. მაშასადამე, მინისტრის გაცხადებული ამოცანა ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები მუსლიმების გაყრა და გასახლება კი არ გახლდათ, მან პოლიტიკური მიზნებისთვის, ოპონენტებისა და პარტნიორებისგან გამიჯვნის განზრახვით ხაზი გაუსვა გერმანიის ისტორიაში ქრისტიანობისა თუ ქრისტიანული კულტურის ობიექტურ უპირატესობას. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც მინისტრის განცხადებაზე რეაქცია გახლავთ. გერმანიის სამი უკანასკნელი პრეზიდენტი (ევროკავშირის ლიდერ ქვეყანაში პრეზიდენტების ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, ალბათ, პოლიტიკური კულტურის მთავარი და უნივერსალური ღირებულებების წარმოჩენაა) ყოველგვარი წიაღსვლების გარეშე ამტკიცებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისლამი გერმანიის ნაწილად იქცა, ისლამი გერმანიის აწმყოსა და მომავალ მიეკუთვნება. შს მინისტრის განცხადებას დაუყოვნებლივ და კატეგორიულად შეეწინააღმდეგა მეოთხეჯერ არჩეული კაცლერი ანგელა მერკელი. 2006 წლიდან ისლამისა და გერმანული სამყაროს, საზოგადოების ურთიერთკავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების იდეებს იცავს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი პოლიტიკოსი და ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ვოლფგანგ შოიბლე. ზეეჰოფერი თავისი გამონათქვამის გამო გააკრიტიკეს ბუნდესტაგში წარმოდგენილი შვიდი პარტიიდან ექვსის წარმომადგენლებმა და ა.შ. სამწუხაროდ, პრესამ შს მინისტრის განცხადების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ქართველ მკითხველს არაფერი მოუყვა.

რატომ არის საშიში ამგვარი ცნობების დამახინჯებულად და არაპროფესიონალურად  გადმოცემა?

. საქართველოში ჩატარებული ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროპაცენტრისტული განწყობები დომინირებს. ადამიანები (მათ შორის მეც) არგუმენტების ჩამოყალიბებას ევროპული და დასავლური პრეცენდენტების მოხმობით იწყებენ. კავკასიაში უამრავი მუსლიმი ცხოვრობს. მათ ნაწილს ყოველდღიური შევიწროვების პირობებში უწევს საქმიანობა. მაგალითად, პანკისის ხეობის მკვიდრ მოსახლეობას, ქისტებს ხშირად აიგივებენ ტერორისტებთან. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ქისტებსა და აჭარელთა ნაწილს უაპელაციოდ მოიხსენიებს მტრებად და მოღალატეებად. ერთ-ერთ მათგანს დისკუსიისას უკვე წამოცდა: „ხომ ხედავთ, ევროპა როგორ ექცევა ტერორისტებს, ჩვენც ანალოგიურად, ზეეჰოფერის მსგავსად უნდა მოვიქცეთ“. ისლამოფობიისა და ისლამის ტერორიზმთან გაიგივების მსურველებს ევროპელი მინისტრების გაყალბებული მოსაზრებებით თავის მოწონების საშუალება არ უნდა მივცეთ.

ალბათ, ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა, თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ჩვენს მოსწავლეებს დავუსვამდით კითხვას: რას წარმოადგენს ისლამი საქართველოსთვის?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი